დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010142226702281610
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №8აგ-26 ქ. თბილისი
ც. დ., 8აგ-26 3 აგვისტო, 2026 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ტ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენით:
1.1. დ. ც–ი (პ/ნ ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგმში – საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა;
1.2. დ. ც–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან - 2022 წლის 28 ივლისის 21:05 საათიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენით:
2.1. მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ. ჩ–ის და პროკურორ გია შაიშმელაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 აპრილის განაჩენში დ. ც–ის მიმართ შევიდა ცვლილება;
2.3. დ. ც–ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);
2.4. დ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით (2022 წლის 21 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა;
2.5. დ. ც–ს სასჯელის ვადა აეთვალა ფაქტობრივი დაკავებიდან – 2022 წლის 28 ივლისის 21:05 საათიდან.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 სექტემბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გია შაიშმელაშვილის, მსჯავრდებულ დ. ც–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. ჩ–ის სააპელაციო საჩივრები.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ დ. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
5. 2026 წლის 18 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ. ც–მა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვა, ვინაიდან:
5.1. სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის დადგენისას არ გაითვალისწინა დ. ც–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი, რასაც ადასტურებს ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც სახელმწიფო ბრალმდებელი მალავდა და დაცვის მხარის დაჟინებული მოთხოვნით იძულებული გახდა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას წარედგინა. დ. ც–ის შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ მის ბრონირებულ ჩანთას ინციდენტის დროს, დერეფანში ახლო მანძილიდან, შესაძლო მიბჯენით აქვს მოხვედრილი კ. ქ–ას მიერ ნასროლი ტყვია, რაც თავის მხრივ ადასტურებს გ. ც–ის აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის ფაქტს. სწორედ ამიტომ მალავდა დიდი ხნის განმავლობაში გამოძიება ტყვიებით დაზიანებულ მის ბრონირებულ ჩანთას და ამ ჩანთის გამოკვლევის შედეგად შედგენილ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნას. სააპელაციო სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნა მიღებული იქნა მხოლოდ 2024 წელს, საქალაქო სასამართლოში კი ის სპეციალურად არ იქნა წარდგენილი.
5.2. დ. ც–ის პოზიციით, ახლად გამოვლენილ გარემოებად უნდა შეფასდეს ასევე ის მანიპულაციები, რომლებიც გამოძიების მიმდინარეობისას განხორციელდა მის მიმართ, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის არასწორი შეფასება, დაზარალებულად ცნობა/არ ცნობა, უკანონო ჩხრეკა მის საცხოვრებელ ბინაში, უკანონოდ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მანიპულაციები ბრონირებულ ჩანთასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის და მტკიცებულებათა შეფასების გარეშე. სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული მანიპულაციები, რომელიც მიზნად ისახავდა დ. ც–ის დამნაშავედ ცნობას, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოდან გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები 23 ტომად;
5.3. შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოში მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაჭიანურდა, ვინაიდან სასამართლო ელოდებოდა სახელმწიფო ბრალმდებელის მიერ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგების წარდგენას, რის გარეშეც არ შეეძლო განაჩენის დადგენა, ვინაიდან ახლადგამოვლენილი ფაქტი – ექსპერტიზის დასკვნა, – მთლიანად შეცვლიდა დაგეგმილ გამამტყუნებელ განაჩენს;
5.4. დ. ც–ის შეფასებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების მიერ განცხადებული დაუსაბუთებელი თვითაცილებები მისი საქმის განხილვისაგან, ადასტურებს მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებას. ანალოგიურად, 2025 წლის 17 დეკემბრის განჩინებაც (ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვაზე უარი) ადასტურებს მოსამართლეებზე ზეწოლის განხორციელებას, რაც ასევე წარმოადგენს ახალ გარემოებას.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ც–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, ცნობილ იქნა დაუშვებლად.
7. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ტ–ამ, რომელიც ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განჩინების გაუქმებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვას დ. ც–ის მიერ შუამდგომლობაში მითითებული ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძველზე.
7.1. იმავდროულად, ადვოკატ ვ. ტ–ას საკასაციო საჩივარში ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტზე, რაც წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის უზუსტობას, ვინაიდან დ. ც–ის შუამდგომლობაში არაერთხელ და ხაზგასმითაა მითითებული, რომ შუამდგომლობის ავტორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვას ითხოვს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების შეუქცევადობა სამართლებრივი უსაფრთხოების უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25). “დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).
2. „მართლმსაჯულების საბოლოო შედეგები მხოლოდ განსაკუთრებულ, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება დადგეს ეჭვის ქვეშ და მხოლოდ მაშინ შეიძლება გაბათილდეს, თუ ეს აუცილებელი გზაა სავარაუდოდ დარღვეული უფლების აღდგენის, მისი დაცვისთვის ( იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-39)
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლში ანდა სპეციალურ კანონში სახელდებით მითითებულ შემთხვევებში და წესით.
4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვას, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
5. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ც–ი ახალ ფაქტად/მტკიცებულებად უთითებს: ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომელიც კასატორის მტკიცებით ადასტურებს დ. ც–ის უდანაშაულობას (აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას). ამასთან, კასატორის მტკიცებითვე აღნიშნული დასკვნა წარდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.
5.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობით, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბალისტიკური ექსპერტიზის N........ დასკვნა წარდგენილი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 24 ივნისის სხდომაზე, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების მხარის შუამდგომლობას მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მოცემული ექსპერტიზის დასკვნა, მიუთითა, რომ არ სურდა ექსპერტის დაკითხვა და მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ საგნებს (დ. ც–ის ტანსაცმელს და დ. ც–ის ფარს) გამოიკვლევდა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი 12:26:02-12:30:32). შესაბამისად, სასამართლოს მიერ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა ცნობილ იქნა დასაშვებად და უდავოდ ექსპერტთა დაკითხვის ნაწილში და დაცვის მხარის მოთხოვნის საფუძველზე/შესაბამისად (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი 12:30:32-12:32:20) მომდევნო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნას დართული ნივთმტკიცებები დ. ც–ის ნაწილში (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 7 ოქტომბრის სხდომის ოქმი).
5.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ზემოაღნიშნული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, დასკვნით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, დასკვნის განზრახ დაგვიანებით წარდგენაზე (რაზეც უთითებს დ. ც–ი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობაში) მითითებულია ასევე დ. ც–ის საკასაციო საჩივარში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე.
5.3. შესაბამისად, კასატორის მიერ შუამდგომლობაში მითითებული ახლად გამოვლენილი გარემოება – ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს და მტკიცებულებას, რაც საქმის სასამართლოში (აპელაციაში, კასაციაში) მოცემულ შემთხვევაში – განხილვის დროს მხარეებისთვის არ იყო ცნობილი.
6. დ. ც–ის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ სამართალწარმოების ფარგლებში დარღვეული იქნა დაცვის უფლება, ვინაიდან მას არ გაეცნო 2022 წლის 4 აპრილის დაზარალებულად ცნობის დადგენილება, უკანონო იყო მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკა და ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რაც მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოდან 23 ტომად გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები, – სასამართლო ითვალისწინებს, რომ დ. ც–სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს სისხლის სამართლის საქმის მასალები გამოძიების ეტაპზე გაეცვალათ არაერთხელ (იხ.: 2022 წლის 30 ივლისის ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ტ. 17, ს.ფ. 271-328; 2022 წლის 25 აგვისტოს ოქმი შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, ტ. 18, ს.ფ. 38-97). ამასთან, 2022 წლის 4 აპრილის დაზარალებულად ცნობის დადგენილების შესახებ კასატორის პრეტენზიები მითითებულია ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენზე საკასაციო სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარში (იხ.: ტ. 23, ს.ფ. 158-216), შესაბამისად, არ წარმოადგენს ისეთ ახალ ფაქტს/გარემოებას, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მისცემდა უფლებას გადასინჯოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
7. სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და არასწორია კასატორის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში წარმოდგენილი მსჯელობები ახლადგამოვლენილი გარემოებებია, რადგან აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ განაჩენის მიღების შემდეგ. სასამართლო ერთი მხრივ, კვლავაც აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოებების ამომწურავ ჩამონათვალს ადგენს საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლი, რომელიც ასეთ გარემოებად არ ითვალისწინებს – სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულ მსჯელობას. იმავდროულად, საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. ც–ის მიერ საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განაჩენი და შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენში მითითებული მსჯელობები, რომლებსაც კასატორი სადავოდ ხდის ამ შემთხვევაშიც, წარმოადგენდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო წარმოების ფარგლებში განხილვის საგანს – სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემოებები, რომელსაც არ ეთანხმებოდა მსჯავრდებული, მის მიერ გასაჩივრებული იყო საკასაციო წესით.
7.1. შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა იმ გარემოებებზე მითითებით, რაც უკვე იყო/უნდა ყოფილიყო შესწავლილი/გამოკვლეული/შეფასებული დ. ც–ისათვის ბრალადშერაცხული დანაშაულის პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითი განხილვის, სააპელაციო ან/და საკასაციო წარმოების ფარგლებში, – სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლს.
8. დ. ც–ის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მიერ მისი საქმე უკანონოდ (აცილების საფუძვლის/მიზეზის მითითების გარეშე) იქნა აცილებული ცალკეული მოსამართლეების მიერ.
9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი აცილების განჩინებებით დგინდება, რომ მოსამართლეთა მიერ დ. ც–ის საქმეზე თვითაცილება, საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ შესაბამის მოსამართლეებს უკვე ჰქონდათ განხილული და შეფასებული დ. ც–ის სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეები, სადაც სასამართლოს მიერ შესწავლილი/შეფასებული მტკიცებულებების უმრავლესობა იდენტური იყო დ. ც–ის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განჩინება (იხ.: ტ.21, ს.ფ. 316-318); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 9 ივნისის განჩინება (ტ. 23, ს.ფ. 311-312); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 18 ივნისის განჩინება (ტ.23, ს.ფ. 317-319); საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 21 ივლისის განჩინება (ტ. 23, ს.ფ. 366-368); 2025 წლის 21 ივლისის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ტ. 23, ს.ფ. 370-372).
10. დ. ც–ის მტკიცებით, ახლად გამოვლენილ გარემოებას წარმოადგენს ასევე ის ფაქტი, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ, მისი საქმე საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ვადის ნაცვლად განხილული იქნა 2 წელში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის დ. ც–ის მიერ საკასაციო წესით გასაჩივრებისას ერთერთ საკითხს (მასზე უთითებდა კასატორი). შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილი გარემოებას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ არის არც ერთი ახალი ფაქტი/გარემოება/მტკიცებულება, რაც გახდებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აპრილის განაჩენის გადასინჯვის საფუძველი; კასატორი აპელირებს იმ გარემოებებზე, რომლებიც უკვე იყო განხილული როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი საკასაციო საჩივრის განხილვისას;
12. საკასაციო სასამართლო კვლავაც განმარტავს, რომ ,,კასატორის მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნა ისეთ საკითხებზე აპელირებით, რაც უკავშირდება გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე დაშვებულ ხარვეზებს, გამოძიების მხრიდან ცალკეული გარემოებების არაჯეროვნად გამოძიებას, იმ მტკიცებულების სანდოობას, რომელიც გამოკვლეული იყო არსებითი სასამართლო განხილვის დროს და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა არასაკმარისობა არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველს” (საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებები: 2026 წლის 2 მარტის N 29აგ-25; 2021 წლის 3 ივნისის N15აგ-21 განჩინება).
12.1. კასატორი არ უთითებს საქმის არსებითი განხილვისას უკვე შეფასებული გარემოებებისაგან განსხვავებულ გარემოებაზე, რომელიც საჭიროებს სასამართლოს მხრიდან დამატებით შეფასებას. არ უთითებს რაიმე ისეთ ახალ ფაქტზე/გარემოებაზე, რომელიც არ იყო შეფასებული/განხილული კასატორის წინარე საჩივრების/შუამდგომლობების ფარგლებში, რის გამოც სასამართლო მოკლებულია კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ შესაძლებლობას.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ტ–ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
14. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ც–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ვ. ტ–ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 25 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ დ. ც–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე