დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.09.2026
საქმის ნომერი
2კ-47-I-26
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
07.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802226013000621

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№47I-26 ქ. თბილისი

ფ-ი კ, 47I-26 7 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - კ. ფ-ისა და დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:

1.1. 2025 წლის 25 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ. ფ-ი და დ. პ-ი.

1.2. 2025 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, კ. ფ-სა და დ. პ-ს შეეფარდათ საექსტრადიციო პატიმრობა, 3 თვით.

1.3. 2026 წლის 23 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობები და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები.

1.4. 2026 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 25 ივნისამდე.

1.5. 2026 წლის 27 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი კ. ფ-ისა და დ. პ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების თაობაზე.

1.6. 2026 წლის 17 ივნისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და გარანტიები კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით. მოთხოვნილი გარანტიები მიღებულ იქნა 2026 წლის 7 ივლისს.

1.7. 2026 წლის 18 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2026 წლის 25 სექტემბრამდე.

1.8. ამჟამად კ. ფ-ი და დ. პ-ი მოთავსებული არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის № 8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

2. კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:

2.1. კ. ფ-ის ექსტრადიცია მოთხოვნილია მის მიმართ სისხლის სამართალწარმოების განხორციელების მიზნით, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივ საზოგადოებაში (დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობა), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო კულტივირება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის, 2283-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.

2.2. დ. პ-ის ექსტრადიცია მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) შექმნა ერთი ან რამდენიმე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად, დანაშაულებრივი საზოგადოების (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა, ორგანიზებული ჯგუფების მოქმედებების კოორდინაცია, მათ შორის მყარი კავშირების შექმნა, ორგანიზებული ჯგუფების მიერ დანაშაულის ჩასადენად გეგმების შემუშავება და პირობების შექმნა, დანაშაულებრივ გავლენათა სფეროებისა და დანაშაულებრივი შემოსავლის განაწილება ასეთ ჯგუფებს შორის), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამი დანაშაული (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო კულტივირება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის მე 2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება ,,ინტერნეტის“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.

2.3. 2024 წლის 11 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის მაგადანის ოლქის მაგადანის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინებები კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

2.4. 2024 წლიდან კ. ფ-ი და დ. პ-ი რუსეთის ფედერაციის მიერ იძებნებიან ინტერპოლის არხებით.

3. ფაქტები:

3.1. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები გამოიხატება შემდეგით:

3.2. დაუზუსტებელ დროსა და გამოძიებით დაუდგენელ გარემოებებში, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლისა, დ. პ-მა მ-ის ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დანაშაულებრივი საზოგადოება (დანაშაულებრივი ორგანიზაცია), ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვის სფეროში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩასადენად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.

3.3. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის სფეროში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩასადენად დ. პ-მა თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩააბა მისი ერთიანი ხელმძღვანელობით მოქმედი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - დანაშაულებრივი საზოგადოების წევრები: კ. ა-ს ძე ფ-ი, დაბადებული ...წ., ი. ვ-ის ძე კ-ი, დაბადებული ... წ., ვ. ა-ს ძე დ-ი, დაბადებული ...წ., ნ. ვ-ის ძე ხ-ი, დაბადებული ... წ., მ. მ-ის ძე ჩ-ი, დაბადებული ... წ., ფ. მ-ის ძე რ-ა, დაბადებული ...წ., პ. ვ-ის ძე ს-ი, დაბადებული ....წ., რომელთა შორის მან გაანაწილა უშუალოდ აღნიშნული დანაშაულების ჩადენასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის უზრუნველყოფის ფუნქციური ვალდებულებების შესრულებაზე მიმართული დანაშაულებრივი როლები.

3.4. დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ერთიანი დანაშაულებრივი შედეგის მისაღწევად და მატერიალური სარგებლის მისაღებად, დ. პ-მა BlackSprut-ის უკანონო დარქმეტ ქსელში გახსნა თავისი მაღაზია სახელით - „პ-ბა“ (P-O) ნიკით - „G-8“ და „1.....1“, რომლის მიზანი იყო ნარკოტიკების სისტემატური გასაღება მაგადანის ოლქის ტერიტორიაზე.

3.5. დანაშაულებრივი საზოგადოების წევრებს შორის კომუნიკაციისა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, დ. პ-ი, პირადი კომუნიკაციის პროგრამებისა და დაშიფვრის ელემენტების მქონე მესენჯერებით უზრუნველყოფდა კონსპირაციის ზომებს მის მიერ შექმნილი და მისითვე ნახელმძღვანელები დანაშაულებრივი საზოგადოების ფუნქციონირებისას.

3.6. 2023 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში, დ. პ-ის ერთპიროვნულად ნახელმძღვანელები დანაშაულებრივი საზოგადოების (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) წევრებმა ქ. მაგადანის და მაგადანის ოლქის ტერიტორიაზე ჩაიდინეს რიგი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ნარკოტიკული დანაშაული (იხ. საექსტრადიციო წარმოება გვ. 184-207; 235-260; 345-385; 437-463).

4. 2026 წლის 28 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინებით:

5.1. დაკმაყოფილდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა.

5.2. დასაშვებად იქნა ცნობილი კ. ფ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით რუსეთის ფედერაციის მაგადანის ოლქის მაგადანის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.

5.3. დასაშვებად იქნა ცნობილი დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით რუსეთის ფედერაციის მაგადანის ოლქის მაგადანის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბრის განჩინებაში მითითებული დანაშაულების შესაძლო ჩადენისათვის.

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - კ. ფ-ისა და დ. პ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, დ. პ-ისა და კ. ფ-ის ექსტრადირების დასაშვებობის შემთხვევაში, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ მათი ექსტრადიცია რუსეთის ფედერაციაში გამოიწვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების უხეშ დარღვევას. ექსტრადიციის შემთხვევაში, დ. პ-ი პრაქტიკულად კარგავს კავშირს ოჯახთან, მათ შორის, მეუღლესა და არასრულწლოვან შვილებთან, რომლებიც არიან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ოჯახისა და არასრულწლოვნების ინტერესებს. არ არის უარყოფილი რისკი, რომ განმცხადებლებს არ დაემუქრებათ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევის რისკი.

7. ადვოკატის საკასაციო საჩივარზე 2026 წლის 3 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.

7.1. პოზიციაში აღნიშნულია, რომ დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე-3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით რელევანტური არგუმენტაცია და მტკიცებულებანი, რომლებიც დაადასტურებდა არსებითი საფუძვლების არსებობას ამგვარი დაშვებისათვის. დაცვის მხარის მიერ გაცხადებული პოზიცია კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ ძალადობრივი ქმედებების თაობაზე რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. რაც შეეხება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიმართ უკრაინული წარმოშობის საფუძველზე შესაძლო დევნის რისკს, აღნიშნული პირები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაცია და საქმეში არ მოიპოვება მტკცებულებები მათ მიმართ წარმოშობის საფუძველზე დევნის თაობაზე. „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ განხორციელდება დევნა ან/და ისინი დაექვემდებარებიან წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადყოფს, რომ კ. ფ-ისა და დ. პ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვევარაუდა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციაში დაექვემდებარებიან სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტიები, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში კ. ფ-ი და დ. პ-ი ისარგებლებენ ადვოკატის მომსახურებით და ყველა სხვა უფლებით, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით განისაზღვრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი კ. ფ-ი და დ. პ-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2025 წლის 25 დეკემბერს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, მათ მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა, კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ, განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:

5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რათა დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:

1) მოცემული დანაშაული, როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით, იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით, სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადირება შეიძლება, განხორციელდეს აგრეთვე, თუ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა შეეხება რამდენიმე დანაშაულს, რომლებიც ისჯება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობით და რომელთაგან ზოგიერთი ვერ აკმაყოფილებს სასჯელის ზომის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ან სანქციის სახით ითვალისწინებს ჯარიმას.

5.2. ექსტრადიციის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ დამკვიდრებული ,,in abstracto“ ორმაგი დასჯადობის პრინციპი, გულისხმობს იმას, რომ ორმაგი დასჯადობის არსებობისათვის არ არის სავალდებულო ექსტრადიციის განმახორციელებელი და მომთხოვნი სახელმწიფოების სამართლით განსაზღვრული დანაშაულის ყველა ელემენტი იდენტური იყოს, არამედ სადავო ქმედება, ცალკე აღებული, უნდა ისჯებოდეს ექსტრადიციის განმახორციელებელი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

5.3. დასჯადობა რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით:

· პროკურატურის შუამდგომლობის მე-9-მე-10 პარაგრაფებში აღწერილი ქმედებები ისჯება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:

· კ. ფ-ისა - რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოებაში (დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობა), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო კულტივირება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის, 2283-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

· დ. პ-ისა - რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულებრივი საზოგადოების (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) შექმნა ერთი ან რამდენიმე მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად, დანაშაულებრივი საზოგადოების (დანაშაულებრივი ორგანიზაციის) და მასში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა, ორგანიზებული ჯგუფების მოქმედებების კოორდინაცია, მათ შორის მყარი კავშირების შექმნა, ორგანიზებული ჯგუფების მიერ დანაშაულის ჩასადენად გეგმების შემუშავება და პირობების შექმნა, დანაშაულებრივი გავლენათა სფეროებისა და დანაშაულებრივი შემოსავლის განაწილება ასეთ ჯგუფებს შორის), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამი დანაშაული (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო გასაღების მცდელობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა, დიდი ოდენობით), 30-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 2281-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ორი დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების მცდელობა, დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 231-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების უკანონო კულტივირება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ), 2283-ე მუხლის მე 2 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების პრეკურსორების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით), 2281-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება ,,ინტერნეტის“ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით).

5.4. დასჯადობა საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით:

რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ საექსტრადიციო მასალებში აღწერილი ქმედებები საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში დასჯადი იქნებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სულ მცირე შემდეგი მუხლებით: სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა”, ,,ბ” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ; 2601-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ; 19,2603-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით, 2603-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო რეალიზაციის მცდელობა და რეალიზაცია, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 12-დან 17 წლამდე ვადით; 19,2603-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით და 2603-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობა და რეალიზაცია, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 16 დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ; 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა ან/და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 8-დან 12 წლამდე ვადით; 2611-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა, 9-დან 13 წლამდე ვადით; 2651-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა 6-დან 12 წლამდე ვადით.

5.5. ამდენად, ქმედებები, რომელთა ჩადენისათვის კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიცია მოითხოვება, დასჯადია როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია სულ მცირე ერთი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:

6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, რომ კ. ფ-ი და დ. პ-ი არ ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად; ისინი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ კ. ფ-ისა და დ. პ-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვევარაუდა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციაში დაექვემდებარებიან სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევას.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა გარანტიები, რომ, ექსტრადიციის შემთხვევაში, კ. ფ-ი და დ. პ-ი ისარგებლებენ ადვოკატის მომსახურებით და ყველა სხვა უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებს.

8. ხანდაზმულობის ვადა:

დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთათვისაც მოითხოვება კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, ხოლო 71-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტების მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან 30 წელში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენიდან.

ხანდაზმულობის ვადა გამოიანგარიშება დანაშაულის ჩადენის დღიდან პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ დამნაშავე დაემალა გამოძიებას ან სასამართლოს.

ზემოაღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირები - კ. ფ-ი და დ. პ-ი რუსეთის ფედერაციაში სისხლისსამრთლებრივ პასუხისგებაში მიეცნენ 2024 წელს, ხოლო დანაშაულს ჩადიოდნენ 2023-2024 წლებში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით, გასული არ არის.

ამასთან, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 და 78-ე მუხლების შესაბამისად სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა მითითებულ დანაშაულებთან მიმართებით ასევე არ არის გასული რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:

9.1. სტატუსი:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ კ. ფ-ი და დ. პ-ი არ ითვლებიან საქართველოს მოქალაქეებად. ამასთან, ხსენებული პირები არ ითვლებიან, აგრეთვე, საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებად, ვინაიდან ისინი არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კ. ფ-სა და დ. პ-ს უარი ეთქვათ საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე მიგრაციის დეპარატამენტის მიერ, ხოლო კ. პ-ს, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. თუმცა, ამჟამად ისინი ითვლებიან საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებად.

დაცვის მხარის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ კ. ფ-ი და დ. პ-ი საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები არიან და მათ მიმართ არ დასრულებულა თავშესაფრის მაძიებლის პროცედურები, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ექსტრადიციის დასაშვებობის სასამართლო ფაზის დასრულება დასაშვებად მიიჩნევა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული პროცედურების მიმდინარეობისას. ამავდროულად, საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხის სრულ გადაწყვეტამდე არ უნდა აღსრულდეს ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შესახებ ჟენევის კონვენციით ნაგულისხმევი ვალდებულებებიდან გამომდინარე.

9.2. ამნისტია:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“

ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:

„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“

წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რომელთათვისაც მათი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,,Non bis in idem“:

10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.

10.2. კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:

11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.

11.2. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“

11.3. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი.

11.4. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).

11.5. ადვოკატი გ. კ-ი არ ეთანხმება კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიციას რუსეთის ფედერაციაში. დაცვის მხარე დავობს, რომ კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით აკრძალული მოპყრობის გამოყენების საფუძვლიანი საფრთხე.

11.6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no 46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული, კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში, ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).

11.7. დაცვის მხარე არ ეთანხმება კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიციას რუსეთის ფედერაციაში, თუმცა ევროპული კონვენციის მე-2 ან/და მე 3 მუხლების დარღვევის საფრთხესთან დაკავშირებით რელევანტური არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა არსებითი საფუძვლების არსებობას ამგვარი დაშვებისათვის, არ წარმოუდგენია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალური პროკურატურის მიერ იქნა მოძიებული.

11.8. დაცვის მხარის მიერ საჩივარში გამოთქმული პოზიცია კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ ძალადობრივ ქმედებათა თაობაზე რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით. თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, როგორც კ. ფ-მა, ისე დ. პ-მა დაზიანებები მიიღეს დაუდგენელი პირების მხრიდან, ასევე, უშუალოდ აღნიშნული ფაქტის თაობაზე მათ სამართალდამცავი ორგანოებისათვის არ მიუმართავთ. კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიერ პროკურატურაში წარდგენილი საჩივრები ეხება მათ პოზიციას სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

11.9. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილია გარანტია იმის თაობაზე, რომ კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების პერიოდში ანდა გადაცემის შესახებ წარმოების შედეგად გამოტანილი ნებისმიერი განაჩენის აღსრულებისას ისინი არ იქნებიან იძულებით ან ნებაყოფლობით გადაბირებული, არ მიიღებენ მონაწილეობას, არ დაუჭერენ მხარს, შეუწყობენ ხელს ან სხვაგვარად არ იქნებიან ჩაბმული რაიმე შეარაღებულ ოპერაციაში, საომარ მოქმედებებში, საბრძოლო მოქმედებებში ან ნებისმიერი სახის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციებში.

11.10. რაც შეეხება კ. ფ-ისა და დ. პ-ის მიმართ უკრაინული წარმოშობის საფუძველზე შესაძლო დევნის რისკს, აღნიშნული პირები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაცია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები მათ მიმართ წარმოშობის საფუძველზე დევნის თაობაზე. თავად დაცვის მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, ძირითად პრობლემას სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით წარმოადგენდა კ. ფ-ის პაციფისტური მოსაზრებები და არსად ყოფილა მითითება წარმომავლობის საფუძველზე უფლებების შეზღუდვის ან დევნის ფაქტებზე.

11.11. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ექსტრადიციის შუამდგომლობაში რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს წარმოუდგინა გარანტიები, რომ ,,ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნა არ ისახავს მიზნად კ. ფ-ისა და დ. პ-ის პოლიტიკური მოტივით დევნას მათი რასობრივი კუთვნილების, აღმსარებლობის, ეროვნების ან პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით“ და რომ ექსტრადიციის შემთხვევაში ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიან დაცვის ყველა უფლებით, მათ შორის ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობით. ისინი არ დაექვემდებარებიან წამებას, სასტიკ, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე 3 და მე-6 მუხლები)“.

11.12. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს გენერალურ პროკურატურას წარუდგინა დეტალური გარანტიები კ. ფ-ისა და დ. პ-ის უფლებების სათანადო დაცვასთან დაკავშირებით (იხ. საექსტრადიციო წარმოება გვ. 530-567).

11.13. ამდენად, არ არსებობს საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მხრიდან არ იქნება დაცული მათ მიერ წარმოდგენილი გარანტიები.

12. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:

12.1. რაც შეეხება განსახილველი ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევებში იქცეს.

12.2. ამასთან, საგამონაკლისო გარემოებამ ექსტრადიციის განხორციელების ლეგიტიმური მიზნები უნდა გადაწონოს (იხ. საქმე: „კინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (“King v. The United Kingdom”), N9742/07, 26/01/2010, §29).

12.3. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ კ. ფ-ისა და დ. პ-ის ექსტრადიცია მოთხოვნილია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის, ორგანიზებული ხასიათის დანაშაულებისათვის.

13. შესაბამისად, კ. ფ-ისა და დ. პ-ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.

14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირების - კ. ფ-ისა და დ. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე