დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 23.09.2026
საქმის ნომერი
11აგ.-2026
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.09.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020142226702289847

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №11აგ-26 ქ. თბილისი

გ. გ., 11აგ-26 23 სექტემბერი, 2026 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინებაზე.

I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. გ. გ–ე (პ/ნ ...............) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 20 აპრილის ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებაში;

1.2. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (2025 წლის 22 აპრილის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

1.3. გ. გ–ეს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2025 წლის 22 აპრილიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2026 წლის 22 ივნისის განჩინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენზე ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი გობრონიძისა და მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად იქნა ცნობილი.

4. 2026 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ. გ–ემ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 310-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენების გადასინჯვა იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, ორივე განაჩენი ემყარება მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებებს, საქმეში არ არსებობს არც ერთი ფაქტის თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა მუქარის ჩადენის ფაქტს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ირიბ მოწმეთა ჩვენებები და ვარაუდი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. პოლიციელთა და გამომძიებელთა მიერ იგნორირებულია საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლის პირველი ნაწილი, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი და შესაბამისად, მათი ჩვენებები დაუშვებელია.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ–ის შუამდგომლობა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენების გადასინჯვის შესახებ, ცნობილ იქნა დაუშვებლად.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. გ–ემ. კასატორის შეფასებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება ვერ პასუხობს მის შუამდგომლობაში დასმულ საკითხებს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენებით მისი მსჯავრდება მოხდა საქართველოს სსსკ-ის მე-13 და 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან მსჯავრდება ეფუძნება მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებებს და არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების დასადასტურებლად. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უნდა მიეთითოს დაუშვას შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ, რაც ეცნობოს წერილობით.

II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობა, საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ი ამომწურავად და მკაფიოდ განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის საფუძვლებს და იმპერატიულად ადგენს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენის გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში პირდაპირ და სახელდებით მითითებული რომელიმე ერთი ან რამოდენიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლში ანდა სპეციალურ კანონში სახელდებით მითითებულ შემთხვევებში და წესით.

3. მოცემულ შემთხვევაში, გ. გ–ის მიერ 2026 წლის 16 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის წარდგენისას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენი, რომლის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვასაც ითხოვდა მსჯავრდებული გ. გ–ე, საკასაციო წესით გასაჩივრებული იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარის (მსჯავრდებულ გ. გ–ის) მიერ და შუამდგომლობის განხილვის დროისათვის საკასაციო საჩივრებზე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო.

4. საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.

5. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვას ექვემდებარება საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი მხოლოდ ისეთი განაჩენი, რომელიც ერთდროულად არის კანონიერ ძალაში შესულიც და საბოლოო – რომელიც აღარ საჩივრდება. ამდენად, როგორც წესი, დაუშვებელია ისეთი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვა, რომელიც არ არის საბოლოო.

6. მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება არც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლით დადგენილი წინაპირობების არსებობა (მათ შორის, გასაჩივრებული განაჩენი არ იყო საბოლოო) და არც საქართველოს სსსკ-ის 3321-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე შესაბამისი საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონიერია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, შუამდგომლობაში მითითებული გარემოებების შეფასების გარეშე, მსჯავრდებულ გ. გ–ის შუამდგომლობის – ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 2 ოქტომბრის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ნოემბრის განაჩენების გადასინჯვის, – დაუშვებლად ცნობის შესახებ.

7. შესაბამისად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

8. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია, გარდა ამ კოდექსის 310-ე მუხლის „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. გ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინება მსჯავრდებულ გ. გ–ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე