საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330802226013219304
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№48I-26 18 სექტემბერი, 2026 წელი
ტ–ი მ., №48I-26 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. (M.) ტ–ისა (T.) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების რ. მ–ისა და ნ. ხ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. (M.) ტ–ის (T.) მიმართ რუსეთის ფედერაციაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები და ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული მასალების თანახმად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულების ფაქტობრივი გარემოებები არის შემდეგი:
ა. ს–ის ეპიზოდი:
მ. ტ–ს ბრალი ედება მასში, რომ იყო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი და მისი აღნიშნულ ჯგუფში გაწევრიანება განხორციელდა, ვინაიდან გააჩნდა მნიშვნელოვანი ავტორიტეტი კრიმინალურ წრეებში. ორგანიზებული ჯგუფის ფარგლებში მ. ტ–ის მოვალეობას, მათ შორის, წარმოადგენდა სხვა თანამზრახველებთან ერთად ორგანიზებული ჯგუფის მიერ დაგეგმილი მკვლელობების უშუალო ამსრულებლების მოძიება, მკვლელობების ორგანიზება და მომზადება, ფულადი სახსრების განაწილება მკვლელობის უშუალო ამსრულებლებს და სხვა პირებს შორის, მკვლელობის უშუალო ამსრულებელთა უზრუნველყოფა იარაღით, საბრძოლო მასალითა და ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელებს, რომლებიც ეწეოდნენ ბიზნეს საქმიანობას, სურდათ, რომ ა. ს–ის შეემცირებინა შავი და ფერადი ლითონის ჯართის შესყიდვის ფასი, ხოლო მისგან უარის მიღების შემდეგ გადაწყვიტეს ამ უკანასკნელის მოკვლა. ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობის ორგანიზება შესთავაზეს კ–ს, რომელიც დათანხმდა 1000000 რუბლის ანაზღაურების სანაცვლოდ ა. ს–ის მკვლელობის ორგანიზებას, რისთვისაც მ. ტ–ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით არაუგვიანეს 2004 წლის 28 ივლისისა, მოიძია მ. კ–ი, რომელიც დათანხმდა მითითებული ანაზღაურების ნაწილის სანაცვლოდ უშუალოდ განეხორციელებინა ა. ს–ის მკვლელობა. 2004 წლის 28 ივლისს მ. კ–ი ჩაუსაფრდა ა. ს–ის და ამ უკანასკნელის მიერ ავტოფარეხში შესვლის შემდგომ გადააგდო მის ხელთ არსებული, მ. ტ–ისა და გამოძიებით დაუდგენელი სხვა პირების მიერ მისთვის გადაცემული ,,РГД-5“ ტიპის ორი ხელყუმბარა აღნიშნულ ფარეხში მყოფი ა. ს–ის მიმართულებით, რის შემდგომაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო და ა. ს–ს მიადგა მხოლოდ სხეულის დაზიანება.
ე. ზ– ს ეპიზოდი:
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელები უკმაყოფილოები იყვნენ ინდ.მეწარმე ე. ზ– ს საქმიანობით, წარმოშობილი ანტიპათიის საფუძველზე, რომელიც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ეს უკანასკნელი აბრკოლებდა მათ საქმიანობას გაცხადებული სასარჩელო მოთხოვნების გზით. ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობის ორგანიზება შესთავაზეს კ–ს, რომელიც დათანხმდა 1000000 რუბლის ანაზღაურების სანაცვლოდ ე. ზ– ს მკვლელობის ორგანიზებას, რისთვისაც მ. ტ–ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით მოიძია პ–ი, რომელიც დათანხმდა მითითებული ანაზღაურების ნაწილის სანაცვლოდ უშუალოდ განეხორციელებინა ე. ზ–ს მკვლელობა. ე. ზ– ს მკვლელობის მომზადებისას მ. ტ–მა, პ–იმ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, გააჩნდათ რა ინფორმაცია დაზარალებულის დღის რეჟიმის, საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, შეიმუშავეს ამ უკანასკნელის მკვლელობის გეგმა. ამასთან, მ. ტ–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა უზრუნველყვეს პ–ი სროლისთვის ვარგისი იარაღით - მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტით (სერია ........) და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალით - 8 ცალი ვაზნით. 2004 წლის 28 ოქტომბერს, პ–ი ჩაუსაფრდა დაზარალებულს, მოახდინა დაზარალებულთან კონფლიქტის ინიცირება, რა დროსაც ე. ზ– ს რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
ო. ბ–ის ეპიზოდი:
ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს ო. ბ–ის მოკვლა, ვინაიდან ეჭვობდნენ, რომ ო. ბ–ს გააჩნდა ინფორმაცია ე. ზ– ს მკვლელობასთან მათი კავშირის შესახებ და შესაძლებელი იყო მას აღნიშნული შეეტყობინებინა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რაც გამოიწვევდა მათი და მკვლელობის უშუალო ამსრულებლების სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას. ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობის ორგანიზება შესთავაზეს კ–ს, რომელიც დათანხმდა 1000000 რუბლის ანაზღაურების სანაცვლოდ ო. ბ–ის მკვლელობის ორგანიზებას, რისთვისაც მ. ტ–ის და გამოძიებით დაუდგენელი პირების მეშვეობით კვლავ მოიწვია პ–ი, რომელიც დათანხმდა მითითებული ანაზღაურების ნაწილის სანაცვლოდ უშუალოდ განეხორციელებინა ო. ბ–ის მკვლელობა. ო. ბ–ის მკვლელობის მომზადებისას მ. ტ–მა, პ–იმ და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა, გააჩნდათ რა ინფორმაცია დაზარალებულის დღის რეჟიმის, საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების მარშრუტის შესახებ, შეიმუშავეს ამ უკანასკნელის მკვლელობის გეგმა. მ. ტ–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა უზრუნველყვეს პ–ი სროლისთვის ვარგისი იარაღით – 9 მმ კალიბრის დაუდგენელი ნიმუშის ცეცხლსასროლი იარაღით, მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალით – 8 ცალი ვაზნით და აფეთქებისთვის ვარგისი РГД-5 ტიპის ორი ხელყუმბარით. 2005 წლის 31 იანვარს პ–ი ჩაუსაფრდა ო. ბ–ს, მოახდინა მასთან კონფლიქტის ინიცირება, რის შემდგომაც რამდენჯერმე ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც ო. ბ–ი გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ პ–იმ გაისროლა და ააფეთქა ხელყუმბარა და დატოვა შემთხვევის ადგილი. ამასთან, მ. ტ–მა და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ინახავდნენ და ატარებდნენ მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის დროს გამოყენებულ ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ მოწყობილობას.
1.2. 2023 წლის 27 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის ბასმანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ გაცემულ იქნა მ. ტ–ის დაპატიმრების დადგენილება, რომლის თანახმად, მ. ტ–ი ბრალდებულია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ (а, е, ж, з) ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საყოველთაოდ სახიფათო ხერხით, ანგარების მოტივით, დაქირავებით), 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ (а, ж, з, к) ქვეპუნქტებით (მკვლელობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაქირავებით, სხვა დანაშაულის დამალვის მიზნით) და 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულების შესაძლო ჩადენაში.
2. მ. ტ–ის მიმართ საქართველოში განხორციელებული პროცედურები:
2.1. 2026 წლის 23 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ.ტ–ი.
2.2. 2026 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით, მ. ტ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.
2.3. 2026 წლის 4 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 24 იანვრის განჩინებაზე დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი.
2.4. 2026 წლის 4 თებერვალს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ტ–ის ექსტრადიციის თაობაზე რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები.
2.5. 2026 წლის 16 აპრილს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მ. ტ–ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიიღეს 2026 წლის 23 ივნისს.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 17 აპრილის განჩინებით მ. ტ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2026 წლის 23 ივლისამდე.
2.7. 2026 წლის 21 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით მ. ტ–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე – 2026 წლის 23 ოქტომბრამდე.
2.8. ამჟამად, მ. ტ–ი მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
2.9. 2026 წლის 1 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოტანილ, მ. ტ–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ (а, е, ж, з) ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საყოველთაოდ სახიფათო ხერხით, ანგარების მოტივით, დაქირავებით) და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ (а, ж, з, к) ქვეპუნქტებით (მკვლელობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაქირავებით, სხვა დანაშაულის დამალვის მიზნით).
დაუშვებლად იქნეს ცნობილი მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოტანილ, მ. ტ–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
2.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოტანილ, მ. ტ–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 30-ე მუხლის მე-3 ნაწილთან ერთობლიობაში 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“ (а, е, ж, з) ქვეპუნქტებით (ორი ან მეტი პირის მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, საყოველთაოდ სახიფათო ხერხით, ანგარების მოტივით, დაქირავებით) და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“ (а, ж, з, к) ქვეპუნქტებით (მკვლელობა ორი პირის მიმართ, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაქირავებით, სხვა დანაშაულის დამალვის მიზნით).
დაუშვებლად იქნა ცნობილი მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია 2021 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამოძიების მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს მიერ გამოტანილ, მ. ტ–ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში და დასჯადია რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და ტარება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ).
2.11. 2026 წლის 10 სექტემბერს ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა – მ. ტ–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა რ. მ–მა და ნ. ხ–ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმება.
3. კასატორების პოზიცია:
3.1. კასატორების პოზიციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინება უკანონოა. არსებობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის უფლებების დარღვევის რეალური საფრთხე. მ.ტ–ს ბრალდება წარედგინა დაახლოებით 20 წლის შემდეგ და წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად ანგაჟირებულია. შესაბამისად, ექსტრადიციის შემთხვევაში, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრება. მით უფრო იმ ფონზე, რომ წარსულში დადგინდა რუსეთის მხრიდან მ. ტ–ის მიმართ ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა. ამასთან, მას აქვს რიგი დაავადებები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი, იგი დაახლოებით 20 წელია ვეგეტარიანელია და საკვებზე არსებული ალერგიების გამო საჭიროებს სპეციალურ კვებას, რისი უზრუნველყოფაც რუსეთში ექსტრადიციის შემთხვევაში ვერ მოხდება. პოლიტიკური ნიშნით დევნა და ექსტრადიციის შემდეგ, მ. ტ–ის მიმართ წამების, სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესაძლო ფაქტები დადასტურებულია დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, რომლებიც მიუთითებენ რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური დევნის, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევისა და საპატიმროებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. პირველი ინსტანციის სასამართლო კი, მხოლოდ ზოგადი შეფასებებით შემოიფარგლა.
4. პოზიცია საკასაციო საჩივარზე:
4.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორმა თემურ ცინდელიანმა წარმოადგინა პოზიცია და მოითხოვა მ. ტ–ის მიმართ გამოტანილი განჩინების უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოს მიერ ძებნილი მ. ტ–ი 2026 წლის 23 იანვარს საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა. წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მ. ტ–ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენცია და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს. საკასაციო სასამართლო შეაფასებს, არსებობს თუ არა მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე საფუძველი.
5. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული დაექვემდებაროს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება: 1) მოცემული ქმედება როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უნდა იყოს დასჯადი; 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. მსჯავრდებულის შემთხვევაში კი ასევე აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
6. ექსტრადიციის დასაშვებობის შუამდგომლობაში მითითებული ქმედებების საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში ჩადენის შემთხვევაში იგი დასჯადი იქნებოდა შემდეგნაირად:
საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით; საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად), რაც მაქსიმალური სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. ამრიგად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენაშიც მ. ტ–ი ბრალდებულია დანაშაულად ითვლება და დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მიხედვით და მაქსიმალური სასჯელის სახით გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა.
7. გარდა ამისა, დაცულია „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებითა და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებიც, კერძოდ, მოცემულ საქმეში პოლიტიკური დანაშაულის/პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულის ან სამხედრო დანაშაულის ნიშნები გამოკვეთილი არ არის.
8. 1957 წლის ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა გასულია, ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან სასჯელის მოხდისგან.
9. დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მ. ტ–ი ბრალდებულია რუსეთის ფედერაციაში, საქართველოს კანონმდებლობით განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ამასთან, რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, შუამდგომლობით მოთხოვნილი ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისთვის, სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის არც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით.
10. მ. ტ–ს ბრალი ედება 2004 წლის შემდგომ პერიოდის ქმედებების ჩადენაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა აღნიშნულ დანაშაულებთან დაკავშირებით გასული არ არის. რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 78-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მხოლოდ სასამართლოა უფლებამოსილი გადაწყვიტოს მ. ტ–ის მიმართ ხანდაზმულობის ვადის გამოყენების საკითხი განზრახ მკვლელობის დანაშაულთან მიმართებით. თუ სასამართლო არ მიიჩნევს შესაძლებლად მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, სიკვდილით დასჯა და უვადო თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენება. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ტ–ის სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის გამო, შეიძლება შეწყდეს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სსსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-3 პუნქტისა და 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხოლოდ კანონით დადგენილი ფორმით ასეთ შეწყვეტაზე მისი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. მისი წერილობითი თანხმობის არარსებობის ან ასეთი შეწყვეტის წინააღმდეგ მისი პროტესტის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა გაგრძელდება ჩვეულებრივი წესით. ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა არის დანაშაულის ჩადენის დღიდან 10 წელი. ამასთან, საექსტრადიციო მასალებსა და დამატებით ინფორმაციაში არ არის მითითება ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების საფუძვლების თაობაზე. შესაბამისად, მოცემული დანაშაულისთვის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა გასულია და სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილში, დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი არ არის მხოლოდ იმ პროცედურული მიზეზით, რომ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია თავად მ. ტ–ის წერილობითი თანხმობა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მატერიალურ-სამართლებრივად გასულია აღნიშნული დანაშაულისთვის დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში მ. ტ–ი მიუთითებს, რომ გასულია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყვეტილიყო (რაც თავის მხრივ, მიუთითებს მის სურვილზე და პოზიციაზე, შეწყდეს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა), მხოლოდ ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი პროცესუალურ-სამართლებრივი რეგულაცია ვერ იქნება თვითკმარი საფუძველი საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში ხანდაზმულობის ვადების განსხვავებული პრინციპით შეფასებისთვის.
11. ამდენად, საექსტრადიციო პროცედურების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასების მიზნებისთვის მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 222-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა გასულია, რის გამოც ამ ნაწილში ექსტრადიცია დაუშვებლად იქნა ცნობილი.
12. „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ.“ ასევე, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში მითითებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან მიმართებით არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სამართალწარმოება, გარდა საექსტრადიციო პროცედურებისა. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა „Non bis in idem“-ის პრინციპი.
14. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რუსეთის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა გარანტია იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ტ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული. საგულისხმოა, რომ გარანტიები არის კომპეტენტური ორგანოს მიერ წარმოდგენილი და ამასთანავე არის საკმარისად კონკრეტული და არა ზოგადი/ბუნდოვანი. ამასთან, საგულისხმოა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დამატებით მოითხოვა გარანტიები, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა გარანტია, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში, შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მ. ტ–ის პატიმრობის აუცილებლობა პერიოდულად – არანაკლებ ორ თვეში ერთხელ, გადაიხედება კომპეტენტური სასამართლოს მიერ ზეპირი მოსმენის ფარგლებში, მხარეთა მონაწილეობით. აღნიშნული გადასინჯვის შედეგად მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება კი, სათანადოდ დასაბუთებული იქნება და დაექვემდებარება გასაჩივრებას.
15. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.: Mamatkulov and Askarov Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtH 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (amayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
16. რაც შეეხება, დაცვის მხარის არგუმენტს, რომ ვინაიდან ერთხელ უკვე დადგინდა მ. ტ–ის მიმართ ევროკონვენციის შესაბამისი მუხლების დარღვევა, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, ამ შემთხვევაშიც იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებასა ან/და არაადამიანურ მოპყრობას – საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილია გარანტია, რომლის თანახმად, მ. ტ–ის დაცვის მიზნით მიღებულ იქნება ყველა ხელმისაწვდომი ზომა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლთან შეუსაბამო მოპყრობისგან, კერძოდ, წამების ან სასტიკი, არაადამიანური ანდა ღირსების შემლახავი მოპყრობისა ან სასჯელისაგან დასაცავად. ამასთან, საგულისხმოა წარსულში არსებული დარღვევის ხასიათი, მისი არაძალადობრივი და არაინდივიდუალიზებული ბუნება.
17. საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება რუსეთის ფედერაციაში ან ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების დარღვევის, არასათანადო მოპყრობის ან/და წამების საფრთხე. საგულისხმოა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, არ დასტურდება, მ. ტ–ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობა. ასევე, მას შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიაზე არ განუხორციელებია პოლიტიკური საქმიანობა. წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მ. ტ–ი იყო საჯარო მოხელის – ს.ფურგალის (ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის (ЛДПР) წევრის) თანაშემწე. მასალებისა და რელევანტური ინფორმაციის ერთობლიობით არ იქმნება არსებითი საფუძვლები ვარაუდისთვის, რომ მ. ტ–ს პოლიტიკურ არენაზე ჰქონდა რაიმე ფუნქცია ან როლი, შესაბამისად, აღნიშნული ვერ მიიჩნევა თვითკმარ საფუძვლად მის მიმართ არაჯანსაღი, მათ შორის, პოლიტიკური მოტივებით დევნის განსახორციელებლად. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რეალური მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ იგი შესაძლოა დაექვემდებაროს წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ რუსეთის ფედერციის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ იქნა კონკრეტული გარანტიები იმის თაობაზე, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი მ. ტ–ის უფლებები სრულად იქნება დაცული.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ მიუთითებია მტკიცებულებები რუსეთის ფედერაციაში მ. ტ–ის მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 ან/და მე-3 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევის რეალური საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთან მსგავსი ინფორმაცია არც საქართველოს გენერალურ პროკურატურას გააჩნია.
19. აღსანიშნავია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს საქართველოს პროკურატურისთვის არ მიუწოდებია რაიმე ინფორმაცია, რაც მის მიმართ რუსეთის ფედერაციაში არსებული სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის დასაბუთებულ ვარაუდს წარმოქმნიდა. თავის მხრივ, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული კომპლექსური საექსტრადიციო პროცედურების შედეგადაც ვერ იქნა მოპოვებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საფრთხის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ წარადგინა მ. ტ–ის წინააღმდეგ არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებათა მოკლე მიმოხილვა და ცალკეული მტკიცებულების ასლები, რომლებიც საფუძვლად დაედო მ. ტ–ისთვის წარდგენილ ბრალდებას. ასევე, საგულისხმოა, რომ მტკიცებულებების და მოკლე მიმოხილვის გამოთხოვის მიზანი არ ყოფილა ექსტრადიციის საკითხის მარეგულირებელი რელევანტური ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში მ. ტ–ის ბრალეულობის შეფასება და აღნიშნული მიზნად ისახავდა საქმის ყველა გარემოების გათვალისწინებით, ბრალდების საფუძვლების ზოგად შეფასებას სხვა რელევანტურ ფაქტორებთან და გარემოებებთან ერთობლიობაში.
20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ აღწერილ და განმარტებულ გარემოებებს, რომელთა გამეორებასაც მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, ასევე დასტურდება, რომ წარსულში მ. ტ–ის მიმართ გავრცელდა კანონით გათვალისწინებული შეღავათები და იგი პირობით ვადამდე გათავისუფლდა სასჯელის შემდგომი მოხდისგან 2018 წლის 7 მარტს, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან ინდიკატორს წარმოადგენს მ. ტ–ის ექსტრადიციის შემთხვევაში მის მიმართ საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით უზრუნველყოფილი უფლებების, მათ შორის კანონით გათვალისწინებული შეღავათებით სრულად სარგებლობის თვალსაზრისით.
21. ამდენად, ყოველივე აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, მ. ტ–ის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიცია შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებს.
22. აღსანიშნავია ისიც, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი არ ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულებას. ექსტრადიციის მარეგულირებელი ეროვნული და საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმების თანახმად, ექსტრადიციის შუამდგომლობის განმხილველი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ვერ იმსჯელებენ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობის საკითხზე, რამდენადაც ხსენებული საკითხი ექსკლუზიურად ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების იურისდიქციის სფეროს განეკუთვნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს N14I-19 გადაწყვეტილება). ამდენად, ექსტრადიციის საკითხის განხილვის მიზნებისთვის უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია ზოგადად მ. ტ–ის უდანაშაულობისა და ბრალდების უსაფუძვლობის თაობაზე.
23. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს“, ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“
24. წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ არსებობს ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება. ამასთან, არ იკვეთება არც „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები.
25. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ამ მხრივ საკასაციო სასამართლო ყურადღება მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მისი ჯანმრთელობის მართვა N.. დაწესებულების პირობებში შესაძლებელია, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, საჭიროების შემთხვევაში კი, გადაყვანილ იქნება N.. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში/სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. თავის მხრივ, ექსტრადიციის შემთხვევაში, პენიტენციურ დაწესებულებაში, მ. ტ–ისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის კუთხით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ იქნა აღნიშნულის უზრუნველმყოფი გარანტიაც. ამასთან, თავად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ წარსულში, რუსეთის ფედერაციის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების პერიოდში, იგი უზრუნველყოფილი იყო სამედიცინო მომსახურებით.
26. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი განსაზღვრავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი და მათზე არც დაცვის მხარე მიუთითებს.
27. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევის საფრთხეს, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიცია შეუსაბამოა კონვენციის მე-8 მუხლთან, თუ პირს ექსტრადიციის შემთხვევაში შესაძლებლობა არ მიეცემა, ოჯახური ცხოვრების უფლების რეალიზება მოახდინოს და უფლების ამგვარი შეზღუდვა არათანაზომიერია ექსტრადიციით დასახულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით (King v. The United Kingdom, no.9742/07, §29, ECtHR, 26/01/2010). თუმცა, ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზნები იმდენად ღირებულია, რომ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თუ გადაწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების პატივისცემის ინტერესი ექსტრადიციის განხორციელების ინტერესს (Launder v. the United Kingdom, no.27279/95, ECtHR, 8/12/1997). ამდენად, კონვენციის მე-8 მუხლი ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოება შესაძლოა, მხოლოდ საგამონაკლისო (განსაკუთრებულ) შემთხვევაში გახდეს.
28. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v. Belgium, no. 140/10, §11, ECtHR, 04/09/2014; Soering v. UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
29. რაც შეეხება კასატორთა მოთხოვნას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე: საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა. ამდენად, საკასაციო პალატას არ აქვს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის უპირობო სამართლებრივი ვალდებულება.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. (M.) ტ–ის (T.) ინტერესების დამცველი ადვოკატების რ. მ–ისა და ნ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – მ. (M.) ტ–ისა (T.) და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების რ. მ–ისა და ნ. ხ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2026 წლის 4 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
ლევან თევზაძე