დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 22.11.2013
საქმის ნომერი
ას-1057-1008-2013
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.11.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#as-110-389-08 №ას-1057-1008-2013 22 ნოემბერი, 2013 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ ე. ლ. ლ. რ-სი

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ღ-ე, ა. ბ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი _ უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ლ. ლ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ა. ბ-ს, როგორც ე. ლ. ლ. რ-ის წარმომადგენელსა და ა. ბ-ს შორის 2011 წლის 17 და 22 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ქ.თბილისში, ა-ის ჩიხის №6ა-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: …) დაუბრუნდა საკუთრებაში ე. ლ. ლ. რ-ს; არ დაკმაყოფილდა სარჩელის მოთხოვნა ა. ბ-სა და ზ. ღ-ეს შორის 2012 წლის 19 და 22 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საკუთრების უფლების დაბრუნების თაობაზე ქ.თბილისში, ა-ის ჩიხის №6ა-ში მდებარე უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი N…. N…; N..). მოპასუხე ა. ბ-ს მოსარჩელე ე. ლ. ლ. რ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 123 400 ევროს გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ლ. რ-მა, ა.ბ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე. ლ. ლ. რ-ის წარმომადგენლის ი. ჟ-ის შუამდგოლმლობა სხდომის გადადების თობაზე არ დაკმაყოფილდა. ზ. ღ-ის წარმომადგენელ მ. ნ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ა. ბ-ის წარმომადგენელ ბ. ვ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ე. ლ. ლ. რ-სა და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის გამო ე. ლ. ლ. რ-ის მიმართ გამოტანილი იქნას ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ე. ლ. ლ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 და მე-2 პუნქტების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე. ლ. ლ. რ-ის სარჩელი ა. ბ-ის მიმართ 123 400 ევროს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტის გაუქმების ნაწილში ა. ბ-ის წარმომადგენელ ბ. ვ-ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილების 1.1. პუნქტი 2011 წლის 17 და 22 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და ქ. თბილისში, ა-ის ჩიხის №6ა-ში მდებარე უძრავი ქონების (ს.კ ...) ე. ლ.ლ.რ-ის საკუთრებაში დაბრუნების ნაწილში დარჩეს უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე. ლ. რ-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ე. ლ. რ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ლ. რ-ის წარმომადგენელმა ი. ნ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ე. ლ. ლ. რ-ის წარმომადგენელ ი. ჟ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ ი. ნ-ეს 2013 წლის 5 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ლ. რ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორის წარმომადგენელ ი. ნ-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2013 წლის 5 ნოემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.5, ს.ფ.152).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 6 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 12 ნოემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. ლ.რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე თეიმურაზ თოდრია