დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 11.09.2015
საქმის ნომერი
ას-770-727-2015
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.09.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210014477510

საქმე №ას-770-727-2015 11 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. უ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ.-ი, მ. ჭ.-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, მოთხოვნის ოდენობის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. უ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. გ.-ისა და მ. ჭ.-ის მიმართ და მოითხოვა, რომ ნაწილობრივ გაუქმდეს 2014 წლის 20 იანვარს ნოტარიუს ი. ხ.-ის მიერ გაცემული №... სააღსრულებო ფურცელი სესხის ძირითად თანხისა და საურავის ნაწილში, კერძოდ, სესხის ძირითად თანხად ჩაითვალოს მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების მოქმედების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი პროცენტის ოდენობა – 4232 დოლარი, შესაბამისად, აღსრულების ძირითადი თანხა განისაზღვროს 2768 დოლარით, ხოლო 2013 წლის 2 დეკემბრიდან განსაზღვრული პირგასამტეხლო შემცირდეს სესხის ძირითადი თანხის 0,1%-მდე.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სააღსრულებო ფურცლით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა სწორია, იგი ხელშეკრულების შესაბამისად არის გაცემული და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილებით მ. უ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ ამავე პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით მ. უ.-ეს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის ან სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის – რ. ხ.-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, ასევე, საჩივრის ფასის განსაზღვრა, მის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

2015 წლის 4 მაისს მ. უ.-ემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 მაისის განჩინებით აპელანტს გაუგრძელა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 1122 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. ხარვეზის აღმოსაფხვრელად სააპელაციო საჩივრის ავტორს განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული განჩინება მ. უ.-ეს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე ქ.თ.-ში, დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-15 კორპუსის №.. ბინაში და 2015 წლის 29 მაისს მ. უ.-ეს პირადად ჩაბარდა (ს.ფ 252).

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან ე.ი. 2015 წლის 30 მაისიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2015 წლის 5 ივნისს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე ან დასვენების დღე.

საქმის მასალებით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში აპელანტს მ. უ.-ეს ხარვეზი არ შეუვსია, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. უ.-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მხარის მატერიალური მდგომარეობა და მ. უ.-ე გაეთავისუფლებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ.-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მ. უ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების შემოწმება.

სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წესებს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 30 მარტის განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტ მ. უ.-ეს დაუდგინა ხარვეზი და დაავალა 7 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის ან სააპელაციო საჩივარზე ხელმომწერი პირის – რ. ხ.-ას უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა, მის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. იმის გამო, რომ აპელანტმა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ გამოასწორა, სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 14 მაისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა კიდევ 7 დღით გაუგრძელა და განუმარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის – სახელმწიფო ბაჟის სახით 1122 აშშ დოლარის გადაუხდელობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

ამავე განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან მხარეს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2015 წლის 29 მაისს მ. უ.-ეს პირადად ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 252).

საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 30 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 5 ივნისს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა მ. უ.-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

აღნიშნული ნორმის ანალიზი მეტყველებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლოს მხარე, რომელიც დაარწმუნებს მას, საკუთარი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ობიექტურ შეუძლებლობაში, რაც დადასტურდება სათანადო მტკიცებულებების წარდგენით.

განსახილველ შემთხვევაში მ. უ.-ემ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარუდგინა სასამართლოს იმის დასადასტურებლად, რომ განიცდის მატერიალურ სიდუხჭირეს და სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონიერად არ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატის მიერ მხარისათვის ხარვეზის დადგენისა და აღნიშნულის თაობაზე განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების შემდეგ აპელანტს სასამართლოსათვის საერთოდ აღარ მიუმართავს და თავისი პოზიციის დასაბუთება რაიმე სხვა გზით არ უცდია, რაც კიდევ უფრო ამყარებს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. უ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე