დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.10.2015
საქმის ნომერი
ას-61-55-2015
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ ას-61-55-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ ქ. თბილისის №... საჯარო სკოლა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ქ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ე. გ-მა, ი. კ-მა და დ. ქ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის წინააღმდეგ და მოითხოვეს: 1) ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანების გაუქმება ე. გ-ან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ე. გ-ის თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის – თვეში 319 ლარის დაკისრება 2011 წლის 6 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 2) ქ. თბილისის №7...-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის პირველი სექტემბრის ბრძანების გაუქმება დ. ქ-ან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, დ. ქ-ის თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის – თვეში 377 ლარის დაკისრება 2011 წლის პირველი სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 3) ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის პირველი სექტემბრის ბრძანების გაუქმება ი. კ-ან შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ, ი. კ-ის თანამდებობაზე აღდგენა და მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის – თვეში 359.45 ლარის დაკისრება 2011 წლის პირველი სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2010 წლის პირველ სექტემბერს მათსა და სკოლის იმჟამინდელ დირექტორ დ. ჯ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 2014 წლის პირველ სექტემბრამდე. 2011 წლის პირველი სექტემბრის ბრძანებით ზ.თ-ემ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით, მოსარჩელე დ. ქ-ი გაათავისუფლა სამსახურიდან. ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა 2013 წლის 6 ნოემბერს. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო და უნდა გაუქმებულიყო, რადგან მხარეებს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების მე-9 მუხლით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2014 წლის პირველ სექტემბრამდე იყო. მოსარჩელე განმარტავდა, რომ აღნიშნული დაადასტურა ხელშეკრულების ხელმომწერმა დირექტორმა დ. ჯ-მა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მიცემული განმარტებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს. აქედან გამომდინარე, იგი მიიჩნევდა, რომ ვინაიდან არ იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული, შესაბამისად, ამ საფუძვლით მისი სამსახურიდან გათავისუფლება უკანონო იყო.

3. 2011 წლის 6 იანვარს სკოლის დირექტორმა ზ.თ-ემ მოსარჩელე ე. გ-ი ვადამდე გაათავისუფლა სამსახურიდან და საფუძვლად მიუთითა ზოგადი განათლების შესახებ კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და 38 მუხლი. ე. გ-ს ბრძანება ჩაბარდა 2013 წლის 11 ნოემბერს. მოსარჩელის განმარტებით, სკოლის დირექტორს უფლება არ ჰქონდა პედაგოგი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გაეთავისუფლებინა შრომის კოდექსის მითითებულ ნორმათა საფუძველზე. მოსარჩელე განმარტავდა, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დირექტორი უფლებამოსილი იყო ვადამდე შეეწყვიტა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არცერთი დარღვევა არ არსებობდა, ე. გ-ს მიაჩნდა, რომ უმიზეზოდ იყო სკოლიდან გათავისუფლებული.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ-ის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის 6 იანვრის ბრძანება №876 მოსარჩელე ე. გ-ან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე. მოპასუხე თბილისის №...-ე საჯარო სკოლას მოსარჩელე ე. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2552 ლარის ოდენობით (რვა თვის ხელფასის შესატყვი თანხა). ამავე გადაწყვეტილებით, სარჩელი ი. კ-ის და დ. ქ-ის მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ქ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება დ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2011 წლის პირველი სექტემბრის ბრძანება დ. ქ-ან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლას დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 13 872 ლარის ანაზრაურება იმ დროს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. დ. ქ-ის თანამდებობაზე აღდგენაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. 2010 წლის პირველ სექტემბერს დ. ქ-სა და ქ. თბილისის №...-ე საჯარ სკოლის დირექტორ დ. ჯ-ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დ. ქ-ი დაინიშნა ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად (ტომი 1; ს.ფ. 14-16);

10. 2010 წლის სექტემბრიდან - 2011 წლის სექტემბრამდე, დ. ქ-ის დარიცხული საშუალო ხელფასი თვეების მიხედვით დანამატის გათვალისწინებით შეადგენდა 377 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 17);

11. ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორის ზ. თ-ის 2011 წლის პირველი სექტემბრის ბრძანებით, ქ. თბილისის ...-ე საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ დ. ქ-ს ვადის გასვლის გამო შეუწყდა 2010 წლის პირველ სექტემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულება (ტომი 1; ს.ფ. 18);

12. 2010 წლის პირველ სექტემბერს დ. ქ-სა და ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორ დ. ჯ-ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მე-9 მუხლში (შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადები) ხელშეკრულები მოქმედების ვადა, კერძოდ კი, წელი ,,2011’’, სკოლის დირექტორის დ. ჯ-ის მიერ გადაკეთებულია ,,2014’’ წლად. ,,2011’’ წლის ,,2014’’ წლად გადაკეთება სკოლის დირექტორმა დ. ჯ-მა განახორციელა მისი დირექტორად ყოფნის უფლებამოსილების ფარგლებში, საწინააღმდეგო ფაქტობრივ გარემოებებზე მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია;

13. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სადავო 2010 წლის პირველ სექტემბერს დ. ქ-სა და ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის დირექტორ დ. ჯ-ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით (2011 წლის პირველ სექტემბრამდე) იყო დადებული თუ 2014 წლის პირველ სექტემბრამდე.

14. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება დადებული იყო 1 წლის ვადით, ანუ, 2011 წლის პირველ სექტემბრამდე, ხოლო შემდეგ, მხარეთა ნების საფუძველზე, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა (გადავადდა) 2014 წლამდე.

15. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ თავდაპირველად ხელშეკრულებები პედაგოგებთან დადებული იყო ერთი წლით, მაგრამ გარკვეულ დროის შემდეგ, როდესაც უკვე პედაგოგებისათვის ცნობილი იყო დ. ჯ-ის მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე, სამასწავლებლო ოთახში მყოფ პედაგოგებს მან განუცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება - პედაგოგების ინტერესების გათვალისწინებით ჩაესწორებინა ხელშეკრულებები და შრომითი ხელშეკრულებების ვადები 2011 წლის ნაცვლად შეესწორებინა 2014 წლით. სააპელაციო პალატის აზრით, უდავოდ მიჩნეული ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლში (შრომით ხელშეკრულების მოქმედების ვადები) ხელშეკრულების მოქმედების ვადა, კერძოდ, ,,2011’’ წელი გადაკეთებულია ,,2014’’ წლად სკოლის დირექტორ დ. ჯ- მიერ, რასაც არ უარყოფს თავად ყოფილი დირექტორი, კიდევ ერთხელ ამყარებდა სადავოდ მიჩნეულ ზემოაღნიშნულ გარემოებას.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ 2010 წლის ხელშეკრულება დანიშვნის შესახებ თავიდანვე დადებული იყო 2014 წლის პირველ სექტემბრამდე. თუმცა, პალატამ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, რომ ხელშეკრულების ამოწურვის ვადად 2014 წლის პირველი სექტემბრის განსაზღვრა განხორციელებული იყო 1. დ. ჯ-ის, როგორც უფლებამოსილი პირის (დირექტორის) მიერ და 2. მხარეთა ნების საფუძველზე. პედაგოგებს ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით უარი არ განუცხადებიათ.

17. ამდენად, სააპელაციო პალატის მითითებით, პედაგოგებმა თანხმობა გამოთქვეს ხელშეკრულებების იმ არსებითი პირობების შეცვლაზე, რომლებიც 2011 წლის პირველ სექტემბრამდე ითვალისწინებდა მათ დასაქმებას. სასამართლო მიუთითებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რომ ,,დ. ჯ-ს უფლება ჰქონდა, ვიდრე იგი წარმოადგენდა მოპასუხე სკოლის დირექტორს, ხელშეკრულების მეორე მხარის თანხმობითა და მისი დასტურით, შეეცვალა ხელშეკრულების პირობები’’. რაც შეეხება სასამართლოს მოსაზრებას მხოლოდ დირექტორის ნების გამოხატვის არასაკმარისობის გამო ხელშეკრულების 2014 წლამდე გაგრძელების უსაფუძვლობაზე, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ არა დასაქმებულის ნება ხელშეკრულების ვადის 2014 წლის პირველი სექტემბრით განსაზღვრის თაობაზე, მას პრეტენზია არ გაუჩნდებოდა და, შესაბამისად, სასამართლოში არ აღძრავდა სარჩელს ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით.

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით, სადავო პერიოდში მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და მის მიერ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ დ. ქ-ან დადებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა გასდიოდა არა 2011 წლის, არამედ 2014 წლის პირველ სექტემბერს, აღნიშნა, რომ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლამ, დ. ქ-ან კანონის დარღვევით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა პირვანდელი მდგომარეობის - მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ განსაზღვრულ შემთხვევაში, ვინაიდან 2014 წლის პირველ სექტემბერს გავიდა მოსარჩელესთან დადებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი იყო, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

20. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 409-ე და 411-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა დასაქმებულს მოუსპო შესაძლებლობა, განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის ოდენობით.

21. სააპელაციო პალატამ საქართველოს შრომის კოდექსის 32.1-ე მუხლის შესაბამისად, საფუძვლიანად მიაჩნია დ. ქ-ის მოთხოვნა, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

22. იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის შესახებ მსჯელობისას, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2010 წლის პირველი სექტემბრიდან დ. ქ-ის დარიცხული საშუალო ხელფასი თვეების მიხედვით, დანამატის გათვალისწინებით, შეადგენდა 377 ლარს, ხოლო, ვინაიდან ხელშეკრულება დადებული იყო 2010 წლის პირველი სექტემბრიდან 2014 წლის პირველ სექტემბრამდე და მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა 2011 წლის პირველ სექტემბერს, შესაბამისად, მას უნდა ანაზღაურებოდა 3 წლის მიუღებელი შემოსავალი 2011 წლის პირველი სექტემბრიდან - 2014 წლის პირველ სექტემბრამდე, რაც შეადგენდა ((377x12)x3) 13572 ლარს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.

24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლამ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ. ქ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

25. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დაასაბუთა მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით და არ გაითვალისწინა, რომ გარიგების ნამდვილობისათვის მნიშვნელობა ენიჭება მის ფორმას. სასამართლომ სწორად დაადგინა რომ შრომითი ხელშეკრულება დ. ქ-ან თავდაპირველად გაფორმდა ერთი წლის ვადით 2011 წლის პირველ სექტემბრამდე და მოგვიანებით 2011 წელი გადაკეთდა 2014-ად, თუმცა გადაკეთება არასწორად იქნა მიჩნეული იურიდიული ძალის მქონედ.

26. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო გარემოება ფორმადაუცველი გარიგების დადების შესახებ და აღნიშნა, რომ მართალია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება წარმოადგენს ორმხრივ გარიგებას, მაგრამ ამ გარიგებისათვის კანონითა და მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა წერილობითი ფორმა, რომელიც არ არის დაცული. კასატორმა სამოქალაქო კოდექსის 69-ე მუხლის მე-3 ნაწილზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ წერილობითი ფორმის დასაცავად საჭირო იყო მინიმუმ ხელმოწერები, შესაბამისად, ხელშეკრულების გადაკეთება ხელით არ გულისხმობს, რომ რომელიმე მხარის ნება გამოხატულ იქნა წერილობითი ფორმით.

27. საკასაციო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა პრტენზია ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ გაურკვეველი იყო, სააპელაციო სასამართლომ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ დ. ჯ-მა ჩასწორება თავისი დირექტორობის პერიოდში განახორციელა. ამ გარემობას ადასტურებდა მხოლოდ დ. ჯ-ი, სხვა ყველა მოწმე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა ერთი წლით და ვადა გადაკეთდა მოგვიანებით, რის შესახებაც შეიტყვეს დ. ჯ-ან. თუმცა, არცერთი მათგანი არ ადასტურებს, რომ ჩასწორება განახორციელა დ. ჯ-მა დირექტორობის პერიოდში. ჩასწორების ავტორისა და განხორციელების ზუსტი დროის დადგენა თვითონ ჩასწორებითაც შეუძლებელია. ამასთან, თუ სკოლას არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომ დ. ჯ-ი არ მოქმედებდა დირექტორად ყოფნის უფლებამოსილების ფარგლებში, არც დ. ქ-ის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ, რომ ჩასწორების მომენტში დ. ჯ-ი ჯერ კიდევ დირექტორი იყო.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსიპ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

34. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ ქ. თბილისის №76-ე საჯარო სკოლა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ ქ. თბილისის №...-ე საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე