საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1332-2018 16 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ნ. (მოპასუხე, მოსარჩელე შეგეგებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.კ. (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში), ც.კ., რ.კ. (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ბავშვის ნახვის დღეების განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.კ–ის (პ/ნ ....), ც.კ–ისა (პ/ნ ....) და რ.კ–ის (პ/ნ ....) სარჩელი გ.ნ–ის მიმართ, რომლითაც ისინი მოითხოვდნენ მოსარჩელეებისათვის არასრულწლოვან ი.კ–თან (დაბადებული: 2010 წლის 29 ივლისს, (პ/ნ ....)) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრას კერძოდ, ყოველი კვირის შაბათ დღეს, ზამთრის არდადეგების პერიოდში 7 იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით, გაზაფხულის არდადეგების პერიოდში, 10 მარტიდან 13 მარტის ჩათვლით საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში, 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ამბროლაურის რაიონის სოფელ .... წაყვანის უფლებითა და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.კ–ს, ც.კ–სა და რ.კ–ს არასრულწლოვან ი.კ–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრათ ყოველი კვირის შაბათი დღე 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, ბავშვის ყოველდღიური გრაფიკის დაურღვევლად წასაყვანად დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ასევე, ზამთრის არდადეგების პერიოდში 7 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, თავიანთ საცხოვრებელ ადგილას წასაყვანად დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში 1 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით, ამბროლაურის რაიონის სოფელ .... წასაყვანად დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.
გ.ნ–ის შეგებებული სარჩელი გ.კ–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 800 (რვაასი) ლარის დაკისრებას, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2017 წლის 6 ოქტომბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გ.კ–ს არასრულწლოვანი შვილის, ი.კ–ის სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, შეგებებული სარჩელის ავტორის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება არასრულწლოვანთან ურთიერთობის ნაწილში შეიცვალა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გაადწყვეტილება. თავდაპირველი მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გადაწყვეტილებას დაემატა შემდეგი შინაარსის 2 პრიმა პუნქტი: გ.კ–ს, ც.კ–სა და რ.კ–ს არასრულწლოვან ი.კ–თან ურთიერთობა ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში თავიანთ საცხოვრებელ ადგილას წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით განესაზღვრათ არასრულწლოვანთან ურთიერთობის აღდგენიდან 3 თვის შემდგომ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ამავე წლის 24 აგვისტოს საკასაციო წესით გაასაჩივრა, აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2018 წლის 3 ოქტომბერს ჩაჰბარდა.
7. 2018 წლის 8 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საპროცესო ვადის გაგრძელება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსები საპროცრესო ვადა და დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორის წარმომადგენელს 2018 წლის 22 ოქტომბერს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
9. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 22 ოქტომბერს კასატორის წარმომადგენელს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
10.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 7 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 23 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 29 ოქტომბერს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2018 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
10.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
10.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ნ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა