დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
ას-1373-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1373-2018 17 იანვარი, 2019 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე,ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.კ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.გ–სა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდაპირველი კრედიტორი ან გარდაცვლილი), რომლის უფლებამონაცვლეც, მოგვიანებით, ვ.კ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) გახდა და ი.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) მინდობილ პირს - ჟ.მ–ეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მინდობილი პირი) შორის 2010 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელემ თავდაპირველი კრედიტორისაგან ისესხა 15 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი).

2. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო - სესხის ძირითადი თანხის 0.3%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადაწყვეტილების აღსრულებამდე (იხ. ტ. მე-2, ს.ფ. 28-36), (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

3. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქალაქი თბილისი, დასახლება ვარკეთილი ......(შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება, უძრავი ნივთი ან იპოთეკის საგანი), (სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 311-ე მუხლები).

4. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან სესხი არ დააბრუნა.

5. 2015 წლის 2 ოქტომბერს თავდაპირველი კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუსმა გასცა N1514092479 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელის ვალდებულება თავდაპირველი კრედიტორის მიმართ განისაზღვრა 27 555 აშშ დოლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 15 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 2250 აშშ დოლარი, ხოლო ჯარიმა - 10 305 აშშ დოლარი იყო.

6. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2015 წლის 13 ოქტომბერს სააღსრულებო წარმოება დაიწყო.

7. 2017 წლის 4 ივლისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ. მან სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, მოპასუხის მიმართ პირგასამტეხლოს ნაწილში არსებული ვალდებულების შემცირება და მისი 1000 აშშ დოლარით განსაზღვრა მოითხოვა. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მიუთითა და განმარტა, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი იყო, და სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, 1000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირებულიყო.

8. თავდაპირველ კრედიტორს შესაგებელი არ წარუდგენია, ვინაიდან ის სარჩელის აღძვრის დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ.2, ს.ფ 48). მოგვიანებით, 2017 წლის 14 ნოემბერს, მისმა უფლებამონაცვლემ (მოპასუხემ) წერილობითი განცხადება წარადგინა სასამართლოში და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და ის მხოლოდ აღსრულების ხელშეშლასა და დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი და პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის ვალდებულება 3000 აშშ დოლარით განისაზღვრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 361-ე, 417-418-ე და 420-ე მუხლები გამოიყენა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებები და განმარტა, რომ დამკვიდრებული პრაქტიკით, სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ფულადი ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, მოპასუხე ვერ შეძლებდა თანხის გასესხებას წლიური 36 % - იანი სარგებლის დარიცხვით. შესაბამისად, ნოტრიუსის მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა საფუძვლიანად შემცირდა გონივრულ ოდენობამდე ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით და არ არსებობდა მისი დამატებით, 1000 აშშ დოლარამდე შემცირების საფუძველი. სასამართლოს მოსაზრებით, ასეთ პირობებში, პირგასამტეხლო დაკარგავდა თავის ფუნქციას და ფორმალური ხასიათის მატარებელი გახდებოდა, რაც დაუშვებელი იყო;

11.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, სასამართლო ვალდებული იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრისას (04.07.2017წ.), თავდაპირველი კრედიტორი უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლემ 2017 წლის 14 ნოემბერს წარდგენილი განცხადებით, რომელიც თავისი იურიდიული ბუნებით შესაგებელს წარმოადგენს, განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ეთანხმებოდა უსაფუძვლობის გამო. გარდა ამისა, პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობა მოწმდება სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) შეფასების ჭრილში და ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, დაუშვებელი იყო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, სარჩელის დაკმაყოფილება.

12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

12.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო 3000 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, დაკისრებული ჯარიმა 1000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირებულიყო;

12.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა და სასარჩელო მოთხოვნა სრულად დაეკმაყოფილებინა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნა სსკ-ის 420-ე (სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს.

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო - 3000 აშშ დოლარი, შეუსაბამოდ მაღალია და ის 1000 აშშ დოლარამდე უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში თავდაპირველმა კრედიტორმა შესაგებელი არ წარადგინა, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები # ას 848-814-2016, 28.12.2016; #ას-816-767-2015, 19.11.2015; #ას-953-918-2016, 22.11.2016).

19. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს 3000 აშშ დოლარით განსაზღვრა.

21. სსსკ-ის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსთვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

21.1. ზემოაღნიშნული მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. ამ თვალსაზრისით, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის (04.07.2017წ), თავდაპირველი კრედიტორი უკვე გარდაცვლილი იყო (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ტ.2, ს.ფ. 48), ხოლო მოგვიანებით, ამ უკანასკნელის უფლებამონაცვლემ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების შემდეგ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა წერილობითი განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით შესაგებელს წარმოადგენდა და განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობდა, ვინაიდან ის უსაფუძვლო იყო და მხოლოდ აღსრულების ხელშეშლასა და დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა. აქედან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა არ არსებობდა.

21.2. აქვე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის წინაპირობების ანალიზისათვის, საყურადღებოა სარჩელის უარყოფის, როგორც შესაგებლის სტრუქტურული კომპონენტის დახასიათება. უნდა აღინიშნოს, რომ არც პროცესუალურ-სამართლებრივი და არც მატერიალურსამართლებრივი შესაგებელი არ არსებობს შესაგებლის ისეთი აუცილებელი კომპონენტის გარეშე, როგორიცაა სარჩელის უარყოფა, მაგრამ ამ უკანასკნელი კომპონენტის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ასეთი უარყოფითი შესაგებლით ავტორი გამოხატავს თავის პროცესუალურ დამოკიდებულებას, რომელიც საკმარისია გარკვეული იურიდიული შედეგის დადგომისათვის, კერძოდ, ამ უარყოფის შედეგად სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იძენენ სადავო ხასიათს“ (შდრ. სუსგ №ას-121-117-2016, 17.03.2016).

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).

23. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.ჩ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ჟ.მ–ეს (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 08.10.2018 წ.) 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი