საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1984-2018 29 მარტი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი. პ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ., დ., ნ. და მ. გ-ეები (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მოვალის უფლებამონაცვლედ ცნობა, მემკვიდრეებისათვის ვალდებულების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი. პ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ., დ., ნ. და მ. გ-ეებისა და თ. ქ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, მოითხოვა მოვალე გ. გ-ის (შემდგომ – მოვალე) უფლებამონაცვლეებად მოპასუხეთა ცნობა და 2013 წლის 4 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების შესრულება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 4 ოქტომბერს მოვალესთან დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მას ასესხა 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5% სარგებლის გადახდით.
3. 2014 წლის 24 მაისს მოვალე ისე გარდაიცვალა, რომ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. მისი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მემკვიდრეებმა – მოპასუხეებმა.
4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნა მოსარჩელემ მემკვიდრეებს წარუდგინა 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მაგრამ ვალდებულება არც მათ შეასრულეს. მოპასუხეები შეგნებულად არ იფორმებენ სამკვიდროს, თუმცა ფაქტობრივად ცხოვრობენ მამკვიდრებლის სახლში და დაუფლებულნი არიან სამკვიდროს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მიუთითეს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. ამასთან, მათ არც ნოტარიუსთან სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართვით და არც ფაქტობრივად არიან დაუფლებული სამკვიდროს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოვალეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოვალემ, რომელსაც ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა მისი შვილი – ერთ-ერთი მოპასუხე, მოსარჩელისაგან ისესხა 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება.
9. 2014 წლის 24 მაისს მოვალე გარდაიცვალა ისე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას – 4000 აშშ დოლარსა და სარგებელს – 400 აშშ დოლარს.
10. გარდაცვალების დროისთვის მოვალე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა კუთვნილ სახლში. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებს არ მიუმართავთ და არც ჩანაწერი არსებობს გარდაცვლილის სახელით ანდერძის თაობაზე.
11. გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მოპასუხეები. ერთ-ერთი მათგანი – მოვალის მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით, ხოლო შვილები – 2018 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში ჩაებნენ სავალდებულო თანამოპასუხეებად.
12. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისთვის მისი მეუღლე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა იმავე მისამართზე, სადაც ცხოვრობდა მოვალე. აქვე შვილებიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ორი მოპასუხე, ხოლო დანარჩენი ორი სხვა მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები.
13. 2017 წლის 20 თებერვალს მოსარჩელემ ერთხელ უკვე მიმართა სარჩელით სასამართლოს და მოვალის უფლებამონაცვლეებად მოპასუხეთა ცნობისა და ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება მოთხოვნით, თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომ მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1421-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 1433-ე მუხლის საფუძველზე, სამკვიდრო ქონება მიღებულად ეთვლებოდათ, რის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, თუმცა მან გაუშვა მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
14. სააპელაციო საჩივრით სადავოდ გახდა მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს დარღვეული აქვს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება აღნიშნულ ნაწილში შეამოწმა და აღნიშნული სააპელაციო პრეტენზია არ გაიზიარა.
15. სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
16. აპელანტის ერთ-ერთი არგუმენტი გარიგების შეცილების ხანდაზმულობას შეეხება. აპელანტის მოსაზრებით, ვინაიდან სესხის დაბრუნების ვადა 2014 წლის 4 იანვარით განისაზღვრა, მოსარჩელეს სასამართლოში სარჩელის წარდგენა შეეძლო 2017 წლის 4 იანვრამდე, რაც გააკეთა კიდეც.
17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გარიგების შეცილების ხანდაზმულობაზე აპელანტის მითითება არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის პრეტენზიას გამომდინარე იქედან, რომ შეცილებისა და ხანდაზმულობის ვადები განსხვავებულ სამართლებრივ ცნებებია.
18. სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. აღნიშნული განმარტება თანხვედრაშია საკასაციო პალატის მიერ არაერთ საქმეზე გაკეთებულ განმარტებასთან: „აღნიშნული (სსკ-ის 1488-ე) ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (აქმე № ას-171-160-2017, 18.04.2017 წ.).
19. პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმის თანახმად, ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო.
20. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეებმა სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. თავად მოსარჩელის განმარტების თანახმად კი, მოვალის გარდაცვალების შესახებ მან 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შეიტყო.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის მიხედვით, მხარეებს მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრებათ და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომელთა საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ვარაუდის შესახებ, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთ ვარაუდს გააქარწყლებენ – დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალების შეტყობინებიდან – 2014 წლის ოქტომბრიდან 6 თვის ვადაში მიმართა მოპასუხეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რაც სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობას გამორიცხავს. აპელანტმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული სააპელაციო პრეტენზია პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ მსჯელობის საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელის მიერ მემკვიდრეების მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, სს-კის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხანდაზმულია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორმა მიუთითა, რომ მოვალის გარდაცვალების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის სექტემბერ-ოქტომბერში და აღნიშნული მომენტიდან 6 თვის ვადაში მან მიმართა მოვალის მემკვიდრეებს ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. მოსარჩელე დაუკავშირდა ერთ-ერთ მოპასუხეს, რომელიც იყო მამკვიდრებლის შვილი და პირველი რიგის მემკვიდრე. სწორედ ის აწარმოებდა მოსარჩელესთან ურთიერთობას სსსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე, 73-ე და 77-ე მუხლებზე.
25. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 1488-ე მუხლის თანახმად, მოვალის მემკვიდრეს მოთხოვნა უნდა წარედგინოს იმ შემთხვევაში, თუ მან სამკვიდრო იურიდიული წესით მიიღო. მაშინ კრედიტორი ვალდებულია, წერილობითი მოთხოვნა წარუდგინოს მოვალეს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს სამკვიდრო ნოტარიუსისათვის მიმართვის გზით არ მიუღიათ.
26. ამავდროულად, კანონმდებლობა არ შეიცავს დათქმას, რომ კრედიტორის მიმართვა მოვალისადმი უთუოდ წერილობით უნდა განხორციელდეს.
27. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 1484-ე მუხლის დანაწესი და არ გაითვალისწინა, რომ ამავე კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1328-ე და 1334-ე მუხლების თანახმად, მოვალის მემკვიდრეები ვალდებული არიან, დააკმაყოფილონ კრედიტორის კანონიერი ინტერესები.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
31. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოვალეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. მოვალემ, რომელსაც ხელშეკრულების დადების დროს წარმოადგენდა მისი შვილი – ერთ-ერთი მოპასუხე, მოსარჩელისაგან ისესხა 4000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, თვეში 5%-ის სარგებლის გადახდის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება.
32. 2014 წლის 24 მაისს მოვალე გარდაიცვალა ისე, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია. დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას – 4000 აშშ დოლარსა და სარგებელს – 400 აშშ დოლარს.
33. გარდაცვალების დროისთვის მოვალე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა კუთვნილ სახლში. მის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეებს ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ და არც გარდაცვლილის სახელით ანდერძის თაობაზე ჩანაწერი არსებობს.
34. გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან მოპასუხეები. ერთ-ერთი მათგანი – მოვალის მეუღლე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის საოქმო განჩინებით, ხოლო შვილები – 2018 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით საქმეში ჩაებნენ სავალდებულო თანამოპასუხეებად.
35. მამკვიდრებლის გარდაცვალების დროისთვის მისი მეუღლე რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა იმავე მისამართზე, სადაც ცხოვრობდა მოვალე. აქვე შვილებიდან რეგისტრირებულია და ცხოვრობს ორი მოპასუხე, ხოლო დანარჩენი ორი სხვა მისამართზე იყვნენ რეგისტრირებულები.
36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
39. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის გამსესხებლის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია [მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე – 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც] - იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.16 წ; გამსესხებლის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი აწესრიგებს.
40. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის – მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: № ას-143-136-2010, 07.10.2010წ; № ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).
41. სსკ-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას;
42. ხანდაზმულობის ვადების გარდა, კანონი ადგენს ვადებს, რა დროშიც სამართალურთიერთობის სუბიექტს შეუძლია უფლების დაცვა უშუალოდ მეორე მხარეს მოთხოვოს. ასეთი ვადები კანონმდებლობაში ზოგ შემთხვევაში პირდაპირ არის მითითებული, ასეთია 1488-ე მუხლი. უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა (შდრ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 1, თბილისი, 2017, „მერიდიანი“, გვ: 721-722, სუსგ 15.09.2017წ. საქმე №ას-170-159-2017)
43. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილ იქნა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი აღარ არსებობს. კასატორს კი აღნიშნული მსჯელობის წინააღმდეგ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
44. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ა-ის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 585,77 ლარის 70% – 410 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. პ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი. პ-ეს (პირადი №-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით რ. ა-ის მიერ 2018 წლის 21 დეკემბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 585,77 ლარის 70% – 410 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი