საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-223-2019 4 ივნისი, 2020 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ზ.გ–ი, თ.მ–ი, ქ.გ–ძე, ნ.ბ–ი, მ.რ–ი, ნ.ხ–ძე, ლ.ა–ი, ს.ს–ი, ს.ჯ–ა, ა.მ–ი, ნ.ა–ი, ნ.ხ–ი, ო.მ–ძე, ს.ლ–ა, დ.გ–ძე, შ.უ–ძე, ა.ს–ა, თ.ნ–ა, ა.ა–ა, ლ.ც–ძე, ა.შ–ძე, ა.გ–ა, ა.გ–ი, ზ.ვ–ი, ლ.ბ–ძე, ნ.უ–ი, თ.გ–ი, ნ.ბ–ძე, ლ.მ–ი, ი.ჩ–ი, ლ.ბ–ი, მ.ბ–ძე, ი.ხ–ი, ე.ჭ–ი, დ.ჭ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – კომპენსაციისა და საშვებულებო თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ზ.გ–მა, თ.მ–მა, ქ.გ–ძემ, ნ.ბ–მა, მ.რ–მა, ნ.ხ–ძემ, ლ.ა–მა, ს.ს–მა, ს.ჯ–ამ, ა.მ–მა, ნ.ა–მა, ნ.ხ–მა, ო.მ–ძემ, ს.ლ–ამ, დ.გ–ძემ, შ.უ–ძემ, ა.ს–ამ, თ.ნ–ამ, ა.ა–ამ, ლ.ც–ძემ, ა.შ–ძემ, ა.გ–ამ, ა.გ–მა, ზ.ვ–მა, ლ.ბ–ძემ, ნ.უ–მა, თ.გ–მა, ნ.ბ–ძემ, ლ.მ–მა, ი.ჩ–მა, ლ.ბ–მა, მ.ბ–ძემ, ი.ხ–მა, ე.ჭ–მა და დ.ჭ–ძემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორები ან დასაქმებულები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „კ.ბ–ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი ან კომპანია) მიმართ, 2 თვის ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის დაკისრების მოთხოვნით (ზ.გ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 12 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის; თ.მ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 750 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 982 ლარის; ქ.გ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 7 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 167 ლარის; ნ.ბ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 4 462.50 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1 063 ლარის; მ.რ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 6 750 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 161 ლარის; ნ.ხ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 7 875 ლარის; ლ.ა–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 214 ლარის; ს.ს–ი სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 7 437.50 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 885 ლარის; ს.ჯ–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 500 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 417 ლარის; ა.მ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 250 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 1 006 ლარის; ნ.ა–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 7 437.50 ლარის; ნ.ხ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 5 312.50 ლარის; ო.მ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 875 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 185 ლარის; ს.ლ–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 875 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 369 ლარის; დ.გ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 5 312.50 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 253 ლარის; ა.ს–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 750 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის 804 ლარის; თ.ნ–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 1 500 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის 36 ლარის; ა.ა–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 825 ლარის; ლ.ც–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 1 750 ლარის; ა.შ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 1 750 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 167 ლარის; ა.გ–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის 5 312.50 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 2 656 ლარის; ა.გ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 500 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 417 ლარის; ზ.ვ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 7 875 ლარის; ლ.ბ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 5 525 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 2 105 ლარის; ნ.უ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 4 600 ლარის; თ.გ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 333 ლარის; ნ.ბ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 238 ლარის; ლ.მ–ას სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 238 ლარის; ი.ჩ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 1 750 ლარის; ლ.ბ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 143 ლარის; მ.ბ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 3 000 ლარის; ი.ხ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარის; ე.ჭ–ის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარის; დ.ჭ–ძის სასარგებლოდ ორი თვის კომპენსაციის _ 2 000 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის_ 524 ლარის).
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელეები მოპასუხე კომპანიაში იყვნენ დასაქმებული უვადოდ და ეწეოდნენ შრომით საქმიანობას სხვადასხვა თანამდებობაზე. თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად და ზედმიწევნით ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. შრომითი ურთიერთობის განმავლობაში არ დარღვეულა მათი მხრიდან ხელშეკრულების პირობები. 2016 წლის 22 ნოემბერს დამსაქმებელმა გამოსცა #14 ბრძანება 2016 წლის 1 დეკემბრიდან მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და დადებითი, იყო, მას არ გაუცია დასაქმებულებლზე შრომის კოდექსით გათვალისწინებული კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, ასევე, არ აუნაზღაურებია გამოუყენებელი ფასიანი შვებულება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი, რაც საშვებულებო თანხისა და კომპენსაციის გაცემას არ ითვალისწინებს. საყურადღებოა, რომ მოსარჩელეებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 6.4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამსაქმებლის უფლებამოსილებას, მოშალოს ხელშეკრულება დამსაქმებლის, როგორც იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შემთხვევაში, ხოლო, 6.5 მუხლში მითითებულია, რომ ზემოაღნიშნული საფუძვლით ხელშეკრულების მოშლისას გამოიყენება შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესი. უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილშიც, რადგანაც იგი ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლითაც იმპერატიულადაა დადგენილი შრომითი ხელშეკრულების მოშლისას დასაქმებულისთვის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების კონკრეტული საფუძვლები. იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემთხვევაში, დამსაქმებელს არ ეკისრება გამოუყენებელი შვებულების დღეების ანაზღაურების ვალდებულბა შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად. მოპასუხის განმარტებით, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებობის დარღვევების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14.11.2016 წელს გამოსცა #673 განკარგულება მოპასუხისათვის საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე. აღნიშნულის საფუძველზე კომპანიის ლიკვიდატორმა „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოშალა ბანკის თანამშრომელთა დაქირავების შესახებ ხელშეკრულებები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელეები შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ მოპასუხე კომპანიასთან;
1.2.2. საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის #673 განკარგულებით, კომპანიას გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და დაიწყო მისი ლიკვიდაციის პროცესი, ასევე, დაინიშნა ბანკის ლიკვიდატორი;
1.2.3. მოპასუხის ლიკვიდატორის 22.11.2016წ. #14 ბრძანებით, კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეები 01.12.2016 წლიდან გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან. ბრძანების გამოცემის საფუძველად მიეთითა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 14 ნოემბრის #673 განკარგულება ბანკისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე;
1.2.4. მხარეები არ დავობენ, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველი გახდა სწორედ სალიკვიდაციო პროცესის დაწყება;
1.2.5. დასაქმებულთა ერთ-ერთ არგუმენტს წარმოადგენდა ისიც, რომ მოპასუხემ მხოლოდ გარკვეულ თანამშრომლებზე გასცა კომპენსაცია. იმის გასარკვევად, ხომ არ დაამკვიდრა მოპასუხემ ნებაყოფლობით დათხოვნილი თანამშრომლების სოციალური დაცვის სხვა (კანონით დადგენილზე უფრო მაღალი) სტანდარტი, რომელიც განსხვავებული მოპყრობის ფარგლებში არ გაავრცელა მოსარჩელეებზე, სააპელაციო სასამართლოს 16.10.2018წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დასაქმებულთა შუამდგომლობა და მოპასუხეს დაევალა, წარმოედგინა ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შემდგომ მის თანამშრომლებზე კომპენსაციის გაცემის შესახებ. 09.11.2018წ. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ორ პირზე - მ.რ–სა და ზ.გ–ზე. მისი განმარტებით, მ.რ–ზე დამატებითი თანხის გაცემის საფუძველს წარმოადგენდა მასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების სპეციალური მუხლი. განცხადებას ერთვის მ.რ–თან 28.06.2016. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის 6.6 პუნქტის თანახმად, თუკი დამსაქმებელი 3 თვეზე მეტი ვადით ვადამდე ადრე მოშლის ხელშეკრულებას, კომპენსაციის სახით დასაქმებულს უნდა გადაუხაოს 3 თვის შრომის ანაზღაურება. მოპასუხეს ერთ თანამშრომელთან ჰქონდა ყველა სხვა თანამშრომლისაგან განსხვავებული ინდივიდუალური შეთანხმება. რაც შეეხება მეორე პირს - ზ.გ–ს, რომელიც იმავდროულად ერთ-ერთი მოსარჩელეცაა, მოპასუხის განმარტებით, მას მიღებული აქვს 8 190,60 აშშ დოლარი 13.03.2016წ. ბრძანების საფუძველზე. ბრძანების თანახმად, იგი დამატებითი ანაზღაურების სახით კვარტალში ერთხელ იღებდა 5 625 აშშ დოლარს და გაცემული თანხა შეადგენს გათავისუფლების მომენტში დაანგარიშებულ ოდენობას. ეს თანხა არის არა გათავისუფლების საფუძვლით გაცემული კომპენსაცია, არამედ _ შრომის ანაზღაურება (ყოველკვარტალური სახელფასო დანამატი). აღნიშნულს მოწმობს ისიც, რომ ზ.გ–ი ერთ-ერთი მოსარჩელეა და სარჩელით ასევე ითხოვს კომპენსაციას. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის შემდგომ, 16.11.2018წ. სხდომაზე აპელანტებმა დაადასტურეს, რომ არც მათ ჰქონდათ ინფორმაცია სხვა გათავისუფლებულ თანამშრომლებზე რაიმე თანხის გაცემის შესახებ.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 21-ე მუხლის მე-4 ნაწილები წარმოადგენენ, რომელთა ფარგლებშიც სახეზე უნდა იყოს შრომითი ურთიერთობა, რომელიც მოიშალა დამსაქმებლის ინიციატივით, რის თაობაზე დასაქმებულებს წერილობით ეცნობათ 3 კალენდარული დღით ადრე, ამასთანავე, უმთავრესია, რომ შრომითი ურთიერთობის მოშლის საფუძველი ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ვ“, „ი“ ან „ო“ ქვეპუნქტით უნდა იყოს გათვალისწინებული (გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციისათვის _ შკ-ის 37.1 მუხლის „ა“, „ვ“-„თ“ ან „ო“). მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულების მოშლა კომპანიისათვის საბანკო ლიცენზიის გაუქმებამ და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამ განაპირობა, რაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლეგიტიმური საფუძველია და არ ავალდებულებს დამსაქმებელს კომპენსაციის გაცემას. აღნიშნული გარემოება კი, სასარჩელო მოთხოვნას განუხორციელებადს ხდის. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმის თაობაზე, რომ განსხვავებული მოპყრობის ფაქტი დასაქმებულთა შორის არ დასტურდება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენილი/გამოკლვეული მტკიცებულებები არ ადასტურებენ არსებითად თანასწორ მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობის ფაქტს, რამდენადაც შრომითი ურთიერთობის მოშლისას დამსაქმებელმა გაითვალისწინა/შეასრულა ინდივიდუალური შრომით ხელშეკრულებით ნაკისრი პირობა და სახეზე არ არის შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევის ფაქტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორებმა ვერ შეძლეს, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობის მოშლის გამო კომპენსაციისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. უფლებამონაცვლეობის საკითხი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 26 ივნისის #1052 ბრძანების თანახმად, სს „კ.ბ–ის“ ლიკვიდაციის პროცესი დასრულდა, იგი ამოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეესტრიდან და მიეცა თანხმობა, გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ საზოგადოებად. საქმეში მოიპოვება სს „კ.ბ–ის“ ერთადერთი აქციონერის გადაწყვეტილება კომპანიის არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ პირად გარდაქმნისა და მისი საფირმო სახელწოდების სს „ბ. კ–ით“ განსაზღვრის შესახებ, ასევე, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი სს „ბ. კ–ის“ რეგისტრაციის თაობაზე. ხსენებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა უფლებამონაცვლეობის დაშვების წინაპირობები, შესაბამისად, სს „კ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ მოცემულ დავაში მიჩნეულ უნდა იქნას სს „ბ.კ–ლი“.
3. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებული არიან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „კ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნას სს „ბ.კ–ი“.
2. ზ.გ–ის, თ.მ–ის, ქ.გ–ძის, ნ.ბ–ის, მ.რ–ის, ნ.ხ–ძის, ლ.ა–ის, ს.ს–ის, ს.ჯ–ას, ა.მ–ის, ნ.ა–ის, ნ.ხ–ის, ო.მ–ძის, ს.ლ–ას, დ.გ–ძის, შ.უ–ძის, ა.ს–ას, თ.ნ–ას, ა.ა–ას, ლ.ც–ძის, ა.შ–ძის, ა.გ–ას, ა.გ–ის, ზ.ვ–ის, ლ.ბ–ძის, ნ.უ–ის, თ.გ–ის, ნ.ბ–ძის, ლ.მ–ის, ი.ჩ–ის, ლ.ბ–ის, მ.ბ–ძის ი.ხ–ის, ე.ჭ–ისა და დ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი