კერძო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-551-2019
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

17 აპრილი, 2019 წელი. №ას-551-2019 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ო. (მოპასუხე), ვ.ო., გ.ს. (მესამე პირები)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ნ.ო. (მხარდამჭერი - ე.ო.)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით:

- ნ.ო–ს (მხარდამჭერი - ე.ო.) (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა მოსარჩელესა და მ.ო–ას (შემდეგში მოპასუხეს) შორის, 2016 წლის 7 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. მარნეული, ......, საკადასტრო კოდი: .... და დადგინდა, აღნიშნული ქონების აღრიცხვა მოსარჩელის სახელზე.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით ვ.ო. და გ.ს. საქმეში ჩართულ იქნენ მესამე პირებად მოპასუხის მხარეს.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხემ და მესამე პირებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

7. სსსკ-ის 250-ე მუხლის თანახმად, თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით. სსსკ-ის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობით ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს სსსკ-ის 264-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის საკასაციო წესით გასაჩივრებაზე.

8. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგების აქტი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამომავლოდ რაიმე პრეტენზიები აღარ ექნებოდათ და უარს ამბობდნენ განჩინების გასაჩივრებაზე, რაც დასტურდება წარმოდგენილი ხელწერილით. საკასაციო პალატა თვლის რომ, მხარეთა მიერ, მორიგების განჩინების გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში და მისი გასაჩივრება კერძო საჩივრით დაუშვებელია. ამდენად, არ არსებობს კერძო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ო–ის, ვ.ო–სა და გ.ს–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე