საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-636-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – ს.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) – ვ.მ–ძე, ი.მ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღრიცხვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით:
- ს.ჯ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ვ.მ–ძის (შემდეგშ მპირველი მოპასუხისა) და ი.მ–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხის) მიმართ არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ოზურგეთის რაიონული საამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ოზურგეთი, საკრებულოს გარე სავარგულები, ...., საკადასტრო კოდი: .... და ოზურგეთი, საკრებულოს გარე სავარგულები, .... საკადასტრო კოდი: N....;
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფლება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების მითითებით და 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში უზენაეს სასამართლოში 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს გაუგრძელდა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).
11. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ 2019 წლის 31 მაისის განჩინება 2019 წლის 8 ივნისს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ კ.ჩ–ს (მინდობილობა: ს.ფ. 37-38).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 9 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 13 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავს სასამართლოსთვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე