საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-868-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-868-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შ. გ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - ი. გ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. გ-ემ (შემდეგში - არასრულწლოვანის დედა ან მოსარჩელე ან აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შ. გ-ის (შემდეგში - არასრულწლოვანის მამა მოპასუხე ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) არასრულწლოვანი შვილის, დ. გ-ის (შემდეგში - არასრულწლოვანი) რჩენა-აღზრდისათვის, ალიმენტის სახით 300 ევროს დაკისრება ყოველთვიურად სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 07 ნოემბრიდან) მის სრულწლოვანებამდე; ბ) მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის, რჩენა - აღზრდისათვის, სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის გადაუხდელი ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 300 ევროს, სულ 6 900 ევროს ოდენობით.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეებმა იქორწინეს 1998 წლის 03 ოქტომბერს. თანაცხოვრების პერიოდში, 2000 წლის 29 სექტემბერს შეეძინათ არასრულწლოვანი შვილი. მხარეები განქორწინდნენ 2007 წლის 30 ნოემბერს. განქორწინების შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ არასრულწლოვანი შვილის ალიმენტის სახით, ყოველთვიურად გადაიხდიდა 300 ევროს. მოპასუხე ალიმენტს იხდიდა პერიოდულად და არასრულად, ხოლო 2017 წლის მაისის თვიდან შეწყვიტა ალიმენტის გადახდა. მოპასუხემ მინდობილობა გასცა დედის ნ. ხ-ის (შემდეგში მოპასუხის დედა) სახელზე, რომელსაც დაავალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაყიდვა. მოპასუხის დედამ წლების წინ თაღლითურად გადაიფორმა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე კასპის რაიონი, სოფელი ..., შეუცვალა საკადასტრო კოდი და გადააფორმა მოპასუხის სახელზე. მოპასუხის დედამ 2017 წელს ოქტომბრის თვეში გაასხვისა ქონება ახლა კი, აპირებს დარჩენილი უძრავი ქონების გასხვისებას. მოპასუხე განზრახ არიდებს თავს მშობლის ვალდებულების შესრულებას. მოპასუხეს ბოლო 23 თვის ალიმენტი არ გადაუხდია. მოპასუხე ცხოვრობს საფრანგეთში, აქვს მუდმივი სამუშაო და მისი შემოსავალი მინიმუმ 1100 ევროს შეადგენს. მიუხედავად სარჩელის აღძვრამდე წარსული ოცდასამი თვის მანძილზე ალიმენტის არაერთგზისი მოთხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებდა მის გადახდას, არ იღებდა თანაბარ მონაწილეობას შვილის რჩენაში. შესაბამისად, იგი როგორც მშობელი, ვალდებულია გაიღოს არასრულწლოვანი შვილისათვის აუცილებელი ხარჯები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები).

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო წარსული დროის ალიმენტის გადახდის ნაწილში. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის არასოდეს ჰქონია ადგილი ალიმენტზე შეთანხმებას.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილისთვის, დაბადებული 2000 წლის 29 სექტემბერს, ალიმენტის სახით 150 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 7 ნოემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე 2018 წლის 29 სექტემბრამდე. მოსარჩელეს უარი ეთქვა წარსული დროის ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების მესამე პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, დაბადებული 20... წლის ... სექტემბერს, წარსული დროის (23 თვე) ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ევროს - ჯამში 3450 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივარი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის და ასევე, განქორწინების შემდეგ, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის, მატერიალური უზრუნველყოფისათვის იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.

8. მხარეებმა იქორწინეს 1998 წლის 3 ოქტომბერს. მხარეთა შორის ქორწინება შეწყდა 2007 წლის 30 ნოემბერს.

9. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი დაბადებული 2000 წლის 29 სექტემბერს, რომელიც ცხოვრობს და იზრდება დედასთან.

10. მოსარჩელე შრომისუნარიანია. იგი დასაქმებული არ არის და არ აქვს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი.

11. საქმეში წარმოდგენილი 2005 წლის 18 თებერვლისა და 2009 წლის 22 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება მიწის ნაკვეთი მდებარე მისამართზე კასპის რაიონი, სოფელი ხიდისყური.

12. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 1 აპრილის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით მოპასუხემ იყიდა მისი დედის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კასპი, სოფელი ხიდისყური. მოპასუხის დედამ, როგორც მოპასუხის წარმომადგენელმა უძრავი ნივთი მდებარე მისამართზე რაიონი კასპი, სოფელი ხიდისყური გაყიდა მესამე პირზე.

13. მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხება უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, გამზირი წ. N..., ბინა N40.

14. მოპასუხე 2011 წლის 20 მაისიდან მეორე ქორწინებაშია რუსლანა ვორონიშთან; მოპასუხე მეუღლესთან ერთად ცხოვრობს საფრანგეთში.

15. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ნორმის დანაწესით, სასამართლოსთვის შეფასების მთავარ საგანს არასრულწლოვნის რეალური საჭიროებები წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხეს კმაყოფაზე გარდა დიმიტრი გოდუაძისა, სხვა პირი არ ჰყავდა, ასევე, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დიმიტრი გოდუაძემ უკვე მიაღწია სრულწლოვანების ასაკს. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი დ. გ-ის რჩენა-აღზრდისათვის უნდა განისაზღვროს, ყოველთვიურად 150 ევროს ეკვივალენტი ლარით.

16. ხოლო რაც შეეხება წარსული დროის ალიმენტს, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში, მოთხოვნის მართლზომიერების შესაფასებლად იხელმძღვანელა სსკ-ის 1234-ე მუხლით, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან (პირველი ნაწილი). ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას (მეორე ნაწილი).

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ალიმენტის მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია წარსული დროისათვის მოითხოვოს ალიმენტი, თუმცა, უფლების სასამართლო წესით იძულებით დაცვამდე (სარჩელის წარდგენამდე) უფლებამოსილ პირს სარჩოს მისაღებად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ზომები მიღებული და აღნიშნულის ფონზე ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი უნდა არიდებდეს თავს გადახდას.

18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მხარეები განქორწინებისას არ შეთანხმებულან მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო თანხის, რაც თავისი ბუნებით „ალიმენტს“ წარმოადგენს, ოდენობასა და გადახდის წესზე.

19. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვები, კერძოდ, სს „ლ. ბ.“ მიერ ო. ბ-ის სახელზე გაცემული ამონაწერი, რომელიც ასახავს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდს, ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის თანხის ო. ბ-ის ანგარიშზე ჩარიცხვა (პირველი ჩარიცხვა განხორციელებულია 2014 წლის 11 ოქტომბერს 450 ევროს ოდენობით, ხოლო ბოლო ჩარიცხვა 2017 წლის 10 აპრილს 400 ევროს ოდენობით).

20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რასაც მოგვიანებით, დაეთანხმა კიდევაც მოპასუხე, კერძოდ, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ განქორწინებისთანავე, დაახლოებით 2007 წლიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ყოფილ მეუღლეს გამოუგზავნიდა დახმარების თანხას 50 ევროს ოდენობით, რასაც ასრულებდა და საქმეში წარმოდგენილი თანხის ჩარიცხვები სს „ლ. ბ.“ მეშვეობით წარმოადგენს სწორედ შვილის დახმარების თანხებს, თუმცა, მისივე განმარტებით ეს არ იყო ალიმენტი.

21. მოპასუხის განმარტებასთან მიმართებით, რომ ზემოთაღნიშნულ საბანკო გადრიცხვები მოხსენიებულ თანხა არ იყო „ალიმენტი“, მიიჩნია, რომ „ალიმენტი“ თავისი შინაარსით წარმოადგენს სწორედ იმ თანხას, რაც თავის თავში მოიცავს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის გადახდილ თანხას, რომ მშობლებს შორის შეთანხმება ყოველთვიური თანხის გადახდაზე მათი საერთო არასრულწლოვანი შვილის დასახმარებლად რჩენა-აღზრდისათვის, სხვა არაფერია თუ არა ალიმენტი, რაზეც მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ჯერ კიდევ დაახლოებით 2007 წლიდან შეთანხმდნენ და რასაც ასრულებდა მოპასუხე, ხოლო მას შემდეგ, რაც მოპასუხემ შეწყვიტა დახმარების გაწევა სარჩელის შემოტანამდე რამოდენიმე თვით ადრე, მოსარჩელემ სამართლებრივი დაცვის საშუალებად სასამართლოში სარჩელის წარდგენა გამოიყენა.

22. ამდენად, სწორედ დასახელებული ვალდებულება იქნა დარღვეული ალიმენტვალდებული პირის მიერ სარჩელის წარდგენამდე რამოდენიმე თვით ადრე.

23. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზეა სსკ-ის 1234 მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა, რაც წარსული დროისათვის გადასახდელი ალიმენტის გადახდის დაკისრების საფუძველია.

24. რაც შეეხება ალიმენტის ოდენობას, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი მართებულად იქნა განსაზღვრული გასაჩივრებული გადაწყვეტილებით და სწორედ მითითებული ოდენობის გათვალისწინებით უნდა დაეკისროს მოპასუხეს წარსული 23 თვის ალიმენტის გადახდა.

25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარე) მიერ. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და იმ სამართლებრივი შედეგის მიღება, რაც მოცემულ საქმეზე დადგა პირველ ინსტანციაში.

26. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. კასატორის განცხადებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მასზედ, რომ მხარეები განქორწინებისას არ შეთანხმებულან მოპასუხის მიერ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისთვის საჭირო თანხის გადახდაზე, ხოლო სს „ლ. ბ.“ მიერ ო. ბ-ის სახელზე გაცემული ამონაწერით, რომელითაც დასტურდება თანხის ჩარიცხვა 2014 წლის 11 ოქტომბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე. როგორც ირკვევა, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ აღნიშნული გარემოება, შესაბამისად, კასატორისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკისრა სააპელაციო პალატამ მოპასუხეს 23 თვის საალიმენტო თანხის გადახდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

29. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მხარეები თავდაპირველად, შეთანხმდნენ ალიმენტის გადახდაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმდგენილი საბანკო გადარიცხვები ამის დასტურად არ გამოდგება (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები ამ განჩინების პ-25).

30. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამოდინარე, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარე განაპირობებს, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. ამ თვალსაზრისით საპროცესო სამართლისათვის აქსიომატურია 103-ე (1) მუხლის დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები), ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ (სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის ძალით სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ (იხ., სუსგ №ას-263-251-2017, 23 ივნისი, 2017 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სსსკ-ის 354.1 მუხლი) - სასამართლოს შეუძლია თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე (იხ., სუსგ №ას-578-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).

32. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ალიმენტის ყოველთვიურ ოდენობას - 150 ევროს ეკვივალენტს ლარში, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის 07 ნოემბრიდან ყოველთვიურად, მის სრულწლოვანებამდე 2018 წლის 29 სექტემბრამდე, კასატორი (მოპასუხე) არ შედავებია (იხ., პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუცუიო ნაწილის მე-2 პუნქტი). პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო საჩივრით. მაშასადამე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება ამ ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში და დამატებით შეფასებას აღარ საჭიროებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის მოთხოვნაშიც აღნიშნავს, კასატორი, რომ მის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლს გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი იურიდიული შედეგის მიღწევა სურს (იხ., საკასაციო საჩივრის მოთხოვნა - ტ.2. ს.ფ. 92).

33. შესაბამისად, საკასაციო პალატა იმსჯელებს მხოლოდ იმ საკითხზე საკითხზე ეკისრება თუ არა მოპასუხეს ალიმენტის გადახდა წარსული დროისათვის. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სწორად მიიჩნია სსკ-ის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება.ნორმის დანაწესით, „...წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას“.

34. ალიმენტის სოციალური დანიშნულებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ ნაწილში, რომლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ შეაფასა რა საქმეში წარმოდგენილი საბანკო გადარიცხვები, კერძოდ, სს „ლ. ბ.“ მიერ ო. ბ-ის სახელზე გაცემული ამონაწერი, რომელიც ასახავს 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 18 ოქტომბრამდე პერიოდს, ფიქსირდება სხვადასხვა ოდენობის თანხის ოლღა ბედოშვილის ანგარიშზე ჩარიცხვა (პირველი ჩარიცხვა განხორციელებულია 2014 წლის 11 ოქტომბერს 450 ევროს ოდენობით, ხოლო ბოლო ჩარიცხვა 2017 წლის 10 აპრილს 400 ევროს ოდენობით) თავისი შინაარსით მოიაზრებს სწორედ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის გაღებულ ხარჯს და სხვა არაფერს. რაიმე მტკიცებულებაზე ან გადარიცხვის მიზანზე (მიზნობრიობა) მოპასუხეს სარწმუნოდ არ მიუთითებია.

35. აქვე, ყურადსაღებია მოსარჩელის პოზიცია, რომ განქორწინებისთანავე, დაახლოებით 2007 წლიდან მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ყოფილ მეუღლეს გამოუგზავნიდა დახმარების თანხას 50 ევროს ოდენობით, რასაც ასრულებდა და საქმეში წარმოდგენილი თანხის ჩარიცხვები სს „ლ. ბ.“ მეშვეობით წარმოადგენს სწორედ შვილის დახმარების თანხებს, თუმცა, მისივე განმარტებით ეს არ იყო ალიმენტი.

36. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პოზიცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოთაღნიშნულ საბანკო გადრიცხვებში მოხსენიებული თანხა არ იყო „ალიმენტი“, და ამ საბანკო გადარიცხვას საერთო არაფერი აქვს ალიმენტის შეთანხმება-გადახდასთან, გაზიარებული ვერ იქნება.

37. საკასაციო პალატა კასატორის ხსენებულ არგუმენტთან მიმართებით ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე: „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სსკ-ის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების ვალდებულების წარმოშობის არამართლზომიერება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი არ აქვს არც საპროცესო ნორმების დარღვევას (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და არც სამართლებრივ უსწორობას (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

38. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შ. გ-ეს (0101700...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 28 მაისს ქ. ვ-ის მიერ საგადახდო დავალება N4 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (537 ლარი) 375.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე