დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
ას-45-45-2018
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-45-45-2018 18 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე,ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – ა.გ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – შპს „ი.კ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - სახელფასო დავალიანების, მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს, შვებულებისა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.გ–ი (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, დასაქმებული) და შპს „ი.კ.ი“ (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, დამსაქმებელი, ორგანიზაცია) 2005 წლიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.

2. მოსარჩელე დასაქმებული იყო შრომის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებულის შრომის ანაზღაურება თვეში 400 ლარს შეადგენდა.

3. 2012 წლის 13 თებერვალს დასაქმებულმა ორგანიზაციას მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნა, რომ 2010 წლის აგვისტოდან ხელფასის სახით, ნაცვლად 7200 ლარისა, 1400 ლარი მიიღო. განმცხადებელმა საწარმოს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელს დარჩენილი 5800 ლარიდან თანხის ნაწილის, 2900 ლარის, ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. ამასთან, 2012 წლის 1 თებერვლიდან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტაც მოითხოვა. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, ორგანიზაციის 2012 წლის 16 თებერვლის წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ დამსაქმებელს მის მიმართ ფულადი ვალდებულება არ გააჩნდა.

4. მოპასუხემ 2011 წლის 2 მაისს გამოსცა #7-02 ბრძანება, კომპანიაში არსებული ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის გამო, 2011 წლის 31 მაისიდან კომპანიის 12 თანამშრომელთან, მათ შორის მოსარჩელესთან, შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე ( იხ. ტ I, ს.ფ. 103).

5. დასაქმებულმა ბოლო სახელფასო ანაზღაურება მიიღო 2012 წლის თებერვალში, რომელიც მოიცავდა 2011 წლის ნოემბრისა და დეკემბრის ხელფასებს სრული მოცულობით და 2012 წლის იანვრის ხელფასის ნახევარს (იხ. სხდომის ოქმი, ტ II, ს.ფ. 26-45).

6. 2015 წლის 29 იანვარს დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის ბოლომდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების - 5800 ლარის, მისი გადახდის დაყოვნებისათვის 0,07%-ის - 4 წლის განმავლობაში 1624 ლარის, 2010 და 2011 წლების შვებულების თანხების - ჯამში 800 ლარის, სამსახურში გამოცხადებისათვის გაწეული სატრანსპორტო ხარჯების - 725 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება მოითხოვა.

7. მოპასუხემ საქმეზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2010 წლის მეორე ნახევრში და 2011 წლის განმავლობაში, კომპანიას სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა არ განუხორციელებია. მოსარჩელეს ხელფასის დარიცხვა შეუწყდა 2011 წლის მაისში და ამ დროის განმავლობაში დასაქმებულმა სრულად მიიღო სახელფასო ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხის მითითებით, სარჩელი ხანდაზმული იყო.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე და 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 128-ე, 144 მუხლებითა და საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში შსკ-ის) მე-2, 21-ე, 22-ე, 25-ე , 31-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

8.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებულია გარემოებები.

8.2. საქმის გარემოებების შესწავლით სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა 2011 წლის მაისში შეწყდა, ვინაიდან არ დადასტურდა ამ დროის შემდეგ მოსარჩელის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების ფაქტი. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის განმავლობაში, დამსაქმებელმა მოსარჩელეს ხელფასის სახით გადაუხადა 2184,17 ლარი, ხოლო 2011 საანგარიშო წლის მანძილზე - 5485,05 ლარი (კონკრეტულ თვეებზე მითითების გარეშე). მთლიანად 7669,21 ლარი. თვეში 400 ლარის ხელფასის გათვალისწინებით, იგი შეესაბამებოდა 19 თვის ხელფასის - 2010 წლიდან 2011 წლის მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში მისაღები შრომის ანაზღაურების ოდენობას. შესაბამისად სასამართლოს მოსაზრებით, არ დადასტურდა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა, ხოლო 2011 წლის მაისის შემდგომ მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში ხელფასის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო.

8.3. სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დამატებით საფუძველს წარმოადგენდა.

8.4. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2010 წლის შვებულების უფლება, რომელიც არ იქნა რეალიზებული მომდევნო წლის განმავლობაში, გაქარწყლდა, ხოლო რაც შეეხება 2011 წლის გამოუყენებელ შვებულებას, სშკ-ის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილზე აპელირებით სასამართლომ მიუთითა, რომ დასაქმებულს წარმოეშობა გამოუყენებელი შვებულების დასაქმებულისათვის ფულადი ანაზღაურების ვალდებულება, დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

8.5. რაც შეეხება სამსახურში გამოცხადების (იმავე ქალაქში, სადაც თავადაც ცხოვრობს მოსარჩელე) მიზნით ტრანსპორტისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა ასეთი ხარჯების გაწევის ფაქტი. ამასთან, მისი დადასტურების

შემთხვევაშიც, მხარეთა შორის შესაბამის საკითხზე სპეციალური შეთანხმების გარეშე, სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება არ წარმოადგენდა დამსაქმებლის ვალდებულებას. მოთხოვნა ამ ნაწილშიც ხანდაზმული იყო.

9. დასაქმებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შემდეგი საფუძვლებით:

9.1. აპელანტმა მოპასუხეს არაერთხელ მოთხოვა დავალიანების დაფარვა და შემდეგ აღნიშნული მიზნით პოლიციასაც მიმართა, სადაც განემარტა, რომ დავა იყო სამოქალაქოსამართლებრივი და სასამართლოსთვის უნდა მიემართა. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება უსაფუძვლო იყო.

9.2. ყოველთვიურად ხელფასის მიღებისას, თანამშრომლები უწყისზე აწერდნენ ხელს. მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს აპელანტის მიერ თანხის მიღების დამადასტურებელი ამგვარი უწყისი.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ - სახელფასო დავალიანების, 200 ლარის, გადახდა დაეკისრა. მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა მითითებული თანხის 0.07% -ის გადახდაც - 2012 წლის 29 თებერვლიდან 2015 წლის 29 იანვრის ჩათვლით.

10.1. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, რომ მოპასუხეს მოსარჩელისადმი სახელფასო დავალიანება არ გააჩნდა, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის აგვისტოდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით ხელფასის ანაზღაურებას უკავშირდებოდა, ხანდაზმულობის გამო უსაფუძვლო იყო.

10.2. პალატის განმარტებით, აპელანტმა სადავოდ გახადა 2010 წლის აგვისტოდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით 14 თვის ხელფასის - 5600 ლარის ანაზღაურება, სარჩელი კი სასამართლოს წარედგინა 2015 წლის 29 იანვარს, სსკ-ის 128-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდგომ. სასამართლომ სარჩელის წარდგენის თარიღის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არ იყო მხოლოდ 2012 წლის იანვრის ხელფასის ნახევრის (200 ლარის) მოთხოვნის ნაწილში და, სშკ-ის 31-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარებოდა ანაზღაურებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა 2012 წლის 1 თებერვალს შეწყდა.

10.3. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია აუნაზღაურებელი შვებულებისა და სამსახურში გამოცხადების მიზნით ტრანსპორტის ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს (იხ. წინამდებარე განჩინების 8.3-8.4 პუნქტები) ამ ნაწილში მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დასაქმებულმა, რომელმაც მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტიების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

11.1. კასატორის მოსაზრებით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ დარღვეულა. მისივე განმარტებით, 2012 წლის 1 თებერვლამდე მუშაობდა ორგანიზაციაში, ხოლო ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში დამსაქმებლის წინააღმდეგ 2015 წლის 29 იანვარს წარადგინა, ანუ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან კანონით განსაზღვრულ სამი წლის ვადაში.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. მოცემულ შემთხვევაში, სახელფასო დავალიანების, მისი გადახდის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლოს, შვებულებისა და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურების საფუძვლიანობა სშკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ), 31-ე მუხლის (1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. 3. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი) და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის (თუ დასაქმებულისათვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სამუშაოს ნორმალურ მიმდინარეობაზე, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების გადატანა მომდევნო წლისათვის) მიხედვით უნდა შემოწმდეს.

16.1. განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია რომ კასატორი ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 2005 წლიდან 2012 წლის 1 თებერვლამდე. ამასთან, დასაქმებულმა სადავოდ გახადა 2010 წლის მეორე ნახევრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდამდე (2012 წლის თებერვლის) სახელფასო დავალიანების არსებობა. სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საკუთარი უფლების რეალიზაციის მიზნით, დასაქმებულმა სარჩელით სასამართლოს 2015 წლის 29 იანვარს მიმართა, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს 2010-2011 წლების სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

16.2. მოცემული დავისათვის არსებითი მნიშვნელობის საკითხია, კასატორს განემარტოს ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წესი და აქედან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები. სსკ-ის 130-ე მუხლი ადგენს, რომ ხანდაზმულობის ვადა აითვლება მოთხოვნის წარმოშობის დროიდან, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის დროდ სამოქალაქო კანონმდებლობა აწესებს დროს, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის ათვლას ბოლო სახელფასო დავალიანების თარიღიდან, როგორც ამას კასატორი მოიაზრებს, სარჩელი 2010 წლის მეორე ნახევრიდან 2012 წლის თებერვლამდე სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე აერთიანებს თითოეული აუნაზღაურებელი ხელფასის გამო სასარჩელო მოთხოვნებს და ამდენად 2010 წლის სახელფასო დავალიანებისთვის ხანდაზმულობის ვადა აითვლება არა ბოლოს გადაუხდელი ხელფასის თარიღიდან (2012 წლის თებერვალი), არამედ 2010 წლის შესაბამისი თვიდან და ასე მოყოლებული ყოველი მომდევნო თვის ანუზღაურებელი ხელფასისთვის. ზემოთქმული მსჯელობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი დასკვნები გამოიტანა საქმეზე და არ არსებობს საკასაციო საჩივრის არსებითად განხილვის სამართლებრივი წინაპირობა.

16.3. რაც შეეხება შვებულების თანხებისა და ტრანსპორტის ხარჯის ანაზღაურების საკითხს, კასატორს დასაბუთებული საკასაციო საჩივრით დასახელებულ საკითხზე არ წარმოუდგენია მოთხოვნის შესატყვისი, არგუმენტირებული სამართლებრივი პრეტენზია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნულ საკითხზე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას და დასაბუთებული საკაციო პრეტენზიის არარსებობის პირობებში მიზანშეწონილად არ თვლის განავითაროს მსჯელობა.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ, სუსგ. საქმე N-ას-560-535-2016 2 სექტემბერი, 2016 წელი, საქმე N-ას 693-647-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი