საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-241-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-241-2020 27 მაისი, 2020 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „T.G.” (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E.C.” (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „E.C-მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) წარადგინა სარჩელი შპს „T. G-ს” (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 164 715,53 აშშ დოლარის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს - 188 095,36 აშშ დოლარის (ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2015 წლის 16 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით) დაკისრება და პირგასამტეხლოს სახით, 2015 წლის 16 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველდღიურად, 164 715,53 აშშ დოლარის 0,3%-ის ოდენობით დაკისრება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.01.2019წ. გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება - 164 715 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს ანაზღაურება 6269.83 აშშ დოლარი 2015 წლის 27 ოქტომბრამდე პერიოდისთვის და პირგასამტეხლოს ანაზღაურება ყოველდღიურად 16.47 აშშ დოლარის ოდენობით, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.11.2019წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 6269.83 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით 16.47 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 1057.27 ლარის დაკისრების ნაწილებში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 16 059.71 აშშ დოლარის (164 715 აშშ დოლარის 0.05%X195 დღეზე), ასევე, ყოველდღიურად, 2015 წლის 27 ოქტომბრიდან კანონიერ ძალაში შესვლამდე გადაუხდელი თანხის 0.05%-ის გადახდა (იხ.: 28.11.2019წ. გადაწყვეტილება და 11.02.2020წ. განჩინება უსწორობის გასწორების შესახებ). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად უარყოფა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.03.2020წ. განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. განჩინება საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ნ.მ–ძეს 30.03.2020 წელს ჩაბარდა. ხარვეზის შესავსებად განკუთვნილ ვადაში საკასაციო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. მან განმარტა, რომ საქმის მასალებში არის ცნობა, რომლის მიხედვითაც კასატორის ანგარიშებზე რეგისტრირებულია ყადაღა და ინკასო და კასატორი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.04.2020წ. განჩინებით კასატორს გემარტა, რომ კასატორის მიერ მითითებული ცნობა ასახავს კომპანიის ქონებრივ მდგომარეობას 2018 წლის მდგომარეობით, შესაბამისად, არაა საკმარისი მისი ამჟამინდელი ქონებრივი მდგომარეობის სრულად შეფასებისთვის. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით და დაევალა, წარმოედგინა ან მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები ან 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

6. დადგენილია, რომ ხარვეზის სრულად შევსების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 13 აპრილის განჩინება პირადად ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელს - ნ.მ–ძეს 2020 წლის 27 აპრილს (იხ.: მინდობილობა, ტ.2, ს.ფ.50,51; უკუგზავნილი, ტ.3, ს.ფ.201). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია როგორც გზავნილის მიმღები პირის ხელმოწერა (ხელრთვა), ისე მისი პირადი ნომერი.

7. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისათვის ხარვეზის სრულად შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 28 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 7 მაისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2020 წლის 7 მაისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი სრულად არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

8. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი; №ას-97-2020, 2 აპრილი, 2020 წელი).

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო სრულად ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „T.G-ს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე