საკასაციო საჩივარი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-1787-2019
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1787-2019 20 მაისი, 2020 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

I კასატორი – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

II კასატორი - ნ.ხ–ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

I კასატორის მოწინააღმდეგე მხარე –ნ.ხ–ა, ა.პ–ი, ნ.პ–ი, გ.პ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება

I კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, ბანკი, კრედიტორი, I აპელანტი, I კასატორი) და ბ.პ–ს (შემდეგში: მსესხებელი, მამკვიდრებელი) შორის, 2008 წლის 4 ივლისს, გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება NGAI005435 (შემდეგში: ძირითადი ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიხსნა საკრედიტო ხაზი 25 000 აშშ დოლარის მოცულობით, 360 თვის ვადით, წლიური სარგებლის 10-22%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების 3.5. მუხლის მიხედვით ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (ტ.1,ს.ფ.16-20).

2. ძირითადი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, მხარეთა შორის, 2008 წლის 4 ივლისს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა, ბინის ფართი 31.71 კვ.მ., შესაბამის წილ მიწის ნაკვეთთან ერთად, მდებარე: ქ. თბილისი, ...... ქ. N24, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... იპოთეკის ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით (ტ.1,ს.ფ. 25-28).

3. მხარეთა შორის, 2008 წლის 8 ივლისს გაფორმდა, ძირითადი ხელშეკრულების შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა საკრედიტო თანხა 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, 120 თვის ვადით, წლიური 17.5%-ის დარიცხვით (ტ.1,ს.ფ.21-24). იმავე დღეს, გაფორმდა, დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც, მსესხებელზე გაიცა სადაზღვევო თანხა 120 აშშ დოლარის ოდენობით, 360 თვის ვადით, წლიური 18%-ის დარიცხვით (ტ.1,ს.ფ. 33-41).

4. მხარეთა შორის, 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ, 2008 წლის 8 ივლისის ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შესახებ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კრედიტის მოქმედების ვადა გაიზარდა 2023 წლის 3 აპრილამდე (ტ.1,ს.ფ.42-44).

5. მხარეთა შორის, 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ 2008 წლის 4 ივლისის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი სამომხმარებლო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 500 აშშ დოლარის მოცულობით, 98 თვის ვადით, სარგებლის წლიური 10%-ის დარიცხვით (ტ.1,ს.ფ.45-49).

6. მსესხებელი, 2010 წლის 25 აგვისტოდან, სარგებლობდა ბანკის საკრედიტო ბარათით, ე.წ. ''ამექს ბლუ'', 1200 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით, რომლის მიხედვით საკრედიტო წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 22%-ს სავაჭრო ობიექტებში გახარჯულ თანხებზე, 36% განაღდების და სხვა დანარჩენი ოპერაციებით ათვისებულ კრედიტზე, გადახარჯულ კრედიტზე - წინა შემთხვევებში განსაზღვრულ საპროცენტო სარგებელზე დამატებული 10%. საშეღავათო პერიოდი შეადგენდა 56 დღემდე, რა დროსაც ლიმიტის ფარგლებში ათვისებულ თანხას არ დაერიცხებოდა პროცენტი, თუკი კლიენტის მიერ სრულად დაიფარებოდა ეს თანხა და მას არ გააჩნდა ვადაგადაცილებული დავალიანება. ვადაგადაცილების თარიღიდან 62-ე დღეს უქმდებოდა საკრედიტო ბარათი, თუკი არ მოხდებოდა დავალიანების სრულად დაფარვა. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს 10 ლარს, თუკი ბარათი არ იყო გაუქმებული და 50 ლარს ბარათის გაუქმების შემთხვევაში, რასაც დაემატებოდა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დავალიანების 0.2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, მსესხებელი სარგებლობდა „ტ.პ.ბ–ის“ საკრედიტო ბარათით, ე.წ. „უნივერსალ გოლდით“. საკრედიტო ლიმიტი - მაქსიმალური თანხა - 8 000 ლარი. პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ლარში - 0.075% (ტ.1,ს.ფ.63-76).

7. მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 28 იანვარს (ტ.1,ს.ფ.57).

8. მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან - ნ.ხ–ა (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, მსესხებლის მეუღლე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი), ა.გ. და ნ.პ–ები (მოპასუხეები, მსესხებლის შვილები). სამკვიდრო მიიღეს 2017 წლის 20 ივლისს (ტ.1,ს.ფ. 269). სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული ქონება, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხეების: გ.პ–ის (1/5 ნაწილი), ა.პ–ის (4/15 ნაწილი), ნოდარი პირველის (4/15 ნაწილი) და ნ.ხ–ას (4/15 ნაწილი) სახელზე.

9. იპოთეკური კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე მსესხებელს ერიცხება დავალიანება: ძირითადი თანხა - 10 385.11 აშშ დოლარის ოდენობით, პროცენტი - 1030.38 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1714.42 აშშ დოლარი, სულ 13129.91 აშშ დოლარი; სესხზე N3634746 (''ამექს ბარათი”): ძირითადი თანხა- 803.27 ლარი, პროცენტი - 182.30 ლარი, ჯარიმა- 503.95 ლარი, სულ - 1489.52 ლარი; სესხზე N593696: ძირითადი თანხის დავალიანება - 654.59 აშშ დოლარი, პროცენტი - 64.81 აშშ დოლარი, ჯარიმა - 53.67 აშშ დოლარი, სულ - 773.07 აშშ დოლარი; დაზღვევიდან გამომდინარე სესხზე N593728 ძირითადი თანხა - 21.06 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.80 აშშ დოლარი, ჯარიმა - 33.09 აშშ დოლარი, სულ - 57.95 აშშ დოლარი; პრივატ ბანკის საკრედიტო ბარათზე N3673153 ძირითადი თანხა - 2792.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 1031.35 აშშ დოლარი, ჯარიმა - 978.09 აშშ დოლარი, სულ - 4802.08 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ.78). მოპასუხეების დავალიანება საერთო ჯამში შეადგენს - 18 763.01 აშშ დოლარს და 1489.52 ლარს.

10. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს, მის მიერ მიღებული სამკვიდროს ქონების პროპორციულად ეკისრება დავალიანების თანხიდან - 5003.44 აშშ დოლარის და 397.2 ლარის გადახდა.

11. მსესხებლის სიცოცხლე დაზღვეული იყო. ბანკის ვალდებულება დაზღვევის შესახებ გამომდინარეობდა 2008 წლის 4 ივნისის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების 2.4. პუნქტიდან, რომლის თანახმადაც, ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუუნარობის დაკარგვის დაზღვევას. ამგვარი სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. მზღვეველის პასუხისმგებლობა განსაზღვრული იყო - 25 000 აშშ დოლარით.

12. ბანკმა, 2016 წლის 15 თებერვალს წერილობით მიმართა სს „ს.კ.ა–ს“. წერილის მიხედვით, გარდაიცვალა მსესხებელი, რომელიც სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევით, დაზღვევის ღია ოფსეტური პოლისით, იპოთეკური სესხის მომხმარებლებისათვის 2008 წლის 4 ივლისიდან. ბანკმა, სადაზღვევო კომპანიისგან სადაზღვევო თანხის 12 002.19 აშშ დოლარის ოდენობით გადარიცხვა მოითხოვა, რომელიც ამ უკანასკნელმა შეასრულა (ტ.1,ს.ფ.164-231).

13. სარჩელის მოთხოვნა

13.1. ბანკმა, 2017 წლის 23 მაისს, სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) წინააღმდეგ, მოითხოვა მსესხებლის მეუღლისთვის, დავალიანების 18 763.01 აშშ დოლარისა და 1 489 ლარის გადახდის დაკისრება;

13.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ....., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ....... იძულებით აუქციონზე რეალიზაცია;

14. დაზუსტებული სარჩელის მოთხოვნა

14.1. ბანკმა, 2018 წლის 7 აგვისტოს, სარჩელში მითითებული მოთხოვნებით, დაზუსტებული სარჩელი წარადგინა მოპასუხეთა წინააღმდეგ, დასახელებული დავალიანების მოპასუხეთათვის სოლიდარულად, დაკისრება მოითხოვა.

15. მოპასუხეთა პოზიცია

15.1. მსესხებლის მეუღლემ, წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ, მის მიერ მიღებული სამკვიდროს პროპორციულად პირველი მოთხოვნიდან 5 003.44 აშშ დოლარის ნაწილში, ხოლო მეორე მოთხოვნიდან 397.2 ლარის ნაწილში;

15.2. მსესხებლის შვილებმა (მოპასუხეებმა), წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, დამატებით განმარტეს, რომ კრედიტორმა მათ მიმართ მოთხოვნის წაყენების 6 თვიანი ვადა დაარღვია, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლო იყო.

16. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

16.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ბანკისთვის, ზიანის ანაზღაურების სახით - 5 003.44 აშშ დოლარისა და 397.2 ლარის დაკისრება.

16.2. მსესხებლის მეუღლის განმარტებით, მსესხებელსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო დაეზღვია მსესხებლის სიცოცხლე და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუუნარობის დაკარგვა, რომლის მოსარგებლეც მხოლოდ ბანკი იქნებოდა, თუმცა ამ უკანასკნელს ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც თავად არის დავალიანების გადახდაზე პასუხისმგებელი.

17. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

17.1. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

18.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

18.1.1. მსესხებლის მეუღლეს, ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 5 003.44 აშშ დოლარისა და 397.2 ლარის გადახდა;

18.1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 4/15 ნაწილი;

18.2. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

18.3. თბილისის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394-ე, 395-ე, 408-ე, 411-412-ე, 1421-ე, 1424-ე, 1328-ე, 1439-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლებით.

19. მოსარჩელისა და მსესხებლის მეუღლის სააპელაციო საჩივარები

19.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც მოსარჩელემ, ასევე მსესხებლის მეუღლემ;

19.1.1. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;

19.1.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა;

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

20.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

20.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი და წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

20.3. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ დადგენილი იყო, მსესხებლის გარდაცვალებისთვის მისი დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენდა 18 763.01 აშშ დოლარსა და 1489 ლარს. უდავო იყო ასევე, რომ მსესხებლის მეუღლეს, სამკვიდროს მიღებით, აღნიშნული სამკვიდროს პროპორციულად დაეკისრა მიღებული ქონების პროპორციულად, დავალიანების სრული თანხიდან 5 003.44 აშშ დოლარისა და 397.2 ლარის გადახდა.

20.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მეორე აპელანტის სააპელაციო პრეტენზია და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მისი შეგებებული სარჩელი.

20.4.1. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტზე მიუთითა, რომლის მოქმედების პერიოდში ბანკი საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფდა კლიენტის სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვის დაზღვევას, ამასთან, კლიენტს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ამგვარ დაზღვევაზე „...თუ იპოთეკური სესხის თანხა აღემატება 30 000 აშშ დოლარს, მაშინ სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომისუნარიანობის დაკარგვის დაზღვევით სარგებლობა განხორციელდება კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებაზე თანდართული განაცხადის ფორმის შევსების შემთხვევაში...“.

20.4.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული დაზღვევის ხელშეკრულება, ავტომატურად ვერ გაფორმდებოდა, არამედ საჭირო იყო სულ მცირე მხარეთა შეთანხმება და აღნიშნულის სპეციალური ფორმით დადასტურება.

20.4.3. სააპელაციო სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიების პასუხად, რომ ბანკს არ წარუდგენია დაზღვევაზე, მსესხებლის მიერ უარის თქმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მტკიცების ტვირთზე მიუთითა და განმარტა, რომ შეგებებული სარჩელით მოსარჩელის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა, ემტკიცებინა, რომ არსებობდა მსესხებლის თანხმობა დაზღვევაზე, რაც ბანკს წარმოუშობდა „სავალდებულო დაზღვევის“, განხორციელების წინაპირობას. ასეთი მტკიცებულება, მეორე აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, რის გამოც მისი სააპელაციო პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო.

20.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უსაფუძვლო იყო აგრეთვე ბანკის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, დაუსაბუთებელი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მსესხებლის მეუღლის გარდა, დანარჩენი მოპასუხეების ნაწილში, სსკ-ის 1488-ე მუხლის მიხედვით მოთხოვნის წარდგენის 6 თვიანი ვადის დარღვევის მოტივით.

20.5.1. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველ ნაწილზე „მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“ მითითებით განმარტა, რომ განსახილველი საკითხის სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის, უნდა გამიჯნულიყო დასახელებული ნორმით განსაზღვრული საპრეტენზიო მოთხოვნის წარდგენისა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები. მოხმობილ ნორმაში არსებული ბოლო წინადადება „მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“, თავისთავად გამორიცხავდა მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის ვადის გაიგივებას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადასთან, ვინაიდან, თუ მოთხოვნა ჯერ კიდევ არ არის ვადამოსული, ხანდაზმულობის საკითხი ვერ გახდებოდა აქტუალური. თუმცა, მემკვიდრის (მსესხებლის) გარდაცვალება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშიც ბოჭავდა კრედიტორს მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებით.

20.5.2. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით დამატებით განმარტა, რომ ვინაიდან, მოთხოვნის წარდგენის სასარჩელო ხანდაზმულობისა და კრედიტორის მოვალის მემკვიდრეებისთვის მიმართვა სხვადასხვა სამართლებრივი კატეგორია იყო, განსხვავებული იყო აგრეთვე სასამართლოს როლი, კერძოდ: სასარჩელო ხანდაზმულობას სასამართლო იმ შემთხვევაში ამოწმებს, როდესაც მოპასუხე კანონით დადგენილი წესის შესაბამისად გახდის მას სადავოდ, ხოლო მოთხოვნის წარდგენის ვადას სასამართლო თავისი ინიციატივით იკვლევს.

20.5.3. სააპელაციო სასამართლომ, უდავოდ დადგენილ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა, კერძოდ: მსესხებელი გარდაიცვალა, 2016 წლის 29 იანვარს, აღნიშნულის შესახებ, მსესხებლის მეუღლემ აცნობა ბანკს 2016 წლის 1 აპრილს წერილობით, ამასთან შეახსენა სიცოცხლის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების თაობაზე, და ბანკის უფლებაზე, დარჩენილი დავალიანებისთვის მიემართა მზღვეველისთვის.

20.5.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბანკმა მსესხებლის მეუღლეს მოთხოვნა 2016 წლის 27 მაისს წარუდგინა მოთხოვნა, ხოლო, მემკვიდრეთა წრისა და სამკვიდრო მოწმობის გამცემი ნოტარიუსის შესახებ ბანკისთვის ცნობილი 2017 წლის 1 აგვისტოსთვის გახდა, როდესაც ჩაიბარა მსესხებლის მეუღლის შესაგებელი, რომელსაც მტკიცებულების სახით ერთვოდა სამკვიდროს მიღების მიზნით ნოტარიუსთან წარდგენილი განცხადებების ასლები.

20.5.5. ამდენად დადგენილია, რომ ბანკს მიუხედავად მიღებული ინფორმაციისა, 2018 წლის 7 აგვისტომდე მოთხოვნა არ დაუყენებია მსესხებლის მეუღლის გარდა, სხვა მოპასუხეების მიმართ, შესაბამისად სამკვიდროს გახსნიდან და მოსარჩელის მიერ აღნიშნულის შეტყობიდან გასულია ორ წელზე მეტი, ხოლო მემკვიდრეთა წრის დადგენიდან ერთ წელზე მეტი, რის გამოც დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მსესხებლის მეუღლის გარდა, სხვა მოპასუხეების მიმართ ბანკის მოთხოვნის გაქარწყლების შესახებ.

21. ბანკის საკასაციო საჩივარი

21.1. კრედიტორმა, საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინება, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

21.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის ათვლის საკითხი.

21.3. საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით „...მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესებით, კანონმდებელი უზრუნველყოფს მემკვიდრეთა დაცვას სამკვიდროს მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით მოთხოვნების წარდგენისაგან. ხსენებული ნორმის არარსებობის პირობებში, მემკვიდრეობის მიმღები პირი იქნებოდა მუდმივ გაურკვევლობაში სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების შესახებ, რაც ნაკლებად მიმზიდველს გახდიდა როგორც ქონების მემკვიდრეობით მიღების პროცესს, ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონებით სარგებლობასა და განვითარებას. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ინტერესების დაცვა წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რაც, ზოგადად, შესაძლებელია იყოს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამამართლებელი საფუძველი...“.

21.4. კასატორის განმარტებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა სამკვიდროს გახსნის ან მემკვიდრეების მიერ ნოტარიუსისთვის მიმართვის მომენტიდან, არამედ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მოთხოვნა ისეთ პირებს წარედგინოთ, რომლებიც საბოლოოდ სამკვიდრო ქონებაზე უფლებას საერთოდ ვერ მოიპოვებენ.

21.5. კასატორის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ სარჩელის წარდგენის გზით, დაცულია მოთხოვნის წარდგენის ვადა დანარჩენი მოპასუხეების მიმართ.

22. მსესხებლის მეუღლის საკასაციო საჩივარი

22.1. საკასაციო საჩივარი წარადგინა, მსესხებლის მეუღლემ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 სექტემბრის განჩინებაზე, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

22.2. კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილ შეგებებულ სარჩელზე, მოსარჩელის (ბანკის) მიერ წარდგენილ შესაგებელში არ იყო მითითებული არგუმენტები და გარემოებები, თუ რატომ არ ეთანხმებოდა შეგებებული სარჩელის მოთხოვნებს, რის გამოც შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები ავტომატურად დადასტურებულად უნდა მიჩნეულიყო. ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნის დამაბრკოლებელ გარემოებად ისეთ ფაქტორებზე მიუთითეს, რომელიც ბანკის შესაგებლით არ ყოფილა შედავებული.

22.3. კასატორის მტკიცებით, როდესაც შეგებებულ სარჩელზე, მოპასუხე არ წარადგენს კვალიფიციურ შესაგებელს, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

22.4. კასატორის მოსაზრებით, მაშინ როდესაც, მამკვიდრებელი სარგებლობდა სიცოცხლის დაზღვევით, პრეზუმფციის მაღალი ხარისხით უარს არ იტყოდა საბანკო ურთიერთობაში ანალოგიურ დაზღვევაზე, ამასთან, თანხმობის შემთხვევაში, რაიმე სპეციალური ფორმის შევსება საჭირო არ იყო.

22.5. აღსანიშნავი იყო, რომ მამკვიდრებლის იპოთეკური სესხის ნარჩენი ვალდებულება 2015 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით - 13 179 აშშ დოლარს, ხოლო ამავე დღეს აღებული ე.წ. სამომხმარებლო სესხის ოდენობა, რომლის ნაწილშიც ბანკმა არ დააზღვია კლიენტის სიცოცხლე 11 500 აშშ დოლარს შეადგენდა, ჯამში - 24 679 აშშ დოლარი. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, ხელშეკრულების 2.4 პუნქტის დანართი #2-ის შევსების ვალდებულება მხოლოდ მაშინ ჰქონდა მსესხებელს თუ სესხი აღემატებოდა 30 000 აშშ დოლარს. წინამდებარე შემთხვევაში სპეციალური დანართის შევსებისა და მსესხებლის თანხმობის გარეშე, ბანკის ვალდებულებას წარმოადგენდა, სესხის მოცულობის (24 679 აშშ) გათვალისწინებით დაეზღვია მსესხებლის სისცოცხლე და მისი გარდაცვალების გამო, მემკვიდრეები არ დაეყენებინა მისივე განხორციელებადი მოთხოვნის წინაშე.

22.6. საკასაციო საჩივრით, კასატორმა იშუამდგომლა, საკასაციო ეტაპზე, იურიდიული ხარჯის - 800 ლარის მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრება.

23. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

23.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მეორე კასატორის, ხოლო 2020 წლის 17 იანვრის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივრები წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

24. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

26. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრები დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

29. საკასაციო სასამართლო უპირველესად, მეორე კასატორის საკასაციო პრეტენზიების პასუხად განმარტავს:

29.1. მეორე კასატორის განმარტებით, ბანკმა, მსესხებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე მისივე განხორციელებადი მოთხოვნის წინაშე დააყენა, ამასთან, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ბანკის მიერ წარდგენილი „ნულოვანი შესაგებელი“ არ ჩათვალეს შესაგებლის წარუდგენლობად და არ მიიჩნიეს, მეორე კასატორის შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად;

29.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბანკის მიერ სარჩელის წარდგენის საფუძველზეა დაწყებული სამართალწარმოება, ამ უკანასკნელმა, სარჩელისა და დაზუსტებული სარჩელის წარდგენით, მათზე მტკიცებულებების დართვითა და მოთხოვნების განსაზღვრით წაუყენა მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზიები სადავო საგანთან დაკავშირებით, ხოლო მეორე კასატორმა, შეგებებული სარჩელი წარადგინა ამავე დავის საგნის დაკმაყოფილების გამორიცხვის მიზნით (იხ. სსსკ-ის 189-ე მუხლის). დადგენილია, რომ მსესხებლის მეუღლე წარდგენილი შესაგებლით, დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს მის მიერ მიღებული სამკვიდროს პროპორციულად (იხ. შესაგებელი, ტ.2,ს.ფ. 1-13), ასევე ბანკმა მის მიერ წარდგენილ შესაგებელში, შეგებებული სარჩელის პასუხად, უარჰყო მასში მითითებული გარემოებები და მოითხოვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

29.3. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც თავდაპირველ სარჩელში მითითებული იყო საქმის სადავო გარემოებების თაობაზე ბანკის პოზიცია, წარდგენილი იყო მტკიცებულებები, შეგებებული სარჩელის პირობებში წარდგენილი იყო ბანკის შესაგებელი, მსესხებლის მეუღლის პრეტენზიებზე უარის თქმის მოთხოვნით, ამასთან, მოპასუხემ ნაწილობრივ აღიარა სასარჩელო მოთხოვნები, შეგებებულ სარჩელში მითითებული გარემოებები ვერც იურიდიულად გამართლებულად ჩაითვლებოდა და მით უფრო ვერც დაკმაყოფილდებოდა.

29.4. საკასაციო სასამართლო მეორე კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ბანკის ვალდებულების შესახებ, მსესხებლის დაზღვევის თაობაზე, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებასა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ გარემოებებზე მიუთითებს და დამატებით განმარტავს, რომ:

29.4.1. მხარეთა შორის, დადებული იყო სხვადასხვა სახის საბანკო მომსახურების ხელშეკრულებები, მათ შორის იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გაცემული სესხი 25 000 აშშ დოლარი, ხოლო, სამომხმარებლო ხელშეკრულების ფარგლებში გაცემული სესხი 11 500 აშშ დოლარი იყო.

29.4.2. დასახელებული ხელშეკრულებებიდან, მხარეთა შეთანხმებით, ბანკი ვალდებული იყო მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება გაეფორმებინა მხოლოდ იპოთეკური მიზნით გაცემულ სესხზე და არა სხვა სახის სესხებზე, მათ შორის სამომხმარებლო სესხზე. ამასთან, მსესხებელს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა ასეთი დაზღვევით სარგებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკური სესხის თანხა აღემატებოდა 30 000 აშშ დოლარს.

29.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა შეთანხმება დაზღვევის თაობაზე, ეხებოდა იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ 30 000 აშშ დოლარამდე. დასახელებული ლიმიტის ზევით, მხოლოდ მსესხებლის სპეციალური ნებართვის იქნებოდა შესაძლებელი მისი დაზღვევა, თუმცა ასეთი თანხმობის თაობაზე მეორე კასატორმა ვერ მიუთითა და ვერც შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინა

29.6. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და არც მოპასუხე მხარე ხდიდა სადავოდ, რომ მოპასუხეთა დავალიანება ჯამში - 18 763.01 აშშ დოლარსა და 1489.52 ლარს შეადგენდა, საიდანაც მსესხებლის მეუღლის დავალიანება, მიღებული სამკვიდრო ქონების პროპორციულად 5 003.44 აშშ დოლარსა და 397.2 ლარს შეადგენდა.

29.7. შესაბამისად, კასატორის ის პრეტენზია, რომ დარჩენილი დავალიანება ჯამში არ აღემატებოდა 30 000 აშშ დოლარს არ წარმოადგენს მეორე კასატორის დასაბუთებულ პრეტენზიას ვინაიდან, ასეთი ლიმიტი, მხოლოდ იპოთეკური სახის სესხისთვის იყო დადგენილი, რომელზეც, ბანკმა მსესხებლის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე ვალდებულება შეასრულა, მეტიც, მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე სადაზღვევო კომპანიას წარუდგინა მოთხოვნა, დაზღვეული სესხის თანხის დაფარვის თაობაზე, ხოლო ამ უკანასკნელმა ჩაურიცხა დარჩენილი თანხა კრედიტორს (იხ. ტ.1,ს.ფ.106-110).

30. საკასაციო სასამართლო პირველი კასატორის (ბანკის) საკასაციო პრეტენზიების პასუხად განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრეებისათვის ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია „მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე - 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც“ – (იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.2016 წ;) კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი „1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო მოთხოვნის ვადის დადგომი მიუხედავად“ აწესრიგებს.

31. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: # ას-143-136-2010, 07.10.2010წ; # ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ (იხ. სსკ-ის 1319-ე მუხლი), თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო (იხ. სსკ-ის 1421-ე მუხლი). ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი).

33. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017)(იხ. სსკ-ის მე-2 მუხლი).

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 28 იანვარს. აღნიშნული ფაქტის თაობაზე გარდაცვლილი მსესხებლის მეუღლემ ბანკს 2016 წლის 1 აპრილს აცნობა (ტ.1,ს.ფ.104-105). საპასუხოდ, ბანკმა, მსესხებლის მეუღლეს მოთხოვნა 2016 წლის 27 მაისს წარუდგინა. ბანკის მიერ, მსესხებლის მეუღლის წინააღმდეგ აღძრულ სარჩელზე, მეორე კასატორმა შესაგებელი წარადგინა (იხ. შესაგებელი, ტ.1,ს.ფ.85-99, 12.06.2017), რომელიც მოსარჩელეს 2017 წლის 1 აგვისტოს ჩაჰბარდა. აღნიშნულ შესაგებელს მტკიცებულების სახით, მსესხებლის მეუღლისა და სხვა მემკვიდრეების მიერ ნოტარიუსისთვის, სამკვიდროს მიღების მიზნით წარდგენილი განცხადებები ერთვოდა (ტ.1,ს.ფ.102-103). აღსანიშნავია, რომ ბანკმა, დაზუსტებული სარჩელი (ყველა მოპასუხის მითითებით, ერთი წლის შემდეგ), 2018 წლის 7 აგვისტოს წარადგინა, მანამდე, რაიმე სახით, გარდაცვლილის სასესხო ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, ამ უკანასკნელის მეუღლის გარდა არავისთვის წარუდგენია.

35. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და მითითებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბანკის მიერ, როგორც კრედიტორის მიერ, სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეებისთვის მოთხოვნის წარდგენის ვადა 2016 წლის 1 აპრილს დაიწყო. ამასთან, დანარჩენი მემკვიდრეების, მიერ ნოტარიუსისთვის განცხადებით მიმართვის თაობაზე, ბანკმა 2017 წლის 1 აგვისტოს შეიტყო, თუმცა, მათ, მოთხოვნა, მხოლოდ დაზუსტებული სარჩელით (ერთი წლის შემდეგ), 2018 წლის 7 აგვისტოს წარუდგინა, რაც გამორიცხავს ბანკის მიერ განსახილველ შემთხვევაში, მოვალეთა მიმართ ვადის დაცვით პრეტენზიის წაყენებას.

36. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, კრედიტორისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, მას ნოტარიუსისათვის უნდა მიემართა, მსესხებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი პრეტენზიის წარდგენისა თუ შეცილების ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები სხვადასხვა სამართლებრივ კატეგორიას წარმოადგენს. განსხვავებულია, აღნიშნული ვადების შემოწმების საფუძვლებიც, თუ სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადებს, სასამართლო, მოთხოვნის უფლების ადრესატის მითითებით (იხ. შეჯიბრებითობის პრინციპი) ამოწმებს, ე.წ საპრეტენზიო ვადის შემოწმება სასამართლოს მიერ, მხარის მოთხოვნისა და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საგანია, რომელსაც სასამართლო თავისი ინიციატივით იკვლევს.

38. საკასაციო სასამართლო, პირველი კასატორის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე მითითებას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში განხილვის საგანს სსკ-ის 1488-ე მუხლით განსაზღვრული, კრედიტორების მიერ, გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეთა მიმართ მოთხოვნის თაობაზე წარდგენის საპრეტენზიო ვადის ათვლის საკითხი წარმოადგენს, ხოლო მითითებული გადაწყვეტილება სხვა საკითხს ეხება.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო მხარეთა საკასაციო საჩივრები - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მათი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.“ და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია – იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს.

41. საკასაციო სასამართლო, კასატორის შუამდგომლობის თაობაზე, იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგისთვის დაკისრების თაობაზე, განმარტავს, რომ განსახილველ დავაზე, სარჩელი, საბოლოო (დაზუსტებული) სახით, წარდგენილი იყო ოთხი მოპასუხის წინააღმდეგ, საიდანაც, მხოლოდ - მსესხებლის მეუღლის (მეორე კასატორის) მიმართ დაკმაყოფილდა (შესაბამისად, მსესხებლის მეუღლის ნაწილში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით წარმომადგენლის საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა). სააპელაციო საჩივარი წარდგენილია, მხოლოდ ამ უკანასკნელის მიერ, ისევე, როგორც საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით, დაუშვებლად იქნა ცნობილი მხარეთა საკასაციო საჩივრები, შესაბამისად, მიმდინარე საქმეზე, მხარეთა უფლება-მოვალეობები კანონიერ ძალას, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სახით შეიძენს (რომლითაც, მეორე კასატორის მიმართ, მოსარჩელის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა). აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში, იურიდიული მომსახურების თაობაზე ხელშეკრულება შედგენილია, კასატორის წარმომადგენლისა და უშუალოდ მეორე კასატორის მიერ. ამავე, ხელშეკრულების შესაბამისად, მომსახურების გრაფაში მითითებულია "საკასაციო საჩივრის მომზადება და კლიენტის ინტერესების წარმოდგენა უზენაეს სასამართლოში, სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით" (ტ.3, იხ. საკასაციო შესაგებელზე დართული იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება).

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

43.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად;

3. სს „ს.ბ–ს“ (ს/ნ:.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, 2019 წლის 26 ნოემბერს №30662 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1 912.15 ლარის 70% - 1 338.50 ლარი და 2020 წლის 6 იანვარს №35134 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 184 ლარის 70% - 128.8 ლარი;

4. ნ.ხ–ას (პ/ნ: .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე, მის მიერ 2019 წლის 4 დეკემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 761 ლარის 70% - 532.7 ლარი;

5. ნ.ხ–ას შუამდგომლობა სს „ს.ბ–ისთვის“ მის მიერ გადახდილი იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე