ახალად აღმოჩენილი გარემოებები

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ა-4663-ა-9-2020
კატეგორია
დავის ტიპი
ახალად აღმოჩენილი გარემოებები
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ა-4663-ა-9-2020 27 ნოემბერი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადების დასაშვებობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებაზე, საქმეზე _ შპს „ე–ას“, პ.ბ–ისა და უ.ნ–ის სარჩელის გამო, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, გარიგების ბათილად ცნობისა და წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინების თანახმად, მხარემ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა და ამავე კოდექსის 396.3 მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, არ არსებობდა საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობა. ხსენებული განჩინება ემყარება შემდეგს:

- კასატორს, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის სობიექტს არ წარმოადგენს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაეგზავნა ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით;

- გზავნილი ორგანიზაციის წარმომადგენელს ჩაბარდა 2020 წლის 5 აგვისტოს, რაც დამოწმებულია ამავე ორგანიზაციის ბეჭდით და მიმღები პირის ხელმოწერით;

- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 და 61.3 მუხლების თანახმად, საჩივრის წარდგენის ვადის დენა დაიწყო 2020 წლის 6 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 26 აგვისტოს;

- საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 27 აგვისტოს.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, ასევე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. განმცხადებლის არგუმენტს წარმოადგენს ის, რომ მისი სახელით გზავნილის მიმღები თანამშრომელი _ ი.დ–ძე 2020 წლის 5 აგვისტოსათვის იმყოფებოდა კუთვნილ შვებულებაში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მასთან შრომითი ურთიე–ა იყო შეჩერებული და იგი არ იყო უფლებამოსილი, ჩაებარებინა გზავნილი. ვინაიდან კორესპონდენცია ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უფლებამოსილი პირის მხრიდან ამ კორესპონდენციის რეგისტრაციის მომდევნო დღიდან უნდა აითვალოს. გარდა ამისა, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების წინაპირობები.

საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.4, 425-ე და 429-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი/განცხადება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების ინსტიტუტი არ წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს და ის არ შეიძლება ე.წ შენიღბულ აპელაციად იქცეს, სასამართლოს აქტს, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ საზოგადოების ნდობა გააჩნია და მისი გაუქმების შესაძლებლობა არღვევს მუდმივობის პრინციპს. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ საქმის წარმოების განახლების მექანიზმი ევროკონვენციის მე-6 მუხლით აღიარებული სამართლიანი სასამართლოს უფლების განუყოფელი ნაწილია, თუმცა საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო შემთხვევაში. არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52). საბოლოოდ გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით (იხ. ECHR: „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს საქმის წარმოების განახლების დეტალურ წინაპირობებს, კერძოდ, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება.

მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი თვლის, რომ სახეზეა ზემოხსენებული ნორმის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა, თუმცა, პალატა მას არ იზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიზნებისათვის (ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს) ორგანიზაციის არაუფლებამოსილ წარმომადგენლად ი.დ–ძის მიჩნევას მის შვებულებაში ყოფნის ფაქტი ვერ განაპირობებს, რადგანაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისაგან განსხვავებით შესაფასებელ საკითხს წარმოადგენს საპროცესო საკითხი: ამ შემთხვევაში უპირატესი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის ჩანაწერია, რომლის ფარგლებშიც უდავოა, რომ ორგანიზაციის მისამართზე ფოსტის კურიერს დახვდა მერიის თანამშრომელი ი.დ–ძე, რომელმაც თანხმობა განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე, აღნიშნული დაამოწმა ხელმოწერითა და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ბეჭდით, ამასთანავე, უდავოა, რომ შეტყობინება/კორესპონდენცია გადაეცა მუნიციპალიტეტს, რომელმაც საპროცესო ვადის დარღვევით განახორციელა საპროცესო მოქმედება _ წარადგინა საკასაციო საჩივარი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია როგორც ის გარემოება, რომ მუნიციპალიტეტს, როგორც დამსაქმებელს, შრომითი ურთიე–ის შეჩერების პირობებში, არ უნდა დაეშვა შვებულებაში მყოფი თანამშრომელი ორგანიზაციაში, არ გადაეცა მისთვის ბეჭედი და სხვა, გარდა ამისა, საკასაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის მისთვის უკვე იყო ცნობილი ის ფაქტი, რომ კორესპონდენცია ჩაიბარა ი.დ–ძემ, რასაც ირიბად ადასტურებს კიდეც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში (სსსკ-ის 423.3 მუხლი).

ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ განმცხადებლის მთავარი არგუმენტი _ შეტყობინების მიმღები პირის უფლებამოსილების თაობაზე არ წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების წინაპირობას, რაც განცხადების დაუშვებლობაზე მეტყველებს.

პალატა ასევე უარყოფს მხარის პოზიციას გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლი, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას იძლევა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას, თუმცა, ვინაიდან საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუშვებელია, ამ შუამდგომლობის შინაარსობრივი საფუძვლიანობის კვლევა იურიდიულად გაუმართლებელი ხდება, რაც მისი უარყოფის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 425-ე, 429-ე, 432-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე