დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 05.02.2021
საქმის ნომერი
ას-950-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.02.2021

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-950-2020 5 თებერვალი, 2021 წელი,ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს "მ–ი" (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ი (მოპასუხე), ა.ბ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება, შპს "მ–ის" სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებების და მინდობილობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა.ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) საკუთრებაში ირიცხებოდა N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ..... ქუჩის მიმდებარედ, ნაკვეთი 6/62, დაზუსტებული ფართობი - 3 263 კვ.მ (იხ. ტ 2, ს.ფ 16-17).

2. ქ. ბაქოს №13 ნოტარიუსის კ. ნ. გ–ეს მიერ, 2017 წლის 12 ივლისს, მოსარჩელის სახელით მ.ს–ძეზე (შემდეგში: თავდაპირველი მოპასუხე) გაიცა მინდობილობა, (რეგისტრირებული რეესტრში №83/18) (იხ. ტ 2, ს.ფ 20-26).

3. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება, 2017 წლის 17 ივლისს, თავდაპირველმა მოპასუხემ გაასხვისა თავის რძალზე - ა.კ–ზე (შემდეგში: მოპასუხე ან პირველი მყიდველი) (იხ. ტ 2, ს.ფ 18-20).

4. მოპასუხემ (პირველმა მყიდველმა), 2017 წლის 18 ივლისს, უძრავი ქონება დაჰყო ორ ნაწილად, კერძოდ, 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაირეგისტრირა N..... საკადასტრო კოდით, ხოლო 1 263 კვ.მ მიწის ნაკვეთი - N ..... საკადასტრო კოდით (იხ. ტ 2, ს.ფ 29-31; 139-142).

5. მოპასუხესა და შპს ,,მ–ს’’ (შედეგში: მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ან დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი, საწარმო ან კასატორი) შორის, 2017 წლის 20 ივლისს, 1 263 კვ.მ (ს/კ .....) მიწის ნაკვეთზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნასყიდობის საგნის ღირებულება 189 500 აშშ დოლარით (შესაბამისი კურსით 454 800 ლარი) განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის საგნის საფასური მყიდველის მიერ სრულად იქნა გადახდილი (იხ. ტ 2, ს.ფ 149-150).

6. ნასყიდობის ხელშეკრულება, რეგისტრაციის მიზნით, იმავე დღეს წარედგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (იხ. ტ 2, ს.ფ 154-155).

7. დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირსა (საწარმოსა) და მოპასუხეს შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე ერთი დღით ადრე - 2017 წლის 19 ივლისს, საწარმოსა და სს ,,ს.ბ–ს’’ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის (საწარმოს) სახელზე გაიცა 368 000 აშშ დოლარის სესხი (იხ. ტ 2, ს.ფ 136-138).

8. თავდაპირველი მოპასუხის მიერ ყალბი მინდობილობის საფუძველზე დადებული ხელშეკრულების თაობაზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე №092060617001, რომლის ფარგლებში ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა გადაუდებელი აუცილებლობის გამო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ დადგენილება, რომლითაც ყადაღა დაედო გასხვისებულ უძრავ ქონებას (იხ. ტ 2, ს.ფ 159).

9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 ივლისის №882017647031- 03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება იმ საფუძვლით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 25 ივლისს წარედგინა განაცხადი აკრძალვისა და ყადაღის წარმოშობის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. 2017 წლის 30 ივლისს შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება და განმცხადებელს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე (იხ. ტ 2, ს.ფ 154-155; 159).

10. სისხლის სამართლის №092060617001 საქმეზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის 2017 წლის 28 ივლისის დადგენილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარალებულად მიღებული ქონებრივი ზიანის გამო (იხ. ტ 2, ს.ფ 27-28)

11. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განაჩენით თავდაპირველი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენის მიხედვით, თავდაპირველმა მოპასუხემ და ამავე განაჩენით დამნაშავედ ცნობილმა ერთ-ერთმა პირმა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად განიზრახეს მოსარჩელის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ .....) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. მათ დაამზადეს 2017 წლის 12 ივლისით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით, თითქოს თავდაპირველი მოპასუხე იყო მოსარჩელის წარმომადგენელი და უფლებამოისლება ჰქონდა, ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. მინდობილობის გამოყენებით თავდაპირველ მოპასუხეს და პირველ მყიდველს შორის, 2017 წლის 17 ივლისს, გაფორმდა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს მოპასუხემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც, 2017 წლის 18 ივლისს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა მის სახელზე და მოხდა ნაკვეთის დაყოფა ორად- 2 000 კვ.მ (ს/კ .....) და 1 263 კვ.მ (ს/კ 01.....) მიწის ნაკვეთებად. 2017 წლის 20 ივლისს თავდაპირველი მოპასუხის, ამ განაჩენით დამნაშავედ ცნობილი ერთ-ერთი პირის და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების მიერ, მიწის ნაკვეთის ნაწილი 1 263 კვ.მ დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირზე (საწარმოზე) 189 450 აშშ დოლარად გასხვისდა (იხ. ტ 2, ს.ფ 253-267).

12. სარჩელის საფუძვლები

12.1. მოსარჩელემ, 2017 წლის 14 აგვისტოს, სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:

12.2. ბათილად იქნეს ცნობილი, 2017 წლის 12 ივლისს, მოსარჩელის სახელით თავდაპირველი მოპასუხის მიმართ გაცემული მინდობილობა, დამოწმებული ქ. ბაქოს N... ნოტარიუსის მიერ.

12.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება თავდაპირველ მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელსა, და მოპასუხეს შორის.

12.4. მოსარჩელე ცნობილ იქნეს უძრავი ქონებების, 2 000 კვ.მ (ს/კ .....) და 1 263 კვ.მ (ს/კ ......) მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ.

13. მესამე პირის (საწარმოს) დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა

13.1. დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ცნობილ იქნეს უძრავი ქონების - 1263 კვ/ მ მიწის ნაკვეთის (ს/კ ......) მესაკუთრედ.

13.2. დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირმა განმარტა, რომ მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას, როგორც კეთილსინდისიერ შემძენს, შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრაციის უფლება ერთმევა. საწარმოს მტკიცებით, ის კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენს, ვინაიდან საჯარო რეეტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ მონაცემებს ეყრდნობოდა.

13.3. შემძენისთვის უცნობი იყო და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელს უძრავი ქონება შეძენილი ჰქონდა თავდაპირველი მოპასუხისგან ყალბი მინდობილობის საფუძველზე.

14. მოპასუხის შესაგებელი

14.1. თავდაპირველმა მოპასუხემ უძრავი ქონების მესაკუთრის სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელი არ წარადგინა, შესაბამისად, მისი მხრიდან სარჩელის ფაქტობრივი გარემოები შედავებული არის არის.

14.2. მოპასუხემ (პირველმა მყიდველმა) სარჩელი არ ცნო.

15. მოპასუხის შესაგებელი მესამე პირის დამოუკიდებელ სასარჩელო მოთხოვნაზე

15.1 მოპასუხემ მესამე პირის დამოუკიდებელი სარჩელი არ ცნო.

16. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

16.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

16.1.1. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 12 ივლისს, მოსარჩელის სახელზე, თავდაპირველი მოპასუხის მიმართ გაცემული მინდობილობა, დამოწმებული ქ. ბაქოს N.. ნოტარიუსის მიერ.

16.1.2. ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, თავდაპირველ მოპასუხეს, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელსა, და მოპასუხეს (პირველ მყიდველს) შორის.

16.1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა 2 000 კვ.მ (ს/კ .....) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

16.1.4. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა 1 263 კვ.მ (ს/კ .....) მიწის ნაკვეთზე მისი მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

16.1.5. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) სარჩელი დაკმაყოფილდა.

16.1.6. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ცნობილ იქნა 1 263 კვ.მ (ს/კ ......) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

16.1.7. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 61-ე, 183-ე, 185-ე, 312-ე, 323-ე, 976-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 180-ე მუხლით იხელმძღვანელა.

16.2. საქალაქო სასამართლოს შეფასებით, 2017 წლის 12 ივლისს მოსარჩელის სახელით თავდაპირველ მოპასუხეზე გაცემული მინდობილობა, ისევე როგორც ამ მინდობილობის საფუძველზე, 2017 წლის 17 ივლისს, თავდაპირველ მოპასუხესა და მოპასუხეს (პირველ მყიდველს) შორის უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს ბათილ გარიგებებს.

16.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე დგინდება, რომ, 2017 წლის 12 ივლისს, მოსარჩელის სახელით თავდაპირველ მოპასუხეზე გაცემული მინდობილობა ყალბ დოკუმენტს წარმოადგენს. შესაბამისად, მოსარჩელეს (უძრავი ქონების მესაკუთრეს) არც მინდობილობის გაცემისას და არც უძრავი ქონების გასხვისების თაობაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას არ გამოუვლენია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის (უძრავი ქონების გასხვისების) გამომწვევი ნება.

16.4. სასამართლომ განმარტა, რომ უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას. ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება (მათ შორის მოწონებაც). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების 2 000 კვ.მ-ს (ს/კ ......) მესაკუთრეს.

16.5. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) სარჩელთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ უძრავი ქონების შემძენის ქმედება უნდა შეფასდეს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებად, ვინაიდან მან ნასყიდობის ხელშეკრულება დადო და შესაბამისად საკუთრების უფლება შეიძინა საჯარო რეესტრის მონაცემების შესაბამისად, მესაკუთრედ რეგისტრირებული პირისაგან, რითაც მისი მხრიდან დაცულია წინდახედულობის ნორმები. სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის თანახმად, კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი შეიძლება პრიორიტეტული გახდეს, ვიდრე - თავდაპირველი მესაკუთრის. ეს ის შემთხვევაა, როცა ნივთის გასხვისება ხდება არაუფლებამოსილი მესაკუთრის მიერ და ამ უკანასკნელის მიერ დადებული გარიგება ზოგადი წესით ბათილია, თუმცა ნივთის შემძენის კეთილსინდისიერება განსაზღვრავს ნივთზე უპირატესი უფლების მინიჭებას.

16.6. სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, საწარმოს, როგორც უძრავი ქონების შემძენის, მიერ განხორციელებული ქმედებები (ნაკვეთის დაყოფის მოთხოვნა, კრედიტის აღება, პროექტების მომზადება და ა.შ.) მიუთითებს დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის, როგორც სადავო უძრავი ქონების შემძენის კეთილსინდისიერებაზე და საქმის მასალებში წარდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება უძრავი ქონების შეძენის ფაქტის მიმართ მისი არაკეთილსინდისიერი ქმედება.

16.7. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული ყადაღის ღონისძიების გამო, საწარმომ ვერ შეძლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის პირობებში, არ უკარგავს მას უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობისა და კეთილსინდისიერი შემძენის ნორმებზე დაყრდნობით მოთხოვნის უფლებას.

17. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის სარჩელის მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

17.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (საწარმოს სასარგებლოდ დაკმაყოფილებულ ნაწილში) გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

18. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა.

18.1.1. მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების ს/კ 1263 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ.

18.1.2. არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) სარჩელი უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

18.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

18.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, უფლებრივი კონკურენციის არსებობის პირობებში შესაფასებელია სადავო უძრავი ქონების პირვანდელი მესაკუთრისა და ქონების შემძენის (საწარმოს) შეპირისპირებული ინტერესები, ე.წ კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტის ჭრილში. სასამართლომ მიუთითა, რომ მსგავსი შინაარსის დავების განხილვისას გადამწყვეტია შემძენის სუბიექტური დამოკიდებულება ნივთის შეძენამდე, კერძოდ, რამდენად გამოიჩინა გონივრული წინდახედულება და არსებობდა თუ არა საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციის საფუძველი, რაც ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალურ ჭრილში განხილვას და შეფასებას მოითხოვს.

18.4. სააპელაციო სასამართლომ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) სუბიექტური დამოკიდებულების შეფასებისას ყურადღება გაამახვილა დროის მცირე მონაკვეთის მანძილზე განხორციელებულ ქმედებათა ქრონოლოგიაზე, რაც ეჭვს ბადებს შემძენის მხრიდან სათანადო წინდახედულების გამოჩენის თვალსაზრისით. სასამართლოს შეფასებით, საყურადღებოა, რომ დაახლოებით ერთკვირიან მონაკვეთში, 2017 წლის 12 ივლისიდან - 20 ივლისამდე პერიოდში, თავდაპირველი რეგისტრირებული მესაკუთრის მხრიდან გაიცა მინდობილობა, აზერბაიჯანში, შემდგომში ქონება გასხვისდა პირველ მყიდველზე, რომელმაც ქონება ორ ნაწილად დაჰყო და, შესაბამისად, გაყოფილ მიწის ნაკვეთებს მიენიჭა ახალი, დამოუკიდებელი საკადასტრო კოდები, რის შემდეგაც მიწის ნაკვეთის შემძენმა საწარმომ ბანკიდან სესხი აიღო და ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასების შედეგად დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ივლისისათვის შემძენისთვის (საწარმოსათვის) ცნობილი იყო, რომ ქონება ირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებად, ცნობილი იყო ისიც, რომ მოსარჩელეს აზერბაიჯანში შედგენილი მინდობილობის საფუძველზე (გაცემული 2017 წლის 12 ივლისს) თავდაპირველი მოპასუხე წარმოადგენდა. სააპელაციო პალატის სხდომაზე შემძენმა საწარმომ (მისმა დირექტორმა) დაადასტურა, რომ პირადად ნახა საჯარო რეესტრის მონაცემები, რომლის თანახმად ქონება მოსარჩელის საკუთრებად იყო აღრიცხული. ასევე დადასტურებულია, რომ სწორედ შემძენის მოთხოვნით, 2017 წლის 18 ივლისს, ქონება აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად, რომელმაც უძრავი ქონება ორ ნაწილად დაჰყო, რის შემდეგაც, 19 ივლისს შემძენმა საწარმომ საკრედიტო დაწესებულებიდან სესხი აიღო, ხოლო სესხის აღებიდან მეორე დღეს - 20 ივლისს მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.

18.5. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, როგორც მოსარჩელის, ასევე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) განმარტებებზე. მოსარჩელის მტკიცებით, მესამე პირმა (საწარმომ) უარი განაცხადა მინდობილობის საფუძველზე მიწის ნაკვეთის შეძენაზე, ვიდრე ქონება მოპასუხის სახელზე არ აღირიცხა. მესამე პირის მტკიცებით კი, მიწის ნაკვეთის აღრიცხვა მოპასუხეზე იმ მიზნით განხორციელდა, რომ არ სურდა მთლიანი ნაკვეთის შეძენა და მხოლოდ 1260 კვ.მ შეძენის სურვილი გამოთქვა, რის გამოც საჭირო გახდა მოპასუხის სახელზე მიწის ნაკვეთის აღრიცხვა და მისი ორ ნაწილად გაყოფა.

18.6. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ მიწის ნაკვეთის გაყოფა მინდობილობის საფუძველზე მინდობილ პირსაც შეეძელო. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მიზანს ემსახურებოდა ქონების აღრიცხვა მოპასუხის სახელზე, თუ არა საწარმოს უარი, რომ მინდობილობის საფუძველზე შეეძინა მიწის ნაკვეთი.

18.7. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის (საწარმოს) განმარტებით, მისთვის უცნობი იყო, თუ როგორ აღმოჩნდა მიწის ნაწილი 1200 კვ.მ მოპასუხის საკუთრებად, ამ გარემოებით ის არც კი დაინტერესებულა; ასევე, არ დაინტერესებულა, იცოდა თუ არა ამის შესახებ თავდაპირველმა მესაკუთრემ. სწარმოს (მისი დირექტორის) განმარტებით, მიწის ნაკვეთის რეალური განმკარგავი იყო თავდაპირველი მოპასუხე (მოსარჩელის წარმომადგენელი გაყალბებული მინდობილობის საფუძველზე), რომელსაც პირადად გადასცა თანხა.

18.8. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზირა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირის მტკიცება მოპასუხის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო რეგისტრირებული მესაკუთრედ, რასაც თვითონაც არ უარყოფს, ამასთან, საწარმოს რაიმე თანხა ქონების შეძენისას პირველი მყიდველისათვის არ გადაუხდია, ამ უკანასკნელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების გასხვისებისას, შემძენმა საწარმომ თანხა გადაუხადა არა პირველ მყიდველს (როგორც ქონების გამსხვისებელს), არამედ - თავდაპირველ მოპასუხეს (მოსარჩელის წარმომადგენელს გაყალბებული მინდობილობით).

18.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი (საწარმო, მისი დირექტორი) არ დაინტერესებულა მიწის ნაკვეთის ნამდვილი მესაკუთრის ნების გამოვლენით სადავო გარიგების დადებისას. მართალია, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში მესაკუთრედ მოპასუხე იყო რეგისტრირებული, თუმცა, ნამდვილი მესაკუთრის ნების გამოვლენით დაუინტერესებლობას შემძენი საწარმო ვერ გაამართლებს მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემებისადმი ნდობაზე მითითებით მაშინ, როდესაც მისთვის ცნობილი იყო, რომ ერთი კვირით ადრე მიწა ირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებაში და მხოლოდ მისი (საწარმოს) მოთხოვნის შემდეგ, ქონება ფორმალურად აღირიცხა მოპასუხეზე.

18.10. სააპელაციო სასამართლომ უძრავი ქონების შემძენი საწარმოს კეთილსინდისიერების დასტურად ასევე არ მიიჩნია სესხის აღება ქონების შესაძენად, ასევე- პროექტის დაკვეთა მშენებლობის წარმოების მიზნით. შემძენის პოზიციას არც ის ამყარებს, რომ ნაკვეთის მოძიება მაკლერის დახმარებით განხორციელდა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შემძენი მეწარმე სუბიექტია და მას წინდახედულების მომეტებული სტანდარტი მოეთხოვება, რისი დაცვის პირობებშიც, საწარმოს შეეძლო, თავიდან აერიდებინა არამესაკუთრეთა მხრიდან ქონების შეძენა-გასხვისება. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შემძენს კეთილსინდისიერად არც ქონების საბაზრო ღირებულაბა აქცევს.

18.11. სააპელაციო სასამართლომ ნივთის თავდაპირველი მესაკუთრისა და მისი შემდგომი შემძენის შეპირისპირებული ინტერესებიდან უპირატესობა ნივთის თავდაპირველი მესაკუთრის ინტერესს მიანიჭა, რადგან მოსარჩელემ უზრუნველყო დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მესამე პირის (საწარმოს) უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან არ გამოვლენილა სათანადო წინდახედულება ნივთის შეძენამდე, რაც ეჭვქვეშ აყენებს მეწარმე სუბიექტის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ნივთის რეალური მესაკუთრის ვინაობის ცოდნის მიმართ.

19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

19.1. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირმა (საწარმომ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება, მისი გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვა.

19.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად შეაფასა ისინი. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტი, თითქოს კასატორი არ წარმოადგენს კეთილსინდისიერ შემძენს.

19.3. დადგენილია, რომ კასატორმა სადავო ქონება შეიძინა მოპასუხისგან, რომელიც ფაქტობრივად მიჩნეულია კეთილსინდისიერად, რადგან გამოძიებას მისთვის ბრალი არ წარუდგენია. გამოძიებამ დაადგინა, რომ მოპასუხისთვის უცნობი იყო მინდობილობის სიყალბის თაობაზე. ასეთ პირობებში კი კასატორს არ შეიძლებოდა სცოდნოდა დოკუმენტის სიყალბის თაობაზე.

19.4. სასამართლოს შეფასება, რომ შემძენი საწარმო არ დაინტერესებულა, იცოდა თუ არა ქონების გასხვისების შესახებ მოსარჩელემ, არასწორია და სცილდება გონივრული წინდახედულების სტანდარტებს. სასამართლო, შემძენს იმაზე მეტის ცოდნას ავალებს, ვიდრე მას, როგორც კეთილსინდისერ შემძენს, ევალებოდა გონივრული წინდახედულების ფარგლებში.

19.5. შემძენმა საწარმომ ნასყიდობის ხელშეკრულება სარეგისტრაციოდ წარადგინა არა დაჩქარებული წესით, არამედ - 4 სამუშაო დღის ვადაში მოხდა რეგისტრაცია. კასატორმა ქონება შეიძინა იმ დროისათვის და დღეის მდგომარეობითაც სოლიდურ ფასად, რაიმე „შეღავათის“ გარეშე. შემძენის ყველა ქმედება თანმიმდევრულად ქმნის მისი კეთილსინდისიერად მიჩნევის საფუძველს.

19.6. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მოპასუხეზე ქონების გაფორმების ფაქტს, თითქოს მისი, როგორც შემძენის, მოთხოვნა იყო, რომ მინდობილობის საფუძველზე ქონებას არ შეიძენდა. აღნიშნული მოსაზრება არასწორია, ვინაიდან შემძენს სურდა არა 3263 კვ.მ ფართის მიწის, არამედ მისი ნაწილის 1263 კვ.მ-ის შეძენა, რისთვისაც აუცილებელი იყო მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის ორ ნაწილად დაყოფა.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საწარმოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

25. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას კასატორის, როგორც შემძენის, კეთილსინდისიერებას ემყარება.

26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საწარმო არასწორად მიიჩნია სადავო ქონების არაკეთილსინდისიერ შემძენად.

27. სსკ-ის 185-ე მუხლის თანახმად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი მიიჩნევა სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

28. სსკ-ის 185-ე მუხლი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან ან არ არის სრულყოფილი, რისი არცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად.

29. მოხმობილ ნორმათა ანალიზი ცხადჰყოფს, რომ როდესაც საქმე ეხება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც სინამდვილეში უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სამოქალაქო კოდექსის 185-ე (არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“, იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისათვის ცნობილია. - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილება 17.10.2017. №3/4/550) და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ უკანასკნელი საკითხის გამორკვევისას გამოკვლეული უნდა იქნეს შემძენის შესაძლებლობა რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით, ან უნდა გაირკვეს შემძენს გონივრული წინდახედულების ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტი. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციის გათვალისწინებით, არამედ -ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (იხ.სუსგ-ები: №ას-355-334-2014, 21.07.2014წ.; სუსგ საქმე №ას-375-352-2014, 14.07.2014წ.). საკასაციო სასამართლო კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დასაცავად განმარტავს: „უპირველესად უნდა შემოწმდეს ბოლო მესაკუთრის უფლების ნამდვილობა და სწორედ ამ საკითხის დადებითად გადაჭრის შემდგომაა იურიდიულად ღირებული სხვა წინაპირობათა საფუძვლიანობის შემოწმება. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. ა-ა გარიგების დადების დროს ეყრდნობოდა რა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ გამყიდველის უფლებას, მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა უფლების ხარვეზის საკითხი, ამასთანავე, ქონება მყიდველს გადაეცა პირდაპირ მფლობელობაში და ის, როგორც მესაკუთრე ახორციელებდა ნივთზე სრულ ბატონობას. ამ შემთხვევაში, ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემის ნამდვილობა სწორედ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება, რა დროსაც მოქმედებს შემძენის კეთილსინდისიერების პრეზუმფცია. ამ კანონისმიერი ვარაუდის გაქარწყლება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს (იხ. სუსგ Nას-837-2019, 14.09.2020 წ.)- შეად. სუსგ N ას-931-2020, 22.01.2021 წ.).

30. სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს და ზნეობის ნორმებს. საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებშიც მოიაზრება ასევე საკუთრების ხელშეუხებლობა. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობის სოციალური ფუნქცია, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ შემთხვევაში მხედველობაშია სოციალური და ეკონომიკური საჯარო წესრიგი.

31. სსკ-ის 111-ე, 170-ე მუხლების თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე. კერძოდ, მან შეიძლება გაასხვისოს, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით დატვირთოს ან მოგების მიღების მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იგი სხვა პირს.

32. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისს, მოსარჩელის არაუფლებამოსილმა წარმომადგენელმა, რომელიც მოქმედებდა 2017 წლის 12 ივლისს შედგენილი, გაყალბებული მინდობილობის ფარგლებში, ქონება გაასხვისა მოპასუხეზე. მოპასუხემ, რომელიც მოსარჩელის წარმომადგენლის რძალია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), 2017 წლის 18 ივლისს, უძრავი ქონება ორ ნაწილად დაჰყო და 2017 წლის 20 ივლისს გაასხვისა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირზე (საწარმოზე), შედეგად უძრავი ქონება დარეგისტრირდა კასატორის საკუთრებად. შემძენისათვის (კასატორისთვის) ცნობილი იყო, რომ სადავო ქონება ირიცხებოდა მოსარჩელის საკუთრებაში, ასევე ცნობილი იყო, რომ მოსარჩელეს წარმოადგენდა თავდაპირველი მოპასუხე აზებაიჯანში შედგენილი მინდობილობის საფუძველზე.

33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით (საქმეზე №3კ/624-02)განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმციას: სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი.

34. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ კასატორი მეწარმე სუბიექტს წარმოადგენს, რომელსაც მისი ყოველდღიური საქმიანობის გამოცდილებიდან გამომდინარე, მოეთხოვება მეტი წინდახედულება და გონივრულობა გარიგებების დადებისას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს, რომელმაც სადავო გარიგების საფუძველზე შეიძინა უძრავი ქონება უნდა გამოეჩინა მეტი წინდახედულება ქონების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი სანოტარო აქტის ნაკლის მიმართ, ამასთან, იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, თუ რატომ არ შეეძლო საწარმოს უშუალოდ უძრავი ქონების ნამდვილი მესაკუთრის წარმომადგენლისაგან შეეძინა მისთვის სასურველი მიწის ნაკვეთის ნაწილი, დასაბუთებული მტკიცება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად იმსჯელა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით არაკეთილსინდისიერებაზე და შესაძენი ქონების ნამდვილი მესაკუთრის ვინაობის შესახებ ცოდნაზე (იხ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა და დასკვნები- ტ.3, ს.ფ. 111-115), რაც ვერც ერთი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა კასატორმა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო განმარტებით ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებას ეყრდნობა, ეს კი გულისხმობს ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულების გონივრულ მასშტაბს, რომლის უგულებელყოფამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს (შეად. სუსგ № ას-813-764-2015, 28.10.2015წ).

36. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება (ისეთი გარიგებები, რომლებიც დადებისთანავე ბათილია და მონაწილეთა მიერ დასახულ სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს) კი წარმოადგენს ბათილი გარიგების ყველაზე მკაცრ და კატეგორიულ ფორმას, ასეთი გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი არ დგება არც მისი მონაწილეების და არც მესამე პირთა მიმართ, რადგან იგი დადებისთანავე ბათილია და ნამდვილად ვერ აქცევს ვერც გარიგების შემდგომი მოქმედება.

37. მოცემულ შემთხვევაში, რამდენადაც სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებისას უძრავი ნივთის ნამდვილ მესაკუთრეს არ გამოუვლენია სადავო უძრავი ქონების გასხვისების ნება, მხოლოდ სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები ვერ დაიცავდნენ უძრავი ქონების შემძენის (კასატორის) ინტერესებს, რომელსაც, თავის მხრივ, როგორც მეწარმე სუბიექტს, არ გამოუვლენია წინდახედულების ის გონივრული მასშტაბი, რაც მას როგორც სამოქალაქო ბრუნვის გათვითცნობიერებულ სუბიექტს ევალება და ასეთი ვალდებულება არ წარმოადგენს გადაჭარბებულ ტვირთს მეწარმისათვის.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "მ–ის" (პ/ნ .....) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "მ–ს" (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.პ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2020 წლის 11 აპრილი), 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე