დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nას-506-2022
კერძო საჩივრის განუხილველად
დატოვების შესახებ
ქ. თბილისი
6 მაისი 2022 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „.+….“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ, მზრუნველი ნ. ხ. (მოსარჩელე)
მოპასუხე - შპს „…..“
დაინტერესებული მხარე - სსიპ სახელმწიფო ზრუნვის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, საიჯარო ქონებიდან მოპასუხეების გამოსახლება და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება; მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2020 წლის 13 ივლისს, სამტრედიის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ბ-ას მზრუნველმა ნ. ხ-მა, და მოითხოვა შპს „…“-ის და შპს „ნ.+…“-ის მიმართ უძრავ ქონებაზე დადებული ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა, საიჯარო ქირიდან მოპასუხეების გამოსახლება და მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ნ. ბ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოშლილად იქნა ცნობილი თ. ბ-სა და შპს „…“ შორის 2009 წლის 15 მაისს დადებული ქირავნობის ხელშეკრულება; მოპასუხეები შპს „…“ და შპს „ნ.+…“ გამოსახლებული იქნენ ქალაქ სამტრედიაში, … ქ. N..-ში მდებარე (ს/კ….) და …. ქ. N..-ში მდებარე (ს/კ …) უძრავი ქონებებიდან და აღნიშნული ფართები მოსარჩელეს ჩაბარდეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში; მოპასუხეებს შპს „…-ს“ და შპს „ნ.+…-ს“ სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 22 იანვრიდან ყოველთვიური ქირის 1200 (ხელზე ასაღები თანხა) ლარის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ნ. ბ-ას მოთხოვნა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდა, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქალაქ სამტრედიაში, … ქ. N..-ში მდებარე ს/კ ….) 115,7 კვ.მ ფართიდან შპს „…-ის“ გამოსახლებისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, კერძოდ, 2020 წლის 22 იანვრიდან მოპასუხეებზე ყოველთვიური ქირის სახით 4400 ლარის გადახდაზე უარის თქმისა და ქ. სამტრედიაში …. ქუჩა N.. მდებარე ფართიდან შპს „…“-ის გამოსახლებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებით უარის თქმის ნაწილში.
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ასევე გაასაჩივრა შპს „ნ.+…“ -მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ნ.+…“ -ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ნ.+…“ -ის წარმომადგენელმა ზ.წ-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ნ.+….“ -ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში "სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ხოლო, სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი (კერძო საჩივარი) განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას სხვა წინაპირობებთან ერთად არკვევს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში.
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან მისი გამოცხადების მომენტიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად (იხ. სუსგ საქმეზე № ას-692-2019, 11 ივნისი, 2019 წელი).
ამდენად, აღნიშნული ნორმა, რომელიც ადგენს სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების ვადას, იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ბოლო პუნქტით განიმარტა, რომ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება შესაძლებელი იყო კერძო საჩივრის წარდგენის გზით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის განჩინება, შპს „ნ.+…“ -ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, დ. ბ-ეს, გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის, დ. ბ-ის დედას, 2022 წლის 11 მარტს (იხ. ტ… ს.ფ. ….).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორისათვის განჩინების გასაჩივრების 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 12 მარტს და ამოიწურა 2022 წლის 23 მარტს. შპს „ნ.+…“ -ის წარმომადგენელმა ზ. წ-ემ კერძო საჩივარი წარადგინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 28 მარტს, სსსკ-ის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით.
სსსკ-ის 63-ე მუხლით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ. №ას-1086-2019, 25 ივლისი, 2019 წელი, №ას-2-2020, 13 იანვარი, 2020 წელი).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი კერძო საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით, რის გამოც ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.+….“ -ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი