დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო
საქმის ნომერი
ას-684-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-684-2022 16 სექტემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ფ-ის ს-ლი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჩ-ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ჩ-ამ (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ფ-ის ს-ის“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან კასატორი) მიმართ შემდეგი მოთხოვნებით: 1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხის 2021 წლის 20 მარტის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ; 2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე; 3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღიდან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 5 625 ლარის ოდენობით, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით; 4. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ შვებულების თანხის ანაზღაურება 1 406.25 ლარის ოდენობით.

2. სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2020 წლის 25 დეკემბრიდან, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, უვადოდ დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში, დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 5 625 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. 2021 წლის მარტის თვეში მოსარჩელეს კომპანიის ხელმძღვანელმა მოსთხოვა ხელი მოეწერა შრომით კონტრაქტზე. მოსარჩელემ კონტრაქტში აღმოაჩინა ისეთი პუნქტები, რაზეც მხარეები არ იყვნენ შეთანხმებული. კონტრაქტი შეიცავდა მითითებას გამოსაცდელ ვადაზეც, რაც მხარეთა განხილვის საკითხი არ ყოფილა შრომითი ურთიერთობის დაწყების ეტაპზე. 2021 წლის 18 მარტს სამსახურში გამოცხადებულ მოსარჩელეს სამუშაო კომპიუტერი დაბლოკილი დახვდა. HR დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოსარჩელეს დაუდასტურა, რომ კომპიუტერის დაბლოკვა დირექტორის მითითებით მოხდა. 2021 წლის 22 მარტს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხე კომპანიას არსებული ვითარების გასარკვევად, რაზედაც 2021 წლის 26 მარტს, მიიღო პასუხი რომ მოსარჩელემ მიატოვა სამსახური და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ამასთან, მოპასუხე კომპანია განმარტავდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება. ამავე წერილით კომპანიამ მოსარჩელეს აცნობა, რომ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. 2021 წლის 7 აპრილს მოსარჩელემ მიიღო 2021 წლის 20 მარტით დათარიღებული ბრძანება, მოსარჩელის გამოსაცდელი ვადის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხე კომპანიის მითითება გამოსაცდელ ვადაზე, ასევე, მოსარჩელე უარყოფს სამსახურიდან გათავისუფლების რაიმე სხვა საფუძვლის არსებობასაც.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე 2020 წლის დეკემბერში დასაქმდა მოპასუხე კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. მოსარჩელე, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, არ აწერდა ხელს ხელშეკრულებას, რომლის პირობები მისთვის ცნობილი იყო. მოსარჩელემ მიატოვა სამუშაო ადგილი, თვითნებურად არ ცხადდებოდა სამსახურში 2021 წლის 17 მარტიდან, რის გამოც, 2021 წლის 20 მარტს მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან გამოსაცდელი ვადის ფარგლებში.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2021 წლის 20 მარტის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსაჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 მარტიდან ყოველთვიურად 5 625 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე; სარჩელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის - 1406.25 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმ გარემოებაზე მითითებით, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, მოსაჩელე მოპასუხე კომპანიაში ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5 625 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. მოსარჩელე, 2021 წლის 20 მარტს, გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ბრძანება სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია. დამსაქმებლის მითითება, რომ ყველა ახალ თანამშრომელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება იდებოდა გამოსაცდელი ვადით, რის თაობაზეც იცოდა მოსარჩელემაც, არ იქნა მიჩნეული საკმარის არგუმენტად. სასამართლოს მითითებით, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს გამოსაცდელი ვადის შემთხვევაში ხელშეკრულების ფორმას და იგი უნდა იყოს წერილობით დადებული, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხის განმარტება და კომპანიაში დასაქმებულ სხვა პირებთან შრომის ხელშეკრულების არსებობა, არ იქნა მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად. სასამართლომ არც ის არგუმენტი მიიჩნია რელევანტურად, რომ დამსაქმებლის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მოსარჩელე არ აწერდა ხელს შრომით ხელშეკრულებას.

6. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სარჩელის უარყოფა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გამოტანილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სშკ-ის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება. მესამე პუნქტის თანახმად კი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამავე მუხლის მეხუთე პუნქტით კი, თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. სშკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მასთან მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, მხარეთა შორის ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. მოსარჩელე 2021 წლის 20 მარტს, გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან სშკ-ის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის ზეპირი ხასიათის გათვალისწინებით, შრომითი ხელშეკრულება ჩაითვლება განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებად. შესაბამისად, მიჩნეულია რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მითითებული საფუძველი - შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა - სახეზე არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული მოტივით ხელშეკრულების შეწყვეტა, სააპელაციო სასამართლომ არაკანონიერად მიიჩნია.

11. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც დასაქმებული სამსახურიდან გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულების ვადის გასვლის მითითებით თავისუფლდება, გარემოებები იმის შესახებ, რომ გათავისუფლებული თანამშრომელი გამოსაცდელის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა, დამსაქმებელმა ორგანიზაციამ უნდა ადასტუროს. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მართლზომიერად შეწყვეტის დასაბუთების მიზნით, მოპასუხეს უნდა წარმოედგინა მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება, შრომითი ხელშეკრულების გამოსაცდელი ვადით დადების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული შეთანხმებისთვის კანონი ითვალისწინებს წერილობით ფორმას. მოპასუხის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების შემდეგ მოსარჩელეს გაეგზავნა წერილობითი ხელშეკრულება, რომელსაც ხელი არ მოაწერა, ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მხარეებს შორის გამოსაცდელი ვადის თაობაზე წერილობითი შეთანხმება შედგა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა გათავისუფლების მართლზომიერების თაობაზე დასკვნის გაკეთება. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ სხვა პირებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებები ვერ გამოდგება იმის დასტურად, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით დაიდო.

12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელესთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადების ფაქტი. შესაბამისად, არამართლზომიერია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც, თავის მხრივ, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და იმ განაცდურის ანაზღაურების საფუძველია, რომელიც დასაქმებულმა დაუსაბუთებელი გათავისუფლებით დაკარგა.

13. სშკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა.

14. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის (აპელანტი) მიერ, რომელმაც მოთხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 მარტიდან ყოველთვიურად 5625 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე (იხ., ს.ფ. 24).

15. კასატორი მიიჩნევს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს არ სურს მოპასუხე კომპანიაში მუშაობა და დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა, რაც დასტურდება იმ გარემოებით, რომ 2022 წლის მაისში მოპასუხემ მოსარჩელეს ოფიციალურად შეატყობინა, რომ მოსარჩელე აღდგენილ იქნა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, მოსარჩელე არ შეუდგა მუშაობას, იძულებითი განაცდურის დაკისრება გაუმართლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანია საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობის განხილვისას მოსარჩელეს სთავაზობდა სამსახურში აღდგენას, რაზედაც მოსარჩელე არ თანხმდებოდა.

16. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანია დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოსარჩელე აღადგინა დაკავებულ თანამდებობაზე. როგორც 2022 წლის 02 ივნისის საკასაციო საჩივარზე დართული დოკუმენტებიდან დგინდება, 2022 წლის 27 მაისს მოპასუხე კომპანიის დირექტორის მიერ მომზადდა შეტყობინება, რომ 2022 წლის 01 ივნისიდან მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე კომპანიის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. ამავე დღეს კომპანიის იურისტმა, აღდგენის თაობაზე შეტყობინება გაუგზავნა მოსარჩელესა და მის წარმომადგენელს. მოსარჩელის წარმომადგენელმა გაურკვევლი პასუხი მოიწერა, რომ მისთვის საეჭვო იყო, რამდენად უფლებამოსილი პირი ეკონტაქტებოდა. მოსარჩელის წარმომადგენლის ამ მეილზე შპს „ფ---ის ს---მა“ პასუხი დააბრუნა 2022 წლის 30 მაისს და მოსარჩელეს გაუგზავნა კომპანიის ოფიციალური წერილობითი შეტყობინება. ამ ელექტრონული კომუნიკაციით კიდევ დადასტურდა, რომ კომპანიამ მოსარჩელე დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა. ამავე ელექტრონული კომუნიკაციით კომპანიამ მოსარჩელეს შეახსენა, რომ შრომითი ხელშეკრულება გაგზავნილი იყო 2022 წლის 10 მაისს, რომელზეც მოსარჩელეს შენიშვნები აღარ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენილია, მოსარჩელე დღემდე არ გამოცხადებულა სამსახურში. თუმცა თუ სასამართლო მაინც ჩათვლის, რომ განაცდურის მოთხოვნა დასაშვებია, კასატორი მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სამართლიანია კომპანიას განაცდური დაეკისროს არა სრულ პერიოდზე, არამედ 2021 წლის ივნისამდე, როდესაც მოპასუხე კომპანიამ პირველად შესთავაზა მოსარჩელეს სამსახურში აღდგენა.

17. კასატორი სსსკ-ის 272 -ე მუხლის ა (1) ქვეპუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს საქმის წარმოების შეწყვეტა, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ სურს სამსახურში აღდგენა, არაერთი მცდელობის მიუხედავად მოსარჩელე უარს ამბობს სამსახურში გამოცხადებაზე; კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი განაცდურის მოთხოვნის მიმართაც, რადგან განაცდური არ არის დამოუკიდებელი მოთხოვნა და გამომდინარეობს სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან.

18. კასატორი შუამდგომლობს მტკიცებულების გამოთხოვაზე, კერძოდ, მოითხოვს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სსიპ შემსავლების სამსახურიდან გამოითხოვოს ცნობა მოსარჩელის შემოსავლების შესახებ 2021 წლის 20 მარტიდან დღემდე, რამდენადაც კასატორისათვის გახდა ცნობილი, რომ მოსარჩელე დასაქმებულია სხვა კომპანიაში და აქვს შემოსავალი. აღნიშნული შუამდგომლობის წარდგენა საქმის განხილვის ადრეულ ეტაპზე ობიექტურად შეუძლებელი იყო, რადგან მოსარჩელის დასაქმების შესახებ ინფორმაცია კასატორისათვის ცნობილი გახდა ახლახანს.

სამოტივაციო ნაწილი:

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის მიკუთვნებას შეეხება. აღნიშნულ პრეტენზიას კასატორი ასაბუთებს იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზა დამსაქმებელმა სამსახურში აღდგენა, რაზედაც უარი მიიღო. გარდა ამისა, დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა, მოსარჩელე არ შეუდგა მუშაობას. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს, რომ მოსარჩელის ინტერესია იძულებითი განაცდურის ოდენობის გაზრდა. ამასთან, კასატორი აღნიშნავს, რომ თუკი უარყოფილი იქნება მისი პრეტენზია განაცდურის გაუცემლობასთან დაკავშირებით, უნდა შემცირდეს განაცდურის ოდენობა და განსაზღვროს 2021 წლის 30 ივნისამდე, როდესაც დამსაქმებელმა პირველად შესთავაზა მოსარჩელს სამსახურში აღდგენა.

22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (იხ., სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“ (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021, Nას-98-94-2016, 26.07.2016წ.; სუსგ №ას-368-2019, 31 ივლისი, 2019წ. პ.16).

23. საქართველოში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან, პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულაციური საფუძვლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ კანონიერი გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე; ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ., სუსგ-ები Nას-1391-1312-2012, 10.01.2014წ.; №ას-630-630-2018, 6 ივლისი, 2018 წელი; საქმე №ას-812-779-2016, 19 ოქტომბერი, 2016 წელი).

24. შესაბამისად, სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვა, მოითხოვს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დეტალურ და გულმოდგინე შესწავლასა და შეფასებას, რათა მხედველობის მიღმა არ დარჩეს დამსაქმებლის მხრიდან უფლების გამოყენების მართლზომიერება.

25. მითითებული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეამოწმოს რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ., სუსგ №ას-1350-2019, 27 ნოემბერი, 2019, პ.25).

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უმნიშვნელოვანესი პრინციპი რაც უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, ესაა პროპორციულობის (თანაზომიერება) და გონივრული საფუძვლის პრინციპი. თანაზომიერება, ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული; მეორე ULTIMA RATIO კი, განიმარტება, როგორც უკანასკნელი საშუალება, რამდენადაც მიჩნეულია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა დასაქმებულის კანონიერი ინტერესი (იხ., №ას-499-499-2018, 08 ივნისი, 2018).

27. მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 17-ე მუხლის მე-3 პუნქტი (დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება), რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის არაკანონიერ საფუძვლად მიიჩნიეს და დაადგინეს, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს დაკავებულ თანამდებობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დამსაქმებელმა საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გახადა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სამსახურში აღდგენის ნაწილში. შესაბამისად, ამ საკითხზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს. საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიაზე, რომელიც შეეხება განაცდურის დაკისრების მართლზომიერებას და განაცდურის ოდენობას.

28. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

29. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, მოსაჩელე მოპასუხე კომპანიაში ზეპირი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5 625 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.

30. მოსარჩელე, 2021 წლის 20 მარტს, გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

31. მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ბრძანება სასამართლომ არამართლზომიერად მიიჩნია და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე აღდგენილ იქნა მოპასუხე კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე; მოპასუხეს მოსაჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 20 მარტიდან ყოველთვიურად 5 625 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამ ნაწილში თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელადაა დატოვებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება და შესაბამისად, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრებასთან დაკავშირებით.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სშკ-ის 42-ე მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით, ხოლო 58-ე მუხლის მიხედვით კი, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

33. საკასაციო პალატის განმარტებით შრომითსამართლებრივი დავიდან გამომდინარე განაცდურის (ზიანის) ანაზღაურების შესახებ საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა:„მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც განხორციელებული იყო სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 411-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრები: დამსაქმებელმა უკანონოდ შეწყვიტა, შრომითი ურთიერთობა დასაქმებულთან, რითაც დაარღვია სშკ-ის 37-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სახეზეა დამსაქმებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედება; ბ) დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომისანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა საწარმოს უკანონო მოქმედება... განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის უკანონო ბრძანების საფუძველზე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, დასაქმებულს მიადგა ზიანი, რაც გამოიხატა მის მიერ შრომითი მოვალეობების შესრულების შეუძლებლობასა და კუთვნილი ანაზღაურების (ხელფასის) მიუღებლობაში. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდური წარმოადგენს სწორედ იმ ზიანს, რომელიც ეკუთვნის დასაქმებულს, რათა მოხდეს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა იმ სახით, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება’’ (იხ.სუსგ N ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

34. ამდენად, მოსარჩელის (დასაქმებულის) მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8-ე „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება“, 58-ე „ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1-ე „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ და 408.1-ე „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლები.

35. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ დამსაქმებლის მიერ გამოყენებული ღონისძიება - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა უკანონო იყო, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა; რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ ვინაიდან მოსარჩელეს არაერთხელ შეეთავაზა სამსახურში აღდგენა, უფრო მეტიც, დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის შესახებ, თუმცა, მოსარჩელე დღემდე არ შეუდგა მუშაობას, რაც მოსარჩელის მხრიდან წარმოადგენს იძულებითი განაცური დროის ხელფასის ხელოვნურად ზრდის საშულებას, ვერ გახდება განსახლევლი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი. დადგენილია, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან 2021 წლის 20 მარტს და ამ დროიდან არ მიუღია შრომის ხელშეკრულებით განსაზღვრული ანაზღაურება, ამასთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა არის კანონსაწინააღმდეგო. არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს აქვს სხვა დამსაქმებლის მიერ ხელფასის ჩარიცხვები, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე არ არის სხვაგან დასაქმებული ამ დროის განმავლობაში. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და დატოვა უცვლელად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

36. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, რომელიც შეეხება სსიპ შემსავლების სამსახურიდან მოსარჩელის შემოსავლების შესახებ ცნობის გამოთხოვას 2021 წლის 20 მარტიდან დღემდე, აღნიშნული არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ფაქტების მითითების ტვირთისა და ფაქტების დამტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

39. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპს. შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეთა თანასწორობის პრინციპთან ერთად, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო უფლების მნიშვნელოვან კომპონენტს.

40. სსსკ-ის მე–4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. შეჯიბრებითობის პრინციპმა თავისი ასახვა ჰპოვა სსსკ–ის მთელ რიგ სხვა ნორმებში.

41. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია სსსკ-ის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

42. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.

43. ამრიგად, სასამართლო ვერ გადაწყვეტს ვერცერთ სამოქალაქო საქმეს, თუ მან წინასწარ არ დაადგინა გარკვეული ფაქტები. ამ ფაქტების დადგენა ხორციელდება უმთავრესად დამტკიცების გზით, შესაბამისი მტკიცებულებების გამოყენებით. ფაქტების დამტკიცების პროცესი საკმაოდ დეტალურად რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, განსაზღვრულია მტკიცების საშუალებათა (მტკიცებულებათა) წრე, რომლებიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, ამ მტკიცებულებათა დასაშვებობა და განკუთვნადობა, მტკიცების ტვირთის (მოვალეობის) განაწილება მხარეთა შორის, ანუ რომელმა მხარემ რა გარემოება უნდა დაამტკიცოს, მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, მტკიცებულებათა შეფასების ზოგადი წესები და ა.შ.

44. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესში დადგენილი უნდა იქნეს სამი სხვადასხვა ხასიათის, შინაარსისა და შედეგების მიხედვით ისეთი ფაქტები, როგორიცაა: 1) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მხოლოდ პროცესუალურ სამართლებრივი შედეგი (სარჩელის მიღება წარმოებაში, ან ასეთ მიღებაზე უარის თქმა); 2) ფაქტები, რომლებსაც უკავშირდება მატერიალურ სამართლებრივი შედეგი, ანუ მთავარი საძიებელი ფაქტები (სარჩელის დაკმაყოფილება, ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა); 3) მტკიცებულებითი ფაქტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება მთავარი, ანუ გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცება – დადასტურება.

45. შესაბამისად, სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანია მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობის ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ მხარეები თავიანთი მოთხოვნების (შესაგებლის) დასაბუთება–გამართლების მიზნით. რა კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ მტკიცების საგნის განსაზღვრისას? სარჩელის აღძვრით მოსარჩელეს სურს გარკვეული შედეგის დადგომა (ნივთის მიკუთვნება, ვალის დაბრუნება,ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოშლა და ა.შ.), მისი ეს სურვილი აისახება სარჩელის იმ ელემენტში, რომელსაც სარჩელის საგანი ეწოდება. ამრიგად, სარჩელის საგანს ქმნის მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი. მაგრამ, მოსარჩელისათვის სასურველი შედეგის დადგომა, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც კანონი უკავშირებს მოსარჩელის მატერიალურ სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ზუსტად იგივე უნდა განსაზღვროს იმ ფაქტების წრემ, რომლებსაც უკავშირდება მხარეთა მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი დასაბუთებულობა. მიუთითონ ფაქტებზე, რომლებიც ასაბუთებენ მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს, არის თვითონ მხარეთა მოვალეობა.

46. შესაძლებელია დასკვნის გაკეთება, რომ სასამართლომ კონკრეტულ საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრის დროს უნდა იხელმძღვანელოს მხარეთა მიერ სარჩელისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით, მაგრამ თუ ამ ფაქტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც კანონის თანახმად არ აქვს მნიშვნელობა ამ მხარეთა მოთხოვნების თუ შესაგებლის სამართლებრივი დასაბუთებისათვის, ე.ი. თუ ეს ფაქტები იურიდიულად ვერ ამართლებენ ამ მოთხოვნას (შესაგებელს) – სასამართლომ არ უნდა შეიტანოს ეს ფაქტები მტკიცების საგანში და არ უნდა მიიღოს მტკიცებულებები მათ დასადასტურებლად.

47. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ დაშვებული შეცომა ფაქტების მითითების დროს, შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ „მათ არ მიუთითეს ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც აქვს მნიშვნელობა საქმეზე სწორი გადაწყვეტილების გამოტანისათვის. მხარეთა მიერ დაშვებულ შეცდომას სასამართლო ვერ გამოაწორებს: სასამართლო ვერ „გაამდიდრებს“, ვერ შეავსებს მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებს, რადგან მხოლოდ მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს (სსსკ-ის მე–4 მუხლი)“. (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 215.).

48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა მტკიცების საგნის განსაზღვრის კრიტერიუმის შესახებ: მტკიცების საგანში შედიან მხარეთა მიერ მითითებული ფაქტები, რომლებიც სასამართლოს შეხედულებით სამართლებრივად ასაბუთებენ (ამართლებენ) მათ მოთხოვნებს და შესაგებელს. კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არაა, ესაა სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

49. რაც შეეხება მტკიცების ტვირთის განაწილებას, ასეთ დროს, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის მტკიცების ვალდებულება ერთი მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია შრომითი დავა, რომლის დროსაც, ფაქტებზე მითითების ტვირთი და დამტკიცების ტვირთი პროცესის სხვადასხვა მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი გათავისუფლებისათვის აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძვლის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება (Protection Against Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 7). კონკრეტულ შემთხვევაში, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოებები დამსაქმებლის მტკიცების ტვირთია, რომელმაც სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, სახელდობრ მან შეძლო სასამართლოს დარწმუნება იძულებითი განაცდურის გაუცემლობის ან მისი შემცირების შესაძლებლობის ნაწილში.

50. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შეადრ: ახალ გარემოებებზე დაგვიანებით მითითებისასთან დაკავშირებით სუსგ-ები №ას-816-767-2015, 19 ნოემბერი, 2015 წელი; №ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49), თუმცა საქმის საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-გამარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში.

52. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

53. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას, რომელიც შეეხება საქმის წარმოების შეწყვეტას სსსკ-ის 272 -ე მუხლის ა (1) ქვეპუნქტის საფუძვლით, იმ მოტივით, რომ მოსარჩელეს არ სურს სამსახურში აღდგენა, არაერთი მცდელობის მიუხედავად მოსარჩელე უარს ამბობს სამსახურში გამოცხადებაზე, რაც ნიშნავს, რომ მოსარჩელემ დაკარგა ინტერესი განაცდურის მოთხოვნის მიმართაც, რადგან განაცდური არ არის დამოუკიდებელი მოთხოვნა და გამომდინარეობს სამსახურში აღდგენის მოთხოვნიდან, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

54. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკის 272-ე მუხლის „ა“ (1) ქცეპუნქტის მიხედვით სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი. კანონის მითითებული დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა და ადგენს სასამართლოს ვალდებულებას, მხარეთა შუამდგომლობის ან ასეთის არარსებობის პირობებშიც, შეწყვიტოს საქმის წრმოება, თუ დაადგენს, რომ მხარეთა შორის სადავო საკითხი გადაწყვეტილია და არ არსებობს დავის საგანი, აქედან გამომდინარე კი, საქმის წარმოების გაგრძელების საჭიროება აღარ არსებობს.

55. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავის საგნის არარსებობის მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი წესები გამორიცხავს სავის საგნის არსებობას.

56. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა. უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს, უარი თქვას სარჩელზე და ა.შ. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის წინაპირობები და რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა მხარეებს შორის დავის საგნის არარსებობას, საქმეზე არ დადგენილა.

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

58. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც წინამდებარე განჩინება არ ეწინააღმდეგება.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

60. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ---ის ს---ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ფ---ის ს--ის“ შუამდგომლობები საქმის წარმოების შეწყვეტისა და მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. შპს „ფ--ის ს-ს“ (ს.კ:------) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №-----, სახაზინო კოდი ----) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 17.06.2022-ში N------ საგადასახადო დავალებით გადახდილი 3656 ლარის 70% – 2,559.2 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი