დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-793-2022
7 ივლისი, 2022 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი ლ. ც-ვა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე ლ. შ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ლ. შ-ას სარჩელი მოპასუხეების: ლ. ც-ას და მ. ც-ას მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გამოთხოვილ იქნა მოპასუხე ლ. ც-ას უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი ლაგოდეხი, ----- ქუჩა N---საკადასტრო კოდი N-------, ლ. ც-ა გამოსახლებული იქნა აღნიშნული ბინიდან და მოსარჩელეს ქონება გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
არ დაკმაყოფილდა ლ. შ-ას სარჩელი, მოპასუხე მ. ც-ას მიმართ, უსაფუძვლობის გამო; ასევე არ დაკმაყოფილდა ლ. შ-ას მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ლ.ც-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებით ლ. ც-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ც-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ც-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ლ. ც-ას გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა მის დედას, ლ. ც-ას, 2022 წლის 20 მაისს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა კასატორისათვის დაიწყო გასაჩივრებული განჩინების ასლის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2022 წლის 21 მაისიდან და ამოიწურა 2022 წლის 10 ივნისს.
კასატორმა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარსადგენად ფოსტაში ჩააბარა 2022 წლის 17 ივნისს, გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს ლ. ც-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ. ც-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 396-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დაადგინა:
1. ლ. ც-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე