დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-839-2022 29 სექტემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ფ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ც-ლი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. ც-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ფ-ის (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე, კასატორი მოპასუხე), თ. მ-სა (შემდგომ – მეორე მოპასუხე) და თ. ლ-ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე) მიმართ სოლიდარულად სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 124 400 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015-2016 წლებში შპს „ს-----ო კ-----ია ს-------ან“ (შემდგომ - შპს) გააფორმა რამდენიმე სესხის ხელშეკრულება.
3. 2016 წლის 31 აგვისტოს N----- სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა 5 000 აშშ დოლარი, წლიური 33%-ის დარიცხვით. 2016 წლის 19 აგვისტოს N----- ხელშეკრულების საფუძველზე სესხის სახით გაიცა 20 000 აშშ დოლარი, წლიური 33%-იანი სარგებლის დარიცხვით, 2016 წლის 4 აგვისტოს N----- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე - 10 300 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 ივლისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 13 600 აშშ დოლარი, 2016 წლის 15 ივლისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 12 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 13 ივნისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 19 500 აშშ დოლარი, 2016 წლის 25 თებერვლის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 26 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 9 იანვრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 15 000 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის 26 დეკემბრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 3 000 აშშ დოლარი. თითოეულ შემთხვევაში ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებლის სახით განისაზღვრა წლიური 33%. მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა სულ - 124 400 აშშ დოლარი.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ დაადგინა, რომ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით საქმეზე N……-…. მოპასუხეებმა შპს-სათვის სესხის სახით გადაცემული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი. 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 124 400 აშშ დოლარის გადახდა, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: უდავოა, რომ 2015-2016 წლებში მოსარჩელესა და შპს-ს შორის, გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, კერძოდ, 2016 წლის 31 აგვისტოს N----- სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა 5 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 19 აგვისტოს N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 20 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 4 აგვისტოს N---- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე -10 300 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 ივლისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 13 600 აშშ დოლარი, 2016 წლის 15 ივლისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 12 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 13 ივნისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 19 500 აშშ დოლარი, 2016 წლის 25 თებერვლის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 26 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 9 იანვრის N---- ხელშეკრულების საფუძველზე - 15 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 26 დეკემბრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 3 000 აშშ დოლარი.
9. თითოეულ შემთხვევაში ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებლის სახით განისაზღვრა წლიური 33%.
10. მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა სულ - 124 400 აშშ დოლარი.
11. შპს-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად), მესამე მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; მ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მეორე მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
13. აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად, და დაზარელებულთა სიაში დაფიქსირებულია …..-ე ნომრად.
14. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით დავის გადაწყვეტის შეუძლებლობის თაობაზე და განმარტა, რომ განსახილველი დავა სწორედ დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. პალატამ აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა.
15. სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია, რომ მოსარჩელესა და შპს-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, რომელთა ფარგლებშიც მოსარჩელემ კომპანიას საკმაოდ სოლიდური ოდენობით სარგებლიანი კრედიტები მისცა. შპს-ს მხრიდან ზემოაღნიშნული თანხის სრულად გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ არ განხორციელებულა. ხსენებული თანხა, შესაბამისი პროცედურის გათვალისწინებით, უფრო მომგებიანი ეკონომიკური საქმიანობისთვის უნდა გამოყენებულიყო, მიუხედავად ამისა, მესამე მოპასუხემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების მიერ საქმიანობის ჯეროვან წარმართვაზე, მ. ფ-ის ორგანიზებით და მეორე მოპასუხთან წინასწარი შეთანხმებით გასცა სესხები, როგორც თავად მ. ფ-ზე, ისე ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სწორედ მოპასუხეთა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რის გამოც პროკურატურამ ის დაზარალებულებად ცნო.
16. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიამ 2017 წლის 31 ივლისის განაჩენით დაადგინა, რომ მოპასუხეებმა შპს-სათვის სესხის სახით მიცემული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს. საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებით, კერძოდ, 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დასტურდება, რომ მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაუშვა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობს მოპასუხეთა მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად მოსარჩელეებისათვის მატერიალური ზარალის მიყენება, რაც სამოქალაქო-სამართლებრივად დელიქტის შეამდგენლობას იძლევა.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოპასუხეებს, მათ შორის, აპელანტს, ბრალად იმ დანაშაულის ჩადენა შეერაცხათ, რომელი დანაშაულით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაც განსახილველი სარჩელითაა მოთხოვნილი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოპასუხეთა მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგომ - სსკ) 992-ე და 998-ე მუხლები მართებულად გამოიყენა.
18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 992-ე, 998-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგომ - სსსკ) 105-ე მუხლით და ყურადღება გაამახვილა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ უნდა გახადოს მოპასუხემ. შედავება საპირისპირო ფაქტებზე მითითების ან მითითებული გარემოებების პირდაპირ უარყოფის გზით უნდა მოხდეს.
19. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის მიყენების ფაქტისა და მისი ოდენობის დასამტკიცებლად მოსარჩელემ სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი), 2018 წლის 12 დეკემბრის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (რომლითაც აპელანტი მოპასუხისა და მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრები 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვეული განსახილველად), ასევე, მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და შპს-ს ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი სალაროს ორდერები წარმოადგინა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ საფინანსო ორგანიზაციას სესხის სახით თანხა საკუთრებაში გადასცა, საქმის მასალებში არსებული შეუცილებადი მტკიცებულებებით დასტურდება. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელემ სესხად გაცემული ფულადი თანხა, მოპასუხეთა, მათ შორის, აპელანტის განზრახი დანაშაულებრივი ქმედების გამო, ვერ დაიბრუნა, საქმის მასალებში წარმოდგენილი შეუცილებადი მტკიცებულებით - განაჩენით არის დადასტურებული.
20. სააპელაციო პალატამ მხარეებს განუმარტა, რომ სსსკ-ის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამავე კოდექსის 30917 მუხლის მეორე ნაწილში მითითებული მტკიცებულების შექმნისა და მისი საკმარისობის საკითხი განხილულ უნდა იქნეს სსკ-ის 343 თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად. სსკ-ის 30917 მუხლის მეორე ნაწილის ჩანაწერი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტის თაობაზე, გულისხმობს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოების დასადგენად, განსახილველი დავის თავისებურებების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მქონე მტკიცებულებების წარმოდგენას.
21. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით გათვალისწინებული სპეციალური მოწესრიგების პროცედურული მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ კატეგორიის საქმეების განხილვის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ (საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილი), რაც იმას გულისხმობს, რომ დამტკიცებულად და განხორციელებულად ითვლება დელიქტური სამართლის დამფუძნებელი ნორმის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წანამძღვარი: მოქმედების მართლსაწინააღმდეგობა, ზიანი, ადექვატური მიზეზობრივი კავშირი და ბრალი“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-176-163-2015).
22. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის მარეგულირებელი ნორმებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავი), როგორც წმინდა პროცესუალური საკითხები (დასაშვებობა, განსჯადობა და ა.შ.), ასევე მტკიცებულებათა დასაშვებობასთან დაკავშირებული საკითხებიც არის მოწესრიგებული.
23. ერთ-ერთ სამოქალაქო საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს აღარ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქო-სამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილია განაჩენი, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს. საქართველოს საკასაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლზე მითითება ამავე კოდექსის 30920 მუხლის მეორე ნაწილის გაუთვალისწინებლად არ შეიძლება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი („ფაქტები იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა მოქმედება და ჩაიდინა თუ არა ეს მოქმედება ამ პირმა, რაც დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი, კანონიერ ძალაში შესული საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, როცა საქმეს იხილავს სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, რომლის მიმართაც გამოტანილია საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილება“) 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული ცვლილების შედეგად ამოღებულ იქნა, მაგრამ იმავე წლის 15 დეკემბრის კანონით (№4075.სსმ1, №76) განხორციელებული ცვლილებით დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნების განხილვისას მოქმედებს განსხვავებული წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებული სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები ხელახლა არ დგინდება, ანუ ისინი დადგენილად მიიჩნევა (სსსკ-ის XXXIV თავი) (შედარებისთვის იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-638-605-2014);
24. რაც შეეხება სსსკ-ის 30920 მუხლს, აღნიშნული ნორმა ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლი იმპერატიულად ადგენს ასევე, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად, ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად და მკაფიოდ იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, კი, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის განჩინება საქმეზე N937-888-2012, ასევე, ამავე სასამართლოს 2019 წლის 4 აპრილის განჩინება საქმეზე Nას-1322-2018).
25. რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, არა დაჩქარებული წესით, არამედ საერთო სასარჩელო წესით ხდება, ასეთ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, პრეიუდიციულ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, იგი სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა ზოგადი სტანდარტით შეფასებას ექვემდებარება, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი, საქმის მასალებში არსებული სხვა მტკიცებულებთან ერთად, როგორც ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს და სწორედ მათი შეპირისპირების შედაგად უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება. ასეთ შემთხვევაში, განაჩენის მტკიცებულებითი ძალის შესუსტებას, შესაძლებელია მოპასუხე მხარის კვალიფიციური შედავება, იმავე ან უფრო მაღალი სამართლებრივი ძალის საპირისპირო მტკიცებულების წარდგენა ან/და სხვა ისეთი პროცესუალური ქმედების განხორციელება იწვევდეს, რომელიც განაჩენში მოყვანილ მსჯელობას აქარწყლებს.
26. განსახილველი საკითხის სწორი შეფასებისათვის სააპელაციო პალატამ ყურადღება შეაჩერა საქმეში წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც შპს-ს დამფუძნებელი - მეორე მოპასუხე, დირექტორი - მესამე მოპასუხე და ფაქტობრივი მმართველი - აპელანტი მოპასუხე მეანაბრეთა, მათ შორის, მოსარჩელე მხარის კუთვნილი თანხების მითვისების გამო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე დადგენილია, რომ შპს-ს დირექტორმა მესამე მოპასუხემ, რომელიც სრულად იყო პასუხისმგებელი საზოგადოების გამართულ საქმიანობაზე, აპელანტი მოპასუხის წაქეზებით და მეორე მოპასუხის დახმარებით, მეანაბრეთა მიერ შეტანილი თანხები სესხის სახით აპელანტ მოპასუხეზე უკანონოდ გასცა, რაც მან პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა და უკან არ დაუბრუნებია.
27. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება მიაპყრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენსაც, სადაც მითითებულია, რომ მართალია, ოფიციალურად აპელანტს არც ერთ და არც მეორე საფინანსო კომპანიაში არ გააჩნდა რაიმე სახის წილი და არ იყო კომპანიის თანამშრომელი, მაგრამ, რეალურად, ის კომპანიის ფაქტობრივი მმართველი იყო.
28. ამავე განაჩენით დადგენილად არის მიჩნეული ისიც, რომ აპელანტი კვირაში 2-3-ჯერ ცხადდებოდა კომპანიის ოფისში, წყვეტდა საკადრო საკითხებს, დავალებებს აძლევდა თანამშრომლებს, თავად იყო თავის თავზე სესხის გაცემის ინიციატორი, მის სახელზე გაცემული სესხები და ხელშეკრულების პირობები დგებოდა მისივე მითითებით და თანხებთან დაკავშირებით ყველა მოქმედება ამ უკანასკნელთან თანხმდებოდა. განაჩენითვე განიმარტა, რომ აპელანტის მოქმედება მესამე მოპასუხის მეშვეობით დაზარალებულთათვის მიყენებულ ზიანს უკავშირდება.
29. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, განაჩენით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად იქნება თუ არა მიჩნეული, მოპასუხე მხარეს მისი შინაარსის გამაქარწყლებელი სხვა რელევანტური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატა კვლავ მიუბრუნდა მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ ფულადი თანხის საფინანსო ორგანიზაციაში სესხის სახით შეტანის ფაქტი, სესხის ხელშეკრულებითა და სალაროს შემოსავლის ორდერებით უდავოდ დასტურდება. ის ფაქტი კი, რომ მოსარჩელემ მისი თანხა მოწინააღმდეგე მხარეთა განზრახი, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გამო ვერ დაიბრუნა, კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დგინდება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით ვერ ქარწყლდება, რამაც პალატას მისცა შესაძლებლობა, სესხად გაცემული და დაუბრუნებელი თანხა დააკვალიფიციროს, როგორც „ზიანი“. ამიტომ, თუ სასამართლო სესხს უწოდებს საფინანსო კომპანიის ვალდებულებას, რომელიც, სახელშეკრულებო ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მოპასუხეებად დასახელებული პირების იმგვარი ქმედების გამო არ დაბრუნდა, რომელსაც კრედიტორებისთვის ზიანის მიყენების საერთო მიზანი და განზრახვა სდევდა თან, აღნიშნული გარემოება მოპასუხეებს მოსარჩელესთან პასუხისმგებელ პირებად არა სახელშეკრულებო სამართლის, არამედ დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აქცევს, რომელთა შორისაც, რა თქმა უნდა, აპელანტიც მოიაზრება.
30. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ ვინაიდან აპელანტს შპს-ში არანაირი პოზიცია არ ეკავა და ის არანაირ სამართლებრივ კავშირში არ ყოფილა მეანაბრეეებთან (მათ შორის განსახილველ საქმეზე, მოსარჩელესთან), შესაბამისად, იგი პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა და მისთვის ზიანის დაკისრების საფუძველი არ არსებობდა. ამდენად, სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხეთა ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა, რაც სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდის და მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას არ იძლევა.
31. სააპელაციო პალატამ დამატებით ყურადღება მიაპყრო სააპელაციო საჩივარში მოყვანილ მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წამოჭრილ საკითხს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს და სარჩელის გადაწყვეტა სწორედ ამ კანონის გამოყენებით უნდა მომხდარიყო.
32. უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მეორე მოპასუხე საფინანსო კომპანიის დამფუძნებელს, მეორე მოპასუხე კი, - მის დირექტორს წარმოადგენდა. ისეთ შემთხვევაში, თუ საქმე დაეფუძნებოდა არა კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს, არამედ სხვა სახის მტკიცებულებებს, რომელთა ერთობლივი შეფასებაც ზიანის შემადგენლობას შექმნიდა, მოპასუხეებად დასახელებული პირები მაინც იქნებოდნენ ზიანის ანაზღაურებაზე პერსონალურად პასუხისმგებელი პირები, ვინაიდან სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი). თუმცა იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომ მოპასუხედ დასახელებული პირების მიერ განხორციელებული ქმედება, თავისი შინაარსით, დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებს ქმნიდა, სწორედ ამიტომ, აპელანტი, რომელიც საწარმოს პარტნიორი ან დირექტორი არ ყოფილა, მოპასუხედ, დასახელებულ სხვა პირებთან ერთად, ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს, ვინაიდან, როგორც განიმარტა, დავის გადაწყვეტა არა სამეწარმეო სამართლის მომწესრიგებელი, არამედ დელიქტური სამართლით მომწესრიგებელი ნორმებიდან გამომდინარე ხდება.
33. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხეების, მათ შორის, აპელანტის ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი ოდენობით.
34. სსკ-ის 408-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული. იმ პრინციპის მხედველობაში მიღებით, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგა სხვა პირს.
35. საქმის მასალებს ერთვის მოსარჩელესა და შპს-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები, რომლებითაც დგინდება, რომ შპს-მ მოსარჩელისგან მიიღო სადავო თანხა, რაზეც გათვალისწინებული იყო სარგებელი. განაჩენით უტყუარადაა დადასტურებული, რომ მოპასუხეები კომპანიის ფინანსურ აქტივებს პირადი მიზნით იყენებდნენ, რის შედეგადაც 2343 მოქალაქე დაზარალდა, ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა უნდა აანაზღაურონ ზიანი.
36. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია მართლსაწინაარმდეგო ქმედების ჩადენის შედეგად მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებისა და აპელანტის ბრალეულობის ფაქტი, შესაბამისად არსებობს ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის საჭირო, სსკ-ის 992-ე და 998-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველა წინაპრობა.
37. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება ზიანის ოდენობასთან მიმართებით და განმარტა, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელე მხარის მოთხოვნები მართებულად დაკმაყოფილდა. აპელანტმა, მისი მოთხოვნების ფარგლებში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა ვერ უზრუნველყო, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
39. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე, განსჯად სასამართლოდ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მითითების თაობაზე და განმარტა, რომ სსსკ-ის მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს განსჯადობის განსაკუთრებულ წესს, კერძოდ, სარჩელი რამდენიმე მოპასუხის მიმართ სასამართლოს წარედგინება ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ამავე კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ განსჯადობის წესების დაცვით წარმოებაში მიღებული საქმე უნდა განიხილოს და არსებითად გადაწყვიტოს, თუნდაც ეს საქმე შემდგომში სხვა სასამართლოს განსჯადი გახდეს.
40. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების საფუძველზე დგინდება, რომ თბილისი წარმოადგენს ერთ-ერთი თანამოპასუხის საცხოვრებელ ადგილს, რაც არ გამორიცხავს ერთ-ერთი მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაერთი საქმე იქნა განხილული აპელანტის მონაწილეობით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
41. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
42. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა დელიქტური სამართლის ნორმები მაშინ, როდესაც კასატორმა მოპასუხემ სადავო თანხა მიიღო სასესხო ურთიერთობის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ საქმეზე დელიქტური ზიანის დადგომისათვის საჭირო ელემენტების არსებობა არ დადასტურებულა, არანაირი მიზეზობრივი კავშირი კასატორი მოპასუხის ქმედებასა და მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანს შორის არ არსებობდა.
43. კასატორი მოპასუხე არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, რადგან სადავო სესხი გასცა შპს-ს დირექტორმა, ხოლო თავად კასატორი მოქმედებდა საკუთარი ინტერესების ფარგლებში.
44. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ეფუძნებოდა სესხის ხელშეკრულებებს, ამდენად, გაუგებარია, სასესხო ურთიერთობები დელიქტური სამართლის მომწესრიგებელი ნორმებით რატომ შეაფასა და არასწორად დააკისრა კასატორ მოპასუხეს პროცენტის გადახდა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ვერც დელიქტური ზიანის ოდენობა და შესაბამისი ექსპერტის დასკვნა ვერ წარადგინა.
45. კასატორმა იშუამდგომლა, მოცემული დავის განხილვა მომხდარიყო ზეპირი მოსმენით.
46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 6 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
47. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
48. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
49. 2015-2016 წლებში მოსარჩელესა და შპს-ს შორის, გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები, კერძოდ, 2016 წლის 31 აგვისტოს N----- სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა 5 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 19 აგვისტოს N---- ხელშეკრულების საფუძველზე - 20 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 4 აგვისტოს N---- სესხის ხელშეკრულების საფუძველზე -10 300 აშშ დოლარი, 2016 წლის 18 ივლისის N---- ხელშეკრულების საფუძველზე - 13 600 აშშ დოლარი, 2016 წლის 15 ივლისის N---- ხელშეკრულების საფუძველზე - 12 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 13 ივნისის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 19 500 აშშ დოლარი, 2016 წლის 25 თებერვლის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 26 000 აშშ დოლარი, 2016 წლის 9 იანვრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 15 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 26 დეკემბრის N----- ხელშეკრულების საფუძველზე - 3 000 აშშ დოლარი.
50. თითოეულ შემთხვევაში ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და სარგებლის სახით განისაზღვრა წლიური 33%.
51. მოსარჩელემ შპს-ს სესხის სახით გადასცა სულ - 124 400 აშშ დოლარი.
52. შპს-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სესხის ძირითადი თანხის დაბრუნების შესახებ არ შეუსრულებია.
53. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 ივლისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი გასაჩივრდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის განაჩენი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენი გასაჩივრდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად), მესამე მოპასუხე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით; აპელანტი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მეორე მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.
54. აღნიშნულ სისხლის სამართლოს საქმეზე მოსარჩელე ცნობილია დაზარალებულად, და დაზარელებულთა სიაში დაფიქსირებულია ......-ე ნომრად.
55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება კანონდარღვევას, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი მატერიალური და პროცესუალური ნორმების დარღვევით;
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
58. საკასაციო პალატა იმსჯელებს კასატორის პრეტენზიაზე, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 992-ე მუხლი და დელიქტურ ვალდებულებად უკანონოდ შეაფასა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე არასწორად დააკისრა პროცენტის გადახდა.
59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.
60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
62. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
63. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).
64. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა კანონი და განმარტავს, მოსარჩელეთა მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) სამართლებრივ მოწესრიგებას საჭიროებს დელიქტური ვალდებულებებით გათვალისწინებული საფუძვლებიდან - სსკ-ის 992-ე მუხლი „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“, 998-ე მუხლი „თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით“, 408-ე მუხლის პირველი ნაწილი „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ (შდრ: სუსგ №ას-258-2021, 20 იანვარი, 2022, პ.60).
65. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
66. საკასაციო სასამართლო ეთანხმება პრინციპს, რომ მოთხოვნის საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა და მხარის მიერ სარჩელის დამფუძნებელ ნორმად კანონის ამა თუ იმ დანაწესის მითითება, არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლოსათვის ხელისშემშლელი. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალაში დამკვიდრებული პრინციპიდან: „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი). საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში იქნა ასახული აღნიშნული მიდგომა, თუმცა, შეჯიბრებითობის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გარანტირებული პირთა თანასწორობის პრინიცებიდან გამომდინარე, მხარეები უნდა იყვნენ ინფომირებული სასამართლოს მიერ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრის თაობაზე და მიეცეთ სრული შესაძლებლობა, წარადგინონ საკუთარი პოზიცია.
67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
68. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნივერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას.
69. ქონებრივი პასუხისმგებლობის ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობის ორგანიზმს ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა მოვალეზე პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდარღვევის ბრალი (შდრ: სუსგ №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022; №ას-1243-2021, 26 იანვარი, 2022).
70. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენზე, რომლითაც მოპასუხეები მოსარჩელეთა კუთვნილი თანხების გაფლანგვის გამო, დამნაშავეებად არიან ცნობილი, კერძოდ, კასატორი მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
71. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2010 წლის 24 სექტემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუქმდა სსსკ-ის 106-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილ ფაქტებს ჰქონდათ პრეიუდიციული ძალა, როცა საქმეს იხილავდა სასამართლო იმ პირის მოქმედების სამოქალაქოსამართლებრივი შედეგების შესახებ, ვის მიმართაც გამოტანილი იყო განაჩენი, თუმცა, სსსკ-ის 30920 მუხლის ფორმულირებით, დანაშაულის მიყენების ფაქტი პრეიუდიციის რანგშია აყვანილი, ანუ მიჩნეულია ფაქტად, რომელიც მტკიცებას არ საჭიროებს (სუსგ Nას-1426-2018 , 11.04.2019). კასატორს კი არ წარმოუდგენია განაჩენით დადასტურებული ფაქტების გამაქარწყლებელი სამართლებრივად ვარგისი რაიმე მტკიცებულება.
72. სსსკ-ის 30920 მუხლი ადგენს, თუ რა უნდა ჩაითვალოს დადასტურებულად ანუ ე.წ. პრეიუდიციად. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის პირველ წინადადებაში ნათლად იკითხება: ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა ზიანის ფაქტსა და მიზეზობრივ კავშირს გააჩნია. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის კვლევა. თუკი ზიანი დანაშაულის შედეგად დადგა, ყველა აღნიშნული გარემოება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დასტურდება. რაც შეეხება ზიანის ოდენობას, აღნიშნულთან მიმართებით მსჯელობას შესაძლებელია შეიცავდეს თავად განაჩენი/ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, სხვა შემთხვევებში, ზიანის გაანგარიშება დასაშვებია უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტით (სსსკ-ის 30917 მუხლის მე-2 ნაწილი) (სუსგ №ას-1322-2018, 04.04.2019წ.).
73. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების სამართლებრივ შეფასებას ზიანის ოდენობასთან მიმართებაში და განმარტავს, რომ ვინაიდან განაჩენით დადგენილმა დანაშაულებრივმა ქმედებამ გამორიცხა მოსარჩელის მიერ მსესხებლისათვის სესხად გაცემული თანხის და მასზე დარიცხული პროცენტის უკან დაბრუნება, ზიანის ოდენობად სწორედ სესხად გაცემული ძირი თანხა უნდა იქნეს მიჩნეული.
74. კასატორის საპროცესო-სამართლებრივი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ იგი მოცემულ დავაში არასათანადო მხარეს წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავა უნდა გადაეწყვიტა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით და მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით.
75. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო არ იზიარებს კასატორის ამ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, გასაჩივრებული განჩინებით მართებულად მიეთითა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, სამეწარმეო კანონმდებლობა პარტნიორისა და დირექტორის პასუხისმგებლობის გაჭოლვას, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის გაქარწყლებას და პირადი პასუხისმგმებლობის დაყენების სამართლებრივ საფუძვლებს ითვალისწინებს. რადგან მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მოპასუხეთა ქმედებები დელიქტური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობებს შეიცავდნენ და „მეწარმეთა შესახებ“ კანონით რეგულირებულ სფეროს არ განეკუთვნებოდნენ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ კასატორი მოპასუხეც მოსარჩელის მიმართ სადავო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირად კანონიერად მიიჩნია.
76. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შუამდგლომლობას მოცემული საქმის ზეპირი განხილვის შესახებ და განმარტავს, რომ, სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა.
77. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლით დადგენილი მოწესრიგება ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი, რომლის შესაბამისად: „საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა -განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები“. ამ დანაწესის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს შემოსაზღვრული აქვს კანონმდებლის მიერ ის პროცესუალურსამართლებრივი ფარგლები, რომელშიც უნდა იმსჯელოს საბოლოო ინსტანციის სასამართლომ. ამგვარი პროცესუალური ჩარჩოა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილებები, მხარეთა ის განმარტებები, რომლებიც ასახულია სხდომის ოქმებში და სასამართლოების გადაწყვეტილებებში.
78. მოხმობილი ნორმის მეორე ნაწილის დეფინიციით: „სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)“. განმცხადებლის არგუმენტები განსახილველი დავის ზეპირი მოსმენით დანიშვნის აუცილებლობის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საკასაციო სასამართლოს „მინიჭებული აქვს პროცესუალური უფლებამოსილება საკასაციო საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე, სასამართლოს ამ უფლებამოსილების წყაროა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში და მიიჩნია, რომ ”საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას” (იხ. საქმე N2/6/205.232, 03.07.2003წ.).
79. საკასაციო პალატისათვის მინიჭებული ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების როლის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია გააკეთოს შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს, თუ ამას სასამართლო მიიჩნევს საჭიროდ“ (სუსგ # ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.).
80. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა ერთ-ერთი განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v. Sweden, 18.02.1991წ., განაცხადის N12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მე-6 მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე.
81. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48).
82. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; (5ECTHR, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, № 8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). ევროპულმა სასამართლომ არ ჩათვალა ზეპირი მოსმენის არ არსებობა მე-6 მუხლის დარღვევად, სამოქალაქო საქმეში K. v. SWITZERLAND, no. 15668/89, ECHR (Plenary), Decision of 06.12.1991.
83. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს.
84. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
85. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
86. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ-ები №ას-1232-2021, 18 თებერვალი, 2022; №ას-203-2020 , 24 დეკემბერი, 2020; №ას-746-2021, 14 დეკემბერი, 2021; №ას-1166-2021, 21 დეკემბერი, 2021 წელი; №ას-357-2021, 30 ნოემბერი, 2021 წელი; №ას-725-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-747-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი; №ას-748-2021, 29 ოქტომბერი, 2021 წელი, №ას-199-2022, 16 მაისი, 2022 წელი).
87. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
88. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. მ. ფ-ის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი
მირანდა ერემაძე