დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.09.2022
საქმის ნომერი
ას-779-2022
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.09.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-779-2022 30 სექტემბერი, 2022 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია -----------“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ფ-----სი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ფ----სსა“ (შემდგომ - მოსარჩელე, დამზღვევი, მოწინააღმდეგე მხარე) და სს „სადაზღვევო კომპანია -------“ (შემდგომ - მოპასუხე, მზღვეველი, აპელანტი, კასატორი) შორის 2018 წლის 19 ივნისს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ №----- ხელშეკრულების ფარგლებში დამზღვევის მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის განაცხადის საფუძველზე, 2018 წლის 19 ივნისს, №------- დაზღვევის პოლისი გაიცა.

2. მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის განაცხადის მიხედვით, დაზღვეული იყო 13 ერთეულ მანქანა-დანადგარის, მათ შორის: დიოდური ლაზერის აპარატის - ----- ---- ----- და ალექსანდრიტის ლაზერის აპარატის ------- მწყობრიდან გამოსვლის რისკი, სადაზღვევო თანხის - 166 030 აშშ დოლარის ფარგლებში.

3. სადაზღვევო რისკები განისაზღვრა მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის პირობების შესაბამისად. სადაზღვევო პერიოდი გრძელდებოდა 2018 წლის 26 ივნისიდან 2019 წლის 25 ივნისამდე; უპირობო ფრანშიზა განისაზღვრა ზიანის 5%-ით, მინიმალური 100 აშშ დოლარით, სრული ზარალის შემთხვევაში კი – სადაზღვევო თანხის 5%-ით; წლიური სადაზღვევო პრემია შეადგენდა 1 992.36 აშშ დოლარს, რაც უნდა გადახდილიყო გრაფიკის მიხედვით: 26.06.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.09.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.12.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.03.2019 წელს – 498.09 აშშ დოლარი.

სარჩელის საფუძვლები:

.

4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული მატერიალური ზიანის - სულ 4599.54 ლარისა (1650 აშშ დოლარი და 350 ლარი) და 5693 აშშ დოლარის (3568 აშშ დოლარი და 2125 აშშ დოლარი) დაკისრება, ასევე, პირველ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით, 2019 წლის 26 აპრილიდან იმავე წლის მაისამდე, 34 დღის მიხედვით, დღეში 150 ლარი, ჯამურად მიუღებელი შემოსავლის - 5 100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

5. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში არსებული ალექსანდრიტის ლაზერული ეპილაციის აპარატი 2019 წლის 26 აპრილს დაზიანდა. ბუნიკის გაწმენდისას და დამცავი შუშის გამოცვლისას, თანამშრომელს ხელიდან გაუვარდა ბუნიკი, რის შედეგად აპარატმა იმპულსების გამოცემა შეწყვიტა. მზღვეველთან შეთანხმებით, მოსარჩელემ საქართველოში სპეციალური წარმომადგენლის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტი გამოიძახა, რომლის დასკვნით, საჭირო იყო ბუნიკის შეცვლა და ხელახალი კალიბრაცია, რისთვისაც გადასახდელი იყო სულ 4 599.54 ლარი.

6. მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს კუთვნილი ანაზღაურების მიღების მოთხოვნით, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე.

7. მოსარჩელის განმარტებით, მოსარჩელის მფლობელობაში არსებული და მოპასუხის მიერ დაზღვეული დიოდის ლაზერული აპარატი, 2019 წლის 21 ივნისს, მუშაობისას მწყობრიდან გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ იმავე დღეს აცნობა მოპასუხეს და მათ წარმომადგენელთან შეთანხმებით დაუკავშირდა შპს „ფ-------ი მ-----ს“, რომელიც წარმოადგენს დიოდური აპარატის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალურ და ერთადერთ წარმომადგენელს საქართველოში და აპარატის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს. შპს „ფ----ი მ----ის“ სერტიფიცირებული სპეციალისტების მიერ, 2019 წლის 25 ივნისს, მომზადდა საინჟინრო დასკვნა და ინვოისი, რომლის მიხედვით, ქსელში ძაბვის ცვალებადობამ გამოიწვია აპარატის ელექტროსქემისა და ბუნიკის დაწვა, რაც საჭიროებდა შეცვლას. ინვოისის მიხედვით, აღნიშნულის ფასები ჯამურად შეადგენდა 5693 აშშ დოლარს.

8. დამზღვევმა საინჟინრო დასკვნა და ინვოისი მზღვეველს ელექტრონულ ფოსტაზე გაუგზავნა, 2019 წლის 4 აგვისტოს კი წერილი მისწერა, რომელშიც დამატებით დეტალურად იყო აღწერილი ყველა პრობლემა.

9. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელმა 2019 წლის 5 ივლისს შეამოწმა მოსარჩელის კუთვნილი აპარატი. მოპასუხე არ დაჰკავშირებია დიოდური აპარატის მწარმოებლის ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში და ცდილობდნენ, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, გაურკვეველი წარმოების დეტალებით, მოსარჩელის ინფორმირების გარეშე შეეკეთებინათ აპარატი, რაც მოსარჩელემ არ დაუშვა.

მოპასუხის პოზიცია:

10. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელეს მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკებით დაფარული მოვლენის შედეგად მიადგა ზიანი. ამასთან, მოსარჩელემ დაარღვია სადაზღვევო პრემიის მორიგი შესატანის გადახდის ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც სადაზღვევო ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

11. მოპასუხის მითითებით, რაკი ვალდებულება არ დაურღვევია, გამოირიცხება მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესაძლებლობაც.

12. მოპასუხის განმარტებით, მეორე სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით, მოპასუხის დაკვეთით შესრულებული 2019 წლის 1 აგვისტოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მანქანა-დანადგარის აღდგენითი ღირებულება შეადგენს 5 700 ლარს, რასთან დაკავშირებითაც გასათვალისწინებელია მხარეთა მიერ შეთანხმებული უპირობო ფრანშიზის (აუნაზღაურებელი მინიმუმის) ოდენობაც.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

13. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 2019 წლის 26 აპრილის სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე 4670.78 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, ხოლო 2019 წლის 21 ივნისის სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე - 5415 ლარის გადახდა; სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე, სულ - 11 531.76 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით - 5100 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

14. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 316-ე, 317-ე მუხლებზე, ასევე მიუთითა იმავე კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლებზე და სსკ-ის 50-ე, 52-ე მუხლებზე მითითებით დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენდა, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარებოდა.

17. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადაზღვევო პრემიების დაგვიანებით გადახდის მიუხედავად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით სადაზღვევო ურთიერთობა დაიწყო 2018 წლის 31 ივლისს, პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდის დღიდან და მოსარჩელის მიერ მომდევნო პრემიების დაგვიანებით გადახდის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევების დროისთვის: 2019 წლის 26 აპრილსა და 21 ივნისს მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შესაბამისად, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევების გამო ეკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.

18. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, 2019 წლის 26 აპრილის სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 4 670.78 ლარი (მოსარჩელემ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოითხოვა ეროვნული ვალუტით, ლარით, ასანაზღაურებელი თანხის მოცულობის გამოთვლის მიზნით, ფრანშიზა განისაზღვრა ლარით, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, 2019 წლის 29 მაისისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის მიხედვით, მოთხოვნა განისაზღვრა 4 949.54 ლარით, რა თანხასაც გამოაკლდა მისივე 5%, მაგრამ არანაკლებ 100 აშშ დოლარი (4 949.54 - 278.76)).

19. სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთზე გაამახვილა ყურადღება (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 102-ე, 105-ე მუხლები) და მიუთითა, რომ მოპასუხემ უარყო რა სადაზღვევო შემთხვევის არსებობა, არ წარმოუდგენია წერილობითი მტკიცებულება, რომლითაც გამოირიცხებოდა 2019 წლის 26 აპრილს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ალექსანდრიტის ლაზერული აპარატის დაზიანების ფაქტი და გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს.

20. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტს (მზღვეველს) არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც ათავისუფლებდა სადაზღვევო შემთხვევის გამო ანაზღაურების გაცემის მოვალეობისგან. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც 2019 წლის 26 აპრილის შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას გააქარწყლებდა.

21. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა 2019 წლის 21 ივნისის სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზიანის 5700 ლარით განსაზღვრის თაობაზეც, რომელსაც უნდა გამოჰკლებოდა უპირობო ფრანშიზის თანხა, რაც საბოლოოდ განისაზღვრა (5 700 – 285) 5 415 ლარით.

22. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით აპელანტმა კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია და სარჩელში მითითებული გარემოებების საპირისპირო ვერ დაამტკიცა, რისი გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, აპელანტმა (მოპასუხემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24. კასატორის განმარტებით, 2019 წლის 26 აპრილის შემთხვევასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, არ დასტურდება, რომ ზიანი მოწინააღმდეგე მხარეს მიადგა მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკებით დაფარული მოვლენის შედეგად, ხოლო, მეორე მხრივ, დამზღვევის მიერ დარღვეული იყო სადაზღვევო პრემიის მორიგი შესატანის გადახდის ვალდებულება, რისი გათვალისწინებითაც, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 817-ე მუხლის დანაწესი.

25. კასატორის მითითებით, სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ სადაზღვევო შესატანს მოწინააღმდეგე მხარე დაგვიანებით იხდიდა, ხოლო, მეორე მხრივ, გვერდი აუარა იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობა (სსკ-ის 817-ე მუხლი) განსაზღვრავს დაზღვევის სფეროში სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის პერიოდს, როდესაც მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან, რაც ამ შემთხვევაში აშკარა იყო.

26. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო ურთიერთობების ბუნების გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, ვიდრე მოპასუხეს დაევალება ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე მითითება, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევის (ანუ, შემთხვევის, რომლის წარმოშობის გამო დაზღვევის პირობების შესაბამისად, მზღვეველს ევალება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა) ფაქტისა და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა, რაც უგულებელყვეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა.

27. კასატორის მტკიცებით, 2019 წლის 21 ივნისის შემთხვევასთან დაკავშირებით, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებათა საწინააღმდეგოდ, მოწინააღმდეგე მხარეს, თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად არ ჰქონდა წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, საქმის განხილვისას ცალსახად გამოიკვეთა, რომ იმავე ლაზერული აპარატის იდენტური დაზიანების შესახებ წინა პერიოდში მოწინააღმდეგე მხარეს განცხადებული ჰქონდა სხვა მზღვეველთან, ამასთან, არ დადასტურდა დაზიანების აღმოფხვრის ფაქტი, რისი გათვალისწინებითაც დგინდება, რომ 2019 წლის 21 ივნისს არაფერი მომხდარა და მზღვევლისათვის მიმართვა არაკეთილსინდისიერებაა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

28. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

29. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

31. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

32. საკასაციო პალატის განმარტებით, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს, მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა, აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა, გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება) ფარგლებში უნდა შემოწმდეს.

33. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, კასატორის საკასაციო პრეტენზიით, 2019 წლის 26 აპრილის შემთხვევა არ წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისეთ სადაზღვევო რისკს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება. ამასთან, დამზღვევის მიერ დარღვეული იყო სადაზღვევო პრემიის მორიგი შენატანის გადახდის ვალდებულება, რაც გამორიცხავს მზღვეველისათვის თანხის დაკისრებას.

34. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი). ამასთან, ხელშეკრულება მხარეთა ვალდებულების განმსაზღვრელი იმ დებულებებისაგან შედგება, რომელიც ხელშემკვრელთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ასახავს (სსკ-ის 327-ე მუხლი) და კანონის თანახმად, სწორედ ამ ჩარჩოშია მოქცეული მათი პასუხისმგებლობის ფარგლებიც (გარდა კანონის იმპერატიული დანაწესებისა). ვალდებულებითი სამართლის ეს უზოგადესი პრინციპი თანაბრად ვრცელდება ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობაზე, რომელთა შორისაა დაზღვევის ხელშეკრულება. მეტი სიცხადისათვის შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის სპეციალური ნორმები აზუსტებენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმების ზოგად პრინციპს. ამგვარ ნორმათა რიგს განეკუთვნება სსკ-ის 799-ე მუხლი (იხ. სუსგ № ას-92-88-2016, 11 მარტი, 2016 წელი).

35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, სსკ-ის 799-ე მუხლის საფუძველზე, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი, რომლითაც დამზღვევმა დააზღვია 13 მანქანა-დანადგარის, მათ შორის: დიოდური ლაზერის აპარატისა - ---- -----, ---- და ალექსანდრიტის ლაზერის აპარატის ------------ მწყობრიდან გამოსვლის რისკი. ამასთან, მხარეებმა საგამონაკლისო შემთხვევებიც გაითვალისწინეს და მიუთითეს, რომ მასში მითითებული გამონაკლისები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

36. როგორც საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვევლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი).

37. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა ისეთ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, რომელიც სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანაზღაურებას ექვემდებარება. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს მხარეთა შორის გაფორმებული პირობებისა და კანონის მოთხოვნებიდან, კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელის კუთვნილი სადაზღვევო რისკისგან დაზღვეული ალექსანდრიტის ლაზერის აპარატი მოსარჩელე კომპანიის თანამშრომელს ბუნიკის წმენდისას გაუცურდა და გაუვარდა (ბუნიკი), რის შემდეგაც აპარატი მწყობრიდან გამოვიდა, აპარატის მწყობრიდან გამოსვლა კი უდავოდ სადაზღვევო რისკს წარმოადგენს, ხოლო ფაქტი, რამაც აპარატის მწყობრიდან დაზიანება გამოიწვია, მხარეთა შორის შეთანხმებული საგამონაკლისო შემთხვევებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების გამომრიცხველი გარემოება არ არის. იმ პირობებში კი, როდესაც, სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება ლაზერული ეპილაციის აპარატის მწყობრიდან გამოსვლით გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას-1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი), კასატორის პრეტენზიას საფუძველს აცლის. ნიშანდობლივია, რომ კასატორს საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია, რომელ საგამონაკლისო დანაწესში ექცევა განსახილველი შემთხვევა, რაც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დამზღვევმა, ზემოაღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, დამზღვევს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის მიზეზად მხოლოდ ის გარემოება დაუსახელა, რომ სადაზღვევო შემთხვევის დროისათვის მოსარჩელეს არ გადაუხდია მორიგი სადაზღვევო პრემია, რისი გათვალისწინებითაც ერთმნიშვნელოვნად დადგენილია მოწინააღმდეგე მხარისათვის ზიანის წარმოშობა მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკებით დაფარული მოვლენის შედეგად.

38. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ისაა, რომ, რაკი დამზღვევის მიერ დარღვეული იყო სადაზღვევო პრემიის მორიგი შესატანის გადახდის ვალდებულება, მზღვეველი თავისუფლდებოდა თავისი მოვალეობისაგან.

39. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიას არ იზიარებს და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, მზღვევლისათვის სადაზღვევო შემთხვევის გამო, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულების თაობაზე, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადაზღვევო პრემიების დაგვიანებით გადახდის მიუხედავად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით სადაზღვევო ურთიერთობა დაიწყო 2018 წლის 31 ივლისს, პირველი სადაზღვევო პრემიის გადახდის დღიდან და მოსარჩელის მიერ მომდევნო პრემიების დაგვიანებით გადახდის მიუხედავად, სადაზღვევო შემთხვევების დროისთვის: 2019 წლის 26 აპრილისა და 21 ივნისისათვის მხარეები იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, შესაბამისად, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევების გამო ეკისრებოდა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება.

40. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სადაზღვევო პრემია უნდა გადახდილიყო შემდეგი გრაფიკის მიხედვით: 26.06.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.09.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.12.2018 წელს – 498.09 აშშ დოლარი, 26.03.2019 წელს – 498.09 აშშ დოლარი. საბანკო გადარიცხვებით უტყუარად დასტურდება სადაზღვევო პრემიის დაგვიანებით ჩარიცხვის ფაქტები: 2018 წლის 31 ივლისს, იმავე წლის 29 ოქტომბერს, 27 დეკემბერსა და 2019 წლის 26 აპრილს.

41. საკასაციო პალატის განმარტებით, ხელშეკრულების პირობების ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის რეგულირების სამართლებრივი მექანიზმი გათვალისწინებულია სსკ-ის 817-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ სადაზღვევო შემთხვევა გამოიკვეთა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან. იმავე კოდექსის 818-ე მუხლის თანახმად კი, თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია, ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი.

42. საკასაციო პალატის განმარტებით, აღსანიშნავია, რომ სსკ-ის 817.1-ე და 818-ე მუხლები მსგავსად არის ჩამოყალიბებული, თუმცა არსობრივად განსხვავებულ შემთხვევებს აწესრიგებს, კერძოდ, პირველი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების მიუხედავად, დამზღვევს სადაზღვევო პრემია არ აქვს გადახდილი. მზღვევლის გაფრთხილების უშედეგოდ გასვლის სამართლებრივ შედეგს წარმოადგენს მისი გათავისუფლება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან. მეორე გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევი არღვევს მეორე ან შემდეგი პრემიის გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში მზღვევლის ვალდებულების წარმოშობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგება დამზღვევის მიერ პირველი პრემიის გადახდის გათვალისწინებით. ასეთ დროს შესაძლებელია, მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესრულებულიც ჰქონდეს. მზღვეველის გაფრთხილების უშედეგოდ გასვლას სამართლებრივი შედეგის სახით მოჰყვება მზღვევლის მიერ ხელშეკრულების მოშლა. სსკ-ის 818-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესით, დამზღვევის ვალდებულების დარღვევისას მზღვეველს ეკრძალება ხელშერულების მოშლის უფლების გამოყენება გაფრთხილების გარეშე. კანონმდებელი განსაზღვრავს სპეციალურ, ერთთვიან ვადას, ხელშეკრულების მოშლის შესახებ დამზღვევის გასაფრთხილებლად. ასეთი დანაწესის მიღმა სახელშეკრულებო სამართლის ფუძემდებლური პრინციპი დგას. კანონმდებლის მიზანია, ხელშეკრულება შესრულდეს, შესაბამისად, გაფრთხილების სახით დამზღვევს ეძლევა შესაძლებლობა, გამოასწოროს ნაკლი და შეინარჩუნოს მზღვეველთან სახელშეკრულებო ურთიერთობა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენატრი, მუხ. 817; 818; ელმისამართი - gccc.tsu.ge).

43. საკასაციო პალატის მითითებით, მართალია, სსკ-ის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს, მართლზომიერად გამოიყენოს მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-1308-1246-2014, 3 აპრილი, 2015 წელი).

44. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მზღვეველს დამზღვევი არ გაუფრთხილებია თავის დროზე სადაზღვევო შენატანის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რისი გათვალისწინებითაც, როგორც უკვე აღინიშნა, სავსებით კანონიერია სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების მე-40 პუნქტში მითითებული მსჯელობა.

45. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის წინამდებარე განჩინების 27-ე პუნქტში მითითებულ პრეტენზიასაც და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების შესაბამისად, დამზღვევს ეკისრება სადაზღვევო ხელშეკრულების არსებობისა და სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის მტკიცების ვალდებულება, ხოლო მზღვეველს უნდა მიეთითებინა ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე. საკასაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის, იმ გარემოებით, რომ კასატორის შემთხვევის შესახებ 2019 წლის 21 ივნისს ეცნობა. ამასთან, მოსარჩელე დაუკავშირდა შპს „ფ-----ი მ----სს“ საინჟინრო დასკვნის მოსამზადებლად, რომელიც 2019 წლის 25 ივნისს მომზადდა, საქმეში ასევე წარდგენილია მხარეთა მიმოწერა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასთან დაკავშირებით) განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე, 103-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელემ დასძლია მტკიცების ტვირთი, რომ ზიანი, 2019 წლის 21 ივნისის შემთხვევის შედეგად მიადგა, შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კასატორს გადაეკისრა, რომელმაც ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო.

46. საკასაციო პალატა ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობაზე დამატებით აღარ იმსჯელებს, ვინაიდან, კასატორს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების საწინააღმდეგოდ, არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც 2019 წლის 26 აპრილის შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობას გააქარწყლებდა. ხოლო, 2019 წლის 21 ივნისის შემთხვევასთან დაკავშირებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გაიზიარეს ამ უკანასკნელის პოზიცია ზიანის ოდენობის გაანაგრიშების შესახებ და მოწინააღმდეგე მხარეს ნაცვლად, 5693 აშშ დოლარისა, 5415 ლარის გადახდა დააკისრეს.

47. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ ფაქტობრივ და სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში გამოვლინდა რა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევა, დამზღვევი უფლებამოსილი იყო მზღვევლისათვის წაეყენებინა მოთხოვნა, ხოლო მზღვეველს ეკისრებოდა ანაზღაურების ვალდებულება.

48. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დასძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

49. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

50. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

51. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

52. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-896-858-2014, 2015 წლის 16 მარტის განჩინება; №ას-621-621-2018, 2020 წლის 5 თებერვლის განჩინება; №ას-199-2021, 2021 წლის 28 მაისის განჩინება; №ას-462-2022, 2022 წლის 24 ივნისის განჩინება; №ას-789-738-2017, 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება).

53. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

55. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია --------“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. სს ,,დაზღვევის საერთაშორისო კომპანია -------“ (ს/ნ ------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი ----, მიმღების ანგარიშის №------, სახაზინო კოდი -----) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 505 ლარის (საგადასახადო დავალება №- / გადახდის თარიღი 16.06.2022), 70% - 353.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე