დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 06.07.2022
საქმის ნომერი
ას-513-2022
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
06.07.2022

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-513-2022 6 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „გ------დ ვ-----ი გ------ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. მ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, შპს „გ----ი გ---ის“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი) გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება ჩითვალა განუსაზღვრელი ვადით დადებულად, ბათილად იქნა ცნობილი კომპანიის 2020 წლის 19 აგვისტოს ბრძანება, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, კომპანიას დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა, მუშის პოზიციაზე; კომპანიას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 19 აგვისტოდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მისი ყოველთვიური ხელფასის - 500 (საშემოსავლო გადასახადების ჩათვლით) ლარის გათვალისწინებით; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება - 435 ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა კომპანიამ, ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 დეკემბრის განჩინებით კომპანიის საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 31 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა კომპანიის წარმომადგენელმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.01.2022წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, 2022 წლის 22 თებერვალს, განცხადებით მიმართა გ. ჯ-მ და მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება იმ საფუძვლით, რომ წარმომადგენელი იმყოფებოდა სავალდებულო იზოლაციაში, შესაბისად მოკლებული იყო შესაძლებლობას გაცნობოდა ხარვეზის შესახებ განჩინებას, გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, ხელი მოეწერა განცხადებაზე და ა.შ.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2022 წლის 23 თებერვალს, განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა ვ. ს-ემ მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელება 2 დღით.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტის წარმომადგენლის ვ. ს-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. აპელანტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 2 დღით.

8. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.02.2022წ. განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე.

9. საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ 24.02.2022წ. განჩინების ასლი საქმეზე N------ჩაიბარა ორგანიზაციის თანამშრომელმა გ. ჯ-ამ (04.03.2022 4 წელს, რაც დაადასტურა ხელმოწერით (ს/ფ 223). მიმღები პირის სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევით იყო მითითებული შეტყობინების ბარათზე. აპელანტი მხარე ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო მისი ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში, რაც მას არ გაუკეთებია და არც სასამართლოსათვის არ მიუმართავს ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელების თაობაზე.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

11. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

12. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, გ. ჯ-ია არის მისი კოლეგა, თუმცა არ არის ორგანიზაციის წარმომადგენელი, რის გამოც მისთვის ჩაბარებული გზავნილი ვერ ჩაითვლება სათანადო წესით ჩაბარებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინების შეფასება, რომლის მიხედვითაც კომპანიის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

15. დადგენილია, რომ კომპანიის სააპელაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი. აღნიშნული განჩინება, 2022 წლის 14 თებერვალს, აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაბარდა ადვოკატს - მ. ე-ლს.

16. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ. ჯ-მ, განმარტა, რომ კომპანიის წარმომადგენელი - ვ. ს-ძე იყო კოვიდ კონტაქტი და მოითხოვა ხარვეზისთვის განსაზღვრული ვადის გაგრძელება. მეორე დღესვე მიმართა სააპელაციო სასამართლოს კომპანიის ადვოკატმა და მოითხოვა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის დამატებით 2 დღით გაგრძელება.

17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 თებერვლის განჩინებით აპელანტის მოთხოვნა ხარვეზის აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ვადის 2 დღით გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა. დასახელებული განჩინება, კვლავ აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე გაიგზავნა და ჩაბარდა თანამშრომელ - გ. ჯ-ას.

18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის მსჯელობას, რის გამოც ითხოვს გაშვებული ვადის აღდგენას. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ სსსკ-ის 70.1 მუხლით მოწესრიგებულია მხარისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმავე კოდექსის 74.1 მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

20. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უდავოა, რომ მხარეს სათანადო წესით ეცნობა განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესახებ, რომელიც არ გამოუსწორებია განჩინებით განსაზღვრულ ვადაში.

21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიაზე, რომ სასამართლომ გზავნილის ჩაბარების მიზნებისთვის ადვოკატი გ. ჯ-ია სათანადო პირად მიიჩნია, ხოლო, განცხადების წარდგენის ეტაპზე არაუფლებამოსილ პირად.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განჩინებით დადგენილი ხარვეზის გაგრძელებაზე სასამართლოსადმი მიმართვის უფლებამოსილება სპეციალური უფლებამოსილებაა და მხოლოდ პროცესის მონაწილე სუბიექტს შეუძლია ასეთი უფლებით ისარგებლოს, მათ შორის ისეთმა პირმაც, რომელიც უშუალოდ მხარეს არ წარმოადგენს, თუმცა, აღჭურვილია სათანადო უფლებამოსილებით, განსხვავებით გზავნილის ჩაბარებისგან, რომელიც მხარის მიერ მითითებულ მისამართზე გაგზავნისას ასეთ მისამართზე არსებული ორგანიზაციის წარმომადგენელს ან საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში ოჯახის წევრს ბარდება და ამასთან გარკვეული გამონაკლისების გარდა, ასეთ შემთხვევაში გზავნილი სათანადო წესით ჩაბარებულად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატი გ. ჯ-ია არ წარმოადგენდა სათანადო პირს, მხარის საპროცესო უფლებებით ესარგებლა, თუმცა, გზავნილის მიღებისას, თავად ადვოკატმა მიუთითა, რომ ჩაიბარა ადრესატის თანამშრომელმა, რაც ადასტურებს გზავნილის სათანადო წესით ჩაბარებას, მით უფრო უშუალოდ მიმღები პირის პროფესიის გათვალისწინებით, რომელსაც პროფესიულად ევალება და იცის გზავნილის ჩაბარების სამართლებრივი შედეგები.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ-----ნ ვ----ი გ----ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე