დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1484-2022 23 თებერვალი, 2023 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ.ღ–ძე, ხ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ი, თ.ჩ–ძე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 04.02.2022წ. გადაწყვეტილებით - ა.მ–ისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "პირველი მოსარჩელე") და თ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მეორე მოსარჩელე") სასარჩელო მოთხოვნა დ.ღ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", ,,კერძო საჩივრის ავტორი'') და ხ.მ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე", ,,კერძო საჩივრის ავტორი'') მიმართ დაკმაყოფილდა, დ.ღ–ძესა და ხ.მ–ძეს, მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 20 000 აშშ დოლარის გადახდა (იხ: გადაწყვეტილება, ს.ფ.184-201). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.09.2022წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, მოპასუხეებმა განჩინება კერძო საჩივრით სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო გაასაჩივრეს (იხ: განჩინება, ს.ფ. 272-278). კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადაში გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
4. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადაში გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი. ზემოაღნიშნული განჩინებით კი, დაირღვა მათი უფლება, ესარგებლათ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
6. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, აპელანტებს დ.ღ–ძეს და ხ.მ–ძეს დაუდგინდათ ხარვეზი, რომლითაც მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარედგინათ ხარვეზის შევსების მიზნით ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD დისკზე და სახელმწიფო ბაჟის - 2 460 ლარისა გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით. 2022 წლის 7 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი და მოითხოვა აპელანტებისათვის დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადება სასამართლო პროცესის დასრულებამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 ივნისის განჩინებით, აპელანტების დ.ღ–ძისა და ხ.მ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს დ.ღ–ძესა და ხ.მ–ძეს გაუგრძელდათ, №2/ბ-374-22წ. სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტებისათვის ჩაბარებიდან 10 დღით. 2022 წლის 19 ივლისს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით კვლავ მიმართა აპელანტების წარმომადგენელმა, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის, კერძოდ 300 ლარის გადახდის ქვითრის დედანი და მოითხოვა აპელანტებისათვის დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადება სასამართლო პროცესის დასრულებამდე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით, აპელანტების დ.ღ–ძისა და ხ.მ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს გაუგრძელდათ, №2/ბ-374-22წ. სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 მაისის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და იგი განისაზღვრა ამ განჩინების ასლის აპელანტისთვის ჩაბარებიდან 10 დღით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 ივლისის განჩინება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ კანონით დადგენილი წესით რამდენჯერმე გაეგზავნა აპელანტების დ.ღ–ძისა და ხ.მ–ძის წარმომადგენელს მ.მ–ს, მის მიერ მითითებულ მისამართზე - ქ.ხაშური, ...... სასამართლო გზავნილი ჩაბარდა წარმომადგენელს პირადად 2022 წლის 12 სექტემბერს (იხ. 269). შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 10-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 13 სექტემბერს და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.2-ე მუხლის მიხედვით, 2022 წლის 22 სექტემბერს ამოიწურა. აპელანტებს ხარვეზი არ აღმოუფხვრიათ.
7. სსსკ-ის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება, აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.
8. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
9. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის საპატიო მიზეზად მოპასუხეები მიუთითებენ, რომ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი, რაც, სსსკ-ის 215.3 მუხლის მიხედვით, საპატიო მიზეზად არ მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 22 სექტემბერს, აპელანტების წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის თანხის გადავადების შესახებ იმ საფუძვლით, რომ აპელანტებს არ გააჩნიათ სტაბილური შემოსავალი, ბანკიდან ვერ ახერხებენ თანხის გამოტანას, ვინაიდან მათი უძრავი ქონება დაყადაღებულია და შემოსავლის არქონის გამო ერთ-ერთი აპელანტი - დ.ღ–ძე სამუშაოდ წავიდა იტალიაში. უდავოა, რომ აპელანტებს, მათივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ორჯერ გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა დამატებით კიდევ ათ-ათი დღით, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტებმა ხარვეზი არ შეავსეს და არც სასამართლოსთვის ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით არ მიუმართავთ. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა (ჯამში 30 დღე) მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად. საკასაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.
10. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოსა და არც მხარეთა მიხედულებაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსით დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიებს მათ მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოპასუხეების მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. ამასთან, გასათვალისწინებელია რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3-ე და 368.1-ე მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 14 იანვრის საქმე Nას-6115-2019 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებს დაუდგინა ვადა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობისათვის, თავის მხრივ, მათ არ გამოასწორეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ: არ გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი 2460 ლარის ოდენობით და არ წარმოადგინეს ნაბეჭდი სახით შედგენილი სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD დისკზე. შესაბამისად, ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი წარმოადგენდა (იხ. ასევე, საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი). ამდენად, კერძო საჩივრის ავტორების მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება.
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ღ–ძისა და ხ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 27.09.2022 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი