დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
06 აპრილი 2023 წელი №ას-858-2022 ქ.თბილის
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „მ.ლ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ ა.ბ–ძე
მესამე პირები _ ქ.ხ–ი, გ.კ–ი, ვ.მ–ნი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებისა და სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობა, იპოთეკის რეგისტრაციების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა.ბ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ლ“-ს და ნოტარიუს თ.პ–ის მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 14 მაისს გ.კ–ის სასარგებლოდ გაცემული №150489623 მინდობილობა და 2015 წლის 20 მაისს ვ.მ–ნის სასარგებლოდ გაცემული №150513504 მინდობილობა;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 15 მაისს გ.კ–სა და შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს შორის გაფორმებული №312584-149184 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2015 წლის 20 მაისს ვ.მ–ნსა და შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს შორის გაფორმებული №312585-149261 სესხისა და იპოთეკისა და 2015 წლის 27 მაისს ვ.მ–ნსა და შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს შორის გაფორმებული №312584-149339 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები;
1.4. გაუქმდეს საკადასტრო კოდით .... უძრავ ნივთზე, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლებები;
1.5. გაუქმდეს ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლები: №151056532, №151056541 და №151056546.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ......... კერძო აღმასრულებლის 2015 წლის 25 სექტემბრის მიმართვით ცნობილი გახდა, რომ ყალბი მინდობილობებით, რომლითაც თითქოს ა.ბ–ძე გ.კ–ს და ვ.მ–ნს ანიჭებს ამის უფლებას, მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს სასარგებლოდ დაიტვირთა იპოთეკით სამჯერ, ხოლო ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იძულებით აღსრულების მიზნით, ნოტარიუსის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცლები.
2.2. 2015 წლის 15 მაისს, ნოტარიუს თ.პ–ის სანოტარო ბიუროში, გ.კ–მა, ყალბი მინდობილობის საფუძველზე, შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-სთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 21 000 აშშ დოლარზე და იპოთეკით დატვირთა ა.ბ–ძის კუთვნილი უძრავი ნივთი, ხოლო 2015 წლის 20 მაისს და 27 მაისს იმავე სანოტარო ბიუროში ვ.მ–ნმა, ასევე ყალბი მინდობილობით, შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-სთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება 9000 აშშ დოლარსა და 2500 აშშ დოლარზე და იპოთეკით დატვირთა იგივე უძრავი ნივთი.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს განაჩენით დადგენილია გ.კ–ის, ჯ.მ–ის, ი.ვ–ისა და მ.ხ–ის დანაშაულებრივი ქმედებები და ისინი ცნობილი არიან დამნაშავედ თაღლითობის გამო.
2.4. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას მოსარჩელეს ნება არ გამოუვლენია, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. მისითვე დგინდება მინდობილობების გაყალბების ფაქტიც.
მოპასუხის პოზიცია:
3. სამივე სესხის გაცემისას უძრავი ქონებით უზრუნველყოფა მოხდა ნოტარიული წესით დამოწმებული, მოქმედი რწმუნებულებებით, რომლებშიც ეჭვის შეტანის საფუძველი მოპასუხეს არ გააჩნდა, იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ იპოთეკარს. სასამართლოს განაჩენი ა.ბ–ძეს ანიჭებს უფლებას, სამოქალაქო სარჩელით მოითხოვოს გ.კ–ისა და ვ.მ–ნისგან დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. რაც შეეხება იპოთეკის გაუქმებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ სასესხო ვალდებულებების სრულად დაფარვის შემდგომ.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი: 2015 წლის 15 მაისის №312584-149184 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №150493258 დამოწმებული ნოტარიუს თ.პ–ის მიერ; 2015 წლის 20 მაისის №312585-149261 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №150516944 დამოწმებული ნოტარიუს თ.პ–ის მიერ; 2015 წლის 27 მაისის №312584-149339 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №150543147 დამოწმებული ნოტარიუს თ.პ–ის მიერ. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა ნოტარიუს თ.პ–ის მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №151056532, №151056541 და №151056546 სააღსრულებო ფურცლები და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის ხელშეკრულებების რეგისტრაციები, კერძოდ: 15.05.2015 წლის განცხადების რეგისტრაციის №882015265882-ით, 20.05.2015 წლის განცხადების რეგისტრაციის №882015277409-ით და 27.05.2015 წლის განცხადების რეგისტრაციის №882015290594-ით; ა.ბ–ძის სარჩელი ნოტარიუს თ.პ–ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შ.პ.ს. „მ.ლ–მა“ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, ასევე სააღსრულებო ფურცლების გაუქმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების ნაწილში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა.ბ–ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:
9.1. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 15 მაისს გ.კ–სა და შ.პ.ს. „მ.ლ–ს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის №312584-149184 ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, გაუქმდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ....., საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება;
9.2. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 20 მაისს ვ.მ–ნსა და შ.პ.ს. „მ.ლ–ს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის №312584-149261 ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, გაუქმდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ....., საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება;
9.3. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 27 მაისს ვ.მ–ნსა და შ.პ.ს. „მ.ლ–ს“ შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის №312585-149339 ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში, გაუქმდა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდი ......, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლება;
9.4. ბათილად იქნა ცნობილი 2015 წლის 23 სექტემბერს ნოტარიუს თ.პ–ის მიერ გაცემული №151056532, №151056541 და №151056546 სააღსრულებო ფურცლები ა.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებული იპოთეკის საგნის (უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით ....) რეალიზაციის ნაწილებში;
9.5. შ.პ.ს. „მ.ლ–ს“ ა.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი _ 2383 ლარი და ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი (გადასახდელი) 6140 ლარის ნაწილის _ 4000 ლარის ანაზღაურება.
10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1. თბილისში, ........ მდებარე დაზუსტებული ფართობით 1500 კვ.მ. უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი .......) მესაკუთრეა მოსარჩელე ა.ბ–ძე.
10.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ გ.კ–მა, ჯ.მ–მა, მ.ხ–მა და ი.ვ–მა განიზრახეს ყალბი მინდობილობის დამზადება-გამოყენება, რისთვისაც მ.ხ–ი და ი.ვ–ი 2015 წლის 14 მაისს მივიდნენ ქ.ხ–ის სანოტარო ბიუროში და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ნოტარიუს ქ.ხ–თან ჯ.მ–მა (თითქოს იგი იყო უძრავი ქონების მესაკუთრე-ა.ბ–ძე), გ.კ–ის სასარგებლოდ გასცა მინდობილობა. მინდობილობით გ.კ–ს სხვა უფლებებთან ერთად მიენიჭა ა.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და სესხის აღების უფლება. სანოტარო მოქმედებას ესწრებოდნენ მ.ხ–ი და ი.ვ–ი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით კონტაქტი ა.ბ–ძესთან დამყარდა.
10.3. ზემოაღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ 2015 წლის 20 მაისს, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, ისე, რომ რეალურად პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის გამოყენებით ნოტარიუსს არავინ დაჰკავშირებია, ნოტარიუს ქ.ხ–თან, ამჯერად, ვ.მ–ნის სასარგებლოდ გაიცა მინდობილობა, რომლითაც ვ.მ–ნს, სხვა უფლებებთან ერთად, მიენიჭა ა.ბ–ძის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და სესხის აღების უფლება. სანოტარო მოქმედებას ესწრებოდნენ მ.ხ–ი (როგორც მარწმუნებლის ნდობით აღჭურვილი პირი) და ი.ვ–ი (როგორც მოწმე), რომლებმაც დაადასტურეს, რომ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით კონტაქტი ა.ბ–ძესთან დამყარდა.
10.4. 2015 წლის 15 მაისს ნოტარიუს თ.პ–ის სანოტარო ბიუროში, გ.კ–მა, როგორც მსესხებელმა და 14.05.2015 წელს გაცემული მინდობილობის ფარგლებში - ა.ბ–ძის წარმომადგენელმა, მოპასუხე შ.პ.ს. „მ.ლ–თან“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (გაიცა სესხის თანხა 21000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვეში 2.5% სარგებლის დარიცხვის პირობით). სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ა.ბ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ............
10.5. 2015 წლის 20 მაისს და 27 მაისს ნოტარიუს თ.პ–ის სანოტარო ბიუროში, ვ.მ–ნმა, როგორც მსესხებელმა და 20.05.2015 წელს გაცემული მინდობილობის ფარგლებში - ა.ბ–ძის წარმომადგენელმა, მოპასუხე შ.პ.ს. „მ.ლ–თან“ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (გაიცა სესხის თანხა 9000 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვეში 2.5% სარგებლით და 2500 აშშ დოლარი, 12 თვის ვადით, თვეში 2.5% სარგებლით). სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ა.ბ–ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, .........
10.6. აღნიშნულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებზე, ნოტარიუს თ.პ–ის მიერ, 2015 წლის 23 სექტემბერს, შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს სასარგებლოდ გაიცა სამი სააღსრულებო ფურცელი და კერძო აღმასრულებლის საშუალებით ა.ბ–ძეს 2018 წლის 15 მარტს გაეგზავნა წინადადებები გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
10.7. მოსარჩელე ა.ბ–ძე ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის დადგენილებით ცნობილია დაზარალებულად.
10.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი იქნა გ.კ–ის, ჯ.მ–ის, ი.ვ–ის და მ.ხ–ის დანაშაულებრივი ქმედება - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ქონებრივი უფლებების მიღება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით. განაჩენით დადგენილია, რომ მათ, ყალბი მინდობილობების დამზადების და გამოყენების საშუალებით, განიზრახეს ა.ბ–ძის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება.
11. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
11.1. მოცემული სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ა.ბ–ძეს, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრეს, არ გამოუხატავს უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნება, აღნიშნული განხორციელდა ყალბი მინდობილობების საფუძველზე. მინდობილობების სიყალბე დადგენილია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. ხელშეკრულებების მხარის (იპოთეკის საგნის მესაკუთრის) ნების არარსებობა კი, სადავო გარიგებების ბათილობის საფუძველია.
11.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მესაკუთრეს უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვის ნება არ გამოუვლენია არც პირადად და არც წარმომადგენლის მეშვეობით, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადგენილია და წინამდებარე დავაში მხარეთა შორის უდავოა იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული მინდობილობების სიყალბე. ამავდროულად, მესაკუთრეს არც მოგვიანებით მოუწონებია მისი ნებართვის გარეშე დადებული იპოთეკის ხელშეკრულებები, ამდენად, იპოთეკით ქონების დატვირთვა განხორციელდა არაუფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლზე მითითებით, პალატამ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებები მიიჩნია დადების მომენტიდან მერყევად ბათილ გარიგებებად, რომლებმაც, ქონების მესაკუთრის მხრიდან შემდგომი მოწონების არარსებობის გამო, შეიძინეს ბათილი გარიგებების სამართლებრივი სტატუსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, გარიგებათა საჯარო წესრიგთან წინააღმდეგობის გამო, ვინაიდან მესაკუთრის ნების გამოვლენის გარეშე მისი ქონების გარიგებისმიერი ფორმით სხვა პირის სასარგებლოდ უფლებრივად დატვირთვა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიც საკუთრების ხელშეუხებლობაა.
11.3. პალატამ არ გაიზიარა მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შესაგებელი მის კეთილსინდისიერ იპოთეკარად მიჩნევის შესახებ და განმარტა, რომ სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, დაცულია რეესტრის მონაცემები, ესე იგი, მასში ასახული მონაცემები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე რეესტრში იყო რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საფუძველია გამსხვისებლის საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი, ანუ შემძენის კეთილსინდისიერება ეფუძნება ობიექტურ ფაქტორს _ საჯარო რეესტრის მონაცემებს.
11.4. მოცემულ საქმეზე, უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვაზე სამივე შემთხვევაში ნება გამოვლენილია არა რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის, არამედ მათი წარმომადგენლების მიერ, რომლებიც მოქმედებდნენ ყალბი მინდობილობების საფუძველზე. შესაბამისად, იპოთეკის უფლების შემძენი ხელმძღვანელობდა არა რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისწორის პრეზუმფციით, არამედ ის ენდობოდა მინდობილობებს, რომელთა სიყალბეც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით. სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, არამედ გაყალბებული მინდობილობის გამოყენების სამართლებრივი შედეგი წარმოადგენს შემძენის რისკს, რომელიც მონაწილეობს გარიგების პროცესში და უშუალოდ წარედგინება მინდობილობა. შესაბამისად, სათანადო, გონივრული წინდახედულობის გამოჩენის პირობებში, მას ობიექტურად გააჩნია მინდობილობის ნამდვილობის შემოწმების შესაძლებლობა, რასაც ვერ ვიტყვით მესაკუთრეზე, რადგან მისთვის საკუთრებასთან დაკავშირებით განხორციელებული გარიგებების შესახებ უცნობი რჩება ყალბი მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნის წარდგენამდე.
11.5. კონკრეტულ შემთხვევაში, იპოთეკარმა იპოთეკის უფლებები შეიძინა იმ პირებისგან, რომლებიც რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებულები არ იყვნენ, შესაბამისად, არ არსებობს შემძენის დაცვის, ესე იგი, კეთილსინდისიერ იპოთეკარად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რაც სადავო _ იპოთეკის ნაწილში ხელშეკრულებათა ბათილად ცნობის, მათ საფუძველზე რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველია.
11.6. რაც შეეხება სესხის ნაწილში ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ ა.ბ–ძეს ამ ნაწილში აღიარებითი მოთხოვნის მიმართ არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან უშუალო მსესხებლები არიან გ.კ–ი და ვ.მ–ნი, შესაბამისად, თანხა ა.ბ–ძის დასაბრუნებელი არ არის. იპოთეკის ნაწილში ხელშეკრულებების ბათილობით, ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების გაუქმებით და იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში სააღსრულებო ფურცლების ბათილობით მისი პასუხისმგებლობა სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სესხის ნაწილში ხელშეკრულებების ბათილად ცნობის გარეშეც გამოიცხება.
12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ.პ.ს. „მ.ლ–მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:
12.1. კეთილსინდისიერ იპოთეკარს უპირატესობა უნდა მინიჭებოდა მესაკუთრესთან შედარებით, ვინაიდან დანაშაულებრივ ჯგუფებს არ უნდა მიეცეთ ფულადი თანხების თაღლითურად მითვისების სურვილი იმ იმედით, რომ სასამართლო პრაქტიკის გამო მითვისებული თანხების დაბრუნებას საფინანსო ინსტიტუტები ვეღარასდროს შეძლებენ. კრედიტორის მიერ გაცემული სესხების უძრავი ქონებით უზრუნველყოფა მოხდა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტით, მოქმედი რწმუნებულების საფუძველზე, რომელში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობდა.
12.2. წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ბ–ძეს უარი ეთქვა ნოტარიუს ქ.ხ–ის მიერ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით დამოწმებული მინდობილობების ბათილად ცნობაზე, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნული კი, კასატორის აზრით, შემაფერხებელი ფაქტორია იპოთეკის ნაწილში ხელშეკრულებათა ბათილად ცნობისათვის.
12.3. კასატორი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების განაწილების გადაწყვეტასთან მიმართებითაც.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. უწინარესად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად, პალატა შენიშნავს, რომ მიუხედავად საკასაციო პრეტენზიების ფაქტობრივ უსწორობათა გრაფაში ტექნიკურად განთავსებისა, კასატორი შინაარსობრივ პრეტენზიას აცხადებს არა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ასახულია წინამდებარე განჩინების 10.1.-10.8. პუნქტებში (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 11-18 პუნქტები), არამედ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიემართება სააპელაციო სასამართლოს მარტოოდენ სამართლებრივ შეფასებებს (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მე-19 და შემდგომი პუნქტები).
18. თავდაპირველად, პალატა ყურადღებას მიაპყრობს პრეტენზიაზე, რომლის თანახმადაც, მინდობილობების ბათილად ცნობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, თიქოსდა აფერხებს იპოთეკის ნაწილში ხელშეკრულებათა და სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის, აგრეთვე ქონებზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებების გაუქმებას. ხსენებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ესე იგი, იმისთვის, რომ შემოწმდეს გარიგების კანონიერება, უნდა არსებობდეს გამოვლენილი ნება, როგორც სამართლებრივი შედეგის დადგომის მიზნით დამდგარი იურიდიული ფაქტი. დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძვლად არსებული ორივე მინდობილობა ისე გაფორმდა, რომ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია ა.ბ–ძესთან არ შემდგარა _ ერთ შემთხვევაში ნოტარიუსს ელექტრონული საშუალებით დაუკავშირდა ჯ.მ–ი, თითქოსდა იგი ა.ბ–ძე იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში _ ნოტარიუსს ელექტრონულად არავინ დაკავშირებია. გ.კ–ისა და ვ.მ–ნისთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების მიზნით ა.ბ–ძის მხრიდან ნების გამოვლენის აქტს ადგილი საერთოდ არ ჰქონია, სუბიექტის ნების არარსებობისას კი გარიგება ობიექტურსამართლებრივად დადებულად არ მიიჩნევა. ყალბი დოკუმენტის საფუძველზე განხორციელებული მოქმედებების შედეგების ანულირებას არ ესაჭიროება სასარჩელო მოთხოვნა მისი (ე.ი. ყალბი დოკუმენტის) ბათილად ცნობის შესახებ, რამეთუ იგი, როგორც გარიგება, ისედაც არასდროს არსებულა.
19.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოსაზრებას კასატორის კეთილსინდიერ იპოთეკარად მიჩნევის წინაპირობების არსებობის შესახებ, მეტიც, განსახილველ შემთხვევაში, მიკროსაფინასო ორგანიზაციის, როგორც კრედიტორის, კეთილსინდისიერების სასამართლო წესით კვლევის საფუძველი საერთოდ არ არსებობს.
19.2. შემძენის/იპოთეკარის კეთილსინდისიერების საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილი კლასიკური გაგებით, უკავშირდება რეესტრის ჩანაწერის იმგვარ უზუსტობას, როდესაც შემძენი წინდახედულობის გონივრულ ფარგლებში გამსხვისებლის უფლებას ნამდვილად მიიჩნევს, თუმცა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ნორმა აწესრიგებს ქონებაზე რეგისტრირებულ ვალდებულებებსაც, ანუ ამ ნორმათა ანალიზით, შეიძლება დავასკვნათ, რომ როდესაც საქმე უძრავი ქონების უფლებრივ მდგომარეობაზეა, შემძენს/იპოთეკარს, თავის უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, არასწორი იყოს რეესტრის მონაცემები, ამ ვითარებას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობის არცოდნაში გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. დასახელებული ნორმები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ ელემენტებს და ნორმით გათვალისწინებულ პრეზუმფციაზე - რეესტრის ჩანაწერის სისწორეზე დაყრდნობისას უნდა შემოწმდეს არა მარტო საჯარო რეესტრის მონაცემები, არამედ უტყუარად უნდა ირკვეოდეს, რომ შემძენმა ნივთის შეძენამდე არ იცოდა და არც შეიძლება, სცოდნოდა საჯარო რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის თაობაზე“ (იხ. სუსგ. №ას-394-373-2013, 20.05.2014წ).
19.3. ესე იგი, საჯარო რეესტრის მონაცემების სისწორისა და უტყუარობის პრეზუმფციის პარალელურად კეთილსინდისიერების ცნების შემოტანით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას იმისა, რომ რეესტრში ასახული მონაცემები შესაძლოა, იყოს ხარვეზიანი და უზუსტოც, სწორედ ასეთ დროს იცავს კანონმდებელი შემძენს/იპოთეკარს, რომელიც გარიგების დადებისას ენდო რეესტრში რეგისტრირებულ, ესე იგი, სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ მონაცემებს და არ ჰქონდა გონივრული საფუძველი მათში ეჭვის შესატანად. შემძენის/იპოთეკარის სუბიექტური (კეთილსინდისიერი) დამოკიდებულება რეგისტრირებული უფლების ხარვეზიანობის მიმართ „გადაარჩენს“ გარიგებას ბათილობის სამართლებრივი შედეგისაგან.
19.4. განსახილველ შემთხვევაში, .... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკუთრების უფლების ა.ბ–ძისადმი კუთვნილება არც სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების დადებისას და არც მას შემდგომ, ეჭვქვეშ არ დამდგარა. შესაბამისად, საჯარო რეესტრში მოსარჩელეზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების ნამდვილობისადმი იპოთეკარის სუბიექტური დამოკიდებულება დავისთვის მნიშვნელოვანი არ არის. იპოთეკარი შედომაში შეიყვანა არა საჯარო რეესტრის მონაცემებმა, არამედ სანოტარო წესით დამოწმებულმა ყალბმა მინდობილობებმა.
19.5. საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომელიც, თავის მხრივ, ასახულიც არის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში _ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მინდობილობის (თუნდაც სანოტარო ფორმის დაცვით გაცემულის) სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 09 სექტემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე №3კ/624-02) დიდმა პალატამ განმარტა, რომ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თავისთავად არ ნიშნავს მარწმუნებლის მიერ წარმომადგენლისათვის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტის არსებობას. უფლებამოსილება უნდა იყოს ნამდვილი, შესაბამისად, უფლების შემძენი ვალდებული იყო გამოეჩინა აუცილებელი ყურადღებიანობა და უძრავი ქონების რეგისტრირებულ მესაკუთრესთან გადაემოწმებინა უფლებამოსილების არსებობა (იხ. სუსგ. №ას-813-764-2015, 28.10.2015წ).
19.6. ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ეხებოდა სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე დადებული გარიგების ბათილად ცნობას სწორედ მარწმუნებლის ნების არარსებობის გამო, საკასაციო პალატამ განმარტა: „სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა სანდოობა, უპირველესად, მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებას ეფუძნება. მართალია, ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა, თუმცა ეს არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ უპირობო ნდობას. სამართალურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს წინდახედულების გონივრულ და მინიმალურ სტანდარტს მაინც, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს. რაც შეეხება საჯარო წესრიგს, ისიც სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპია და მოიაზრებს ასევე საკუთრების ხელშეუხებლობას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ჩრდილს აყენებს სახელმწიფოს, როგორც ინდივიდის უფლებათა დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტის ფუნქციას და არსს. გარიგება, რომლითაც უარყოფილი იქნება საკუთრების ხელშეუხებლობა, უნდა ჩაითვალოს საჯარო წესრიგის დამრღვევ გარიგებად. ამ აზრს განამტკიცებს სსკ-ის 111-ე, 170-ე მუხლები, რომელთა თანახმად, ნივთის სამართლებრივი ბედი მთლიანად დამოკიდებულია მესაკუთრის ნებაზე: მას შეუძლია ამა თუ იმ ფორმით განკარგოს ნივთი. განსახილველ შემთხვევაში, დგინდება, რომ უძრავი ქონების რწმუნებულის მეშვეობით განკარგვის თაობაზე უძრავი ნივთის მესაკუთრეს არ გამოუვლენია ნება და სანოტარო აქტის ნამდვილობის პრეზუმფციაზე მითითება ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელეთა ინტერესების დაკმაყოფილებას, მიუხედავად გარიგების მიმართ მათი სუბიექტურად კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისა. წინდახედულების მინიმალური სტანდარტის გაუთვალისწინებლობა მხარეს გარიგების არაკეთილსინდისიერ მონაწილესთან ათანაბრებს და იგივე სამართლებრივ შედეგს - გარიგების ბათილობას განაპირობებს. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მეორე კასატორის (მოსარჩელეების) შედავებას, რომ გადამოწმების ამგვარი ვალდებულება კანონით უნდა იყოს დადგენილი. სამოქალაქო ბრუნვის მრავალწახნაგოვანი ბუნებიდან გამომდინარე, გარიგების მხარეებს გარიგებს დადებისას უნდა გამოეჩინათ წინდახედულება და გადაემოწმებინათ უძრავი ქონების წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნამდვილობა, თუნდაც ის სანოტარო წესით ყოფილიყო გაცემული“ (იხ. სუსგ. №ას-1064-2019 13.03.2020წ).
20. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხს, მართალია, კასატორი უთითებს, რომ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ამ ნაწილშიც, თუმცა რაიმე არსობრივ პრეტენზიას, თუ რატომ არის სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა და წარმომადგენლის დახმარებაზე გაწეული ხარჯის ნაწილის მოპასუხისთვის დაკისრება უმართებულო, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს. პალატა მიუთითებს, რომ ხარჯების განაწილება იმგვარად, როგორც ეს აღნიშნულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, შეესაბამება სსსკ 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. ამავდროულად, დავის სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სახით 4000 ლარის მოპასუხეზე დაკისრება არ წარმოადგენს არაგონივრულ ანაზღაურებას და სრულად თავსდება ხსენებული საპროცესო ნორმით დადგენილი ზღვრული ოდენობის (დავის საგნის ღირებულების 4%-ის) ფარგლებში.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4557.32 ლარის 70%, რაც შეადგენს 3190.12 ლარს (11.07.2022 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 210 ლარი, ხოლო 22.07.2022 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2980.12 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს (ს/ნ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება №1657523380, გადახდის თარიღი: 11.07.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. შ.პ.ს. „მ.ლ–ი“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 4257.32 ლარის (საგადახდო დავალება №1658498184, გადახდის თარიღი: 22.07.2022წ, გადამხდელის ბანკი - ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 2980.12 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი