დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 04.12.2024
საქმის ნომერი
ას-1151-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
04.12.2024

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1151-2024

4 დეკემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიზო უბილავა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.ხ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კომპანია“) მიმართ შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის დაკისრებისა და დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა ხანდაზმულობაზე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში 1974 წლიდან და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის ეკავა მართვის ცენტრალური აპარატის მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის ტექნიკური რეგლამენტირებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოზიცია;

6.2. დასაქმებულის გადაადგილების შესახებ 2017 წლის 2 მარტის ბრძანებით მოსარჩელესთან დაიდო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება და დაინიშნა მართვის ცენტრალური აპარატი, მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექცია, ტექნიკური რეგლამენტირების და ანალიტიკის დეპარტამენტის, ანალიტიკის სამსახურის უფროსის პოზიციაზე, განუსაზღვრელი ვადით. მისი შრომის ანაზღაურება საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვრა დარიცხული 3 100 ლარით;

6.3. 2021 წლის 2 სექტემბრის ბრძანებით ცვლილება შევიდა მხარეთა შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებაში და მართვის ცენტრალური აპარატი, მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექცია, ტექნიკური რეგლამენტირებისა და ანალიტიკის დეპარტამენტი, ანალიტიკის სამსახურის უფროსის თვიური სარგო 2021 წლის 1 სექტემბრიდან განისაზღვრა დარიცხული 3 410 ლარით;

6.4. კომპანიის შრომის შინაგანაწესის (შინაგანაწესი) 1.5. პუნქტის თანახმად, რომელსაც მოსარჩელე გაეცნო და დაეთანხმა, დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებისას დასაქმებულს გააცნოს შრომის შინაგანაწესი, თანამშრომელთა ეთიკისა და ქცევის კოდექსი და სამუშაო აღწერილობა, ასევე, მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, რომელთა გაცნობას და თანხმობას მათ შესრულებაზე დასაქმებული ადასტურებს ხელმოწერით;

6.5. შინაგანაწესის 13.4 პუნქტის თანახმად, საპენსიო ასაკის შესრულებიდან 3 თვის განმავლობაში, დამსაქმებლის ინიციატივით, პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, რკინიგზაში ყოველ დასაქმებულ პირზე გაიცემა, ერთჯერადად, დანამატი 6 თვის კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;

6.6. დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის კოდექსის 4.2 მუხლის თანახმად, რომელსაც გაეცნო მოსარჩელე, კოლეგებთან, კლიენტებთან, ნესიმიერ მესამე პირებთან და თანამოსაუბრესთან ურთიერთობისას დასაქმებული პატივისცემით უნდა მოეპყრას თანამოსაუბრეს და თავაზიანად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება; 4.3. მუხლის შესაბამისად, დაუშვებელია თანამშრომლებისათვის შეურაცხყოფის მიყენება, ამასთან 4.4. მუხლით განსაზღვრულია კოლეგებთან მოქცევის სტანდარტი, რაც გულისხმობს კონფლიქტური სიტუაციის შექმნისაგან თავის არიდებას. 7.1. მუხლის მიხედვით, დასაქმებული ზრუნავს, რომ მისი ურთიერთობა კოლეგებთან ითვალისწინებდეს ზრდილობისა და ეტიკეტის ნორმებს. ეთიკის კოდექსის თანახმად, ინტერესთან კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც მენეჯერის სხვა საქმიანობა ან პირადი ინტერესი გავლენას ახდენს მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს სამართლიანად და კეთილსინდისიერად ან სხვაგვარად ჰქონდეს კონფლიქტი კომპანიის ინტერესებთან. ნებისმიერი ასეთი სახის კონფლიქტი თავიდან უნდა იქნეს აცილებული. აღნიშნული მიზნით, მენეჯერებს მოეთხოვებათ კონსულტაცია გაიარონ უშუალო ხელმძღვანელთან იმ შემთხვევაში, თუ მისი კომპანიის გარეთ საქმიანობა ან პირადი ინტერესი შესაძლოა გახდეს კონფლიქტის მიზეზი, მანამ სანამ განახორციელებს კონფლიქტის გამომწვევ ქმედებას;

6.7. 2022 წლის 27 ოქტომბერს მოძრაობის უსაფრთხოების გენ. ინსპექციაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა თანდასწრებით უშუალო ხელმძღვანელისათვის უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს „შენ ვინ ჩემი (მამკაცის სასქესო ორგანო) ხარ ჩემი გათავისუფლება ხელმძღვანელთან რომ უნდა შეათანხმო“. მოსარჩელის მიერ კონფლიქტის ინიცირების წინაპირობა გახდა უშუალო ხელმძღვანელისათვის (გ. მ–ძე, რომელიც ამჟამად გარდაცვლილია) მისი თხოვნა, სამუშაო დროის დასრულებამდე 2 საათით ადრე დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. მოსარჩელის თხოვნის საპასუხოდ გ. მ–ძემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ საჭირო იყო მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ინსპექტორთან ბ.გ–ძესთან შეთანხმება, რადგან ვ.ხ–ის მხრიდან სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნამ მიიღო პერმანენტული ხასიათი, რაც არ ექცეოდა შიდასამსახურებრივი შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესებისა და შინაგანაწესის ფარგლებში. მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის უფროსი სპეციალისტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელეს მოეთხოვა ახსნა-განმარტების დაწერა, თუმცა 2022 წლის 28 ოქტომბერს მან აღნიშნულზე უარი განაცხადა;

6.8. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმის რ.რ–ის ჩვენებით, მოსარჩელის მიერ გამოხატული შეურაცხყოფის ფაქტის განხილვის მიზნით, მოპასუხესთან ჩატარებულ ოპერატიულ თათბირზე დასაქმებულმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეურაცხყოფა და პირდაპირი (დედის მისამართით გინებით) შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ მის უშუალო ხელმძღვანელს, არამედ თათბირზე დამსწრე პირებსაც და გენერალური დირექტორის მოადგილეს მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში - მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ინსპექტორ ბ.გ–ძეს, რაც მოპასუხე კომპანიაში გახმაურდა და მოსარჩელის ქმედების შესახებ ყველასთვის გახდა ცნობილი. მოწმის განმარტებით, ,,ცალსახად ნათელი იყო, რომ ბატონი ვ. ვერ აანალიზებდა მის დარღვევას და ცალსახად ხელმძღვანელთან მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ინსპექტორთან ჰქონდა ასაკის და სტაჟის გამო პიროვნული მიუღებლობა და უარყოფითი დამოკიდებულება, რაც სხდომაზეც გააჟღერა „აქ რა სასამართლო მომიწყვეთ“, ,,შენ ღლაპი ხარ და შენ მე არაფერს უნდა მიწყვეტდე“;

6.9. ბ.გ–ძის მიერ დაკავებული პოზიციის სამუშაო აღწერილობიდან ირკვევა, რომ მას მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია მოპასუხე დაწესებულებაში. კერძოდ, მოძრაობის გენერალური ინსპექტორი კომპანიის მასშტაბით ერთადერთი თანამდებობაა, რომელიც მხოლოდ დირექტორს ექვემდებარება და მოქმედებს მხოლოდ მის მიერ მიღებული დავალებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად. თანამდებობის დანიშნულებაა მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ისნპექციის საერთო ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელობა მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ისნპექციაში შემავალ ქვედანაყოფებისა და თანამშრომლების, ხოლო უმთავრესი ამოცანაა მოძრაობის უსაფრთხოების მუშაკთა მიზანმიმართული და ეფექტური მუშაობისათვის ღონისძიებების შემუშავება-დაგეგმვა და კონტროლი მათ განხორციელებაზე;

6.10. მოძრაობის უსაფთხოების გენერალური ინსპექცია წარმოადგენს დამსაქმებელი კომპანიის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო სტრუქტურულ ერთეულს, რომელსაც ევალება სს ს.რ–ის დეპარტამენტების, სამსახურების, ცენტრების, განყოფილებებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის მუშაკთა მოძრაობის უსაფრთხოების პირადი ნორმატივების შესრულების გაკონტროლება (4.2. პუნქტი);

6.11. საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2022 წლის 9 ნოემბერს №6466 ბრძანებით; შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანება ხელმოწერილია ბ.გ–ძის მიერ. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანება იმავე დღეს ჩაბარდა მოსარჩელეს;

6.12. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 8 დღის შემდეგ მოსარჩელეს შეუსრულდა საპენსიო ასაკი - 65 წელი. მოპასუხე დაწესებულებაში საპენსიო ასაკის შესრულება არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს;

6.13. 2022 წლის 14 ნოემბერს მოსარჩელემ მოითხოვა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზედაც მოპასუხემ ამავე წლის 25 ნოემბერის წერილით გასცა პასუხი. წერილში აღნიშნულია, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, მოძრაობის უსაფრთხოების გენ. ინსპექციაში მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამუშაო ადგილზე თანამშრომელთა თანდასწრებით, მოსარჩელის კოლეგისა და უშუალო ხელმძღვანელისათვის უსაფუძვლოდ და დაუმსახურებლად (მიუხედავად იმისა, რომ შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის შეფასებისათვის მნიშვნელობა არ აქვს ,,დაიმსახურა“ თუ არა ასეთი მოპყრობა პირმა) მძიმე შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახავი და კონფლიქტური სამუშაო გარემოს შექმნას. აღნიშნულის წინაპირობა გახდა მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის გ. მ–ძისადმი მოსარჩელი თხოვნა სამუშაო დროის დასრულებამდე 2 საათით ადრე დაეტოვებინა სამუშაო ადგილი, რომლის თაობაზეც ხელმძღვანელის თქმით სავსებით საფუძვლიანად საჭირო იყო მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ინსპექტორ ბ. გ–ძესთან შეთანხმება. რადგან მოსარჩელის მხრიდან სამუშაო დროის დასრულებამდე სამსახურიდან განთავისუფლებამ მიიღო პერმანენტული ხასიათი, რაც არ ექცეოდა შიდასამსახურებრივი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესებისა და შინაგანაწესის ფარგლებში. ყოველივე ამის საპასუხოდ სხვა თანამშრომლების თანდასწრებით არაერთხელ მიმართა მოსარჩელემ უწმაწური და ღირსების შემლახავი სიტყვებით თავის უშუალო ხელმძღვანელს და ყვირილითა და ჩხუბით დატოვა მისი სამუშაო ოთახი და ამავე რეჟიმში გადაინაცვლა დერეფანში. ზემოხსენებული ინციდენტიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი გ. მ–ძე ეცადა სიტუაციის მშვიდობიანად და ცივილიზებულად გადაჭრას, თუმცა მოსარჩელის მხრიდან კვლავ განხორციელდა ღირსებისშემლახველი და არაეთიკური მიმართვები, რაც უხეშად არღვევს სამსახურში თანამშრომელთა შორის სამსახურებრივ ბალანსსა და უსაფრთხო ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ვალდებულებას. თანამშრომლებმა აღნიშნული ინციდენტის შესახებ აცნობეს მოძრაობის უსაფრთხოების გენერალურ ინსპექტორს, ბ. გ–ძეს, რის შემდეგაც მოსარჩელეს მოეთხოვა ახსნა-განმარტებების დაწერა, თუმცა 2022 წლის 28 ოქტომბერს აღნიშნულზე მოსარჩელემ უარი განაცხადა;

6.14. ზემოაღნიშნული ინციდენტის განხილვის მიზნით, 2022 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა ოპერატიული თათბირი, რომლის მიმდინარეობისას მოსარჩელე გამოხატავდა უკმაყოფილებას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, საუბრობდა აგრესიული და შეურაცხმყოფელი ტონით, არ აძლევდა თათბირის თავმჯდომარეს და სხვა დამსწრეებს კითხვების ნორმალურად დასმის საშუალებას და პროცესის ადეკვატურად წარმართვის შესაძლებლობას, საბოლოოდ თათბირის თავმჯდომარისა და დამსწრე პირების მისამართით განახორციელა გინება და კარების გამოჯახუნებით დატოვა შეხვედრის ოთახი, რაც არსებითად ეწინააღმდეგება თანამშრომელთა ეთიკის სახელმძღვანელო სტანდარტებსა და დამსაქმებლის ფუნდამენტურ ინტერესებს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოხსენებული ,,აგდებული“ დამოკიდებულება და კონფლიქტური სიტუაციის შექმნის მცდელობა არ ყოფილა მოსარჩელის მხრიდან პირველი შემთხვევა და წარსულ ფაქტზე, ხელმძღვანელის მხრიდან გამოეცხადა მოსარჩელეს სიტყვიერი გაფრთხილება, რომ თავი შეეკავებინა „საქმის ცალკე გარჩევების“ მუქარისა და კონფლიქტური სიტუაციების შექმნისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელმძღვანელი იძულებული გახდებოდა მიეღო შესაბამისი ზომები. მოსარჩელისათვის კარგად არის ცნობილი კომპანიის ძალიან მკაცრი და შეუწყნარებელი მიდგომა კოლეგებისადმი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის მიმართ და მოსარჩელის მიერ განხორციელებული არაეთიკური ქცევების, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეთიკური და კეთილსინდისიერი ქცევის უკომპრომისო ვალდებულების, კომპანიაში მოსარჩელის მენეჯერული როლის გაუაზრებლობის, საბოლოო ჯამში კი გადაცდომაზე უმკაცრესი რეაგირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, რისკების მასშტაბების გათვალისწინებით შეუძლებელი აღმოჩნდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნება, რის გამოც 2022 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე განხილული სხვა საკითხების გათვალისწინებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა. დამატებით, მოსარჩელის მხრიდან მიუღებელი და არაკეთილსინდისიერი ქმედების ფარგლებს ხაზს უსვამს ხელმძღვანელებისა და კომპანიის ინფორმირების გარეშე მოსარჩელის მიერ ,,გარე საქმიანობის“ განხორციელების ფაქტი. მოსარჩელის მიერ სამსახურიდან ვადამდე ადრე გაშვების თხოვნის ინტენსიური და მუდმივი ხასიათიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობას წარმოეშვა ეჭვი მოსარჩელის მიერ სს ს.რ–ის საქმიანობის პარალელური სამუშაოს განხორციელების შესახებ, რაც 2022 წლის 31 ოქტომბერს კომპანიის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა. თუმცაღა მოსარჩელეს არ მიუწოდებია ინფორმაცია ხელმძღვანელობისათვის აღნიშნულის თაობაზე, რაც დამატებით წარმოადგენს დაკისრებული მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის უხეშ იგნორირებას. სს ს.რ–ის დასაქმებულთა ეთიკისა და ქცევის კოდექსი, შრომის შინაგანაწესი და სამუშაო აღწერილობა წარმოადგენს თითოეულ თანამშრომელთან დადებული შრომითი კონტრაქტის არსებით და განუყოფელ ნაწილს, აღნიშნული დოკუმენტები წარმოადგენენ ფუნქციონალურ ერთიანობას. დასაქმებულთა ეთიკური ქცევის ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტი არის კოლეგიალობის პრინციპის დაცვა, რაც უზრუნველყოფს სამსახურებრივი ინტერესების სრულფასოვან რეალიზებას. მოსარჩელე იკავებდა სს ს.რ–ის მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის - ანალიტიკური სამსახურის უფროსის პოზიციას. ამდენად, მას როგორც მენეჯერს ეკისრებოდა მომეტებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის დამსაქმებლის შიდასამართლებრივი დოკუმენტებისა და მორალურ-ზნეობრივი სტანდარტების განუხრელ და ურყევ დაცვაზე, რომლის დარღვევამაც საფრთხე შეუქმნა სს ს.რ–ის იმიჯს. მოსარჩელის მიერ განხორციელებულ მოქმედებათა შედეგად უხეშად დაირღვა სს ს.რ–ის შინაგანაწესითა და ეთიკის სტანდარტებით განსაზღვრული ვალდებულებები, რაც უპირველესად მოსარჩელის მხრიდან კონფლიქტური, დაძაბული, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი გარემოს შექმნაში გამოიხატა. დამატებით გასათვალისწინებელია მოსარჩელის მხრიდან აუცილებელი ინფორმირებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულების უგულვებელყოფის საკითხი, რაც გულისხმობს მოსარჩელის მხრიდან ალტერნატიული სამუშაოს განხორციელების ფაქტს, რომლის თაობაზეც არ მოუხდენია მოსარჩელეს ხელმძღვანელობის ინფორმირება, რისი ვალდებულებაც პირდაპირ ეკისრებოდა. ზემოაღნიშნული დასაბუთება მოსარჩელეს პირადად ჩაბარდა ფოსტის მეშვეობით 2022 წლის 8 დეკემებერს;

6.15. მოსარჩელე შეთავსებით მუშაობდა სხვა დაწესებულებაშიც. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის თანახმად ირკვევა, რომ მოსარჩელეს ხელფასის სახით ერიცხებოდა თანხები როგორც მოპასუხე დაწესებულებიდან, ასევე, შპს „ო.ჯ–ისაგან“;

6.16. შპს „ო.ჯ–ი“ 2021 წლის დეკემბრიდან არის სს „ს.რ–ის“ კონტრაქტორი და სამშენებლო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებლი სუბიექტი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ სს ს.რ–ის მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექცია, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის ახორციელებს კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგსა და ინსპექტირებას და აღნიშნულში ჩართული არიან სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებული მენეჯერული რგოლი;

6.17. 2023 წლის 12 იანვარს ააიპ „ს.რ. პროფესიულმა კავშირმა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ს.რ–ის მიმართ პროფკავშირის წევრის - მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. სასამართლო განჩინების მიხედვით, სარჩელით არ ყოფილა მოთხოვნილი შრომითი ურთერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა;

6.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 იანვრის განჩინებით ააიპ ს.რ. პროფესიულ გაერთიანებას უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე;

6.19. 2023 წლის 9 მარტს მოსარჩელემ წარადგინა სარჩელი.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რამდენადაც შესაგებლის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე, ეს საკითხი უნდა შემოწმდეს პირველ რიგში, ხოლო თუ ხანდაზმულობის საკითხი დადებითად გადაწყდა, სასამართლომ აღარ უნდა განაგრძოს სარჩელის მატერიალური საფუძვლების კვლევა.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე მუხლებზე, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში ასევე - „სშკ“) 48-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებზე და განმარტა ხანდაზმულობა.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა ცალმხრივად შეწყდა 2022 წლის 9 ნოემბრისს №6466 ბრძანებით, საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელემ 2022 წლის 14 ნოემბერს მოითხოვა მოპასუხისაგან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების წერილობითი დასაბუთება, რაზეც მოპასუხემ 2022 წლის 25 ნოემბრის წერილით გასცა პასუხი. წერილობითი დასაბუთება მოსარჩელეს ფოსტის მეშვეობით, პირადად ჩაბარდა 2022 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, დამსაქმებელს საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად 7 დღის ვადაში არ გადაუცია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთება დასაქმებულისთვის.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 47.5 მუხლით დადგენილი 7-დღიანი დასაბუთების ვადა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდგომ, მიუხედავად იმისა დამსაქმებელმა მოგვიანებით შეასრულა თუ არა კანონით დადგენილი ვალდებულება, დასაქმებულს უკვე წარმოეშობა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება და იწყება კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის ათვლა. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების კუმულატიური შეფასებით ვიღებთ დასკვნას, რომ წერილობითი დასაბუთების წარდგენის 7-დღიანი ვადის ამოწურვა უკვე იწვევს დასაქმებულისთვის დადგენილი, სარჩელის წარდგენის 30-დღიანი ვადის ამოქმედებას. სხვაგვარი განმარტება წინააღმდეგობაში მოვა შრომითი დავების ვადაში შემჭიდროვების მიზანთან და თავად ნორმის არსთან.

11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სშკ-ის 48.4 მუხლით მინიჭებული უფლება გამოიყენა 2022 წლის 14 ნოემბერს, სს „ს.რ–ას“ წერილობითი დასაბუთების მოსარჩელისთვის გადაცემის ვადა ამოეწურა 2022 წლის 21 ნოემბერს და სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაიწყო სშკ-ის 48.7 მუხლით დადგენილი, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის 30-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 21 დეკემბერს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დასაცავად ზემოხსენებულ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

12. სააპელაციო სასამართლომ ააიპ „ს.რ. პროფესიული კავშირის“ მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იგი მიიჩნევა დასაქმებულის უფლებების დასაცავად განხორციელებულ ქმედებად და აღძრულ სარჩელად, თუმცა მასზე ისევე როგორც სამსახურიდან გათავისუფლებულ დასაქმებულზე ვრცელდება სშკ-ის 48-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები. შესაბამისად, 2023 წლის 12 იანვარს წარდგენილი სარჩელი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა სასარჩელო ხანდაზმულობის მოთხოვნებს.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გასაჩივრების ვადის წერილობითი დასაბუთების ჩაბარებიდან ათვლის შემთხვევაშიც კი, სარჩელი ვადა დარღვევითაა წარდგენილი. კერძოდ, დასაქმებულს 2022 წლის 25 ნოემბრის წერილი ჩაბარდა იმავე წლის 8 დეკემბერს, შესაბამისად კანონით დადგენილი 30-დღიანი ვადა ამოიწურა 2023 წლის 9 იანვარს, სარჩელი კი წარდგენილია 12 იანვარს. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება და არა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა იყო.

14. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა დამსაქმებელისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 25 000 ლარის დაკისრებას, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ცალკე სასარჩელო მოთხოვნად არ აქვს მითითებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, რაც აღნიშნული საფუძვლით უკვე მეორეული მოთხოვნების, ზიანის ანაზღაურების, წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს არ აქვს დაყენებული პირველადი ხასიათის მოთხოვნა - დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მეორადი მოთხოვნის - ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე.

15. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს არა განცალკევებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, არამედ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს დისკრიმინაციულ მოტივებზე და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას უკავშირებს სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს, რაც სრულად ექცევა საქართველოს შრომის კოდექსის რეგულირების სფეროში და არ წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3631-3636 მუხლებით სპეციალურ საპროცესო რეჟიმს დაქვემდებარებულ სარჩელს. მოსარჩელის განმარტების შესაბამისად, მისთვის 25 000 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის მიყენება გამოიწვია მოპასუხის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტამ, რის შედეგადაც მოსარჩელემ ვერ შეძლო შინაგანაწესის 13.4 პუნქტით (საპენსიო ასაკის შესრულებიდან 3 თვის განმავლობაში, დამსაქმებლის ინიციატივით, პენსიაზე გასვლის შემთხვევაში, რკინიგზაში ყოველ დასაქმებულ პირზე გაიცემა, ერთჯერადად, დანამატი 6 თვის კუთვნილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობით) დადგენილი დანამატის მიღება. შესაბამისად, დგინდება, რომ ზიანის წარმოშობას მოსარჩელე უკავშირებს დამსაქმებლის 2022 წლის 9 ნოემბრის №6466 ბრძანებას და არა დისკრიმინაციის ფაქტს.

16. მატერიალური ზიანის ანაზღაურება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის თანმდევი შედეგია და არა სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის თანმდევი შედეგი, რადგან ასეთ დროს სასარჩელო მოთხოვნას აღიარებითი - დისკრიმინაციული მოპყრობის დამდგენი სასარჩელო მოთხოვნის არსებობა ესაჭიროება. დისკრიმინაციული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენის ან სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის, იძულებითი მოცდენისთვის ანაზღაურების მოთხოვნებზე სასამართლოსადმი მიმართვის ვადაა 30 კალენდარული დღე. იგივე ეხება იძულებითი მოცდენისას დასაქმებულის მიერ დაკარგული სარგებლის მოთხოვნასაც. სასამართლოსთვის მიმართვის ერთი წლის ვადა ვრცელდება შემთხვევაზე, როცა მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ დისკრიმინაციული ქმედების – ფაქტის აღიარებას და მოთხოვნა არ მოიცავს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და პირვანდელ (ტოლფას) სამუშაოზე აღდგენას ან კომპენსაციის დაკისრებას. შესაბამისად, მეოთხე სასარჩელო მოთხოვნად დაყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის, როგორც დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგის მიმართ, უნდა გავრცელდეს საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 30-დღიანი ვადა, რაც მოცემული სარჩელის მიმართ გასულია.

17. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენდა სს „ს.რ–ის“ 2022 წლის 9 ნოემბრის №6466 ბრძანების ბათილად ცნობა, ხოლო სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და მიუღებელი დანამატის სახით წარმოშობილი მატერიალური ზიანი წარმოადგენს დამატებით მოთხოვნებს, რომლებისთვისაც მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი მოთხოვნის მსგავსად, გასულია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი.

19. საკასაციო საჩივარში მითითებულია, რომ მოსარჩელე არ ეთანხმება მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხის განხილვას და სასამართლოს მიერ მატერიალური ნაწილის უგულვებელყოფას. ამასთან, მხარე მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია ხანდაზმულობის საკითხი. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მხარე მიუთითებს სააპელაციო საჩივრის კონკრეტულ გვერდებზე, სადაც მოსარჩელე ხანდაზმულობის დენის შეჩერებას უკავშირებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვისა და შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოსათვის გაგზავნილ წერილებს. ასევე ყურადღებაა გამახვილებული ააიპ „ს.რ. პროფესიული კავშირის“ მიერ აღძრულ სარჩელზე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

25. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის მართლზომიერება.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

27. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნეს იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1298-1218-2015, 15 მარტი 2016 წელი; №ას-790-2020, 20 მაისი 2021 წელი; ას-781-2021, 23 თებერვალი 2022 წელი).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. შრომის კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრული უფლების რეალიზების ვადის ათვლას სწორედ დასაქმებულისათვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობინების მომენტს უკავშირებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1298-1218-2015, 15 მარტი, 2016 წელი; №ას-905-871-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი; №ას-790-2020, 20 მაისი, 2021 წელი).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის პროცესუალური შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, ე.წ. „უფლების შემაფერხებელ“ შესაგებელს წარმოადგენს, რა შემთხვევაშიც, მოვალის შეპასუხება არა თავისთავად უფლების ნამდვილობას, არამედ მისი ხანდაზმულობის მოტივით უკუგდებას ემსახურება. მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტის საკითხია, და განსხვავებით სამართლის საკითხისგან, რა დროსაც, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში სასამართლო თავად მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას და შეუფარდებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ შემთხვევაში, მხარე თავადაა ვალდებული უფლების სასამართლო წესით განხორციელებისგან ასეთი მითითებით დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოთხოვნის ნამდვილობისა და განხორციელებადობის დადგენის შემთხვევაში, მიუხედავად მისი ხანდაზმულობისა, მოვალეს დააკისრებს ვალდებულების შესრულებას.

30. საკასაციო სასამართლო სადავო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადასა და ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ საკასაციო პრეტენზიასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ ანალოგიურ საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მნიშვნელოვანი განმარტება (იხ. სუსგ საქმე №ას-1210-2018, 15 თებერვალი 2019 წელი), რომლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ საქმე №ას-669-2020, 18 ნემბერი 2020 წელი; №ას-98-2019, 5 აპრილი 2019 წელი).

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით დავებზე ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსის (დავის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქცია) 48-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადები. აღნიშნული მუხლის მე-6-მე-7 პუნქტების თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხოლო თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

32. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან, რაც სავსებით მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ. სხვა სამოქალაქო საქმეზე განიმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (იხ.: სუსგ №ას-11-11-2018, 4 მარტი 2019 წელი, პ-34) (იხ. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-7 ნაწილი).

33. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სათანადოდ შედავებული არ არის, რომ მოსარჩელემ სშკ-ის 48.4 მუხლით მინიჭებული უფლება გამოიყენა 2022 წლის 14 ნოემბერს (იხ. წინამდებარე განჩინბის 4.13-4.14 პუნქტები), სს „ს.რ–ას“ წერილობითი დასაბუთების მოსარჩელისთვის გადაცემის ვადა ამოეწურა 2022 წლის 21 ნოემბერს და სწორედ აღნიშნული თარიღიდან დაიწყო სშკ-ის 48.7 მუხლით დადგენილი, სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის 30-დღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 21 დეკემბერს. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დასაცავად ზემოხსენებულ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, მითითება, რომ სარჩელის აღძვრამდე მოსარჩელემ მიმართა კონკრეტულ ორგანოებს წერილებით ვერ იქნება მხედველობაში მიღებული, რამდენადაც საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-6 ნაწილი კონკრეტულად ითვალისწინებს, რომ დამსაქმებლის გადაწყვეტილება სასამართლოში საჩივრდება და მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვა აჩერებს ხანდაზმულობის ვადას. რაც შეეხება კასატორის მითითება ააიპ „ს.რ.პროფესიულ გაერთიანების“ მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით, როგორც უკვე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, სარჩელი დასახელებულმა ორგანიზაციამაც კანონით გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის დარღვევით, ნაცვლად 21 დეკემბრისა, 12 იანვარს წარადგინა.

34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონითაა დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს ინტერპრეტაციას ექვემდებარება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ყოფილი დასაქმებულის სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რის გამოც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი მართებულად ეთქვა.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ არაერთ საქმეში განმარტებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად მიჩნევის შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-236-2024, 9 ოქტომბერი, 2024 წელი).

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

38. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-167-157-2017, 2 ივნისი, 2017 წელი; №ას-58-58-2018, 30 აპრილი, 2018 წელი; №ას-48-2021, 23 აპრილი, 2021 წელი; №ას-493-2021, 05 მაისი, 2022 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ვ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ვ.ხ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 30 სექტემბერს №2480296130 საგადახდო დავალებით (ტერმინალის ნომერი 107, ოპერაციის ID 525019) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და 2024 წლის 29 აგვისტოს №2458286312 საგადახდო დავალებით (ტერმინალის ნომერი 107, ოპერაციის ID 522736) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1200 ლარის, ჯამში 1250 ლარის 70% – 875 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიზო უბილავა

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე