დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-258-2025 7 ივლისი, 2025 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ვ.გ–ა, ი.ნ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ხ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უფლებამონაცვლედ დადგენა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2019 წლის 6 თებერვალს კ.ხ–იამ (შემდგომში კრედიტორი ან მოსარჩელე) ზ.ნ–ძეს (შემდგომში მოვალე ან გარდაცვლილი მამკვიდრებელი) ასესხა 74 340 ლარი;
2. სესხის გაცემის დღეს მხარეთა შორის დაიდო ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიულად;
3. 2019 წლის 27 მაისს კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სააღსრულებო ფურცლის გაცემა. იმავე დღეს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი;
4. კრედიტორმა სააღსრულებო ფურცელი წარადგინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში და 2019 წლის 8 ივლისს ყადაღა დაედო მოვალის უძრავ ქონებას (მდებარე, ქ. თბილისი, .........., კორპუსი 1, ბინა 8 (ს.კ. .........) (შემდგომში მოვალის ქონება, უძრავი ქონება ან სადავო უძრავი ქონება);
5. 2019 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა მოვალე;
6. მოვალის გარდაცვალების გამო, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, შეაჩერა სააღსრულებო წარმოება და განსაზღვრა ერთთვიანი ვადა უფლებამონაცვლეობის დადგენის შესახებ სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების თბილისის სააღსრულებო ბიუროში წარსადგენად;
7. 2020 წლის 27 იანვარს კრედიტორმა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში წარადგინა განცხადება და მოითხოვა ინფორმაცია 2019 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი პირის (მოვალის) სამკვიდრო ქონების თაობაზე, რის პასუხადაც ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 2019 წლის 9 ივლისს გარდაცვლილი პირის სამკვიდრო ქონების შესახებ;
8. მოვალის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო სს „ს.ბ–ის“ იპოთეკა. ბანკმა სარჩელი აღძრა, როგორც კრედიტორმა (იპოთეკარმა) გარდაცვლილი მოვალის მეუღლის, ვ.გ–ასა და შვილის, ი.ნ–ძის (შემდგომში გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეები, მოპასუხეები, კასატორები ან საკასაციო საჩივრის ავტორები), როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეების წინააღმდეგ, რათა იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო მათ საკუთრებად, რაც დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხეთა თანასაკუთრებად;
9. 2020 წლის 25 აგვისტოს კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს, გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეების დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით, რაზეც ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით, გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდრო ქონების მიღებაზე და სხვას არავის მიუმართავს გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების მიღების მოთხოვნით;
10. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 26 ივნისის N133512 წერილის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებით, აწ გარდაცვლილი მოვალე 2019 წლის 9 ივლისის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო შპს „ა–ის“ (ს/ნ .......) კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრედ და შპს „ს.კ.-IV“-ის (ს/ნ ......... ) კაპიტალის 100%-იანი წილის მესაკუთრედ.
11. სარჩელის საფუძვლები
კრედიტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეების (მეუღლისა და შვილის) მიმართ და მოითხოვა მოვალის უფლებამონაცვლეებად მოპასუხეების ცნობა.
12. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს, ასევე, მიუთითეს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მათი განცხადებით, მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალება იმთავითვე შეიტყო, ხოლო დოკუმენტურად აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი გახდა 2020 წლის 13 იანვარს, სწორედ ამ დროიდან 6 თვის ვადაში (2020 წლის 13 ივლისამდე) კრედიტორს უნდა წარედგინა მოთხოვნა მოვალის მემკვიდრეების მიმართ, რაც მას არ გაუკეთებია.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი დაკმაყოფილდა; გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ მოპასუხეები (მეუღლე და შვილი).
14. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 92-ე, 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1435-ე მუხლებით და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოპასუხეთა მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მოსარჩელეს (კრედიტორს) მოვალის მიმართ მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა მის გარდაცვალებამდე, რომელზეც მიმდინარეობდა აღსრულება, წინამდებარე დავაზე ვერ გავრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი 6-თვიანი ხანდაზმულობის ვადა (რაზეც აპელირებდნენ მოპასუხეები).
15.3. სააპელაციო პალატის მითითებით, მართალია, მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა კანონით დადგენილი წესით არ გაცემულა, ამასთან, სანოტარო მოქმედების ელექტრონულ რეესტრში არის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე და სხვას არავის მიუმართავს გარდაცვლილი მამკვიდრებლის ქონების მიღების მოთხოვნით, თუმცა ვინაიდან გარდაცვლილის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (მდებარე, ქ. თბილისი, ......, ს/კ: .......), თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეების (მოპასუხეების) სახელზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მართებულად დაკმაყოფილდა წარდგენილი სარჩელი გარდაცვლილი მოვალის საპროცესო უფლებამონაცვლეებად მისი მემკვიდრეების ცნობის შესახებ.
16. მოპასუხეების საკასაციო საჩივარი
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
16.2. კასატორების განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, საქმე განხილულია მატერიალური და საპროცესო ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16.3. სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სარჩელი უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ, რომ არ გამოუკვლევია კონკრეტულად რას შეადგენდა მამკვიდრებლის აქტივები და პასივები, როგორი იყო აქტივებისა და პასივების ურთიერთშეფარდება და რამდენად იკვეთებოდა უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, ამასთან, რამდენად იყო მოსარჩელის მიზანი მიღწევადი იმ პირობებში, როდესაც გარდაცვლილი მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომელიც საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოპასუხეების სახელზე აღირიცხა, უკვე რეალიზებულია სააღსრულებო წარმოების ფარგლებში და მისი რეალიზაციის შედეგად მოპასუხეებს არანაირი თანხა არ მიუღიათ. ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდა კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამრიგად, ვინაიდან სამკვიდრო მასაში შემავალი ერთადერთი უძრავი ქონების რეალიზაციით მოხდა კრედიტორთა დაკმაყოფილება, ხოლო სამეწარმეო საზოგადოებაში არსებული წილების გარდა მამკვიდრებელს სხვა აქტივი არ გააჩნდა, სასამართლოს სავალდებულო ფორმით უნდა შეეფასებინა კომპანიაში წილის არსებობა რამდენად შეიძლებოდა გამხდარიყო უფლებამონაცვლეობის დადგენის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი და ამ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის დადგენა რამდენად წარმოშობდა რეალურ სამართლებრივ შედეგებს, თუ ამ ყოველივეს ექნებოდა ფორმალური ხასიათი.
16.4. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი, რის გამოც არასწორად შეაფასა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. მითითებული ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამ წესების დაუცველობა კი იწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მოვალის გარდაცვალება შეიტყო იმთავითვე (იგი დაკრძალვაზე იმყოფებოდა), თუმცა მას არ შეუსრულებია კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულება (არ წარუდგენია მოთხოვნა მემკვიდრეებისათვის) 6 თვის ვადაში, მოსარჩელემ დაკარგა მოთხოვნის უფლება და შესაბამისად, არ ვლინდება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია:
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება სასამართლოების მიერ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის (მამკვიდრებლის კრედიტორებმა 6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამ წესების დაუცველობა იწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას) არასწორად განმარტებას. მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა.
23. აღსანიშნიავია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, მითითებულ ნორმაში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება, არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-143-136-2010, 07.10.2010წ.).
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი; საქმე №ას-1145-2022, 13 ივლისი, 2023 წელი).
25. მოცემულ საქმეში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯერ კიდევ მოვალის სიცოცხლეში, 2019 წლის 27 მაისს მიმართა ნოტარიუსს მოვალის მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით და იმავე დღეს (2019 წლის 27 მაისს) ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. დადგენილია ასევე, რომ მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნულ ბიუროში ასევე მოვალის სიცოცხლეშივე წარადგინა და 2019 წლის 8 ივლისს ყადაღა დაედო მის (მოვალის) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, ხოლო მოვალე გარდაიცვალა 2019 წლის 9 ივლისს.
26. ამრიგად, ვინაიდან კრედიტორს (მოსარჩელეს) მოთხოვნა წარდგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ მამკვიდრებლის სიცოცხლეში (რომელზეც მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება), ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა წინამდებარე საქმეზე მართებულად არ გაავრცელეს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ვადა (შდრ იხ. სუსგ საქმე Nას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
27. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია უფლებამონაცვლება მატერიალურ სამართალში, როდესაც მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე თავისი წინამორბედის უფლებებსა და მოვალეობებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უფლებამონაცვლეობა დაიშვება, არა მხოლოდ სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე, მათ შორის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდეც. საპროცესო უფლებამონაცვლეობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მისი წინამორბედის მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედებების ხელმეორედ (განმეორებით) შესრულების მოთხოვნა მას არ შეუძლია, ასევე, თუკი, საპროცესო უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ (,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი).
28. განსახილველ დავაში, მართალია, საქმის მასალებით დგინდება, რომ გარდაცვლილი მამკვიდრებლის ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა კანონით დადგენილი წესით არ გაცემულა, ამასთან, სანოტარო მოქმედების ელექტრონული რეესტრის ჩანაწერითაც ჩანს, რომ მოპასუხეებმა (გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეებმა) უარი თქვეს სამკვიდრო ქონების მიღებაზე (და სხვას არავის მიუმართავს გარდაცვლილის ქონების მიღების მოთხოვნით), თუმცა ვინაიდან სადავო არ არის ის ფაქტი, რომ გარდაცვლილი მოვალის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქ. თბილისი, ......., ს/კ: ........) მესაკუთრეებად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დარეგისტრირებულნი არიან მოვალის პირველი რიგის მემკვიდრეები, მეუღლე და შვილი (წინამდებარე საქმის მოპასუხეები), ისინი მართლზომიერად იქნენ მიჩნეული გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეებად.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ასევე არაა წარმოდგენილი დასაბუთებული პოზიცია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.გ–ასა და ი.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ვ.გ–ასა (პ.ნ. ......) და ი.ნ–ძეს (პ.ნ. .......), სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ნ.კ–ას (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება N: 1569, გადახდის თარიღი: 28.03.2025) 300 ლარის 70% -210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი