დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 24.02.2026
საქმის ნომერი
ას-1614-2025
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
24.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1614-2025

24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ჰ.თ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ზ.ო–ი, ე.ო–ლი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ო–ის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“), ე.ო–ლისა (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) და ჰ.თ–ძის (შემდგომში - „მესამე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. პირველმა და მეორე მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს, ხოლო მესამე მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 03.11.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 18 864,16 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 16 000 ლარი და პროცენტი - 2 864,16 ლარი; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 03.11.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 16 000 ლარზე წლიური 19%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიურად 8,32 ლარი; თავდებების - მეორე და მესამე მოპასუხეების პასუხისმგებლობის ფარგლები თითოეული მათგანისათვის განისაზღვრა 32 000 ლარით.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 ივლისის განჩინებით წინამდებარე სამოქალაქო საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ფ–ო“ (შემდგომში - „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“).

5. მესამე მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების ან მისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღე.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილის მონაცემებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინება სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ გაეგზავნა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - გორის რაიონი, სოფელი ქვახვრელი, სადაც ჩაბარდა უშუალოდ ადრესატს 2025 წლის 20 აგვისტოს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 07-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 21 აგვისტოს და ამოიწურა 2025 წლის 27 აგვისტოს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუმადგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 60.2, 61.3, 63-ე, 71.1, 73.8, 368.5, 374-ე მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების პროცესუალური საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მესამე მოპასუხემ/აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და მისი განუხილველად დატოვების დროს არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. აპელანტმა სააპელაციო საჩივარში მიუთითა და იშუამდგომლა, რომ დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს წარადგენდა გადაწყვეტილების ჩაბარების შემდგომ. ამდენად, ცხადია, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ხარვეზს ვერ შეავსებდა და დასაბუთებულ სააპელაციო საჩივარს ვერ წარადგენდა. აქედან გამომდინარე, მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაუბარებლად ხარვეზის შევსების მოთხოვნა წარმოადგენს საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვან დარღვევას. აპელანტმა არაერთხელ მიმართა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, გადაწყვეტილება არ მიუღია. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება დაგვიანებით მომზადდა.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. გასაჩივრებული განჩინებით მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

17. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

18. წინამდებარე საქმეში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით დაევალა: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა; დ) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აპელანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღე; დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ........ და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 20 აგვისტოს (იხ. ტ. 2, ს.ფ. 32-33), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან - 2025 წლის 21 აგვისტოდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა იმავე წლის 27 აგვისტოს, თუმცა, სადავო არ არის, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

19. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

20. დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, ხოლო ვინაიდან მას გადაწყვეტილება არ ჰქონდა ჩაბარებული, დაუშვებელი იყო დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე საქმეში გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მოპასუხეთა მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქმის მასალებით დასტურდება, რომ მესამე მოპასუხე ესწრებოდა გორის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 22 მარტს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი - 2019 წლის 25 მარტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 195-199); საქმეში არსებული ხელწერილით დასტურდება, რომ მესამე მოპასუხისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 197); გარდა ამისა, სასამართლო სხდომის მდივანმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი სატელეფონო შეტყობინების გზით, ასევე, აცნობა მესამე მოპასუხის უფლებამოსილ წარმომადგენელს - მ.დ–ს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 146, 200); საქმეში არ არის დოკუმენტი, რაც დაადასტურებდა სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადების ფაქტს; არც კერძო საჩივრის ავტორს წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება; შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილიდან [თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი] გამომდინარე, მესამე მოპასუხე ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი; თუმცა, სადავო არ არის, რომ მესამე მოპასუხეს აღნიშნულ ვადაში სასამართლოსათვის არ მიუმართავს და დასაბუთებული გადაწყვეტილება არ ჩაუბარებია; საქმის მასალებით არ დასტურდება კერძო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მესამე მოპასუხემ არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ; შესაბამისად, 2591 მუხლის ბოლო წინადადების [წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია] მიხედვით, მესამე მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; აღსანიშნავია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მესამე მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი (დაუსაბუთებელი) დადგენილ ვადაში აქვს წარდგენილი (სსსკ-ის 369.1 მუხლი).

22. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინება, რომლითაც აპელანტს, მათ შორის, დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ჩაბარდა პირადად - 2025 წლის 20 აგვისტოს, თუმცა მას ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს და პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება არ მოუთხოვია. როგორც ზემოთ აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში სწორედ მესამე მოპასუხის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენდა დადგენილ ვადაში გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თუკი აპელანტისათვის არ იყო ცნობილი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების შინაარსი, მას შეეძლო/უნდა მიემართა სასამართლოსთვის და გადაწყვეტილების ჩაბარება მოეთხოვა, თუმცა, როგორც აღინიშნა, მას სასამართლოსათვის ასეთი მოთხოვნით არ მიუმართავს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ აპელანტს ხარვეზის შევსების მიზნით ევალებოდა არა მხოლოდ დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, არამედ, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

23. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში მესამე მოპასუხემ გამოიყენა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი (სსსკ-ის 364-ე მუხლი); ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ წარდგენილი იყო დაუსაბუთებელი/ფორმალური სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ხარვეზის დადგენის გზით (სსსკ-ის 368.5 მუხლი), მას მიეცა საშუალება წარედგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, რაც მას არ განუხორციელებია. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრს განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე, 177.3 და 368.1 მუხლები), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 და 374.1 მუხლები).

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ჰ.თ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია