არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1604-შ-54-2026 22 აპრილი, 2026 წელი
. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – B. O. B.(B.O.B.) III B.V. ბ.ო.ბ–ის (ბ.ო.ბ.) III ბ.ვ. (საარბიტრაჟო მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ა–ო“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2026 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საპროცესო საკითხი, რომელზეც მიღებულია წინამდებარე განჩინება - საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 30.01.2026წ. გადაწყვეტილებით:
1.1. B. O. B.(B.O.B.) III B.V. ბ.ო.ბ–ის (ბ.ო.ბ.) III ბ.ვ.-ის (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე ან განმცხადებელი) სარჩელი დაკმაყოფილდა;
1.2. სს „ა–ოს“ (შემდეგში - მოპასუხე) საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ 1 860 809 ევროს+147 798,43 ევროს + 7263,73 ევროს+ 293 375,20 ევროს, ჯამში 2 309 246,36 (ორი მილიონ სამას ცხრა ათას ორას ორმოცდაექვსი ევრო და ოცდათექვსმეტი ცენტი) ევროს გადახდა დაეკისრა, რასაც ემატება სახელშეკრულებო წლიური 9% 2023 წლის 1 ნოემბრიდან სრულ ანგარიშსწორებამდე;
1.3. მოპასუხის პირობითი შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.4. მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ საარბიტრაჟო წარმოების ხარჯების 95%-ის - 172 474,63 ევროს გადახდა დაეკისრა;
1.5. მოპასუხეს საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული წარმომადგენლობისა და კონსულტაციისათვის გაწეული ხარჯების 75 %-ის - 154 220,06 ევროსა და 4183 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
2. ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 30.01.2026წ. გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით საარბიტრაჟო მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.04.2026წ. შუამდგომლობა მიღებულ იქნას განსახილველად.
4. 21.04.2026წ. საარბიტრაჟო მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხისთვის მის სახელზე არსებული რეგისტრირებული შემდეგი სასაქონლო ნიშნების გასხვისება, ჩუქება და ნებისმიერი ფორმით მათზე საკუთრების უფლების განკარგვის აკრძალვა:
4.1. ქართული ლიმონათი ზანდუკელი ლიმონათი ტარხუნის (რეგისტრაციის ნომერი 17280);
4.2. ქართული ლიმონათი ზანდუკელი ლიმონათი მსხლის (რეგისტრაციის ნომერი 17277);
4.3. ქართული ლიმონათი ზანდუკელი ექსტრა ლიმონათი (რეგისტრაციის ნომერი 17278);
4.4. ქართული ლიმონათი ზანდუკელი ლიმონათი ლიმონის (რეგისტრაციის ნომერი 17279);
4.5. ზანდუკელი (რეგისტრაციის ნომერი 18885);
4.6. ზეკარი ზამთრის (რეგისტრაციის ნომერი 22176);
4.7. ზეკარი (რეგისტრაციის ნომერი 21081);
4.8. Germanuli გერმანული GERMAN TRADITIONAL STYLE EST. 2005 GB 9. Georgian Beer – German Quality CRAFTED IN THE ORIGINAL PILSNER TRADITION (რეგისტრაციის ნომერი 36535);
4.9. New Cola (რეგისტრაციის ნომერი 37346);
4.10. ზანდუკელი ZANDUKELI (რეგისტრაციის ნომერი 31923);
4.11. Agro BREWED AND BOTTLED BY ARGO BREWERY GEORGIA GEORGIAN LAGER BEER (რეგისტრაციის ნომერი 28721);
4.12. Agro BREWED AND BOTTLED BY ARGO BREWERY GEORGIA GEORGIAN LAGER BEER (რეგისტრაციის ნომერი 28661);
4.13. HERZOG ჰერცოგი (რეგისტრაციის ნომერი 17274);
5. განმცხადებელს მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლის ცნობისა და აღსრულების საკითხი საქართველოს უზენაეს სასამართლოში იხილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცეული არაა, აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის გარეშე კი, მისი აღსრულება შეუძლებელი იქნება. ამასთან, მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებები არის პროპორციული და რაციონალური (დეტალურად იხ., 21.04.2026წ. განცხადება)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო შუამდგომლობის შესწავლისა და განცხადების საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იმსჯელებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობაზე.
8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958წ. ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. მოხმობილი ნორმით გათვალისწინებულია კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოს ვალდებულება - საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს კონვენციით დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გამოიყენება საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმები (იხ. სუსგ №ა-3421-შ-93-2019, 25.10. 2019წ.).
9. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.
12. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მსგავსად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაც შესაძლებელია სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
13. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 191-ე მუხლის იმ წინადადებაში, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებას, ყურადღებაა გამახვილებული განმცხადებლის მტკიცების ტვირთზე.
15. შესაბამისად, განმცხადებელმა უნდა მიუთითოს კონკრეტულ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას (შდრ. სუსგ №ას-467-2019, 28.02.2020); განმცხადებელმა უნდა დაარწმუნოს სასამართლო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. რამდენადაც უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.
16. ზემომითითებული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება უაღრესად დიდი მნიშვნელობის მქონეა, რამდენადაც სარჩელის, მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, წარმოადგენს სარბიტრაჟო მოსარჩელისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, თუმცა, მოპასუხეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას.
17. ამდენად, საპროცესო უზრუნველყოფის საკითხის დადებითად გადაწყვეტისას, რამდენადაც ერთ-ერთი მხარის უფლებები თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეიზღუდება, სასამართლო, უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება გადაწყვეტილების, მათ შორის, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულება.
18. გარდა ამისა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები (თანაზომიერების პრინციპი). შესაბამისად, ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვის ფორმა და სახე ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ დაცული იქნეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსი და პროპორციულობა. უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (სუსგ №ას-1294-2019, 11.10.2019წ.).
19. ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება (იხ., შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.).
20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თავის არაერთ გადაწყვეტილებაში, ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000). შესაბამისად, უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).
21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).
22. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.
23. წარმოდგენილი განცხადებით საარბიტრაჟო მოსარჩელე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხისთვის მის სახელზე არსებული რეგისტრირებული, ამ განჩინების პ.4-ში ჩამოთვლილი, სასაქონლო ნიშნების გასხვისება, ჩუქება და ნებისმიერი ფორმით მათზე საკუთრების უფლების განკარგვის აკრძალვას ითხოვს, თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადების შინაარსი არ ქმნის საფუძველს იმგვარი დასკვნისთვის, რომ მოპასუხისათვის ამგვარი უზრუნველყოფის ღონისძიების დაწესება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 30.01.2026წ. გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული ვალდებულებების მოცულობა ამ განჩინების პ.1-შია მითითებული. თავად განმცხადებლის მითითებითაც, ამ ეტაპზე დავალიანება დაახლოებით 10 მილიონ ლარს შეადგენს.
25. საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოპასუხეს საკუთრებაში აქვს ქალაქ თბილისში, ......, N.......... საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონება დაზუსტებული ფართობით 117 965.00 კვ.მ.
26. საარბიტრაჟო მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ უკვე აქვს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ზემომითითებულ ......... საიდენტიფიკაციო კოდზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გასხვისების და სანივთოსამართლებრივი უფლებით დატვირთვის აკრძალვის სახით, რაზეც წარმოდგენილ განცხადებაში თავადაც მიუთითებს.
27. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, განმცხადებელმა საკასაციო პალატას ვერ შეუქმნა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ მოპასუხის საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე გამოყენებული შეზღუდვა, საკმარისი არაა ამ განჩინების პ.1-ში მითითებული ვალდებულების აღსასრულებლად. განმცხადებლის მხრიდან მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეს, საარბიტრაჟო მოსარჩელის გარდა, სხვა კრედიტორებიც ჰყავს, რომელთა სასარგებლოდაც არის მოპასუხის უძრავ ქონებაზე საპროცესო შეზღუდვები და საგადასახადო გირავნობა გამოყენებული, არ ქმნის საკმარის საფუძველს ამ უკანასკნელის სასაქონლო ნიშნების მიმართ შეზღუდვების დაწესების აუცილებლობისთვის.
28. გარდა ზემომითითებულისა, საკასაციო პალატისათვის საგულისხმო ის გარემოებაცაა, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელსაც თავისი საქმიანობის მანძილზე სხვადასხვა დროს დავალიანება წარმოშობია, თუმცა, ამ უკანასკნელის მხრიდან სასაქონლო ნიშნების გასხვისების ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამჯერად ასეთ საშიშოროების არსებობის თაობაზე ვერც განმცხადებელი ვერ მიუთითებს.
29. განსახილველი საკითხის შეფასებისას, საყურადღებო ის გარემოებაცააა, რომ მოპასუხე სამეწარმეო სფეროში, ბაზარზე მრავალი წლის განმავლობაში მოქმედი სტაბილური და მაღალი რეპუტაციის მეწარმე სუბიქტია - კომპანიაა და სხვა კრედიტორთა სასარგებლოდ დავის გადაწყვეტა, წინამდებარე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების საფრთხის დაშვების საფუძველს არ ქმნის.
30. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იმ გარემოებასაც იღებს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრიდან დღემდე დიდი დროა გასული, ხოლო ის გარემოება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მოპასუხემ საწარმოს საკუთრებაში არსებული რომელიმე სასაქონლო ნიშანი გაასხვისა, რასაც, შესაძლოა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან სრულად აღუსრულებლობის კუთხით გარკვეული ვარაუდები წარმოეშვა, არ დგინდება და ამაზე არც განმცხადებელს არ მიუთითებია. აღნიშნული გარემოებაც დამატებით ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ დამატებითი საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ამ განჩინების პ.4 ში მოთხოვნილი ზომების გამოყენების საჭიროება არ გამოვლენილა.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 198-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. B. O. B.(B.O.B.) III B.V. ბ.ო.ბ–ის (ბ.ო.ბ.) III ბ.ვ.-ის განცხადება ნიდერლანდების სამეფოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის 2026 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2.. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
ლაშა ქოჩიაშვილი