დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
28 აპრილი 2026 წელი
საქმე №ა-619-ა-6-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შ.პ.ს. ,,ი...", შ.პ.ს. ,,ი–მა "
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ჭ–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ი.ჭ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შ.პ.ს. ,,ი..."-ს და შ.პ.ს. ,,ი–მა "-ს მიმართ და მოითხოვა:
1.1. მოპასუხე შ.პ.ს. „ი...“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის მარტის, აპრილის, მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის სახელფასო დავალიანების, თითოეულ თვეზე 1020.40 ლარის დაკისრება. 1.2. მოპასუხე შ.პ.ს. „ი“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის მაისის, ივნისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრისა და ოქტომბრის სახელფასო დავალიანების, თითოეულ თვეზე 2806.12 ლარის დაკისრება. 2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე შ.პ.ს. ,,ი..."-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის მარტის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის აპრილის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის მაისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის ივნისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა, 2024 წლის ოქტომბრის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1020.40 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ.პ.ს. ,,ი"-ს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2024 წლის მაისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 1403.06 ლარის გადახდა, 2024 წლის ივნისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2806.12 ლარის გადახდა, 2024 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2806.12 ლარის გადახდა, 2024 წლის აგვისტოს სახელფასო დავალიანების დარიცხული 2806.12 ლარის გადახდა, 2024 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2806.12 ლარის გადახდა, 2024 წლის ოქტომბრის სახელფასო დავალიანების დარიცხული 2806.12 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. 7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით, კასატორთა საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო საჩივრის საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, კერძოდ: 7.1. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე, 369-ე და 259¹ მუხლებზე მითითებით აღნიშნა, რომ კასატორებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარების მოთხოვნით კანონით განსაზღვრული ვადის დაცვით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ; შესაბამისად, 259¹ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო წესით გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
7.2. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 29 დეკემბერს და ამოიწურა 2026 წლის 20 იანვარს (ვადის ბოლო დღე იყო 18 იანვარი, ხოლო მომდევნო დღე - 19 იანვარი, დაემთხვა უქმე დღეს).
7.3. საკასაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იქნა 2026 წლის 22 იანვარს, ანუ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, დარჩა განუხილველად.
8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორთა წარმომადგენელმა, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელი მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით, ვინაიდან იგი სასამართლოში დარეგისტრირდა 2026 წლის 22 იანვარს. მისი განმარტებით, საკასაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2026 წლის 19 იანვარი, ხოლო საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2026 წლის 16 იანვარს. აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის ცნობილი არ ყოფილა, რადგან გზავნილი დარეგისტრირდა საფოსტო შეტყობინების ბარათის გარეშე. განმცხადებლის პოზიციით, წინამდებარე განცხადებაზე თანდართული საფოსტო შეტყობინების ბარათი ადასტურებს საკასაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენას, რაც ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 17 თებერვლის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შ.პ.ს. ,,ი..."-ს და შ.პ.ს. ,,ი"-ს განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.
11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას აფუძნებს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით 2026 წლის 16 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი საპროცესო ვადის ფარგლებში იქნა გაგზავნილი, თუმცა საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 06 თებერვლის განჩინებით იგი განუხილველად დარჩა ვადის დარღვევით წარდგენის მოტივით. წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათი ადასტურებს, რომ საკასაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2026 წლის 16 იანვარს, რაც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, განსაზღვრავს საპროცესო მოქმედების შესრულების მომენტს. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 29 დეკემბერს და დასრულდა 2026 წლის 20 იანვარს, შესაბამისად, 2026 წლის 16 იანვარს ფოსტისთვის ჩაბარებული საკასაციო საჩივარი უნდა შეფასდეს, როგორც კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში წარდგენილი.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. 13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:
- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; - ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;
- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. ს.უ.ს.გ. Nვ-74-ა-5-2016, 17.06.2016წ.).
14. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებს. 15. საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობა არსებითია მხარეებისთვის, რამდენადაც დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27), თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს, თუკი დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა კი გულისხმობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.
16. ამავე კონტექსტში, სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები (ს.უ.ს.გ. №ა-4248-ა-12-2024, 26 დეკემბერი, 2024 წელი).
17. საკასაციო პალატის განსჯით, წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინების ბარათით დგინდება საკასაციო საჩივრის ფოსტისთვის ჩაბარების თარიღი. შესაბამისად, აღნიშნულ მტკიცებულებას არსებითი მნიშვნელობა აქვს 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების საფუძვლიანობის შეფასებისთვის, ვინაიდან სწორედ საკასაციო საჩივრის ვადის დარღვევით წარდგენა გახდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.
18. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხსენებული მტკიცებულება საკასაციო სასამართლოსთვის წარმოდგენილი იყო გასაჩივრებული განჩინების მიღების დროს, რის გამოც საკასაციო საჩივრის ვადის დაცვით წარდგენის საკითხი შეფასდა მხოლოდ მისი სასამართლოში რეგისტრაციის თარიღის საფუძველზე.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო ვადის დაცულობის შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ სასამართლოში დოკუმენტის მიღების/რეგისტრაციის თარიღს, არამედ იმ გარემოებასაც, თუ როდის ჩაბარდა იგი ფოსტას. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა დაიწყო 2025 წლის 29 დეკემბერს და დასრულდა 2026 წლის 20 იანვარს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 16 იანვარს ფოსტისთვის ჩაბარებული საკასაციო საჩივარი უნდა შეფასდეს, როგორც კანონით დადგენილი ვადის ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედება, რაც გამორიცხავს მისი ვადის დარღვევით წარდგენილად მიჩნევის სამართლებრივ საფუძველს.
20. ამდენად, აღნიშნული მტკიცებულება არსებით გავლენას ახდენს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შედეგზე, რადგან მისი გათვალისწინების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილი ვადის დაცვით წარდგენილად შეფასება.
21. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება არსებით გავლენას ახდენს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ შედეგზე. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უნდა განახლდეს საქმის წარმოება შ.პ.ს. ,,ი..."-ს და შ.პ.ს. ,,ი"-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება წარმოადგენს იმ დასაბუთებულ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მისი საკასაციო განაცხადი შესწავლილი იქნას სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.
23. საკასაციო სასამართლომ წინამდებარე განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება და მასზე დართული მტკიცებულებები იძლევა საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას წერილობითი მასალების საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით ზეპირი განმარტებების მიღებას, რაც შეესაბამება მართლმსაჯულების ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპებს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. ,,ი..."-ს და შ.პ.ს. ,,ი"-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 06 თებერვლის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება შ.პ.ს. ,,ი..."-ს და შ.პ.ს. ,,ი"-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი