არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 27.04.2026
საქმის ნომერი
ას-367-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
27.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

27 აპრილი 2026 წელი

საქმე №ას-367-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ზ.ბ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება და სააღსრულებო წარმოების შეჩერება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, შ.პ.ს. “ს.ს.პ–ის” 2022 წლის 1-ელი ნოემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ს.ს. “ბ”-ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინებით, მუდმივმოქმედი არბიტრაჟის “ს.ს.პ–ის” 01.11.2022წ. გადაწყვეტილება ცნობილი იქნა და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით:

1.1. ზ.ბ–ს ს.ს. “ბ”-ს სასარგებლოდ დაეკისრა 13 010.68 ლარის გადახდა (10175.91 ლარი - ძირითადი თანხა, 1834.77 ლარი - პროცენტი, 1000 ლარი - პირგასამტეხლო).

2. ზემოაღნიშნული განჩინების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2024 წლის 29 თებერვალს გასცა სააღსრულებო ფურცელი.

3. 2025 წლის 26 დეკემბერს ზ.ბ–მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მოითხოვა ამავე - სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობა და საქმისწარმოების განახლება, ასევე, სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით, განცხადება, ამავე სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. არ დაკმაყოფილდა სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ მოთხოვნაც. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:

4.1. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის 1-ელ და მე-2 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით განცხადება შეტანილი უნდა იქნას ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც, მხარისათვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობის შესახებ.

4.2. განმცხადებელმა გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის დეკემბერში (საქმის მასალების გაცნობისა და გადაცემის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2025 წლის 11 და 15 დეკემბერს, ს.ფ. 40-41), ხოლო ზემოხსენებული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა იმავე წლის 26 დეკემბერს, ერთთვიანი ვადის დაცვით. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული პოზიცია და მიუთითა, რომ თავად განმცხადებლის განმარტებით დგინდებოდა შემდეგი გარემოებები: 2024 წლის 29 თებერვლის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის იძულებითი აღსრულების მიზნით, კრედიტორმა მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს; სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოპასუხის ანგარიშზე ს.ს. „ს.ბ–ში“ გავრცელდა ყადაღა და 2024 წლის აგვისტოდან მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასიდან იჭრებოდა თანხა კრედიტორის დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული გარემოება დასტურდებოდა ს.ბ–ში მოპასუხის კუთვნილი ანგარიშის ამონაწერით, რომლითაც დგინდებოდა, რომ 2024 წლის 1-ელ ივლისს მოპასუხის ანგარიშზე დარიცხულმა ხელფასმა შეადგინა 1371.12 ლარი, ხოლო ამავე წლის 1-ელ აგვისტოს და მომდევნო თვეებში დარიცხული ხელფასის ოდენობა შეადგენს 342.56 ლარს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხიდან (ჯამურად 13 010.68 ლარი, დამატებით 1000 ლარის სააღსრულებო ხარჯით) 2024 წლის აგვისტოს შემდეგ გადახდილია დაახლოებით 7000 ლარი.

4.3. ამრიგად, განმცხადებლისვე განმარტებითა და წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე აღსრულება მიმდინარეობს 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა განმცხადებლის მტკიცება, თითქოს გასაჩივრებული განჩინებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძვლების შესახებ მან მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში შეიტყო. სასამართლომ მიუთითა, რომ 2024 წლის აგვისტოდან 2025 წლის დეკემბრამდე განმცხადებელი ასრულებდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით დაკისრებულ ვალდებულებას, რაც გამორიცხავს იმას, რომ მისთვის უცნობი იყო აღნიშნული ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი.

4.4. სააპელაციო პალატის შეფასებით, განმცხადებლისათვის გასაჩივრებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა ცნობილი გახდა 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან. შესაბამისად, გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დენა ამ თარიღიდან დაიწყო და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 02 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, განმცხადებელმა სასამართლოს მიმართა აღსრულების დაწყებიდან თითქმის ერთი წლისა და 5 თვის შემდეგ, რის გამოც განცხადება დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

4.5. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლზე მიუთითა, რომლის თანახმად, საქმის განახლების შესახებ განცხადება ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების აღსრულებას. სასამართლოს შეუძლია თავისი განჩინებით დროებით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება. გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანა იმაზე იქნება დამოკიდებული, იძლევა თუ არა საქმის წარმოების მომთხოვნი პირი შესაბამის გარანტიებს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განცხადება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პალატამ დაასკვნა, რომ არ არსებობდა მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეჩერებისა და მოპასუხის ანგარიშებზე დადებული ყადაღის გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინების გაუქმების მოთხოვნით კერძო საჩივარი წარმოადგინა ზ.ბ–მა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლები ცნობილი გახდა 2024 წლის აგვისტოდან მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ დროიდან მიმდინარეობდა იძულებითი აღსრულება. მისი პოზიციით, სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის ცოდნა არ უთანაბრდება იმ გარემოებათა ცოდნას, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას. განმცხადებლის განმარტებით, შესაბამისი სასამართლო აქტისა და მისი დასაბუთების, აგრეთვე, ჩაბარების წესთან დაკავშირებული შესაძლო დარღვევების შესახებ მან შეიტყო მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, შესაბამისად, განცხადება მისი მოსაზრებით, ერთთვიანი ვადის დაცვით არის წარდგენილი. კერძო საჩივრის ავტორი მოითხოვს სააღსრულებო წარმოების შეჩერებასა და ანგარიშებზე დადებული ყადაღის მოხსნასაც.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონიერება, რომლითაც განცხადება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.

9. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულება მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტაა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Judicata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

10. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილებით ხაზგასმულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობის მნიშვნელობა და განმარტებულია, რომ დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას, რადგან ის ვერ იქნება გამოყენებული მომავალი ურთიერთობების დასამყარებლად, უფლებების შესაძენად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27).

11. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ მართალია, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება სარგებლობს საბოლოობისა და უცვლელობის პრინციპით, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი სტაბილურობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის დაცვას, თუმცა ეს გარემოება არ გამორიცხავს საქმის წარმოების განახლების სამართლებრივი მექანიზმის არსებობას. გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში და შესაბამისი საპროცესო წესის დაცვით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. ამ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ა-2533-ა-5-2018, 11.06.2018წ.; №ას-1455-2019, 15.11.2019წ.; №ას-1531-2024, 21.02.2025წ.).

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა მოწმდება სასამართლოს ინიციატივით. იმ შემთხვევაში, თუ არ არის დაცული განცხადების დასაშვებობის რომელიმე წინაპირობა, სასამართლო ვალდებულია განჩინებით დატოვოს იგი განუხილველად. აღნიშნული წესი გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლიდან.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით დადგენილი ვადები, თავის მხრივ, იმპერატიული ხასიათისაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ იძლევა ნორმაში მოცემული დანაწესისაგან სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღნიშნული ნორმით, არ არის გათვალისწინებული მოცემული ვადის არც გაგრძელების ან აღდგენისა და შეჩერების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1075-1008-2012, 10.09.2012წ.; №ას-427-399-ა-2017, 23.05.2017წ.; №ას-1560-1480-2017, 07.03.2018წ.).

15. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლს, რომელიც განსაზღვრავს განცხადების სავალდებულო შინაარსობრივ და ფორმალურ მოთხოვნებს და ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც შესაბამისი მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, ეკისრება ვალდებულება მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებს განცხადების შეტანის ვადის დაცვას, ასევე, შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლითაც შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების დადასტურება.

16. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო განუხილველად დატოვა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განსაზღვრა ერთთვიანი ვადის დენის დაწყების მომენტი, ვინაიდან იძულებითი აღსრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის ფლობა არ ნიშნავს გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლების ცოდნას.

17. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ განცხადება კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარმოადგინა, ვინაიდან იგი არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებითა და დამაჯერებელი არგუმენტაციით.

18. პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება დაფუძნებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებებით დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი ადგენს, რომ მხარეს აქვს შესაძლებლობა განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება.

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 თებერვლის განჩინებით, ცნობილი იქნა და აღსასრულებლად მიექცა მუდმივმოქმედი არბიტრაჟის 2022 წლის 1-ელი ნოემბრის გადაწყვეტილება და იმავე დღეს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2024 წლის აგვისტოდან განმცხადებლის მიმართ მიმდინარეობს იძულებითი აღსრულება, კერძოდ, მის საბანკო ანგარიშზე გავრცელებული ყადაღის ფარგლებში ხელფასიდან იქვითება თანხა, რაც დასტურდება როგორც თავად განმცხადებლის განმარტებით, ისე - წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით. მიუხედავად ამისა, განმცხადებელმა სასამართლოს საქმის მასალების გაცნობისა და გადაცემის მოთხოვნით მიმართა მხოლოდ 2025 წლის 11 და 15 დეკემბერს, ხოლო განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარადგინა 2025 წლის 26 დეკემბერს.

20. აღნიშნული გარემოებების ერთობლივად შეფასებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განმცხადებელს სააღსრულებო წარმოების დაწყების დროიდან, კერძოდ, 2024 წლის აგვისტოდან ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, შეეტყო, როგორც მის მიმართ დაკისრებული ვალდებულების არსებობის, ასევე - ამ ვალდებულების წარმომშობი სასამართლო აქტის შესახებ.

21. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, როდესაც პირის მიმართ ხორციელდება იძულებითი აღსრულება, მას აქვს რეალური შესაძლებლობა და, გონივრული წინდახედულების ფარგლებში - ვალდებულება, გაერკვეს არა მხოლოდ ვალდებულების არსებობაში, არამედ მის სამართლებრივ საფუძველშიც, რადგან იძულებითი აღსრულება ხორციელდება კონკრეტული აღმასრულებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრულია შესაბამისი ვალდებულება.

22. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას, რომ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობის შესახებ მან მხოლოდ მოგვიანებით, სასამართლო განჩინების ფაქტობრივი ჩაბარების შემდეგ შეიტყო. დადგენილია, რომ განმცხადებელი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებას და არ წარმოუდგენია რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მისთვის ობიექტურად შეუძლებელი იყო, შეეტყო ვალდებულების არსებობა და მისი სამართლებრივი საფუძველი.

23. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაკავშირებულია არა გადაწყვეტილების ფორმალურ ჩაბარებასთან, არამედ იმ მომენტთან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა შესაბამისი საფუძვლების არსებობა. აღნიშნული მიდგომა შეესაბამება სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებულ მიდგომასაც, რომლის მიხედვით, ვადის დენის დაწყების განსაზღვრისას, გადამწყვეტია არა აქტის ფორმალური მიღების თარიღი, არამედ ის დრო, როდესაც მხარეს ობიექტურად შეეძლო გაეგო შესაბამისი გარემოებების არსებობის შესახებ. ამდენად, განმცხადებლის მითითება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაეცნო, ვერ შეცვლის ვადის დენის დაწყების მომენტს.

24. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაბამისი საპროცესო მოქმედებების განუხორციელებლობა, თავისთავად, ვერ გახდება კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დენის გადავადების საფუძველი. პასიური ქცევა არ ათავისუფლებს პირს, გონივრული წინდახედულების ფარგლებში საკუთარი უფლებების დროულად განხორციელების ვალდებულებისგან.

25. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ვადის დენის დაწყების მომენტი და მართებულად მიიჩნია, რომ განცხადება შეტანილია კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით, რის გამოც იგი საფუძვლიანად დატოვა განუხილველად.

26. რაც შეეხება აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება თავისთავად არ აჩერებს აღსრულებას, მისი შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, რადგან განცხადება დაუშვებელია, არ ვლინდება აღსრულების შეჩერების სამართლებრივი წინაპირობაც.

27. პალატის მითითებით, რადგან დარღვეულია განცხადების დაშვების ისეთი პირობა, როგორიცაა მისი წარდგენის ვადა, სასამართლო, როგორც წესი, აღარ ამოწმებს დასაშვებობის სხვა წინაპირობების არსებობა-არარსებობის საკითხს და აღარ აფასებს, მითითებული საფუძველი რამდენად შეესაბამება კანონით განსაზღვრული საქმისწარმოების განახლების რომელიმე წინაპირობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ა-2185-ბ-7-2022, 06.05.2022წ.; №ა-2739-24, 13.06.2024წ.).

28. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა კერძო საჩივრისათვის შეადგენს 50 ლარს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადავადებული ჰქონდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ.ბ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება.

3. ზ.ბ–ს (პ/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 აპრილის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი