დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 01.05.2026
საქმის ნომერი
ას-1300-2020
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1300-2020

1 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლევან ნემსაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ლ.რ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ–ი" (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ.რ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სს „თ–ის“ გენერალური დირექტორის 2016 წლის 1 მარტის #კ-172 ბრძანება ლ.რ–ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე სს „თ–ს“ მოსარჩელე ლ.რ–ის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 27 360 ლარის (ხელზე ასაღები) ანაზღაურება.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ.რ–ისა და სს „თ–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად.

4. ლ.რ–მა, 2024 წლის 23 სექტემბერს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობის გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი), დარჩა განუხილველად; განახლდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შეჩერებული საქმის წარმოება; ლ.რ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ზ“ პუნქტი), დარჩა განუხილველად.

6. ლ.რ–მა, 2025 წლის 7 აპრილს, საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 6 მარტის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინება და ლ.რ–ისა და სს "თ–ის" საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების ეტაპიდან განახლდა საქმის წარმოება; სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა; განახლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 ივლისის განჩინებით შეჩერებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განცხადების განხილვა; ლ.რ–ის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველად.

8. ლ.რ–მა, 2026 წლის 1 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. ლ.რ–მა მოითხოვა, სს „თ–ს“ აეკრძალოს საწარმოო საქმიანობის ანალიზის ექსპერტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 აპრილის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

10. ლ.რ–მა, 2026 წლის 28 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მისი ინტერესი სამსახურში იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაა. ლ.რ–მა აღნიშნა, რომ სს „თ–მა“ საჯარო სივრცეში გამოაქვეყნა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია (განცხადებას თან ერთვის ამონაბეჭდი ვებ-გვერდიდან ჯობს.გე), რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. განმცხადებლის განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში (სამუშაოზე აღდგენის ნაწილში), საბოლოო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის საფრთხის არიდებაა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

12. ლ.რ–მა, 2026 წლის 30 აპრილს, განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. განმცხადებლის განმარტებით, მისი ინტერესი სამსახურში იმავე ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენაა. ლ.რ–მა აღნიშნა, რომ სს „თ–მა“ გამოაცხადა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, რომელსაც იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. ლ.რ–ის განმარტებით, მოპასუხე ორგანიზაციას გამოცხადებულია აქვს იმავე/იდენტური/ტოლფასი ფუნქციების და სახელფასო სარგოს შემცველი შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანსია, რომლის ფუნქციები და შრომის ანაზღაურება (2740 ლარი), სრულად მიესადაგება/აკმაყოფილებს მოსარჩელის ინტერესს და იმ პოზიციას (2880 ლარი), რასაც იკავებდა მოსარჩელე მის უკანონო გათავისუფლებამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

14. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სათანადო სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

15. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (სუსგ Nას-587-2019, 20.02.2020წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით ლ.რ–ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

18. ლ.რ–ი 2026 წლის 28 აპრილის განცხადებით ითხოვდა, რომ სს „თ–ს“ აკრძალვოდა შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა.

19. საკასაციო სასამართლომ განიხილა ლ.რ–ის 2026 წლის 28 აპრილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და იგი შემდეგ გარემოებათა გამო უარყო:

19.1. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე დასაქმებული იყო სს „თ–ში“ ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. საქმის მასალების მიხედვით ენერგოზედამხედველობის სამსახურის უფროსის შტატი გაუქმებულია და მოსარჩელე ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენას ითხოვს. ლ.რ–ის განმარტებით, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარ სპეციალისტს იგივე ფუნქციები აქვს, რაც ჰქონდა იმ თანამდებობას, რასაც ლ.რ–ი გათავისუფლებამდე იკავებდა.

19.2. საკასაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 38.8-ე მუხლის დანაწესზე (მოქმედი რედაქციის 48.8-ე მუხლი), რომლის თანახმად სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

19.3. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ კონკრეტული საშტატო ერთეულის არარსებობის მტკიცება ეკისრება დამსაქმებელს/მოპასუხეს, დამტკიცების შემთხვევაში კი, მოსარჩელე მხარეზე გადადის იმის მტკიცების ტვირთი, რომელია ტოლფასი (ფუნქციის, სამუშაოს აღწერილობისა და ხელფასის მიხედვით) თანამდებობა, რომელზეც მისი დასაქმებაა შესაძლებელი (იხ. სუსგ №ას-840-2020 15.04.2022 წ., №ას-890-857-2016, 9.10. 2017 წ.).

19.4. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ.რ–ი წარმოდგენილი განცხადებით ვერ ასაბუთებდა, რომ სს „თ–ის“ მიერ გამოცხადებული ვაკანსია და მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა ერთმანეთის ტოლფასია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ.რ–მა, 2026 წლის 30 აპრილს, იმავე შინაარსის განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვა. ლ.რ–ი ითხოვს სს „თ–ს“ აეკრძალოს შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა. ლ.რ–მა, 2026 წლის 30 აპრილის განცხადებაში, მიუთითა სს "თ–ის" მიერ გამოცხადებული ვაკანსიის თანამდებობრივ სარგოზე და დაურთო ამონაბეჭდი ვებ-გვერდიდან ჯობს.გე. აღნიშნული მტკიცებულება 2026 წლის 28 აპრილს წარმოდგენილ განცხადებასაც ერთვოდა.

20.1. სსსკ-ის 194.5-ე მუხლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე. სასამართლოსათვის იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით ხელმეორედ მიმართვის შემთხვევაში მიიღება განჩინება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ.რ–ის მიერ 2026 წლის 30 აპრილს წარმოდგენილი განცხადებით დაყენებულია იგივე მოთხოვნა, რაც - 2026 წლის 28 აპრილის განცხადებაში. აქედან გამომდინარე, ლ.რ–ის 2026 წლის 30 აპრილის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, რადგან სს „თ–ისათვის“ შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, აკრძალვის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

23. სსსკ-ის მე-10 მუხლიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

24. გამომდინარე იქედან, რომ საკასაციო სასამართლომ 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა წარმოდგენილ განცხადებაზე, ლ.რ–ის 2026 წლის 30 აპრილის განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს (შეადრ. სუსგ #ა-1145-ა-8-2026, 19.03.2026 წ.)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 284-ე, 285-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.რ–ის 2026 წლის 30 აპრილის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი