დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.04.2026
საქმის ნომერი
ას-1271-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1271-2025

24 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ქ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჩ–ი (მოსარჩელე)

დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება ნივთის აუქციონზე გაყიდვის წესით

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ.ჩ–მა (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „მოწინააღმდეგე მხარე“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მ.ქ–ძის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხე", „აპელანტი“, „კასატორი“,) მიმართ და მოითხოვა საზიარო უფლების გაუქმება, ნივთის აუქციონზე გაყიდვის წესით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით, თ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქ. თბილისში, ........., საკადასტრო კოდით ......... რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, დაზუსტებული ფართობი 2245 კვ.მ. თ.ჩ–ისა და მ.ქ–ძის რეგისტრირებული საზიარო უფლება უძრავი ნივთის აუქციონზე გაყიდვის წესით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა მათი წილების პროპორციულად. კერძოდ, თანხის 1/2 მიეკუთვნა მ.ქ–ძეს, ხოლო 1/2 თ.ჩ–ს.

3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ქ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, მ.ქ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1 თ.ჩ–ის და მ.ქ–ძის საკუთრებაში (1/2-1/2წილი) ირიცხება უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ......... ს.კოდით .........

4.2.2 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 15 თებერვლის, საინჟინრო ექსპერტიზის N001095623 დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, ......... მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში, რეგისტრირებული წილების შესაბამისად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე, ორ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია.

4.2.3 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 29 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე, ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში, რეგისტრირებული წილების შესაბამისად, ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია.

4.3 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან, შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, გამოყენებულ უნდა იქნეს საზიარო უფლებების თავის წესები (სსკ-ის 953-ე-968-ე მუხლები), ვინაიდან უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის.

4.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის სსკ-ის 961.1-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ თითოეულ მოწილეს, ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი); საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია.

4.5 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების მიხედვით დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

4.6 სააპელაციო სასამართლომ, ყურადღება გაამახვილა საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც საზიარო უფლების იმგვარი გაუქმება, როდესაც საზიარო საგნის ნაწილი (განსახილველ შემთხვევაში მიწის ნაკვეთი) კვლავ თანასაკუთრებაში რჩება, ეწინააღმდეგება კანონის მიზნებს (სსკ 963-ე მუხლს) და განმარტავს: საზიარო უფლების გაუქმებისას წილის გამოყოფა უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ შენობა-ნაგებობების შიდა ფართების დაანგარიშების გზით, არამედ ერთობლივად, საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, მიწის ნაკვეთის წილობრივი გადანაწილებისა და საერთო თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების ფართის მხედველობაში მიღებით, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 171-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დისპოზიციის თანახმად, ძირითად ნივთზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზეც. სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, შენობა-ნაგებობა მიწის არსებითი შემადგენელი ნაწილია და არა პირიქით. საგულისხმოა „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილების მე-5 თავის (მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრა) 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის შინაარსიც, რომლის თანახმად, ამ თავის მიზნებისთვის დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

4.7 სააპელაციო პალატის დასკვნით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოდავე მხარეების თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა ნატურით გაყოფას არ ექვემდებარებოდა და საზიარო უფლება უნდა გაუქმებულიყო ქონების აუქციონზე რეალიზაციისა და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეთა შორის წილების შესაბამისად განაწილების გზით.

5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.ქ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5.2 კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა-შეფასების გარეშე, რითაც დარღვეულა სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა.

5.3 კასატორის განმარტებით, მოცემული საქმის ფარგლებში სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად შეიცავს საზიარო უფლების გაუქმების იმ ვარიანტს, რომლითაც შესაძლებლად არის მიჩნეული სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ფარგლებში, რის შედეგადაც, მართალია, მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის საგნად რჩება, თუმცა ეს მოცემულობა არ ეწინააღმდეგება საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ პრინციპებს და პირიქით, უფრო რაციონალურ შედეგს წარმოადგენს მესაკუთრეთა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით, მათ შორის, საკუთრების უფლების შენარჩუნების ინტერესის პრიორიტეტული და კონსტიტუციური მნიშვნელობიდან გამომდინარე.

5.4 კასატორი აღნიშნავს, რომ ქართული სამართალი იცნობს იმგვარ იურიდიულ მოცემულობებს, როდესაც შენობა-ნაგებობის ნაწილები შესაძლოა ცალ-ცალკე იქნას ინდივიდუალიზებული, მაგრამ, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი საზიარო უფლების საგანს წარმოადგენდეს. ამის მაგალითია მრავალბინიანი სახლი, რომელსაც საკანონმდებლო დონეზე წარმოადგენს იმგვარი შენობა-ნაგებობა, სადაც ორზე მეტი ბინაა, მრავალბინიანი სახლისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი კი ბინათმესაკუთრეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენს.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.

11. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საგანს წარმოადგენს საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეებს შორის განაწილება.

12. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. განსახილველ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც მოსარჩელე ცდილობს, კერძოდ, მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საზიარო უფლების გაუქმა აუქციონზე გასხვისების გზით და ამონაგები თანხის თანამესაკუთრეებს შორის განაწილება, სსკ-ის 961-ე, (თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე) და 964-ე (თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში გამოიყენება აუქციონზე უძრავი ქონების იძულებით გაყიდვის წესები. თუ დაუშვებელია საზიარო საგნის გასხვისება მესამე პირზე, მაშინ საგანი აუქციონზე უნდა გაიყიდოს მოწილეებს შორის) მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

14. საზიარო უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. მოცემულ შემთხვევაში, მოდავე მხარეები არიან თანამესაკუთრეები უძრავი ქონებისა, რომელიც საზიარო უფლების ობიექტია და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ №ას-1148-1094-2014, 19.03.2015წ.).

15. წინამდებარე საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საზიარო უფლების თავისებურებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალი იცნობს საერთო საკუთრების ორ ფორმას: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში; საზიარო საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაში არის იდეალური წილის სახით და თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (იხ. ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, თბილისი 2018, მუხლი 173, ველი 1.).

16. სსკ-ის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას: საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (სსკ-ის 963-ე მუხლი); საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (სსკ-ის 964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია (შდრ: სუსგ №ას-331-331-2018, 15 ივლისი, 2019.).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აუქციონზე რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნისას მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს განეკუთვნება: 1. საზიარო უფლების არსებობა; 2. საგნის დაყოფის შეუძლებლობა მათი ფუნქციური ღირებულების შენარჩუნების გზით (იხ. სუსგ. №ას-1111-2019 31.01.2020წ.).

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. უძრავ ნივთზე საკუთრების საჯარო ბუნებიდან გამომდინარე, მასზე საზიარო უფლების არსებობა უნდა დასტურდებოდეს ამონაწერით საჯარო რეესტრიდან.

19. სადავო უძრავი ნივთის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 2245 კვ.მ. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი 130.86 კვ.მ., საცხოვრებელი ფართი 43.97კვ.მ, დამხმარე ფართი 86.89 კვ.მ, სამეურნეო ფართი 100.60 კვ.მ ს/კ ......... 1/2 - 1/2 წილის მესაკუთრეები არიან: მ.ქ–ძე და თ.ჩ–ი.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნატურით გამიჯვნის ფაქტობრივი შეუძლებლობის გარემოებაზე მეტყველებს საქმეში დაცული სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.02.2023წ. №5001077823 და 29.11.2023წ. N5007686023 დასკვნები. უძრავი ქონების ვიზუალური დათვალიერებისა და კვლევისათვის საჭირო აზომვითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, საინჟინრო ექსპერტიზის 15.02.2023წ. №5001077823 დასკვნის თანახმად, ქალაქ თბილისში, .......... მდებარე N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, საბაზრო ღირებულების შემცირების გარეშე, ორ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია.

22. საქმის მასალების თანახმად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭირო იყო დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა ექსპერტისთვის შემდეგი შეკითხვის დასმით: 1. შესაძლებელია თუ არა უძრავი ქონების მდებარე: დაბა ........, ს/კ: .........; დაზუსტებული ფართობი - 2 245 კვ.მ. (შენობა ნაგებობა, მიწის ნაკვეთი), ნატურით გაყოფა თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად - თ.ჩ–ი - 1/2; მ.ქ–ძე 1/2, (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე; 2. დადებითი პასუხის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას მესაკუთრეების მიერ ფაქტობრივად დაკავებული ფართები და წარმოდგენილ იქნას რამდენიმე შესაძლო ვარიანტი არსებობის შემთხვევაში (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.03.2023წ. სხდომის ოქმი 14:30:28 სთ.).

23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 29 ნოემბრის N008507123 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, (რომელიც დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ინიციატივით) ქალაქ თბილისში, .......... მდებარე, ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთისა და განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის), ნატურით გაყოფა თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად - თ.ჩ–ი - ½, მ.ქ–ძე ½ (ფუნქციური) ღირებულების შემცირების გარეშე ისე, რომ არ დაირღვეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები, შესაძლებელია იმდაგვარად, როგორც ეს დანართ N5, N6, N7, და N9- ზეა არის ნაჩვენები... აღნიშნული ვარიანტებით, შენობა-ნაგებობის შიდა ფართების და განაშენიანებისაგან თავისუფალი მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შემთხვევაში, საჭიროა დანართ N5, N6 და N7-ზე წითლად მონიშნული ტიხრის, კარის და ფანჯრის ღიობების ამოშენება და მოწყობა, ასევე, საჭიროა მხარეებმა დამოუკიდებლად მოაწყონ ეზოებში შესასვლელი ჭიშკრები; დასკვნაში შენიშვნის სახით, ასევე აღნიშნულია, რომ ქალაქ თბილისში, დაბა .......... მდებარე უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №14-39 დადგენილების მიხედვით დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2025 წლის 07 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოწვეულ იქნა ექსპერტი ირაკლი ივანიშვილი და რომლის მიერაც შესრულებული იქნა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტის განმარტებით, ორივე დასკვნა არის სწორი და მათ შორის არსებითი განსხვავება არ არის. ექსპერტმა განმარტა, რომ საზიარო ქონების ნატურით გაყოფა თანამესაკუთრეთა წილების შესაბამისად, ღირებულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად არის შესაძლებელი, თუმცა, ვინაიდან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N14-39 დადგენილების შესაბამისად, დაუშვებელია ერთი შენობის განთავსება ერთზე მეტ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისში, დაბა ....... მდებარე, .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების გამიჯვნა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად, ორ დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად შეუძლებელია (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 მაისის სხდომის ოქმი; 11:34:54- 11:43:47 ექსპერტ ი. ი–ის განმარტება);

25. მოპასუხის საკასაციო შედავების თანახმად, მოცემული საქმის ფარგლებში, სასამართლოს ინიციატივით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად შეიცავს საზიარო უფლების გაუქმების იმ ვარიანტს, რომლითაც შესაძლებლად არის მიჩნეული სადავო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა უშუალოდ საცხოვრებელი სახლის ფარგლებში, რის შედეგადაც, მართალია, მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის საგნად რჩება, თუმცა ეს მოცემულობა არ ეწინააღმდეგება საზიარო უფლების გაუქმების სამართლებრივ პრინციპებს და პირიქით, უფრო რაციონალურ შედეგს წარმოადგენს მესაკუთრეთა უფლებების დაცულობის თვალსაზრისით.

26. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოთ აღნიშნულ პრეტენზიას და საპასუხოდ მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, არ დასტურდება ნატურით გაყოფის გზით, სადავო ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა, კვლავ მოიხმობს სსკ-ის 963-ე მუხლს და განმარტავს, რომ საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ საგანი უნდა იყოფოდეს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ. ).

27. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.

28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

33. პროცესის ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვთ საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% –105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ.ქ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად; კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ.კ–ძის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“ , 19/11/2025წ. საგადასახადო დავალებით N1763557487 გადახდილი 150 ლარის 70 % - 105 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი