დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-1492-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1492-2025 30 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – თ.გ–ძე, შ.ს–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ზ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ნ.ზ–მა მოპასუხეების - თ.გ–ძის და შ.ს–ის მიმართ შემდეგი მოთხოვნით:- ბათილად იქნეს ცნობილი, 05.09.2020 წ. ნოტარიუს მ.ლ–თან დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის #200649117 და აღიარებული იქნას, რომ მხარეებს შორის 05.09.2020 წ. დადებული ხელშეკრულება (რეესტრის #200649117) წარმოადგენდა არა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, არამედ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით: - თ.გ–ძე იპოთეკარი-გამსესხებელი, ნ.ზ–ი მსესხებელი და უძრავი ქონების მესაკუთრე, სესხის თანხა - 4 400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, სესხის პროცენტი ყოველთვიური 2%, ვადა - 4 თვე. იპოთეკის საგანი - ნ.ზ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1 და #2; მიწის საკადასტრო კოდი: .......... ბათილად იქნეს ცნობილი, თ.გ–ძესა და შ.ს–ს შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 24.10.2023 წელს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ.ზ–ი ცნობილი იქნეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............, ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1 და #2; მიწის საკადასტრო კოდი: .......... მესაკუთრედ.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე თ.გ–ძემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხე შ.ს–მა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.ზ–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ.ზ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნ.ზ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2020 წლის 5 სექტემბერს ნოტარიუს მ.ლ–თან დადებული გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რეესტრის #200649117. ბათილად იქნა ცნობილი, თ.გ–ძესა და შ.ს–ს შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2023 წლის 24 ოქტომბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნ.ზ–ი ცნობილი იქნა უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ............., ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1 და #2 მიწის საკადასტრო კოდი: ........... მესაკუთრედ. დადგინდა, რომ ერთის მხრივ ნ.ზ–სა და მეორეს მხრივ თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 5 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება.

5.2. 2020 წლის 5 სექტემბერს ნ.ზ–სა და თ.გ–ძეს შორის გაფორმდა სადავო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს 4 400 აშშ დოლარის სანაცვლოდ 2021 წლის 5 იანვრამდე, 4 თვის ვადით, გამოსყიდვის უფლებით საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისში, ..........., ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1 და #2, მიწის საკადასტრო კოდი ........... ოთხი თვის შემდეგ, თუ გამყიდველმა არ განახორციელა ნასყიდობის საგნის გამოსყიდვა, შეუზღუდავი მესაკუთრე ხდება მყიდველი.

5.3. მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების დადებისას ცხოვრობდა უძრავ ქონებაში და ხელშეკრულების დადების შემდეგ გააგრძელა ცხოვრება მანამ, ვიდრე სადავო ბინაში ხანძარი გაჩნდებოდა და შენობა განადგურდებოდა. მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში. მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამჟამად დამწვარი სახლის ეზოში ცხოვრობს მოსარჩელის ძაღლი.

5.4. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის, დავით მჭედლიშვილის 2023 წლის 20 ნოემბრის N32 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების, მდებარე, ქ. თბილისში, .........., ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები #1 და #2, მიწის საკადასტრო კოდი ........... საბაზრო ღირებულება 2020 წლის IV კვარტალის მდგომარეობით შეადგენდა 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

5.5. თ.გ–ძემ, 15.09.2023 წ. ნ.ზ–ზე გასცა მინდობილობა (რეესტრის N231298339), რომლის მიხედვითაც მას მიანიჭა ყველა ის უფლებამოსილება, რაც საჭირო იყო სახლის პროექტის და შემდგომ აშენებაზე ნებართვის მოპოვებისათვის.

5.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 06 ოქტომბრის N01.012327915 ბრძანებით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება, ქ. თბილისში, ............ მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი ..........) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის განთავსებისათვის ინდივიდუალური პარამეტრების დადგენის მიზნით.

5.7. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ ნ.ზ–ი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას ყიდდა ჯერ 18 000 აშშ დოლარად, ხოლო შემდეგომ 16000 აშშ დოლარად.

5.8. 2023 წლის 24 ოქტომბერს თ.გ–ძეს და შ.ს–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად თ.გ–ძემ გაყიდა, ხოლო შ.ს–მა 10 000 აშშ დოლარად შეიძინა ქ. თბილისში, .......... მდებარე, შენობა-ნაგებობები #1 და #2, ფართით 148 კვ.მ. მიწის საკადასტრო კოდი ........... გაუქმდა სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ვალდებულება (გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობა) და უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მოპასუხე შ.ს–ი.

5.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შ.ს–მა მოპასუხე ნ.ზ–ის წინააღმდეგ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ.ზ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, კერძოდ, ქ. თბილისში, ........... მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 148.00 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №.......... და ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე შ.ს–ს. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 15 ივლისის განჩინებით.

5.10. მოსარჩელე (ნ.ზ–სა) და მოპასუხეს (თ.გ–ძეს) შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მის თვალთმაქცურობაზე მიუთითებს, კერძოდ, მისი მოსაზრებით, მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება.

5.11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო უძრავი ნივთი წარმოადგენდა მოსარჩელის/აპელანტის საკუთრებას. სადავო უძრავ ნივთზე მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ღირებულება განისაზღვრა 4 400 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით გამყიდველს უფლება ჰქონდა გამოესყიდა ნასყიდობის საგანი 4 თვის განმავლობაში, 05.09.2020წ.-დან 05.01.2021წ.-მდე.

5.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია ხელშეკრულების საგნის ფასს და ამ მიმართებით განმარტა, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით ყოველთვის სესხსა და იპოთეკას არ ფარავს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენ გარემოებათა წრეს წარმოადგენს ისეთი ფაქტები, როგორებიცაა, სესხისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, მაგალითად, სარგებელი (ყოველთვიური პროცენტი), ქონების ფასი, სესხის სახით აღებული თანხის ოდენობა და მისი გონივრული შესაბამისობა ქონების ღირებულებასთან და ა. შ. მართალია, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი მხარეებს აძლევს უფლებას, რომ შეთანხმდნენ ნასყიდობის ფასზე ნივთის საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობითაც, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გარიგებით განსაზღვრული ფასი აშკარად შეუსაბამო და არაგონივრულია ნივთის საბაზრო ღირებულებასთან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტის, დავით მჭედლიშვილის 2023 წლის 20 ნოემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 2020 წლის IV კვარტალის პერიოდისათვის საორიენტაციოდ შეადგენს 30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, შესაბამისად სადავო გარიგებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი (4 400 აშშ დოლარი) დასკვნაში მითითებულ ფასზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 2024 წლის 27 ივნისის სასამართლოს სხდომაზე გამართულ მოწმეთა მიერ მიცემულ ჩვენებებზე. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ზ–მა განმარტა, რომ არის მოსარჩელე ნ.ზ–ის ძმა. მისთვის ცნობილია, რომ ნ.ზ–მა თ.გ–ძისგან ისესხა თანხა 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, ბინის კოსმეტიკური რემონტისთვის, რადგან ბინაში უნდა ეცხოვრათ ბავშვებს და საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში იყო მოსაყვანი. სახლი იყო სამ ოთახიანი, 60 კვ.მ, ხოლო სველი წერტილები მოწყობილი იყო გარეთ. მოწმემ სესხის აღების დროს ნ.ზ–ი თავად წაიყვანა ავტომანქანით ნოტარიუსთან. პირადად ეხმარებოდა ნ.ზ–ს სესხის თანხის პროცენტის დაფარვაში, რადგან მოსარჩელე წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირს და ამასთან, მას 2 წლის წინ დაეწვა საცხოვრებელი სახლი. შესაბამისად, ფინანსურად ეხმარებოდა გადახდისუუნარო დას. მოწმის განმარტებით ხელშეკრულების შინაარსის შესახებ მისთვის უცნობია, ხოლო მასში მითითებული 4 400 აშშ დოლარი წარმოადგენდა სესხის თანხას და პროცენტს. მოსარჩელემ სესხის სანაცვლოდ ბინა დატვირთა იპოთეკით. სესხის აღების შემდგომ მოსარჩელეს ძმისთვის არ განუმარტავს ხელშეკრულების შინაარსი და პირობები, თუმცა იცის, რომ სესხი იყო 3 %-იანი. თვეში სესხის პროცენტის სახით თავდაპირველად იხდიდა 120 აშშ დოლარს, ხოლო შემდგომ, ვინაიდან სესხის თანხა გაზარდეს 1 000 აშშ დოლარით, გადასახდელი ყოველთვიური პროცენტიც გაიზარდა და გახდა 150 აშშ დოლარი. სესხის პროცენტების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები დაიწვა სახლში გაჩენილი ხანძრის გამო. ვინაიდან მოწმე თავად იმჟამად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო მისი და იმყოფებოდა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში, დას ეხმარებოდა და უხდიდა სესხის თანხას პროცენტის სახით. პროცენტის დარიცხვის დროს ტელეფონით უკავშირდებოდა თ.გ–ძეს, მას მისდიოდა ბანკიდან კოდი, რომელსაც ეუბნებოდა და მოწმეც თანხას ისე ურიცხავდა. დანიშნულებაში არაფერს წერდა, რადგან რა ოდენობაც იყო დასარიცხი იცოდა და ურიცხავდა აპარატით. სესხის აღების ინიციატორი ვინ იყო მისთვის უცნობია. სესხთან დაკავშირებით საჯარო რეესტრში თავად არ ყოფილა, ხოლო ნ.ზ–ი საჯარო რეესტრში იყო თუ არა მისთვის უცნობია. ასევე უცნობია მისთვის სესხის ვადა. დაახლოებით 2 წელი იხდიდა სესხის პროცენტს. თუ რომელიმე თვეს გადახდას გადააცილებდა, მომდევნო თვეს იხდიდა დამატებით. მოწმის განმარტებით მისი და, ხელშეკრულების შინაარსში გარკვეული იქნებოდა. ვინაიდან ნ.ზ–ს დაეწვა სახლი, არ ჰქონდა სხვა საცხოვრებელი, ამასთან, იმყოფებოდა უკიდურეს ეკონომიკურ გაჭირვებაში და არ ჰქონდა სესხის დაბრუნების საშუალება, თ.გ–ძემ მისცა მინდობილობა, რათა მიეღო სახლის ასაშენებლად მერიიდან ნებართვა და შესაძლებლობა ჰქონოდა აეშენებინა რამოდენიმე ოთახი. მოწმის განმარტებით, აპირებდნენ სახლის აშენებას და შემდგომ მის გასხვისებას ან ბანკში ჩადებას, რომ შეძლებოდათ სესხის თანხის მოპასუხისთვის დაბრუნება, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში, სესხის გასტუმრების შემდგომ დარჩენილი თანხით ბინის დაგირავება, რომ ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ და ჰქონოდათ თავშესაფარი. პირდაპირ ბანკში ვერ ხერხდებოდა სესხის აღება, რადგან ან მიწა უნდა ყოფილიყო 200 კვ.მ. ან მასში ჩადგმული უნდა ყოფილიყო სახლი. სადავო ტერიტორია საკმაოდ კარგ ადგილზეა, ახლოს არის სპორტული კომპლექსი, ბაღი, სკოლა, პარკი, ტრანსპორტის გაჩერება და ფასები ნორმალურია. თავდაპირველად სახლის ღირებულება მოსარჩელეს გასაყიდად შეფასებული ჰქონდა 15 000 აშშ დოლარად, თუმცა ბინის გაყიდვაში ხელს უშლიდა მეზობელი და ყველა მყიდველს ეუბნებოდა, რომ ბინა იყო სადავო. აღმოჩნდა, რომ მეზობელი დავობდა ავტოსადგომის თაობაზე და ამის გამო ქონება იყო დაყადაღებული და არ იყიდებოდა. შემდგომ უკვე სადავო გახდა მომიჯნავე მეზობელთან ეზოში გამომავალი ფანჯარა, რაც ხელისშემშლელი ფაქტორი იყო ბინის გაყიდვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული სარკმლის ამოშენება და გაუქმება, რასაც მოჰყვა მეზობლის მხრიდან უკმაყოფილება. სახლის აშენებაზე ნებართვის მოპოვებიდან ერთი თვის შემდგომ მოპასუხე თ.გ–ძემ მოითხოვა 7 000 აშშ დოლარის დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლს გაასხვისებდა. მოწმის განმარტებით მან არ იცის ეს 7 000 აშშ დოლარი რა თანხას წარმოადგენს, რადგან ნასესხებ თანხაზე გაცილებით მეტი იყო მოთხოვნილი, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, რადგან იმ მომენტში ხელთ მხოლოდ 12 000 ლარი ჰქონდა, თ.გ–ძეს შესთავაზა აღნიშნული თანხის გადაცვლა დოლარში, რაც შეადგენდა იმ დროისათვის დაახლოებით 3700 აშშ დოლარს და აღნიშნული თანხის გადახდას, რაზეც თ.გ–ძე თავდაპირველად დასთანხმდა, თუმცა, შეთანხმების მიუხედავად, თ.გ–ძემ გადაიფიქრა თანხის აღება და მეორე დღეს ბინა გაასხვისა შ.ს–ზე. შ.ს–ი არის მომიჯნავე მეზობელი. მისი სახლის ფანჯარა მოსარჩელის ეზოში გადის, შესაბამისად, აღნიშნული ფანჯრის გაუქმება და ამოშენება რომ მოსთხოვა ნ.ზ–მა, მას შემდგომ დაიძაბა ურთიერობა მეზობლებს შორის. მან იცოდა მოსარჩელეს და თ.გ–ძეს შორის არსებული მოლაპარაკების შესახებ, მით უფრო, რომ მისი ფანჯრიდან კარგად ჩანდა მოსარჩელის მიერ საცხოვრებელ ეზოში შეტანილი სამშენებლო მასალა. სახლის დაწვის შემდგომ ეზოში დაბმული არის ძაღლი, რომელიც პატარაობიდან მასთან იზრდებოდა და ცხოვრობდა. მოპასუხე შ.ს–ი უშუალოდ უყურებდა იმ საქმიანობას, რასაც მოსარჩელე და მისი ძმა ეწეოდნენ ეზოში, მაგრამ პრეტენზია არაფერზე გამოუთქვავს. მხოლოდ მას შემდგომ მოითხოვა ძაღლის გაყვანა, რაც სახლი გადაიფორმა. მას რომ არ სცოდნოდა მოსარჩელეს და მოპასუხე თ.გ–ძეს შორის არსებული ურთიერთობა და მოლაპარაკების შინაარსი, სახლის შეძენის შემდგომ გასაღებს თ.გ–ძეს მოსთხოვდა და არა ნ.ზ–ს. შ.ს–ს ადრეც ჰქონდა სურვილი სადავო სახლის შეძენის, მაგრამ საკმარისი თანხა არ გააჩნდა.

5.13. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ს.გ–მა განმარტა, რომ მოსარჩელე ნ.ზ–ი მისი მეზობელია, ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ. მისთვის ცნობილია, რომ მეზობელმა შ.ს–მა იყიდა ნ.ზ–ის ბინა, რომელიც იმჟამად არ იყიდებოდა. იცოდა, რომ ნ.ზ–ს ჰქონდა მშენებლობა დაწყებული. ფლობდა ინფორმაციას, რომ აღნიშნული ბინა მოსარჩელეს სესხის სანაცვლოდ ჰქონდა ჩადებული და იხდიდა პროცენტს. გარდა იმისა, რომ ნ.ზ–ი და ს.გ–ი მეზობლები არიან, ერთად მუშაობდნენ 3 თვე. სესხის პროცენტს კონკრეტულად ვინ იხდიდა მოწმისთვის უცნობია, მაგრამ ის იცის, რომ მოსარჩელე პროცენტს იხდიდა. სესხი აღებული ჰქონდა კერძო პირისგან, რომელსაც არ იცნობს, მხოლოდ სახელი გაუგია. ხელშეკრულების დადების მომენტს არ შესწრებია, თუმცა მისთვის ცნობილია, რომ მისი მეზობელი შ.ს–ი ეძებდა პიროვნებას, ვის სახელზეც იყო ბინა ჩადებული, რომ შემდეგ უძრავი ქონება შეეძინა. რადგან შ.ს–მა იცოდა, რომ ბინა ჩადებული ჰქონდა ნ.ზ–ს, სავარაუდოდ ისიც იცოდა, რომ სესხს იხდიდა სანაცვლოდ. შ.ს–ის თანამშრომელმა, რომელიც იყო ს.გ–ის ყოფილი მეზობელი, მას უთხრა, რომ შ– იყიდა ნ–ს ბინა. ს.გ–ი შ.ს–ს რამოდენიმეჯერ შეხვედრია ნ.ზ–ის ეზოში. მისთვის უცნობია მოსარჩელეს ბინა რამდენად ჰქონდა ჩადებული. მას მოსარჩელისთვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შ.ს–ი ეძებდა პიროვნებას, ვის სახელზეც ბინა იყო ჩადებული, არ მიუწოდებია. ნ.ზ–ისგან იცოდა, რომ სესხის თანხას რომ გადაიხდიდა სრულად, ბინა დაუბრუნდებოდა საკუთრებაში. სახლის დაწვის შემდგომ მოსარჩელე სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და კომუნიკაცია მოწმესთან აღარ აქვს. თავდაპირველად ნ.ზ–იც ყიდდა ბინას, მაგრამ შემდგომ გაყიდვა გადაიფიქრა გარემოებიდან გამომდინარე, რადგან მყიდველი რომ მიდიოდა ბინის სანახავად, ეუბნებოდნენ რომ არ იყიდებოდა, რადგან სადავო იყო. თუმცა მოწმისთვის ცნობილია, რომ ბინა სადავო არ ყოფილა. აღნიშნული ბინა ნ.ზ–ს დაუტოვა ბიძამ. მეზობლებს შორის აღნიშნულ ბინაზე დავა რომ ყოფილიყო მოწმის განმარტებით მას ეცოდინებოდა. ნ.ზ–ს და შ.ს–ს ბოლო პერიოდში ურთიერთობა დაეძაბათ, რაც გამოიწვია ბინის მიყიდვაზე უარის თქმამ. შ.ს–ს უნდოდა სადავო ბინის შეძენა, მაგრამ საკმარისი თანხა არ ჰქონდა. ამის შემდგომ დაიწყო მათ შორის დაძაბული ურთიერთობა.

5.14. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ.ზ–მა განმარტა, რომ არის მოსარჩელის დედა. ის ზრდის ნ.ზ–ის ორ შვილს და ცხოვრობს მათთან ერთად. როდესაც ნ.ზ–ს სესხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, თანხას დედა უხდიდა. მოწმის განმარტებით დავის შესახებ გვიან გაიგო, 3 თვის შემდეგ, ვინც ბინა იყიდა, მოსარჩელე იმასთან იყო და ტიროდა. აღნიშნული პრობლემების შესახებ საქმის კურსში იყო შ.ს–ი. როდესაც თ.გ–ძემ ნ.ზ–ს უფლება მისცა, რომ სახლი აეშენებინა, სამშენებლო მასალაც შეიტანეს ეზოში და დაიწყეს მშენებლობა, რაც კარგად ჩანდა შ.ს–ის სახლის ფანჯრიდან, რომელიც ეზოში გამოდის. ეზოში ძაღლი ცხოვრობს. გარდა აღნიშნულისა, შ.ს–ი არის მულისშვილი და შესაბამისად, მოსარჩელის მამიდაშვილი. 24 საათი ერთად იმყოფებოდნენ. თავდაპირველად, როდესაც ნ.ზ–მა ბინის გაყიდვა გადაწყვიტა 13 000 აშშ დოლარად, მოპასუხე თ.გ–ძემ უთხრა, რომ არ გაეყიდა, რადგან სესხის თანხის დაბრუნების შემდგომ სახლის შესაძენად ან დასაგირავებლად თანხა აღარ ეყოფოდა და დარჩებოდა ღია ცის ქვეშ 3 შვილით. მოსარჩელეს უთხრა, რომ ადგილის დაკარგვის არ შეშინებოდა. ხანძრის შემდგომ, როდესაც ყველაფერი განადგურდა, თ.გ–ძემ პროცენტის გადახდა შეუჩერა. მოსარჩელეს უთხრა, რომ აეშენებინა სახლი, გაეყიდა, შემდგომ სესხის თანხა დაებრუნებინა, ხოლო დარჩენილი თანხით სახლი ეყიდა ან დაეგირავებინა. მოითხოვდა 7 000 აშშ დოლარს, ხოლო სესხის თანხა იყო 4 000 აშშ დოლარი. შ.ს–თან იმდენად კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელეს, რომ სულ ერთად იყვნენ, ერთად ჭამდნენ. მან ყველაფერი იცოდა, თუ რა სიტუაციაში იყო ნ.ზ–ი. ის მაშინაც იქ იყო, როდესაც ნინომ გაიგო ბინის გადაფორმების შესახებ და ტიროდა. იცოდა მშენებლობის ნებართვა რომ ჰქონდა აღებული, ღობე რომ კეთდებოდა. სადავო ნაკვეთში გადის მისი საცხოვრებელი სახლის ფანჯარა და ყველაფერი ჩანდა, რაც ეზოში ხდებოდა. მას თავიდანვე ჰქონდა აღნიშნული შენობის შეძენის სურვილი. მოწმის განმარტებით, ის ბინა ჯერ კიდევ მის დედამთილს უნდოდა ეყიდა შ–თვის. როდესაც ნ.ზ–ი ბინას 16 000 აშშ დოლარად ყიდდა, შეძენა შესთავაზა შ.ს–ს, თუმცა მას თანხა არ ჰქონდა. როდესაც მყიდველი მიდიოდა და ხედავდა, რომ ეზოში მეზობლის ფანჯარა გამოდიოდა, აღარ ყიდულობდა. გაყიდვაში სწორედ ეს იყო ხელისშემშლელი ფაქტორი. მოწმის განმარტებით მათ ჰქონდათ დაახლოებით 3 700 აშშ დოლარი და აპირებდნენ გადახდას, თუმცა თ.გ–ძემ სხვას მიჰყიდა ბინა. ბინა დაწვამდე შედგებოდა სამი ოთახის, შესასვლელის და სამზარეულოსგან. გარემონტებული იყო. ვარგისი იყო ბავშვებისთვის საცხოვრებლად. მოპასუხე თ.გ–ძემ სესხის დასაბრუნებლად ვადა დაუდგინა მოსარჩელეს, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე ბინა მიჰყიდა შ.ს–ს. იმ პერიოდში მ.ზ–ი მივლინებაში იყო წასული, რომ ჩამოვიდოდა სესხი უნდა დაეფარა, მაგრამ მოპასუხემ ბინის გაყიდვა დაასწრო და ვადის გასვლას არ დაელოდა.

5.15. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში წარდგენილ საბანკო ამონაწერზე, რომლის მიხედვით ფიქსირდება ნ.ზ–ის მიერ შესრულებული ტრანზაქციები 2022 წლის 10 აპრილს - 200 აშშ დოლარი, 2022 წლის 8 მარტს - 120 აშშ დოლარი, 2022 წლის 10 ივნისს - 150 აშშ დოლარი და 2022 წლის 11 აგვისტოს - 100 აშშ დოლარი (ს.ფ. 31) რაც შეეხება პროცენტის სახით გადახდილი თანხის დამადასტურებელ დანარჩენ ქვითრებს, დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი და მასში არსებული ნივთები განადგურდა ხანძრის შედეგად. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ ხანძრის შედეგად განადგურდა მის მიერ თ.გ–ძის სახელზე სესხის პროცენტის სახით გადახდილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

5.16. ამდენად, საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელე სადავო ხელშეკრულების დადებისას ცხოვრობდა უძრავ ქონებაში და ხელშეკრულების დადების შემდეგ გააგრძელა ცხოვრება სადავო ბინაში. მოსარჩელეს არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში, ხოლო სადავო ბინაში ცხოვრება შეწყვიტა მომხდარი ხანძრის შედეგად შენობის განადგურების გამო. ამასთან, მის საკუთრებაში არსებულ ეზოში საცხოვრებლად დატოვებული ჰყავს მის მიერ გაზრდილი ძაღლი, ეზოში ასევე განთავსებულია მოსარჩელის მიერ მშენებლობისათვის მიტანილი საშენი მასალა და ეზოში შესასვლელის გასაღებიც მასთან ინახება. აღნიშნული ასევე დასტურდება მოპასუხე შ.ს–ის მიერ სასამართლოში აღძრული სარჩელითაც, ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე.

5.17. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო 2020 წლის 5 სექტემბერს, მას შემდეგ რაც სამოქალაქო კოდექსში 2018 წლის 21 ივლისს განხორციელდა ცვლილება და მოცემული ცვლილებებით აღარ არის გათვალისწინებული ფიზიკური პირისაგან აღებული ვალის იპოთეკით უზრუნველყოფა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება“. ამდენად, 2020 წლის 5 სექტემბერს, მოსარჩელესა და მოპასუხეს არ შეეძლოთ სესხის ხელშეკრულება დაედოთ იპოთეკის უზრუნველყოფით. შესაბამისად, მათი ნება დაიფარა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადების გზით. აღნიშნული ასევე დასტურდება მხარეთა ახსნა-განმარტებების, სადავო ხელშეკრულების შინაარსის, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების, მოწმეთა ჩვენებების და წარმოდგენული გადახდის ქვითრების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

5.18. ამდენად, პალატას მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების შემადგენლობას, რომლის ძირითადი მახასიათებელია საკუთრების უფლების გადასვლა მყიდველზე და ამავე დროს ნივთის გამოსყიდვის უფლებით სარგებლობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში. სახეზეა სასესხო ურთიერთობა, რომლის ფარგლებში სარჩელის ავტორმა, როგორც მსესხებელმა, მოპასუხისგან სესხად მიიღო ფულადი თანხა, ყოველთვიური სარგებლის გადახდის პირობით. ამდენად, ზემოხსენებული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, პალატას მიაჩნია, რომ სადავო გარიგება თვალთმაქცური გარიგებაა, კერძოდ, მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის დადებული გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად, ასეთი გარიგება ბათილია სსკ-ის 56.2 მუხლის საფუძველზე.

5.19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით და ნ.ზ–ი ცნობილი იქნეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ფართით 148 კვ.მ. შენობა-ნაგებობები №1 და №2; მიწის საკადასტრო კოდი: ........... მესაკუთრედ. ასევე დადგინდეს, რომ ერთის მხრივ ნ.ზ–სა და მეორეს მხრივ თ.გ–ძეს შორის 2020 წლის 5 სექტემბერს დაიდო სესხის ხელშეკრულება.

5.20. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა რომლითც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

6.2. კასატორების განმარტებით, მოწმეთა ჩვენებები არასაკმარის და არადამაჯერებელ მტკიცებულებებად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან თითოეული მათგანი საქმის შედეგითაა დაინტერესებული.

6.3. კასატორების განმარტებით, მოწმეები ადასტურებდნენ, რომ ხელშეკრულების დადებას არ დასწრებიან, თუმცა, ამასთან ამბობენ, რომ მხარეებს არა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, არამედ სესხის ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო უპირველესად განმარტავს, რომ მხარეთა შორის სადავოა მოსარჩელესა და მოპასუხე თ.გ–ძეს შორის დადებული გარიგება, კერძოდ, მხარე აღნიშნული ხელშეკრულების თვალთმაქცურობაზე მიუთითებს. აღნიშნული აზრის მიხედვით მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და არა გამოსყიდვის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია, რამდენად სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ მოიცავდა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ელემენტებს და წარმოდგენდა სესხის ხელშეკრულებას.

13. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

14. საკასაციო სასამართლო მსგავს საკითხებზე დადგენილ პრაქტიკაზე მიუთითებს და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დადებით ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან მათი მოტყუების, პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებისა თუ სხვა მიზნით... თვალთმაქცური გარიგების დროს კი, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს (შდრ: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ივლისის №ას-474 455-2016 განჩინება). ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივნისის №ას-487-461-2015 განჩინება). თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები. მტკიცების ტვირთი კი თვალთმაქცური გარიგების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 აპრილის №ას-1382-2020 განჩინება).

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ საქმეზე Nას-694 665-2016, 31.03.2017 წ.).

16. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).

17. თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისათვის აუცილებელ ყველა წინაპირობის არსებობაზე. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. მოსარჩელის არგუმენტაცია გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებებით და უნდა დასტურდებოდეს ყველა იმ გარემოების არსებობა, რომელიც თვალთმაქცური გარიგების შემადგენლობას ქმნის, ხოლო დასკვნა იმის შესახებ ჩაითვალოს თუ არა თვალთმაქცურად გარიგება, უნდა გამოიტანოს სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე (იხ. სუსგ საქმე №ას-84-84-2018, 22 ივლისი, 2020 წელი).

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლით რეგლამენტირებულია პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე წარმართვა და დადგენილია, რომ მხარეებს აქვთ მტკიცებულებათა წარდგენის გზით საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა, გარდა ამისა, დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის დაცვას (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვის თითოეულ ეტაპზე სასამართლო ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს და მოსამართლეს მიუკერძოებლად, მხოლოდ მტკიცებულებათა ობიექტური შეფასების გზით უყალიბდება შინაგანი რწმენა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის თაობაზე.

19. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამასთან, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს“ (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, გვ. 64).

20. პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომელიც ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

21. სადავო გარემოებების დადგენისას, სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობით დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებითაც წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

22. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მათ შეფასებას. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრება იყო, აღნიშნულ ნივთზე გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, გამოსყიდვის უფლებით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 4 400 აშშ დოლარის, ხოლო ვადა 4 თვით.

23. საკასაციო სასამართლო, სადავო ქონების ღირებულებასა და ხელშეკრულების ღირებულებას შორის არსებულ აშკარა სხვაობაზე მიუთითებს, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, რომელიც შედგენილია 2023 წლის 20 ნოემბერს, სადავო უძრავი ქონების ღირებულება 30 000 აშშ დოლარია. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან ერთად განმარტავს, რომ საქმეზე გამოკითხულმა მოწმეებმა, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები არიან (ერთ-ერთი მათგანი მეზობელი და თანამშრომელია), ქრონოლოგიურ და ლოგიკურ შესაბამისობაში, საქმის გარემოებებთან მიმართებით, განმარტეს, რომ სადავო თანხა, არა უძრავი ქონების ნასყიდობის, არამედ სესხის სახით მიიღო მოსარჩელემ.

24. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებასაც მიაქცევს ყურადღებას, რომ სადავო უძრავ ქონებაში ხანძრის შემდეგ შეწყვიტა მოსარჩელემ ცხოვრება, თუმცა, აღნიშნულ ქონებას თავად ფლობს, მასთან ინახება აგრეთვე სადავო ბინის გასაღები, და ერთ-ერთმა კასატორმა, სწორედ მის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი, უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ.

25. საკასაციო სასამართლო, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ მხარეები, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებას, არა სესხისა და იპოთეკის, არამედ მხოლოდ სესხის ხელშეკრულებით ფარავენ, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსში, სადავო ხელშეკრულების დადებამდე განხორციელებული ცვლილებებით, ფიზიკური პირისგან სესხის აღებისას უძრავი ქონების უზრუნველსაყოფად გამოყენება შეიზღუდა.

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, და წინამდებარე განჩინებაში ასახული სამართლებრივი შეფასება არ ქმნის უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულებად მიჩნევის წინაპირობებს, ამასთან სახეზეა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია ბათილად ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, და კვლავ მოსარჩელე ცნო სადავო ფართის მესაკუთრედ.

28. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულების შესახებ მოპასუხე შ.ს–ის მიერ სადავო ურთიერთობის შესახებ ინფორმირებულობის თაობაზე. საქმეში არსებული გარემოებებით დასტურდება, რომ სადავო ბინის შესახებ მოსარჩელეს სესხი ჰქონდა აღებული და იხდიდა აღნიშნულ სესხს. ამასთან, დასახელებულ მოპასუხეს არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი სადავო ქონების შეძენის შესახებ, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო სადავო ქონებაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრება ექვემდებარება სანივთოსამართლებრივ (აბსოლუტურ) დაცვას (სსკ-ის 170-ე მუხლი). სხვისი ქონების განკარგვა მესაკუთრის თანხმობის გარეშე, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგება, ბათილია სსკ-ის 54-ე მუხლიდან გამომდინარე. ძირითადი გარიგების ნამდვილობა კი, საკუთრების უფლების გადაცემის აუცილებელი პირობაა. შესაბამისად, ამ გარიგების საწყისი ან შემდგომი ბათილობა განაპირობებს იმას, რომ საკუთრების უფლება თავიდანვე ვერ გადადის შემძენზე. ითვლება, რომ შემძენი არასოდეს გამხდარა მესაკუთრე, რადგან თავად გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიიჩნევა თავიდანვე არარსებულად. შესაბამისად, არც მოსარჩელეს არ დაუკარგავს საკუთრება. ამდენად, საფუძვლის ბათილად ცნობის შემთხვევაში, კაუზალური სისტემის დროს, შემძენი ვერ იძენს ნივთზე საკუთრებას (სუსგ #ას-833-2020, 30.06.22 წ;). სსკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი ადგენს საჯარო რეესტრში მესაკუთრედ არასწორად რეგისტრირებული პირის მიერ ქონების განკარგვის შემთხვევაში, საკუთრების შემძენზე გადასვლას, თუ გარიგებას სასყიდლიანი ხასიათი აქვს და შემძენმა არ იცოდა, რომ გამსხვისებელი არაუფლებამოსილი იყო. ამდენად, კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება არ შეესაბამება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. ასეთ ვითარებაში გადამწყვეტია, თუ ვის უნდა მიენიჭოს უპირატესობა - მესაკუთრეს თუ შემძენს და რა შემთხვევაში თითოეულს. ანუ, იცავს თუ არა მსგავს სიტუაციაში შემძენს რომელიმე ნორმა, რაც დააბრკოლებდა სარჩელის დაკმაყოფილებას: მესამე პირთა დაცვის გარანტიები მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლში, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საჯარო რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას, როგორც მესამე პირთა დაცვის საშუალებას, ამასთან, უშვებს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უფლებაში ხარვეზის შესაძლებლობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, იცავს ისეთ შემძენს, რომელიც ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია (იხ. სუსგ №ას-1387-2020, 11.03.2021 წ.). შემძენის ინტერესების დაცვის გარანტიებს შეიცავს ასევე სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლი, რომლის მე-2 ნაწილის მიხედვით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით არის გამოწვეული. სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი, ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას გულისხმობს. აღნიშნული, ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას არ ნიშნავს. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულების გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია. შესაბამისად, ამგვარი კატეგორიის დავების განხილვისას, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენის მიზნებისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იცოდა, თუ არა მან ჩანაწერის უზუსტობის შესახებ და გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით. სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს არ შეესაბამება, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია. რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალება დაარეგისტრიროს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ნამდვილი, კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, თუმცა, რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება სხვაგვარი დაშვების ალბათობას არ გამორიცხავს (იხ. სუსგ. №ას-189-182-2013; №ას 1089-1009-2017). სამოქალაქო უფლებებს, რომლის არსებობა მხოლოდ საჯარო რეესტრიდან ვლინდება, განსაკუთრებული თავისებურება ახასიათებთ. აღნიშნული უფლებების, გასხვისების, დატვირთვის ან სხვაგვარი განკარგვის შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მესამე პირთა უფლებებს, რომლებისთვისაც აღნიშნული უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წარმოადგენს მყარ გარანტიას სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის. საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია კი, სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობის და კეთილსინდისიერების პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ზოგიერთ შემთხვევაში, ნივთის არამართლზომიერი, სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განკარგვის გამო, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდის ნივთის შემძენისა და მისი ნამდვილი მესაკუთრის ინტერესი. (სუსგ. ას-1188-2021) საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 185-ე მუხლი იცავს კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებს საჯარო რეესტრის მონაცემთა სისწორისა და რეგისტრირებული მესაკუთრის უფლებამოსილების მიმართ. აღნიშნული მუხლი მოიცავს შემთხვევას, როდესაც უძრავი ნივთის გასხვისების ნებას ავლენს რეგისტრირებული მესაკუთრე, მაგრამ მისი საკუთრების უფლება შეცილებულია სხვა, მესამე პირთა მხრიდან ან არ არის სრულყოფილი, რისი არცოდნაც შემძენის მიერ წარმოგვიჩენს მას (შემძენს) კეთილსინდისიერად. აღნიშნულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ, როდესაც საქმე უკავშირდება უძრავი ქონების შეძენას, შემძენს, თავისი უფლების დასამტკიცებლად, შეუძლია, დაეყრდნოს რეესტრში რეგისტრირებული ფაქტების სისწორის ვარაუდს, თუნდაც, სინამდვილეში, უსწორო იყოს რეესტრის მონაცემები. ამ მდგომარეობას არაარსებითად აქცევს შემძენის კეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობით გამოიხატება. ერთადერთი, რაც რეესტრის უტყუარობის ფიქციას და, შესაბამისად, ნივთის შეძენას არღვევს, სწორედ შემძენის არაკეთილსინდისიერებაა. სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლები შეიცავს არაკეთილსინდისიერების იურიდიული შედეგის განმსაზღვრელ კომპონენტს - შემძენმა იცის, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. ამ საკითხის გამორკვევისას გამოსაკვლევია შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით ან უნდა გაირკვეს, შემძენს გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა სცოდნოდა თუ არა სადავო ფაქტის შესახებ. ამდენად, შემძენის ინტერესების დაცვა უნდა მოხდეს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის მონაცემების გათვალისწინებით, არამედ ქონების მესაკუთრის ვინაობისადმი მისი სუბიექტური დამოკიდებულებით (შდრ. სუსგ. №ას-355-334-2014, 21.07.2014წ; №ას 375-352-2014, 14.07.2014წ.).

31. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას შ.ს–ისთვის ცნობილი იყო სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს/მოსარჩელესა და მოპასუხე თ.გ–ძეს შორის არსებული სასესხო ურთიერთობის თაობაზე, ვინაიდან ნ.ზ–ი და შ.ს–ი არიან ახლო მეზობლები და ნათესავები, ფლობენ ერთმანეთის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მოქმედებს ინფორმაციის ფლობის პრეზუმფცია, რაც მოპასუხე შ.ს–მა სარწმუნო და დამაჯერებელი არგუმენტებით ვერ გააქარწყლა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ვლინდებოდა 2023 წლის 24 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, ვინაიდან, პირველი მოპასუხე არ იყო უფლებამოსილი, თავის სახელზე აღერიცხა სადავო ქონება და შემდგომ მეორე მოპასუხისთვის მიეყიდა სხვის საკუთრებაში არსებული ნივთი.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.გ–ძისა და შ.ს–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შ.ს–სა (........) და თ.გ–ძეს (.........) (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №31605105551, გადახდის თარიღი 26.01.2026) 4 050 ლარის 70% - 2 835 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია