დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 18.02.2026
საქმის ნომერი
ას-1418-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18 თებერვალი 2026 წელი №ას-1418-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.ქ–ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ხ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - ქ.ქ–ძის მიმართ, 3922 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 08 ნოემბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელმა, მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინებით, საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 08 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2024 წლის 09 დეკემბრის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 71-ე და 73-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი სასამართლო სხდომის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული. პალატამ ასევე იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ ავადმყოფობა საპატიო მიზეზად შეიძლება იქნას მიჩნეული მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტი პირდაპირ ადასტურებს კონკრეტულ პერიოდში სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N100), რომელიც ასახავს მხოლოდ 2024 წლის 15-19 აგვისტოს პერიოდს, ვერ ადასტურებდა 2024 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ წარმომადგენელს შესაძლებლობა ჰქონდა კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებით წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ, თუმცა ასეთი შეტყობინება მას არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ ვლინდებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ წარმოდგენილი ფორმა N100 ვერ ადასტურებდა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს. კასატორის განმარტებით, ავარიის შედეგად მიღებული დაზიანებების გამო გადაადგილება ამჟამადაც უჭირს. მარჯვენა ფეხის ქუსლის დაზიანებისა და ამინდის ცვლილებით გამოწვეული ტკივილების გამო ვერ ახერხებს სრულფასოვან გადაადგილებას, რაც, მისი მოსაზრებით, სასამართლოს საპატიო მიზეზად უნდა მიეჩნია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მართლზომიერების საკითხი.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-964-929-16, 2017 წლის 06 მარტის განჩინება).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მიიღოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, თუ მოსარჩელე, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც თავისი გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე არ აცნობა სასამართლოს. საქმის განხილვაზე მხარის არასაპატიო გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს გარკვეულ სანქციას ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

16. ამდენად, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის საკანონმდებლო მიზნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მოტივით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი: ა) მოსარჩელისათვის საქმის განხილვის შესახებ ინფორმაციის შეტყობინება გონივრულ ვადაში; ბ) მოსარჩელის საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობა; გ) გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არარსებობა; დ) მოპასუხის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

17. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; №ას-1445-1459-2011, 31 ოქტომბერი, 2011 წელი; №ას-1410-1330-2017, 30 იანვარი, 2018 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი 2024 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე სათანადო წესით იყო ინფორმირებული სატელეფონო შეტყობინების გზით, თუმცა სხდომაზე არც მოსარჩელე და არც მისი წარმომადგენელი არ გამოცხადებულან. ამასთან, მათ სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებიათ გამოუცხადებლობის მიზეზი და არც სხდომის გადადების შესახებ წარმოუდგენიათ რაიმე შუამდგომლობა.

20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა N100) ვერ ადასტურებს 2024 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობას. წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, წარმომადგენელი სტაციონარში მოთავსებული იყო 2024 წლის 15 აგვისტოს და გაეწერა 2024 წლის 19 აგვისტოს, მაშინ, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2024 წლის 08 ნოემბერს. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტი ასახავს სხდომამდე დაახლოებით ორი თვით ადრე არსებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ვერ ადასტურებს უშუალოდ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ავადმყოფობა საპატიო მიზეზად ჩაითვლება, თუ იგი დადასტურებულია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება არ შეიცავს 2024 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ მითითებას.

22. კასატორის მტკიცება, რომ წარმომადგენელს ავარიის შედეგად გადაადგილება ამჟამადაც უჭირს, ხოლო ამინდის ცვლილების პირობებში ფაქტობრივად ვერ გადაადგილდება, ვერ გააქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რადგან აღნიშნული გარემოება არ ადასტურებს კონკრეტულად 2024 წლის 08 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას. ამასთან, არც ის დასტურდება, რომ წარმომადგენელს ობიექტურად არ შეეძლო სასამართლოსთან კომუნიკაცია ან გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება.

23. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული ისეთი საპატიო მიზეზით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას განაპირობებდა.

24. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი).

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. მ.ხ–ს (პ/ნ ...........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება №30783368073, გადახდის თარიღი: 08.12.2025წ, გადამხდელი: ჭ–ძე ლ. (პ/ნ .......), გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი