დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-30-2026 30 აპრილი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - დ.კ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ნი, ი.ც–ძე, მ.ა–ნი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 05 დეკემბერის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
მოთხოვნა: გადაწყვეტილების განმარტება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა დ.კ–ძემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 8 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარსადგენად აპელანტს განესაზღვრა 10 დღიანი ვადა.
3. აღნიშნული ვადის დაცვით აპელანტა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა. ამავე განჩინებით, აპელანტს ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდა ვადა 10 დღით.
4. დასახელებული განჩინება აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ის პირადად გ.გ–ძეს ჩაბარდა 2025 წლის 15 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსებისთვის გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 16 ოქტომბერს და ამოიწურა 2025 წლის 27 ოქტომბერს (უქმე დღის შემდგომ სამუშაო დღეს). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა დ.კ–ძემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა. საჩივრის თანახმად, ბაჟის გადახდა ვერ მოხერხდა დ.კ–ძის მძიმე ეკონომიკურ პირობების გამო. სააპელაციო პალატას აპელანტმა თხოვა ბაჟის გადახდის გადავადება, რაც არ დაკმაყოფილდა. საჩივრის ავტორი დღესაც თანხის მოძიების პროცესშია, ამიტომ მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, რათა განახლდეს წარმოება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
16. მოცემული დავის ფარგლებში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ გ.გ–ძეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ის პირადად გ.გ–ძეს ჩაბარდა 2025 წლის 15 ოქტომბერს. შესაბამისად, ხარვეზის შევსებისთვის გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 16 ოქტომბერს და ამოიწურა 2025 წლის 27 ოქტომბერს (უქმე დღის შემდგომ სამუშაო დღეს). აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ხარვეზის შევსების მიზნით აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
17. კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტია ის, რომ მას არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა გადაეხადა ბაჟი. აღნიშნული შედავება ვერ იქნება მოცემულ შემთხვევაში რელევანტური, რადგან სახეზეა განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის ვადის ამოწურვა აპელანტის უმოქმედობით. საჩივრის ავტორს უნდა დაესაბუთებინა აღნიშნული უმოქმედობის საპატიო მიზეზი, რადგან მას ამავე ვადაში, თუ კი ბაჟს ვერ იხდიდა, შეეძლო ვადაშივე წარედგინა შუამდგომლობა დამატებითი ვადის მიცემის შესახებ და გამოეყენებინა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ შუამდგომლობის დაყენების გზით, რათა თუნდაც სავარაუდო ყოფილიყო ვადის დამატებით გაგრძელების შესაძლებლობა. უმოქმედობით ხარვეზის შეუვსებლობა კი პირველ რიგში საჭიროებს იმის დადასტურებას, რომ უმოქმედობა რაიმე სახის საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ბაჟის გადასახდელი თანხის არქონა კი მარტოოდენ არ არის საკმარისი აღნიშნული მტკიცებისთვის. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია წარმოდგენილი კერძო საჩივარი.
18. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აპელანტს აღნიშნულ ვადაში ხარვეზი არ აღმოუფხვრია, ასევე არ მოუმართავს სასამართლოსათვის რაიმე სახის განცხადებით, ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.კ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი