დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 15.05.2026
საქმის ნომერი
ას-1247-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1247-2025 15 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „აკ.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – დისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება, დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით შპს „აკ.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კისა“ (შემდგომში - „კლინიკა“, „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) და გ.ჩ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:

1.1. ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 05.09.2023 წლის №1000395 3 23 00932594 ბრძანებით გამოვლენილი ნება მოსარჩელისათვის დისციპლინარული სახდელის შეფარდების შესახებ და მოპასუხის მიერ 23.10.2023 წლის №1000395 4 23 01124249 ბრძანებით გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

1.2. მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 7500 ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ:

1.3.1. იძულებით განაცდურის სახით, ყოველთვიურად, თვეში დარიცხული 3750 ლარის გადახდა 24.10.2023 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის (წინამდებარე განჩინების 1.2 ქვეპუნქტი) სრულად აღსრულებამდე პერიოდისათვის;

1.3.2. 2023 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების დარიცხული 892.50 ლარის გადახდა, ასევე დარიცხული 700 ლარის დაყოვნების კანონისმიერი პირგასამტეხლოს, ყოველდღიურად, 0.07%-ის ოდენობით გადახდა 07.08.2023 წლიდან ამ ნაწილში სახელფასო დავალიანების სრულად გადახდამდე პერიოდისათვის;

1.3.3. დისკრიმინაციული მოპყრობის გამო განცდილი მორალური ზიანის სახით 1000 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 01.12.2021 წლიდან მხარეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ ერთმანეთთან. 01.06.2022წ. მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებული მიიღება კლინიკაში ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებულის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში ფიქსირებული 3150 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურება მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს;

2.2. კლინიკის სანიტარული სამსახურის დიასახლისმა ლ.კ–ძემ 04.05.2023 წლის და 02.06.2023 წლის მოხსენებითი ბარათებით მიმართა კლინიკას და მოითხოვა კლინიკის გაცვეთილი თეთრეულის და მწყობრიდან გამოსული რბილი ინვენტარის ჩამოწერა იმ მოტივით, რომ აღნიშნული მასალები აღარ ექვემდებარებოდა გამოყენებას. 04.05.2023წ. მოხსენებით ბარათს ერთვის დანართი, სადაც მითითებულია კონკრეტული ჩამოსაწერი ნივთების ადგილმდებარეობა, დასახელება და რაოდენობა, რაც მოსარჩელემ წარმოადგინა ასლის სახით სარჩელთან ერთად;

2.3. კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თ.თ–ძის 13.06.2023 წლის ბრძანებით, სანიტარული სამსახურის დიასახლისის ლ.კ–ძის 2023 წლის 02 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კლინიკის ბალანსზე რიცხული, გამოსაყენებლად უვარგისი ზოგიერთი სახის სახარჯი მასალის (თეთრეული, რბილი ინვენტარი, ტანსაცმელი და სხვა) ჩამოწერის მიზნით შეიქმნა ოთხკაციანი კომისია, რომლის თავმჯდომარედ დაინიშნა მოსარჩელე. კომისიის შემადგენლობაში, მოსარჩელის გარდა, შედიოდნენ: ბუღალტერი - კომისიის წევრი, საწყობის გამგე - კომისიის წევრი, ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი - კომისიის წევრი. კომისიას დაევალა კლინიკის დიასახლისის, ლ.კ–ძის 2023 წლის 02 ივნისის მოხსენებითი ბარათით წარმოდგენილი დანართის საფუძველზე ზოგიერთი სახარჯი მასალიდან (თეთრეული, რბილი ინვენტარი, ტანსაცმელი და სხვა) გამოყენებისათვის უვარგისის იდენტიფიცირება, იდენტიფიცირებული მასალების ჩამოწერა-განადგურება და შემდეგ ჩამოწერა-განადგურების აქტის წარდგენა შესაბამისი სამსახურებისათვის. კომისიას ბრძანებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის განესაზღვრა 14-დღიანი ვადა, 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 1, ტ.1. გვ. 37-38);

2.4. 22.06.2023 წელს მოსარჩელემ, როგორც კომისიის თავმჯდომარემ, წერილობით მიმართა მოპასუხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და შიდა აუდიტის წარმომადგენელს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოსადგენად, ბრძანებით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივების თხოვნით, რადგანაც შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით დიდი იყო იმის შანსი, რომ სამუშაო პროცესი ვერ დასრულებულიყო ბრძანებით გათვალისწინებულ 14 დღეში;

2.5. მოსარჩელის 22 ივნისის მოხსენებით ბარათს 23 ივნისს გამოეხმაურა შიდა აუდიტის წარმომადგენელი გ.კ–ძე. გ.კ–ძის რეკომენდაციით, კომისიას ვალდებულების შესასრულებლად ვადა გაუხანგრძლივდა არა 10 ივლისამდე, როგორც მოსარჩელე ითხოვდა, არამედ 03 ივლისამდე (იხ. ს.ფ. ტ.1, გვ. 39-42);

2.6. კომისიამ დავალების შესრულება დაასრულა 07.07.2023წ. დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული ვადის 4 დღით დაგვიანებით. მოსარჩელის განმარტებით, დაგვიანებით სამუშაოს შესრულების მიზეზი იყო სამუშაოს დიდი მოცულობა და მოსარჩელისთვის მიცემული სხვა დავალების შესრულება (რუხის კლინიკის აღჭურვასთან დაკავშირებით), რომლის დამადასტურებელ მტკიცებულებად მოსარჩელემ მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება მიუთითა, რაც მოპასუხემ სადავო გახადა. სამუშაოს შესრულების პროცესში ვერ მოხერხდა ლ. კ–ძის 02.06.2023წ. მოხსენებით ბარათში შეტანილი თეთრეულის და რბილი ინვენტარის სრული ოდენობის ნახვა და, შესაბამისად, იდენტიფიცირება. კომისიამ შეძლო მხოლოდ 738 ერთეულის ნახვა (რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 8055.95 ლარს), საიდენტიფიცირებელი და ჩამოწერილი 4320 ერთეულიდან. 2023 წლის 07 ივლისს შედგა ჩამოწერა-განადგურების აქტი და ინვენტარიზაციის შედეგების შემაჯამებელი აქტი, ხოლო 19 ივლისს მოსარჩელემ მოხსენებითი ბარათით მიმართა დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს და მიაწოდა დასრულების შესახებ ინფორმაცია;

2.7. 04.09.2023წ. მოპასუხე კლინიკის შიდა აუდიტმა მოხსენებითი ბარათით კომისიის საქმიანობა შეაფასა ნეგატიურად. კერძოდ: 1. სახეზეა მოსარჩელის მხრიდან მასზე დაკისრებული კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატება არაორგანიზებულობაში, სუსტ მენეჯმენტში, ვადების უხეშ დარღვევაში, დავალების არაჯეროვნად შესრულებაში, უპასუხისმგებლობასა და პირადი ინტერესების კომპანიის ინტერესებზე მაღლა დაყენებაში; 2. სახეზეა მოსარჩელის მხრიდან კლინიკის მენეჯმენტის შეცდომაში შეყვანის მცდელობა; 3. სახეზეა მოსარჩელის მხრიდან კლინიკის შინაგანაწესის მე-17 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების დარღვევა. შიდა აუდიტორის მიერ ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, 2023 წლის 13 ივნისის ბრძანებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარე მოსარჩელეს მასზე დაკისრებული კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების, არაორგანიზებულობის, ვადების უხეში დარღვევის, დავალების არასრულად შესრულების, პასუხისმგებლობის თავის არიდების, კლინიკის მენეჯმენტის შეცდომაში შეყვანის მცდელობის, პირადი ინტერესების კომპანიის ინტერესებზე მაღლა დაყენებისა და კლინიკის შინაგანაწესის დარღვევის გამო, მიეცა რეკომენდაცია დისციპლინური პასუხისმგებლობის საყვედურის სახით გამოცხადების შესახებ (იხ. ს.ფ. ტ.1, გვ. 58-69);

2.8. მოპასუხის დირექტორის მ/შ 05.09.2023წ. ბრძანებით, შიდა აუდიტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მოსარჩელეს დისციპლინური სახდელის სახით შეეფარდა საყვედური. კომისიის წევრებიდან დისციპლინური სახდელი მხოლოდ მოსარჩელეს შეეფარდა;

2.9. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება მოსარჩელემ გაასაჩივრა 04.10.2023 წელს სასამართლოში;

2.10. მოპასუხის 23.10.2023 წლის ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 47.1. მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა მოპასუხის 17.05.2023 წლის ბრძანება, 05.09.2023წ. ბრძანება და 13.10.2023წ. მოხსენებითი ბარათი (იხ. ს.ფ. ტ.1, გვ. 98-99).

3. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სარჩელში მითითებულ შემდეგ ფაქტებზე: მოსარჩელის განმარტებით, განსხვავებული აზრი დაფიქსირებულია კლინიკის მოხსენებით ბარათებში, რომელიც კლინიკის გარე ფასადს შეეხებოდა, რაც დასტურდება 2022 წლის სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით; 31.03.2023წ. მოსარჩელის მიერ დაწერილ მოხსენებით ბარათთან დაკავშირებით მან ზეპირი მითითება მიიღო 19.05.2023წ., რომ დაეწერა ახალი მოხსენებითი ბარათი, სადაც იგი არ მიუთითებდა ფასადთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილ განვლილი პერიოდის მოხსენებით ბარათებს; მოსარჩელემ 27.12.2022წ. მოხსენებითი ბარათით მოითხოვა ტუმბოს შეძენა, რასაც არ მოჰყოლია რეაგირება. ამის გამო, მან კიდევ რამდენჯერმე დაწერა მოხსენებითი ბარათი, მათ შორის, 22.08.2023წ., რამაც დირექტორის უკმაყოფილება გამოიწვია; მოსარჩელემ 04.10.2023 და 23.10.2023 წლების მოხსენებითი ბარათებით მოითხოვა ვენტილატორთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება; მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენა დისციპლინური სახდელი სამსახურში გამოხადებლობის დროს საშვის დაუფიქსირებლობისათვის, მაშინ როდესაც ანალოგიური დარღვევები ჰქონდათ შიდა აუდიტორს (შესადარებელი პირი) გ.კ–ძეს და ადმინისტრაციის დანარჩენ 40-მდე თანამშრომელს (იხ. სარჩელში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად);

4. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში ამგვარი ფაქტების წარმოდგენა და მათ დასადასტურებლად მოხსენებითი ბარათების საქმეში განთავსება საკმარისი იყო, სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არარსებობის შესახებ მოპასუხის მხარეს მტკიცების ტვირთის შესაბრუნებლად. პალატის მიხედულებით, ასეთ ვითარებაში მოპასუხეს უნდა წარმოედგინა კონტრარგუმენტები განსხვავებული მოპყრობის საწინააღმდეგოდ, მისი არარსებობის ან გონივრული და სამართლიანი ახსნის შესახებ. მასზევე მოდიოდა მტკიცების ტვირთიც მითითებული გარემოებების დასადასტურებლად. ნაცვლად უარყოფისა, მოპასუხემ წარმოადგინა სრულიად ცარიელი და დაუსაბუთებელი, ძალზედ ზოგადი ხასიათის შესაგებელი.

5. სააპელაციო პალატამ, სააპელაციო საჩივრის მხედველობაში მიღებით, მიუთითა 18.03.2024წ. წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის, ჯამში, 16 ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელშიც მოსარჩელე შეეცადა საკუთარი პოზიციის დაცვისკენ მიმართული ყველა ფაქტი მიეთითებინა (იხ. ტ.1. გვ. 166-187). მის საწინააღმდეგოდ წარმოდგენილია მოპასუხის 26.03.2024წ. თარიღით რეგისტრირებული შესაგებელი. წერილობითი პასუხის იმ გრაფაში, რომელშიც მოპასუხის პოზიცია უნდა იყოს წარმოდგენილი ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, მითითებულია სიტყვათა შეთანხმება - არ ვეთანხმები. სხვა სახის შუამდგომლობების გრაფაში აღნიშნულია მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე. მიუხედავად ამისა, საქმის არსებით განხილვამდე სხვა უფრო დაზუსტებული პოზიცია არ იქნა წარდგენილი სასამართლოსთვის (იხ. ს.ფ. ტ.1, გვ. 198-208). პალატამ აღნიშნა, რომ არ შეეძლო შეეფასებინა, რა შედეგი დადგებოდა კვალიფიციური შედავების წარმოდგენის შემთხვევაში, თუმცა რა სამართლიან შედეგამდეც მიიყვანა მოპასუხე მხარე უფლების არასათანადო გამოყენებამ, დადგენილი იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. და 3.2.2. პუნქტებში (მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან მიმართებით ადგილი ჰქონდა პირდაპირ დისკრიმინაციულ მოპყრობას, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დისკრიმინაციული საფუძვლით, განსხვავებული აზრის ნიშნით. ამასთან, მართლზომიერია მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის 1000 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში; მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ არის მართლზომიერი. ასევე არამართლზომიერია მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელისათვის დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის შეფარდების შესახებ), რის გამოც ამ ნაწილში გადაწყვეტილების შეცვლის წინაპირობა არ არსებობდა.

6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ განსხვავებული მოპყრობა და შესადარებელი კატეგორია ერთად უნდა იქნას განხილული, რამეთუ განსხვავებული მოპყრობა არ არსებობს აბსტრაქტულად, ის იკვეთება ვინმესთან შედარებით. მაგ: საჩივარი შრომის დაბალ ანაზღაურებაზე არ ითვლება დისკრიმინაციის განაცხადად, თუ არ იქნება ნაჩვენები, რომ ეს ანაზღაურება უფრო ნაკლებია ვიდრე სხვა ანალოგიური ფუნქციების მქონე თანამშრომლისათვის დამქირავებლის მიერ განსაზღვრული ხელფასი. შესაბამისად, საჭიროა კომპარატორი ანუ ადამიანი ანალოგიური მდგომარეობით. მოსარჩელემ დაასახელა 2021 წელს მოქმედი მსგავსი დანიშნულების კომისია და შესადარებელი პირიც - გ.კ–ძე, რაც დამსაქმებლის პოზიციას შესადარებელ პირთან დაკავშირებით საფუძველს აცლიდა.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სშკ-ის 48.8, 48.9, 58-ე, სსკ-ის 394.1, 408.1 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოპასუხის 23.10.2023წ. ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 47.1. მუხლის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით. ბრძანების შესავალ ნაწილში მითითებულია 17.05.2023წ. ბრძანება, 05.09.2023წ. ბრძანება, 24.05.2023წ. ბრძანება და 13.10.2023წ. მოხსენებითი ბარათი.

8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისციპლინური წარმოება დასრულდა საყვედურის გამოცხადებით, ისე რომ დასაქმებულს არ მიეცა საკუთარი პოზიციის წარმოდგენის შესაძლებლობა. არ იქნა გათვალისწინებული, რომ დანიშნულ ვადაში ვერ მოესწრებოდა დასკვნის მომზადება. დირექტორმა არ გაითვალისწინა და ბრძანებაში არ ასახა, თუ რა სახის ზიანი მიადგა ვადაში დასკვნის მოუმზადებლობით საწარმოს. ასეთ ვითარებაში შექმნილი ბრძანება, რომც არ ყოფილიყო დისკრიმინაციული შინაარსით შექმნილი, ნამდვილად არათანაზომიერი იყო შედეგობრივად შესაძლო ჩადენილ გადაცდომასთან. სწორედ ამგვარად შექმნილი დოკუმენტი დაედო 2023 წლის 23 ოქტომბრის გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად. პალატა დაეთანხმა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას დისკრიმინაციული მოპყრობით მიღებული დისციპლინარული ღონისძიების შეფარდების ბრძანების უკანონობის თაობაზე, რის გამოც დასაქმებულის მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონშესაბამისად მიიჩნია. მეტიც, სულ რომ კანონის დაცვით ყოფილიყო დისციპლინური წარმოება წარმართული, ერთი საყვედურის არსებობის პირობებში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა წინააღმდეგობაში მოდიოდა სსკ-ის 115-ე და 54-ე მუხლების დისპოზიციასთან. პალატამ აღნიშნა, რომ დარღვევის სიმძიმის შეფასებისას მნიშვნელოვანია დასაქმებულის უფლების დაცვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი - შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების პრინციპი, რომლის შესაბამისადაც, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნება უპირატესია მის შეწყვეტასთან შედარებით. აღნიშნული მოიაზრებს იმას, რომ ყველაზე მძიმე სანქცია, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება, დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია.

9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენა დღის წესრიგში აყენებდა მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, რაც ინიცირებული იყო მომჩივანის მხრიდან. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 413.1 მუხლით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით და დაკისრებული მორალური ზიანის ოდენობის, განხორციელებული შედავების, პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებული პოზიციების გათვალისწინებით გონივრულ ოდენობად მიიჩნია ამ ნაწილში დაკმაყოფილებული 1000 ლარი.

10. სააპელაციო პალატამ კომპენსაციის ოდენობაზე მსჯელობისას, გაითვალისწინა რა მოპასუხე ორგანიზაციის ფინანსური სიმძლავრე და წონა; კომპანიის - დაწესებულების ლიკვიდურობა; შრომითი ურთიერთობის ხასიათი; დათხოვნილი მოსამსახურის პიროვნება, მისი სტაჟი, სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ ახალი სამსახურის დაწყებისა და დაუსაქმებლობის გარემოება, ასევე საქართველოს სივრცეში ოპერირებადი დამსაქმებლების უარყოფითი აზრი იმ პირების მიმართ, რომლებიც ბედავენ და აპროტესტებენ წინა დამსაქმებლის გადაწყვეტილებას დათხოვნის თაობაზე და სხვა, სამართლიანად და ადეკვატურ კომპენსაციად მიიჩნია მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 7500 ლარის დაკისრება. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას - დაკავებული 2023 წლის ივლისის თვის ხელფასის 892.50 ლარის გადახდის დაკისრებას, ვინაიდან სასამართლომ არამართლზომიერად ცნო მოსარჩელის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ მოპასუხის ნების გამოვლენა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა სახელფასო ანაზღაურების დაკისრების შესახებ დააკმაყოფილა, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში საწინააღმდეგო შედავების განუხორციელებლობის გათვალისწინებით.

11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სშკ-ის 41.4 მუხლი ვრცელდება მხოლოდ არსებული შრომითი ურთიერთობების იმ სფეროზე, როდესაც შრომის ანაზღაურება (ხელფასი, საშვებულებო ანაზღაურება და სხვა) ყოვნდება. ვინაიდან სარჩელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა, ასევე საფუძვლიანი იყო სარჩელი შრომითი ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის პირგასამტეხლოს - განაცდური თანხის 0,07%-ის დაკისრების შესახებ, ამასთან, კანონით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული დავალიანების შესაბამისად. პალატის მითითებით, სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა 700 ლარის ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. ვინაიდან დამსაქმებლის ძირითადი შედავება მხოლოდ გათავისუფლების ბრძანების კანონიერების მტკიცებას შეეხებოდა და ამ ნაწილში შედავება არ წარმოდგენილა, პალატამ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც დასაბუთებლად მიიჩნია.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია დასაქმებულის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელების ფაქტის დადგენის კანონიერება.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა დასაქმებულის უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი ნორმა-პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. ამ გარემოებათა გამორკვევისას კი სასამართლო ხელმძღვანელობს, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (იხ. სუსგ საქმე №ას-634-2021, 04 ნოემბერი, 2021 წელი).

19. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით [საქართველოს კონსტიტუციის 11.1. მუხლი]. კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ეს ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც ზოგადად გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-1).

20. გასათვალისწინებელია, რომ საქართველო წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის წევრ ქვეყანას, რომლის მიმართ მოქმედებს მათ შორის კონვენციის მე-14 მუხლი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმით გამოყენებას. მხედველობაშია მისაღები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, მაგალითად, საქმეზე „Savez crkava “Riječ života” and others v. Croatia“ (განაცხადი #7798/08, 2010 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება) სასამართლომ განმარტა, რომ დისკრიმინაცია ფართო განმარტებას ექვემდებარება, კერძოდ, მე-12 ოქმის პირველი მუხლი დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას ითვალისწინებს და მისი დაცვა არ შემოიფარგლება მხოლოდ „კანონით დადგენილი ნებისმიერი უფლებით“, როგორც ამას დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ტექსტი გვთავაზობს (იხ. სუსგ საქმე №ას-344-322-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი).

21. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის 2.1. მუხლით, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [იხ. 2.2. მუხლი: პირდაპირი დისკრიმინაცია; 2.3. მუხლი: ირიბი დისკრიმინაცია]. პირდაპირ დისკრიმინაციას მიეკუთვნება დისკრიმინატორის მხრიდან იმგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს მადისკრიმინირებელი ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფ პირებს. რაც შეეხება ირიბ დისკრიმინაციას, იგი სახეზეა მაშინ, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს დისკრიმინაციის რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს. თუმცა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, არ უნდა არსებობდეს განსხვავებული მოპყრობის გამამართლებელი გარემოებები, რაც გულისხმობს იმგვარ შემთხვევებს, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

22. საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ ასევე აკრძალულია შრომით ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია [2.3 მუხლი]. მე-4 მუხლით განსაზღვრულია შრომითი დისკრიმინაციის ცნება. კერძოდ, დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას. 4.2. მუხლის თანახმად, პირდაპირია დისკრიმინაცია, როდესაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო პირის მიმართ ხორციელდება არათანაბარი მოპყრობა სხვა პირთან შედარებით, რომელიც იმავე ან მსგავს მდგომარეობაში არის, იყო ან შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო ხელსაყრელი მოპყრობის ობიექტი. სსკ-ის 47.5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული დისკრიმინაციის საფუძვლით.

23. სშკ-ის მე-6 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციად არ მიიჩნევა პირის განსხვავების აუცილებლობა, რომელიც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან ან სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მის მისაღწევად აუცილებელი და თანაზომიერი საშუალება.

24. დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები” და „საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

25. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს განმარტებით, პირდაპირი დისკრიმინაციაა არსებითად მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიმართ განსხვავებული მოპყრობა, თუ ამ მოპყრობას არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება (იხ. Willis v. the United Kingdom, #36042/97), უნდა დადგინდეს, რომ სხვა პირებს, რომლებიც ანალოგიურ ან არსებითად მსგავს მდგომარეობაში იმყოფებიან, უკეთესად ეპყრობიან და ეს განსხვავება დისკრიმინაციულია (იხ. Konstantin Markin v. Russia, #30078/06), განსხვავებული მოპყრობის ობიექტური და გონივრული გამართლება ნიშნავს იმას, რომ მოპყრობა ლეგიტიმურ მიზანს უნდა ისახავდეს და უნდა არსებობდეს გონივრული თანაბარზომიერება ჩარევის ღონისძიებასა და დასახულ მიზანს შორის (იხ. Petrovic v. Austria, #20458/92). ირიბი დისკრიმინაცია კი, პრეცედენტული სამართლის მიხედვით, განიმარტება, როგორც განსხვავებული მოპყრობის იმ ზოგადი პოლიტიკის ან ღონისძიების მავნე შედეგის სახით არსებობა, რომელიც, მართალია, ნეიტრალურადაა წარმოჩენილი, მაგრამ დისკრიმინაციულია და ერთ გარკვეულ ჯგუფზე მნიშვნელოვნად უარყოფით გავლენას ახდენს, ვიდრე მსგავს მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებზე (იხ. D.H. and others v. the Czech Republic, #13378/05).

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული აბსტრაქტული ელემენტების არსებობა უპირობოდ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის საკმარის წინაპირობას არ ქმნის. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანტიდისკრიმინაციული სამართლისა და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე აღინიშნოს, რომ განსხვავებული მოპყრობა უნდა არსებობდეს კანონმდებლობით აღიარებული რომელიმე უფლებით ან სიკეთით სარგებლობასთან მიმართებით, რამეთუ ცალკე აღებული დისკრიმინაციის ინსტიტუტი დამოუკიდებელ დაცვას არ ექვემდებარება. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისათვის უნდა არსებობდეს დაცული სფერო _ უფლება, რომელშიც ხდება ჩარევა; კომპარატორი _ ანალოგიურ ან არსებითად მსგავს ურთიერთობაში მყოფი პირი და ამ ორ პირს შორის მთავარი განსხვავება წარმოადგენს ე.წ „დაცულ სფეროს“. ამ ფაქტების საპირისპიროდ, ჩარევის გამართლება გონივრული და წონადი არგუმენტებით ეკისრება განსხვავებული მოპყრობის ინიციატორს, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება დისკრიმინაციის საქმეზე მტკიცების ტვირთის განაწილების პრობლემა (იხ. სუსგ საქმე №ას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

27. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.

28. სსსკ-ის 3633 მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დასახელებული საპროცესო ნორმა ადგენს შეზღუდვის ინიციატორის ვალდებულებას, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები და მიუთითოს ფაქტებზე, რომელთა ანალიზი გარკვეული ნიშნით პირის მიმართ არათანაბარი მოპყრობის ვარაუდის საფუძველს იძლევა. სწორედ ამ საპროცესო სტანდარტის დაცვის შემთხვევაში წარმოიშობა მოპასუხის ვალდებულება: ა) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადაწონის განსხვავებულ მოპყრობას და გამართლებული იქნება დემოკრატიული ღირებულებებით; ბ) ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-319-302-2017, 28 ივლისი, 2017 წელი; Nას-247-235-2017, 29 სექტემბერი, 2017 წელი).

29. ამდენად, დისკრიმინაციის ფაქტების დასახელებისა და იმ მასშტაბით მტკიცების ვალდებულება, რომ „prima facie“ დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას, დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლის მოვალეობას წარმოადგენს. სწორედ მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაძლევს „ერთი შეხედვით“ დისკრიმინაციული მოპყრობის დადასტურების ვალდებულებას, მტკიცების ტვირთი გადაინაცვლებს მოპასუხის მხარეს, რათა მან დაადასტუროს, რომ განსხვავებულ მოპყრობას მოსარჩელის მიერ მითითებული ნიშნით ადგილი არ ჰქონია, ან განსხვავება გამართლებული იყო ობიექტური და აუცილებელი ფაქტორებით (იხ. სუსგ საქმე №ას-344-2022, 29 სექტემბერი, 2022 წელი).

30. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელში უთითებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის მხრიდან განსხვავებული აზრის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებსა და შესაბამის მტკიცებულებებზეც, უთითებდა ასევე შესადარებელ პირსა და მსგავსი დანიშნულების კომისიაზეც. კერძოდ, დაზუსტებული სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის დისკრიმინაციის მსხვერპლი, მის მიმართ დისკრიმინირებული მიდგომა ხორციელდებოდა განსხვავებული აზრის გამო, რომელსაც იგი მუდმივად აფიქსირებდა, მათ შორის, დირექტორის წინაშე, რათა დაცული ყოფილიყო მისი და მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების შრომითი უფლებები. დამსაქმებლის მხრიდან მოსარჩელის გათავისუფლება არის ამ უკანასკნელის მიმართ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიება. მოსარჩელე მუდმივად საუბრობდა კლინიკაში არსებული პრობლემების შესახებ, რაც გარკვეულწილად წინააღმდეგობაში იყო კლინიკის დირექტორის/მოვალეობის შემსრულებლის ინტერესებთან. მოსარჩელის მიერ არსებული პრობლემების დაფიქსირება მას, როგორც ლოჯისტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს, პასუხისმგებლობას ხსნიდა და სრული პასუხისმგებლობა გადადიოდა დირექტორზე/მოვალეობის შემსრულებელზე. აღნიშნულის დამადასტურებელია მოსარჩელის მხრიდან კლინიკის გარე ფასადთან დაკავშირებით დირექტორისათვის წარდგენილი არაერთი მოხსენებითი ბარათი. 2022 წელს ნოემბერში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ კლინიკის გარე ფასადის ტექნიკური მდგომარეობა იყო ავარიული და საჭიროებდა სასწრაფოდ დემონტაჟს. ვინაიდან აღნიშნული საკითხი პირდაპირ კავშირში იყო მოსარჩელის უფლება-მოვალეობებთან, მან ამის შესახებ დაწერა არაერთი მოხსენებითი ბარათი (მათ შორის 2023 წლის 31 მარტის მოხსენებითი ბარათი) და ითხოვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რასაც შედეგად მხოლოდ დირექტორის უკმაყოფილება და უმოქმედობა მოჰყვა. 19 მაისს მოსარჩელემ მიიღო არაოფიციალური მითითება, დაეწერა ახალი მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ფასადის თაობაზე მის მიერ დაწერილი არცერთი წინა მოხსენებითი ბარათი არ უნდა ყოფილიყო ნახსენები, აღნიშულით დირექტორი შეეცადა გაემართლებინა მისი უმოქმედობა განვლილი პერიოდის განმავლობაში და პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა. ზემოაღნიშნულის გარდა, მოსარჩელე კლინიკის საჭიროებებიდან გამომდინარე, მუდმივად წერდა მოხსენებით ბარათებს. თვალსაჩინოებისთვის გამოვყოფთ რამდენიმე მათგანს, რაც დირექტორის უკმაყოფილებას იწვევდა, რადგანაც ეს გარკვეულწილად წინააღმდეგობაში იყო მის მიერ არჩეულ კლინიკის მართვის პოლიტიკასთან. მოსარჩელე ჯერ კიდევ 2022 წლის 27 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით ითხოვდა ტუმბოს შეძენას, რათა კლინიკას შეუფერხებლად შესძლებოდა ფუნქციონირება და სამომავლოდ მის შესაძენად გაუმართლებლად დიდი თანხების გადახდა არ გამხდარიყო საჭირო, როგორც ეს კლინიკას საბოლოოდ დასჭირდა. იმის გამო, რომ მოსარჩელის პირველ მოხსენებით ბარათს რეაგირება არ მოჰყოლია, იგი იძულებული გახდა კიდევ რამდენჯერმე დაეწერა მსგავსი შინაარსის მოხსენებითი ბარათები ტუმბოს შეძენის მოთხოვნით, მათ შორის, 2023 წლის 12 აგვისტოს. მოსარჩელემ კლინიკის ინტერესებიდან გამომდინარე, 2023 წლის 16 ივნისს დაწერა მოხსენებითი ბარათები საწყობის თანამშრომლის საჭიროებასთან და კლინიკაში არსებული სანტექნიკის პრობლემების შესახებ. მოსარჩელის მიერ დაიწერა ასევე 2023 წლის 20 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც საუბარია ესკალატორის გაუმართაობაზე. ისევ და ისევ კლინიკის ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელე 2023 წლის 4 და 23 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათებით ითხოვდა ვენტილაციასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე დისკრიმინაციის მსხვერპლია, დასტურდება ასევე იმ გარემოებებით, რომ დამსაქმებელმა მხოლოდ მოსარჩელის წინააღმდეგ გამოიყენა დისციპლინური სახდელები ისეთი „დარღვევებისთვის“, როგორიცაა სამსახურში გამოცხადების დროს საშვის დაუფიქსირებლობა. თუ სამსახურში საშვის არდაფიქსირება დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია, გაურკვეველია, რატომ არ შეეფარდა ასევე დისციპლინური სახდელი, თუნდაც გ.კ–ძეს ან ადმინისტრაციის დანარჩენ ორმოცამდე თანამშრომელს იმავე ქმედებისთვის. გაურკვეველია ასევე დამსაქმებლის ქმედება მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით იმ საფუძვლით, რომ ინვენტარიზაცია დროულად „არ დაასრულა“ მაშინ, როდესაც მანამდე შექმნილ არაერთ კომისიას უფიქსირდება ვადის დარღვევა ან საერთოდაც არ შეუსრულებია ვალდებულება და ამ კომისიების არცერთი წევრისათვის დისციპლინური სახდელი არ შეუფარდებიათ. მოსარჩელემ ასევე იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ იდენტური სამუშაოს შესრულების მიზნით უკანასკნელად 2021 წლის 4 იანვარს შეიქმნა ექვსკაციანი კომისია და სამუშაოს შესასრულებლად ვადა 30 დღის ოდენობით მიეცათ (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ. 1. ს.ფ. 170, 173-174).

31. ამდენად, მოსარჩელემ მიუთითა კონკრეტული ფაქტები, თუ რაში გამოიხატა მის შრომით უფლებაში ჩარევა. სარჩელში ასახული გარემოებები და თანდართული მტკიცებულებები ერთობლიობაში „prima facie“ („ერთი შეხედვით“) სასამართლოს უქმნიდა დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდს, რის შედეგადაც დამსაქმებელზე გადავიდა იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. დამსაქმებელმა კი არათუ დაამტკიცა, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა ან თუნდაც შეეცადა გაემართლებინა განსხვავებული მოპყრობა, არამედ კვალიფიციური შესაგებელიც კი არ წარუდგენია პირველი ინსტანციის სასამართლოში.

32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიც არის შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში. მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი, ასევე, დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპის ერთგვარი გამოხატულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე არის დამოკიდებული, რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-108-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).

33. მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ [სსსკ-ის 201.2. მუხლის „დ“ ქვეპუნქტი]. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული [სსსკ-ის 219.1. მუხლი]. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი, პარ. 201).

34. შესაგებელი მოპასუხის უფლების დაცვის უმთავრესი ინსტრუმენტია, რომლის ჯეროვნად გამოყენება განაპირობებს საქმის საბოლოო შედეგს. უმრავლეს შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია საქმეში გამართული, არგუმენტირებული შესაგებლის არსებობა და საამისოდ შეგებებული სარჩელის აღძვრა არც არის საჭირო. შესაგებლის წარდგენის ვალდებულება მხარის მიერ დაძლეულად ვერ განიხილება, თუ იგი კვალიფიციურად, ამომწურავად და დასაბუთებულად არ ედავება მოსარჩელე მხარეს მის მიერ მოთხოვნის დასაფუძნებლად სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, აბსტრაქტული შესაგებელი, ფორმალური თვალსაზრისით, შესაძლოა, იყოს კიდეც წარდგენილი სასამართლოსათვის სწორ საპროცესო დროს, მაგრამ თუ მას არ შესწევს უნარი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ გარემოებათა არსებობა, რომლებიც აფუძნებს სარჩელს, ამგვარი შესაგებლის პროცესუალური მნიშვნელობა უკიდურესად დაბალია და შემოიფარგლება უფლების დაცვის მხოლოდ იმ მასშტაბით, რომ აკავებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. არასათანადო შესაგებელი აფერხებს მოპასუხის უფლებას სასარჩელო ფაქტებზე მოგვიანებით შედავებისა და მტკიცებულებების მოგვიანებით წარდგენის შესაძლებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ საქმე №ას-64-2022, 24 თებერვალი 2023 წელი).

35. განსახილველ შემთხვევაში იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მიუთითა ფაქტები და წარადგინა საკმარისი მტკიცებულებებიც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას განსხვავებულ მოპყრობასთან მიმართებით, ხოლო მოპასუხე მხარემ - დამსაქმებელმა არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ გააქარწყლა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია, კასატორის პრეტენზია, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას განსხვავებული აზრის ნიშნით, ადგილი არ ჰქონია, გაზიარებული ვერ იქნება.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დისკრიმინაციული ქმედების ფაქტის დადგენას განსაზღვრული მიზნები გააჩნია, ესენია: დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა ან, კიდევ, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება (სსსკ-ის 3632 მუხლის მე-3 ნაწილი). აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ დავებზე დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტის ან/და მისი შედეგების აღმოფხვრის ან, კიდევ, მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული სარჩელების დაკმაყოფილების წინაპირობაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1560-2018, 30 აპრილი, 2020 წელი).

37. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე კასატორის შედავებას შეუსაბამოდ დიდი ოდენობის კომპენსაციისა და განაცდურის დაკისრების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში დარჩა გასაჩივრებული განჩინებით, მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 7500 ლარის გადახდა, ხოლო იძულებით განაცდურის სახით, ყოველთვიურად, თვეში დარიცხული 3750 ლარის გადახდა 24.10.2023 წლიდან ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის სრულად აღსრულებამდე პერიოდისათვის.

38. სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით [სშკ-ის 48.8 მუხლი].

39. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ საქმეში განმარტავს, რომ კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).

40. არც მოქმედი შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ საქმე №ას-1339-1259-2017, 30 ივლისი, 2018 წელი). ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა. შ. (იხ. „საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, ავტორთა კოლექტივი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2017, გვ. 272). კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-787-736-2017, 10 ნოემბერი, 2017 წელი; №ას-632-2019, 21 ივნისი, 2019 წელი; №ას-395-2019, 27 ივნისი, 2019 წელი; №ას-1163-2022, 15 თებერვალი, 2023 წელი; №ას-523-2023, 06 ივლისი, 2023 წელი). ამ მოცემულობაში კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება.

41. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულის დარღვეული უფლებების აღდგენის, მისი უფლებრივი რესტიტუციის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა საქართველოს შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბრის ცვლილების შემდგომ (ძალაშია 2020 წლის 05 ოქტომბრიდან) ამოქმედებული 48.9 მუხლით [დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია], რომელიც განსხვავებით მანამდე მოქმედი რედაქციისგან, კომპენსაციის დაკისრებასთან, როგორც პირვანდელ პოზიციაზე აღდგენის შეუძლებლობის გამო მიყენებული მატერიალური თუ მორალური ზიანის ანაზღაურების სახესთან ერთად, იძულებითი განაცდურის დაკისრებასაც ითვალისწინებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. ამდენად, კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისას, რა თქმა უნდა, უპირველესია დასაქმებულის უფლების დაცვა, რათა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლიანი ბალანსის აღდგენა მოხდეს. ამასთან, იძულებითი განაცდურის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თანადროულად, კომპენსაციის ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ ქმნიდეს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1526-2023, 22 მარტი, 2024 წელი). ზემოაღნიშნული ცვლილებების შესაბამისად, უდავოდ დადგინდა, რომ კომპენსაცია არ ფარავს განაცდურს, ანუ იმ მატერიალურ დანაკარგს, რასაც მხარე სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნიდან სამსახურში აღდგენამდე მიიღებდა. აღნიშნული ცვლილებით, კომპენსაცია ცალკე თანხაა, რომელიც დასაქმებულს აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ეძლევა, აღდგენის შეუძლებლობის საკომპენსაციოდ. მასში განაცდურის კომპონენტი აღარ გაითვალისწინება, რადგან უკანონოდ გათავისუფლებულს განაცდური კომპენსაციის პარალელურად დამოუკიდებელი დაანგარიშების წესით ეძლევა (იხ. საქართველოს შრომის კოდექსის კომენტარი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2023, გვ. 644).

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება სასამართლოს მხრიდან არამართლზომიერად იქნა მიჩნეული და ამასთან, სახეზე იყო დასაქმებულის სამსახურში აღდგენის შეუძლებლობა, ხოლო მოსარჩელე ასევე ითხოვდა განაცდურის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს კანონიერად დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით, ყოველთვიურად, თვეში დარიცხული 3750 ლარის გადახდა 24.10.2023 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. რაც შეეხება სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას, 7500 ლარი წარმოადგენს დასაქმებულის ორი თვის შრომის ანაზღაურებას, რაც პალატას დასაქმებულის ასაკის, კვალიფიკაციის, ხელფასის ოდენობის, განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების, სამოქალაქო ბრუნვაში სამართლიანობის, წონასწორობის და უსაფუძვლო გამდიდრების დაუშვებლობის პრინციპების გათვალისწინებით, გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია.

43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

44. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4612,50 ლარის 70% – 3228,75 ლარი.

45. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) საკასაციო შესაგებლით შუამდგომლობს სასამართლოსგარეშე ხარჯის კასატორისთვის (მოპასუხისთვის) დაკისრების თაობაზე. კერძოდ, იგი ითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით [სსსკ-ის 53.1 მუხლის ბოლო წინადადება: იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით].

46. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეული ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

47. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. თუმცა, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება (იხ. სუსგ საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

48. საკასაციო პალატის განმარტებით, სსსკ-ის 53.1 მუხლის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი კანონმდებელი მიიჩნევს ქონებრივ დავებში დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს, ხოლო არაქონებრივ დავებში არაუმეტეს 2000 ლარს, რაც წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-316-316-2018, 7 მაისი, 2018 წელი).

49. ამრიგად, ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ადვოკატის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებებისა და ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ საკასაციო საჩივარი არსებითად არ განხილულა, საკასაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ კასატორს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „აკ.ნ.ყ.ს.ც.ს.კ–კის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „აკ. ნ.ყ. ს. ც. ს.კ–ას“ (საიდ. კოდი: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 09 ოქტომბერს №687 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4612,50 ლარის 70% – 3228,75 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს და შპს „აკ.ნ. ყ. ს.ც.ს. კ–ას“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 1000 ლარის გადახდა;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე