არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 15.05.2026
საქმის ნომერი
ას-382-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-382-2026 15 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ა.ფ–ა“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ა–ა“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ა–ს“ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს „ა.ფ–ას“ (შემდგომში - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 625.87 ლარის გადახდა, საიდანაც 91 150.05 ლარი წარმოადგენს ძირითად დავალიანებას, ხოლო 9 475.82 ლარი - პირგასამტეხლოს.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი.

4. აღნიშნული განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება, ასევე სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.

5. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა ისე, რომ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან/და მისი გადავადების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და ასევე არ განუსაზღვრავს აპელანტისათვის დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პოზიციით, გასაჩივრებული განჩინება ექვემდებარება გაუქმებას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

9. საქარველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს ხარვეზის შევსებას და ამისათვის განუსაზღვრავს ვადას. თუ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩება. შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია ხარვეზებით, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებს, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, და აპელანტს უნიშნავს ვადას აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისთვის. ვადის დარღვევის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი რჩება განუხილველად.

10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის - 4025.3 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან/და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობა შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, ემსჯელა მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

11. აღნიშნული განჩინება 2025 წლის 9 დეკემბერს გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ტარიელ ჩოჩიშვილს (იხ. რწმუნებულება, ტომი 1, ს.ფ. 69) და 2025 წლის 10 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის დედას. მიუხედავად ამისა, აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

12. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივრით იგი ითხოვდა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ისე, რომ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან/და გადავადების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე და ასევე არ განუსაზღვრავს აპელანტისათვის დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად.

13. პალატა ზემოაღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარემ წარდგენილ სააპელაციო საჩივარში მხოლოდ ფორმალურად აღნიშნა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საფუძვლით როგორც სახელმწიფო ბაჟის გადავადების, ასევე ამავე საფუძვლით მისი გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნა, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით მას არც დასაბუთებული შუამდგომლობა წარუდგენია და არც შესაბამის მტკიცებულებებზე მიუთითებია.

14. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ სსსკ-ის 102-ე, 103-ე და 105-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ამავე კოდექსის 47-ე და 48-ე მუხლებით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობა დამოკიდებულია მხარის ქონებრივი მდგომარეობის სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაზე, ხოლო სასამართლო მოკლებულია უფლებამოსილებას, მტკიცებულებათა არარსებობის პირობებში, დააკმაყოფილოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების შესახებ შუამდგომლობა. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე კანონიერად დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. კერძოდ, მას დაევალა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან/და სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ დასაბუთებული შუამდგომლობა შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, დამატებით ემსჯელა მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

15. ამგვარად, აპელანტს განჩინებით მკაფიოდ და ცალსახად განესაზღვრა გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრის ალტერნატიული გზები, რაც მას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების უზრუნველსაყოფად, იმ ეტაპზე, აუცილებელი პროცესუალური მოქმედებების განხორციელების ვალდებულებას აკისრებდა.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) პრინციპების გათვალისწინებით, დავის ფაქტობრივი გარემოებების განსაზღვრა, მტკიცებულებათა წარდგენა, ცალკეული საპროცესო მოქმედებების განხორციელება და მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შეფასებისათვის აუცილებელი პროცესუალური აქტიურობის გამოვლენა მხარეთა უფლებამოსილებასა და ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და, ამავდროულად, ვალდებულია, გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი პოზიციების, არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, მათი ერთობლივი შეფასების შედეგად.

17. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროცესუალური უფლებებისა და ვალდებულებების რეალიზაცია დამოკიდებულია მხარეთა აქტიურობასა და პროცესში მათ სათანადო ჩართულობაზე. როდესაც მხარეს კანონით ან სასამართლოს მიერ განესაზღვრება ვადა კონკრეტული პროცესუალური მოქმედების შესასრულებლად, იგი ვალდებულია იმოქმედოს აღნიშნული ვადის ფარგლებში, ხოლო ობიექტური ხელშემშლელი გარემოების არსებობის შემთხვევაში, ვადის გასვლამდე მიმართოს სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს პროცესუალურ უმოქმედობას და იწვევს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს.

18. სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლების მიხედვით, საპროცესო მოქმედება უნდა განხორციელდეს კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რადგან აღნიშნული ვადის გასვლას უკავშირდება შესაბამისი პროცესუალური უფლების გაქარწყლება და დაგვიანებით წარდგენილი საჩივრის ან სხვა საპროცესო დოკუმენტის განუხილველად დატოვება.

19. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ აპელანტს დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამასთან, მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს არც ვადის გაგრძელების (სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილი) და არც გაშვებული ვადის აღდგენის (სსსკ-ის 66-ე მუხლი) შესახებ შესაბამისი შუამდგომლობით. აღნიშნულ პირობებში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება განხორციელდა კანონით დადგენილი წესისა და სამართლებრივი საფუძვლების სრული დაცვით.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამავე საკითხზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის უდავოდ დიდი მნიშვნელობის, ის არ არის აბსოლუტური ხასიათის. სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ვერ იქნება გაგებული აბსოლუტური სახით, პროცესუალურ-სამართლებრივი წესრიგის გარეშე, რაც უფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს” (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება №1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). აღნიშნული მიდგომა თანხვედრაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან, რომლის მიხედვითაც, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს. აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, სახელმწიფო რეგულირებას ექვემდებარება. რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the „Belgian Linguistic“ judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და სასამართლოს მითითებას (მითითებებს), იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მიიღებს უარყოფით საპროცესო შედეგს, რასაც ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5-ე, 374.1 მუხლები) (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-693-2019, 28.05.2019წ.; №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-504-2022, 21.06. 2022წ.).

22. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთგზის არის განმარტებული, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1397-2019, 21.11.2019წ.; №ას-943-2023, 23.09.2023წ.).

23. ამდენად, აპელანტის მიერ კანონით დადგენილი საპროცესო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი ექვემდებარება განუხილველად დატოვებას, ვინაიდან სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური და მისი განხორციელება დამოკიდებულია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.ფ–ას“ კერძო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია