დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 22.05.2026
საქმის ნომერი
ას-1246-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1246-2025 22 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ თ.ი–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. სს „ს.კ.ა–ის“ წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი/მ თ.ი–ძის მიმართ სადაზღვევო პრემიის (1819,85 აშშ დოლარის ოდენობით) ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. სს „ს.კ.ა–სა“ და ი/მ თ.ი–ძეს შორის სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში გაფორმდა ორი სადაზღვევო პოლისი MO/S-054450/22 და MO/S-007223/23, რომლებიც მოიცავდა დაზღვევის პირობებს MO/SME-001/21–1. სს „ს.კ.ა–ის“ მიერ გაცემული პოლისის საფუძველზე, განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები, რომლითაც მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, აენაზღაურებინა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები პოლისითა და შესაბამისი პირობებით, ხოლო დამზღვევმა თავის თავზე აიღო ვალდებულება დადგენილ ვადაში გადაეხადა შესაბამისი სადაზღვევო პრემია.

2.2. მოპასუხემ დაარღვია MO/S-007223/23 და MO/S-054450/22 პოლისებით დადგენილი გადახდის გრაფიკი. საერთო ჯამში, დამზღვევს მზღვეველის სასარგებლოდ ორივე პოლისიდან გამომდინარე, დაირიცხა დავალიანება 1 819.85 აშშ დოლარის ოდენობით.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხე ი/მ თ.ი–ძეს, წარმოდგენილი შესაგებლით, ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითა, რომ ვინაიდან მოსარჩელემ მას უარი განუცხადა რამდენიმე სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე, ამიტომ, შეწყვიტა ხელშეკრულება და აღარ სურდა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაგრძელება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „ს.კ.ა–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეჯერებისა და სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დისპოზიციის სუბსუმირების საფუძველზე, განმარტა, რომ სადაზღვევო შენატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადაში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით. საქმის მასალებით დადგინდა, რომ მზღვეველს სადაზღვევო პოლისებით შეთანხმებული შენატანი 2023 წლის 20 მაისის შემდგომ არ გადაუხდია, ამასთან დადგენილია, რომ სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო, მოპასუხემ შეწყვიტა ხელშეკრულება და ამის შესახებ აცნობა კიდეც მოსარჩელეს.

5.3. სააპელაციო პალატის აზრით, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლეოდა ზუსტად იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მზღვეველმა დაკარგა გადასახდელი პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა, ვინაიდან თუკი მზღვეველი, რომლის მიმართაც არ სრულდება სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება, წერილობით არ გააფრთხილებს დამზღვევს მოსალოდნელ შედეგებზე, იგი კარგავს სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ (იხ. სუსგ. Nას-1308-1246-2014, 03/04/2015 წელი; სუსგ. 21.02.2013წ.-ის Nას-85-81-2013წ. განჩინება). პალატის აზრით, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მზღვეველმა მოპასუხე ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული შედეგების შესახებ მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადის შემდეგ გააფრთხილა და თან შეტყობინების წერილის დამადასტურებელი საბუთიც არ წარუდგენია სასამართლოში, რაც პალატის აზრით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი მართებულად გახდა.

5.4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ა–მა“, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სამოქალაქო კოდექსის 817-ე და 818-ე მუხლები, ვინაიდან მათი შესრულება მზღვეველის უფლებაა და არა ვალდებულება.

6.2. კასატორის მტკიცებით, მხარეთა შორის გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულება, ორმხრივად მავალდებულებელი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მიხედვითაც დამზღვევი ვალდებულია შეასრულოს მასზე ნაკისრი მოვალეობები, ეს შეთანხმება კი, მხარეთა შორის არსებული ნების ავტონომიის საფუძველზე შეთანხმდა, რომელსაც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სასამართლო გადაწყვეტილება და მით უფრო, კეთილსინდისიერების პრინციპის საფარველქვეშ მხარეს სასამართლო უმიზეზოდ არ უნდა ათავისუფლებდეს მასზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

6.3. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და აცხადებს, რომ მართალია სადაზღვევო კომპანიას დაზღვეულ პირთან არ გაუგზავნია გაფრთხილების წერილები, თუმცა მზღვეველმა აიღო რისკი, რომ სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი ზიანი აენაზღაურებინა და ეს რისკი ზიდა მთელი სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოპასუხე და მას პრეტენზია არასოდეს განუცხადებია.

6.4. კასატორი უთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება გახდეს ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მით უფრო დაზღვეულსაც გააჩნია ამგვარი მოქმედების სადაზღვევო კომპანიისთვის შეტყობინების მოვალეობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ განხორციელებულა.

6.5. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებაში უდავოდ მიჩნეულ იმ გარემოებას, რომ დამზღვევმა შეწყვიტა ხელშეკრულება და ამის თაობაზე აცნობა სადაზღვევო კომპანიას. მისი მტკიცებით, საქმის მასალებში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ამგვარი ქმედების განხორციელების ფაქტს, ასევე მას დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და სასამართლომ თავისი ინიციატივით იმსჯელა პრემიის გადაუხდელობისას კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის სავალდებულოობაზე.

6.6. კასატორი აცხადებს, რომ სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოსარჩელის მითითება და შესაბამისი მტკიცებულებები მასზედ, რომ MO/S-054450/22 პოლისის მოქმედების პერიოდში დამდგარი იყო სადაზღვევო შემთხვევა, რომლის ფარგლებში კომპანიამ დაზღვეულს აუნაზღაურა 1548 ლარი, რაც ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაშიც (რაც კასატორის აზრით, არ მომხდარა), მოპასუხეს წარმოუშობდა ვალდებულებას, ნებისმიერ შემთხვევაში, სრულად დაეფარა სადაზღვევო პრემია.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, სს „ს.კ.ა–ის“, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

6.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 24 აპრილის განჩინებით, სს „ს.კ.ა–ის“, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, შემდეგი დასაბუთებით:

7. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის პირველი წინადადება). საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მოპასუხისთვის სადაზღვევო შესატანის (პრემიის) დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება.

9. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 3.1 მუხლი).

10. დაზღვევის ხელშეკრულების ცენტრალურ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი, რომლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

11. დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი). დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 14, გვ. 4, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ორი ხელშეკრულება, კერძოდ, პოლისი MO/S-054450/22 და MO/S-007223/23, რომლებიც მოიცავდა დაზღვევის პირობებს MO/SME-001/21–1. მოპასუხეს 054450/22 სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო შენატანი არ გადაუხდია 2023 წლის 20 მაისის შემდეგ, ხოლო 007223/23 პოლისით გათვალისწინებული შენატანი კი ბოლოს გადაიხადა 2023 წლის 20 მაისს. შესაგებელში წარდგენილი შედავების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობა გამოიწვია სადაზღვევო კომპანიის მიერ, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმამ. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან არსებული დავალიანების ორკვირიან ვადაში აღმოსაფხვრელად, წერილობით შეტყობინება არ ჩაბარებია.

13. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზღვევის ხელშეკრულება #054450/22 მოქმედებდა 2022 წლის 21 სექტემბრის 24:00 საათიდან 2023 წლის 21 სექტემბრის 24 საათამდე; ხოლო 007223/23 ხელშეკრულება კი მოქმედებდა 2023 წლის 30 იანვრის 24:00 საათიდან 2024 წლის 30 იანვრის 24 საათამდე. დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილი მოპასუხეს გაეგზავნა 2024 წლის 12 თებერვალს, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ (იხ. ს.ფ. 55). სააპელაციო პალატის დაკსვნით, ვინაიდან მზღვეველი, რომლის მიმართაც არაერთგზის დაირღვა სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულება დაელოდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვას და მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მოითხოვა დარღვეული უფლების დაცვა, ისე რომ მას დამზღვევთან სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში არ გამოუყენებია კონტრაჰენტის/დამზღვევის წერილობითი გაფრთხილების ფორმა, მას მოესპო სადაზღვევო პრემიის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოწურვის შემდეგ. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით (იხ. სუსგ საქმე №ას-85-81-2013, 21 თებერვალი, 2013 წელი; სუსგ №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი) მიიჩნია, რომ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას, რადგან დამზღვევი, როგორც ხელშეკრულების სუსტი მხარე, უარეს პირობებში არ ჩავარდეს.

14. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სადაზღვევო შესატანის არადროულად გადახდის გამო, თავისი მოვალეობებისაგან მზღვეველის გათავისუფლების და მის მიერ ხელშეკრულების მოშლის საკითხებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 817-ე (თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება. თუ ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა და ამ დროისათვის დამზღვევის მიერ გადაცილებულია შესატანის ან პროცენტების გადახდის ვადა, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობებისაგან) და 818-ე მუხლები (თუ დამზღვევმა თავის დროზე არ შეიტანა სადაზღვევო შესატანი, მზღვეველს შეუძლია ერთი თვით ადრე გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე და ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მოშალოს იგი).

15. საკასაციო პალატის განსჯით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ამოსავალ პრინციპს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიღწევა წარმოადგენს, სამოქალაქო კოდექსი ორიენტირებულია პირველადი მოთხოვნის - ვალდებულების შესრულების მიღწევაზე, რაც შეეხება ხელშეკრულების მოშლასა თუ ხელშეკრულებიდან გასვლას, აღნიშნულიც თავისთავად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული და კანონმდებელი ამომწურავად განსაზღვრავს თითოეულ ამ ინსტიტუტს. სადაზღვევო პრემიის შეტანის მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, 815-ე, 817-ე და 818-ე მუხლები არ წარმოადგენს იმპერატიული ხასიათის ნორმებს და ცალსახად არ ადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობას, კანონმდებელი 817-ე და 818-ე მუხლებით ადგენს მზღვეველის უფლებას შესაბამისი ფორმით განსაზღვროს პრემიის გადახდის დამატებითი ვადა, ასევე კანონით დადგენილი ფორმის დაცვით მოშალოს ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 817-ე მუხლის დათქმა, რომ, თუ სადაზღვევო შესატანი დროულად არ არის გადახდილი, მაშინ მზღვეველს შეუძლია წერილობით განსაზღვროს გადახდის ორკვირიანი ვადა, ამასთან, უნდა მიუთითოს იმ შედეგებზე, რომლებიც ვადის გასვლას მოჰყვება, არ შეიძლება განმარტებულ იქნას ამავე მუხლის მე-2 ნაწილისაგან განყენებულად, რადგანაც ნორმის მე-2 ნაწილით დადგენილია მზღვეველის მიერ შეტყობინების უფლების გამოუყენებლობისათვის ერთგვარი სამოქალაქოსამართლებრივი სანქცია, კერძოდ, ის, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა მას წარმოუშობს სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო კომპანია წერილობით გააფრთხილებს დამზღვევს პრემიის გადახდის თაობაზე და 2-კვირიანი ვადის გასვლის შემდეგ დადგება სადაზღვევო შემთხვევა, ამ ვადის გასვლამდე მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი შემთხვევა, მიუხედავად იმისა, დამზღვევს გადაცილებული აქვს თუ არა პრემიის შეტანის ვადა. რაც შეეხება ამავე სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის დათქმას, პრემიის შეტანის ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, აღნიშნულიც სწორედ უფლებადამდგენი ნორმაა და იგი არ შეიძლება აყვანილ იქნას ვალდებულების რანგში (იხ. სუსგ საქმე №ას-1548-2023 7 მარტი, 2025 წელი, საქმე №ას-1708-1602-2012, 9 ოქტომბერი, 2013 წელი).

16. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადაზღვევო შესატანის შეთანხმებულ ვადაში გადაუხდელობისას, მზღვეველს ევალება გონივრულ ვადებში შეატყობინოს დამზღვევს მოსალოდნელი შედეგები. მზღვეველის ქცევის ამგვარი სტანდარტის არსებობა განპირობებულია სწორედ კერძო სამართლის სუბიექტების კეთილსინდისიერი ქცევის ფარგლებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწ.). მართალია, სამოქალაქო კოდექსის 817-ე-818-ე მუხლები არ წარმოადგენს მავალდებულებელ ნორმებს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მზღვეველს მართლზომიერად გამოიყენოს მისთვის მინიჭებული უფლება და სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში, დროულად გააფრთხილოს დამზღვევი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, არ დაელოდოს ხელშეკრულების ვადის გასვლას და სწორედ ამ პერიოდს არ დაუკავშიროს სადაზღვევო შესატანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაცია (იხ. სუსგ საქმე №ას-1308-1246-2014, 03 აპრილი, 2015 წელი).

17. პალატა ასევე უთითებს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).

18. პალატა აქვე დასძენს, რომ უდავოდ, დაზღვევის ხელშეკრულების განმარტებისას უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კეთილსინდისიერების პრინციპი. მზღვეველი ვალდებულია იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპებით და სადაზღვევო საქმიანობა განახორციელოს ამ პრინციპების დაცვით („დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 61 პუნქტი), თუმცა მისი გამოყენება ორმხრივი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი უთითებს, რომ მოპასუხეს იმ პოლისების საფუძველზე, რომლებზედაც ერიცხება დავალიანება, არაერთხელ აქვს მომსახურება მიღებული. ამასთან, კასატორი უთითებს, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით, არ შეუწყვეტია ხელშეკრულება, როგორც ეს ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა მიუთითეს, არამედ მან უაპელაციოდ, შეწყვიტა სადაზღვევო თანხის გადახდა.

20. საკასაციო სასამართლო, საკასაციო პრეტენზიიდან გამომდინარე, ყურადღებას მიაქცევს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს, MO/S-054450/22 პოლისის მოქმედების პერიოდში, განცდილი ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, აუნაზღაურდა 1548 ლარი (იხ. ს.ფ. 54). ასევე, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილად ცნობის მიუხედავად, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არც მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ნების გამოვლენა, მით უფრო ამ ნების მისვლა მზღვეველამდე.

21. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მზღვეველის არაკეთილსინდისიერება, რომელიც კასატორის სააპელაციო საჩივრის მთავარი საფუძველი გახდა, არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ ფაქტის მშრალად მითითებით (შეტყობინების არ გაგზავნა/დაგვიანებით გაგზავნა). მტკიცებულებათა შეფასებით უნდა გაირკვეს, მზღვეველის მხრიდან შეტყობინების არ გაგზავნა და ხელშეკრულების ცალმხრივად არ შეწყვეტა შედიოდა თუ არა დამზღვევის ინტერესებშიც, ხელშეკრულების ცალკეული პუნქტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტა მთლიანად ათავისუფლებდა თუ არა დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დგინდება, რომ დამზღვევს მიღებული აქვს სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე №ას-1548-2023, 7 მარტი, 2025 წელი).

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. თითოეული მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებზე საუბარი. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული დეტალი, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწმენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი მოიცავს თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას დამოუკიდებლად.

23. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით, ასევე მოპასუხის შესაგებლის გათვალისწინებით, რომელიც სადავოდ არ ხდიდა მის მიერ უაპელაციოდ, პრემიის გადახდის შეწყვეტის ფაქტს, პალატა მიიჩნევს, რომ მიუხედავად დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევისა, მზღვეველი ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რაზეც პრეტენზიას აცხადებს კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში და რაზეც აპელირებდა იგი ასევე სააპელაციო საჩივარში, კერძოდ, მას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც მოპასუხე პრემიას არ უხდიდა, კვლავაც ეკისრებოდა სადაზღვევო რისკის რეალიზაციის დადგომის ანაზღაურების რისკი (რადგან ხელშეკრულება არ შეწყვეტილა კანონით დადგენილი წესით), რაც არ არის კომპენსირებული მოპასუხისთვის პრემიის გადახდის ვალდებულების დაკისრებით.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების სასყიდლიანობა დამზღვევისათვის სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დაკისრებით გამოიხატება. სადაზღვევო კომპანია, როგორც სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი, მოგების მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა, სადაზღვევო კომპანიის მიერ სადაზღვევო პრემიის მიღება მხოლოდ მოგების მიღების მიზნით არ შემოიფარგლება. სადაზღვევო პრემია წარმოადგენს მზღვეველის მიერ გაწეული „რისკის ტარების“ ღირებულებას. მეორე მხრივ, სადაზღვევო პრემიების აკუმულაცია სადაზღვევო კომპანიაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისთვის აუცილებელი წინაპირობაა (იხ. ქეთევან ირემაშვილი, https://gccc.tsu.ge/, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, 799-ე მუხლის კომენტარი, ველი 18, გვ. 5, ბოლო დამუშავება: 14 მარტი, 2016).

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, არ დასტურდება მზღვეველის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე მოპასუხეს მიღებული აქვს სადაზღვევო ზიანით გამოწვეული ანაზღაურება, შესაბამისად, პალატის განსჯით, მარტოოდენ მზღვეველის მიერ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის უფლების გამოუყენებლობა, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სადაზღვევო კომპანიის არაკეთილსინდისიერ ქცევად და არ უნდა გახდეს მოპასუხის სადაზღვევო პრემიის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-1548-2023, 7 მარტი, 2025 წელი).

26. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია და მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე სადავოდ არ გაუხდია, რომ MO/S-054450/22 დაზღვევის პოლისის მიხედვით, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდა უნდა მომხდარიყო 12 ეტაპად, რისთვისაც განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება ნაწილობრივ; 20.05.2023-ის შემდგომ პერიოდში, დამზღვევს მზღვეველის სასარგებლოდ არ ჩაურიცხავს სადაზღვევო პრემია, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 685.4 აშშ დოლარი. ასევე, დადგენილია, რომ MO/S-007223/23 დაზღვევის პოლისის მიხედვით, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო პრემიის გადახდა უნდა მომხდარიყო 12 ეტაპად, რისთვისაც განისაზღვრა გადახდის გრაფიკი. დამზღვევმა შეასრულა საკუთარი ვალდებულება გადახდის გრაფიკის მიხედვით ნაწილობრივ. 2023 წლის 2 მაისის შემდეგ დამზღვევს არ შეუსრულებია საკუთარი ვალდებულება, რის გამოც დავალიანებამ შეადგინა 1134.45 აშშ დოლარი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ მოპასუხემ დაარღვია MO/S-007223/23 და MO/S-054450/22 პოლისებით დადგენილი გადახდის გრაფიკი. საერთო ჯამში, დამზღვევს მზღვეველის სასარგებლოდ ორივე პოლისიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების - 1819.85 აშშ დოლარის ოდენობით გადახდის ვალდებულება.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

28. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 591,49 (144,70+199,79+247) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. სს „ს.კ.ა–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივლისის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს.კ.ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;

3.1. ი/მ თ.ი–ძეს სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1819.85 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;

4. ი/მ თ.ი–ძეს სს „ს.კ.ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ, სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 591,49 ლარის გადახდა;

5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი