დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-132-2026 4 ივნისი, 2026 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ვ.ბ–ო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ზ–ვა, მ.ზ–ვა (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ.ზ–ვამ და მ.ზ–ვამ (შემდეგში - მოსარჩელეები) სარჩელი აღძრეს ვ.ბ–ოს (შემდეგში - მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) მიმართ შემდეგი მოთხოვნებით:
1.1.მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ნივთი, მდებარე ქ.თბილისში, ..............., კორპუსი 1-1ა, ავტოფარეხი, შენობა №7, ს.კ:№ ........ (შემდეგში - მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხი) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეთ მოსარჩელეებს;
1.2. დაევალოს მოპასუხეს (შენობა №7/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონების და ს.კ:№ .............. (შენობა №6/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონების სამეზობლო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის 854.22 ლარის ნახევრის - 427 ლარისანაზღაურება;
1.3.მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა დაეკისროს, 2021 წლის ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ საკუთრებაში აქვთ ავტოფარეხი, რომლის მომიჯნავედ მოპასუხის კუთვნილი ავტოფარეხი (შენობა №6) მდებარეობს. ფართებს შორის სასაზღვრო მიჯნა არ არსებობს. მოპასუხეს აქვს მოსარჩელის ავტოფარეხის გასაღები და მოსარჩელეს არ აძლევს საშუალებას ისარგებლოს კუთვნილი ფართით. შესაბამისად, არსებობს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის წინაპირობები. გარდა ამისა, უძრავ ნივთებს შორის სამეზობლო მიჯნის აღმართვაა საჭირო, რომლის უზრუნველყოფისთვის მოპასუხისგან ფინანსური მონაწილეობა სავალდებულოა. ამასთან, მოსარჩელეები კუთვნილი ფართის გაქირავებას აპირებდნენ, რაც ვერ მოხერხდა მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლის გამო, რის გამოც მოსარჩელეებს ზიანი ადგებათ.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში განმარტა, რომ მის კუთვნილ ავტოფარეხს დამოუკიდებელი შესასვლელი არ გააჩნია. შესაბამისად, მოსარჩელის კუთვნილი ფართის გამოყენების მიზანს თავის საკუთარ ქონებამდე მისვლის უზრუნველყოფა წარმოადგენს (დეტალურად იხ., შესაგებელი).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
4.1.მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხი და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცათ მოსარჩელეებს;
4.2.დაევალა მოპასუხეს ს/კ:№ ............. (შენობა №7/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონების და ს/კ№ .......... (შენობა №6/1 საკადასტრო გეგმაზე) უძრავი ქონების სამეზობლო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის მიღება და მიჯნის აღმართვის საფასურის სახით 427 ლარის ანაზღაურება;
4.3.მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ თითოეულისათვის ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა, 2021 წლის ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ თითოეულისათვის ყოველთვიურად 150-150 ლარის გადახდა დაეკისრა 2021 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის 28 იანვრამდე.
6. სააპელაციო პალატამ იმსჯელა სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელეთათვის გადაცემის, სასაზღვრო მიჯნის აღმართვის, გამიჯვნის ხარჯების მეზობლებს შორის თანაბრად განაწილებისა და აღნიშნული ქონების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნების საფუძვლიანობაზე.
7. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოპასუხე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი არ არის, კერძოდ, დადგენილია, რომ:
2.1.მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხი და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტოფარეხი (შენობა №6, ს/კ:№ ..........) მდებარეობენ მომიჯნავედ და თითოეულს ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო კოდი აქვს მინიჭებული;
2.2.მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხში შესასვლელი კარის გასაღებს 2021 წლის 11 ოქტომბრიდან მოპასუხე ფლობს;
2.3.მოპასუხე საკუთარ ავტოფარეხში მოსახვედრად წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსარჩელეთა კუთვნილი ფართით;
2.4.მოპასუხე ქონების მართლზომიერ მფლობელობაზე უთითებს და აღნიშნავს, ვინაიდან მის იდივიდუალურ ქონებამდე მისასვლელად სხვა კარი არ გააჩნია, უფლება აქვს ჰქონდეს მოსარჩელეთა გასაღები და ისარგებლოს მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხის გავლით.
8. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 170-ე, 172-ე, 168-ე და 312-ე მუხლებით და და აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ნივთის გასაღების ფლობა/მისი შენარჩუნება მხოლოდ სადავო ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას გულისხმობს, რაც მართლზომიერი მფლობელობის დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულება არაა. სხვა რელევანტური მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია და არც ასეთ გარემოებებზე მიუთითებია. აღნიშნული კი, სადავო ავტოფარეხის მოპასუხისგან გამოთხოვის შესახებ აღძრული სარჩელის წარმატების მაუწყებელია.
9. სასაზღვრო მიჯნის აღმართვისა და გამიჯვნის ხარჯების მეზობლებს შორის განაწილების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველად სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი იქნა მიჩნეული. მოსარჩელეთა მითითებით, ვინაიდან მათი და მოპასუხის უძრავი ნივთები ცალკე უფლების ობიექტებია, უნდა გაიმიჯნოს შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად. რაც შეეხება გამიჯვნის ხარჯებში თანამონაწილეობას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით მიჯნის აღმართვის საფასური 854.22 ლარით განისაზღვრა.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ რეალურად უძრავ ნივთებს შორის არსებული მიჯნის ადგილმდებარეობა სადავო არ არის. ამ ეტაპზე სასაზღვრო მიჯნა შიდა ზომვით ნახაზებში განსაზღვრულ ადგილას ფაქტობრივად აღარ არსებობს. სსკ-ის 181-ე მუხლი კი, მესაკუთრეს ანიჭებს მიჯნის აღმართვის მოთხოვნის უფლებას, შესაბამისად, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია მოთხოვნა ხარჯის თანაგადახდის ნაწილშიც.
11. მიჯნის აღმართვისთვის ხარჯს რაც შეეხება, მოსარჩელის დაკვეთით შესრულებულია დასკვნა, რომლის თანახმად მიჯნის აღმართვის საფასური 854.22 ლარით განისაზღვრა. დასკვნას აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევდა იმ არგუმენტით, რომ დასკვნის შემდგენელს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია. აპელანტის აღნიშნული პრეტენზია არ იქნა გაზიარებული, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ არაკვალიფიციური შედავების პირობებში ვერ შეძლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების/მიჯნის აღმართვის საფასურის განისაზღვრის თაობაზე შედგენილი დასკვნის გაქარწყლება და დადასტურება იმისა, რომ მიჯნის აღმართვისთვის საჭირო საფასური განსხვავდება აღნიშნულ დასკვნაში მითითებული ოდენობისგან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა 854.22 ლარის ნახევრის - 427 ლარის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე მართებულად დაკმაყოფილდა.
12. ზიანის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 982-ე მუხლი იქნა მიჩნეული. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული ავტოფარეხის უკანონო მფლობელობის გამო ამ უკანასკნელებმა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა დაკარგეს, მათ უფლება ეძლევათ, ამოიღონ ეს ქონება ხელმყოფებისაგან. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. ზიანის ოდენობის დასადასტურებად კი, წარმოდგენილი იქნა უძრავი ქონების შემფასებლის თ.ს–ას 01.11.2023წ. მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა კუთვნილი ავტოფარეხის იჯარის საბაზრო ღირებულება 300 ლარს შეადგენს.
13. დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ 2021 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ მოპასუხე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია. დადგენილია ისიც, რომ 2025 წლის 28 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელე მხარეს საქართველოს ფოსტის მეშვეობთ გაუგზავნა სადავო ავტოფარეხის გასაღები, რომელიც ადრესატს ჩაბარდა, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, გასაღების გადაცემის მომენტისთვის აღარ არსებობს. ამიტომაც, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა არა გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არამედ, 2021 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის 28 იანვრამდე.
14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა.
15. საკასაციო განაცხადში კასატორი ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს. იგი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობაში კი არ იმყოფება, არამედ მოპასუხე მას იყენებს მხოლოდ თავის საკუთრებამდე მისასვლელად, რადგანაც, ამ უკანასკნელს სხვა ალტერნატიული მისასვლელი თავის საკუთრებამდე არ გააჩნია. მხარეთა საკუთრებების კონფიგურაცია იმგვარადაა აგებული, რომ ორივე მათგანს საერთო სახურავი და საერთო შესასავლელი აქვს. შესასავლელი ექცევა მოსარჩელის მხარეს, სწორედ ამიტომ აქვს მოპასუხეს გასაღები, რომ სხვანაირად თავის საკუთრებაში ვერ მოხვდება. მოსარჩელის გადაცვლილ მეუღლეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გავლით საკუთარი ავტოფარეხით სარგებლობის თაობაზე, რაც არამხოლოდ კეთილმეზობლური დამოკიდებულების, არამედ სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი გზით საგებლობის საფუძველია. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს გასაღები რათა უზრუნველყოფილი იყოს წვდომა საკუთრებასთან.
16. სასაზღვრო მიჯნის (კედლის) აღმართვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას რაც შეეხება, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხეს მონაწილეობა მიეღო მიჯნის აღმართვაში. სასამართლომ ამ ნაწილში დაავალა მოპასუხეს მონაწილეობის მიღება მიჯნის აღმართვაში და დააკისრა 427 ლარის გადახდა. კასატორი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა ბუნდოვანი იყო, არ იყო მითითებული კონკრეტულად რა მოქმედებების განხორციელებას მოითხოვდა მოსარჩელე მოპასუხისაგან. მით უმეტეს, მიჯნის აღმართვას შესაბამისი სამსახურებიდან ნებართვა სჭირდება. ამასთან, კედლის (მიჯნის) აღმართვა სპობს მოპასუხის ქონების დანიშნულობას და მის ღირებულებას ამცირებს/ აუფასურებს.
17. ზიანის ანაზღაურებას რაც შეეხება, კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოქმედება არ იყო კანონსაწინააღმდეგო რაც ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია. ამასთან, არც მოსარჩელე აქირავებდა ავტოფარეხს, არ იყენებდა მას შემოსავლის მისაღებად (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
18. კასატორს შუამდგომლობები აქვს წარმოდგენილი: ითხოვს ზეპირი განმარტების მისაცემად მოწვეული იქნას ექსპერტი - დ.მ–ი და შემფასებელი - თ.ს–ა. ითხოვს განხორციელდეს ავტოფარეხის ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა.
19. კასატორი საკასაციო საჩივარს ურთავს ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ავტოფარეხი ერთაინი სივრცეა და გადაწყვეტილების აღსასარულებლად საჭიროა ქონებების რეკონსტრუქცია რაც კანოსაწინააღმდეგოა (იხ., კასატორის შუამდგომლობები).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
22. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
24. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინააღმდეგაა მიმართული. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობაში კი არ იმყოფება, არამედ მოპასუხე მოსარჩელეთა კუთვნილ ავტოფარეხს მხოლოდ თავის საკუთრებამდე მისასვლელად იყენებს, რადგანაც, მოპასუხეს სხვა ალტერნატიული მისასვლელი თავის საკუთრებამდე არ გააჩნია.
25. კასატორის ზემომითითებულ დასაბუთებას საკასაციო პალატა ვინდიკაციური სარჩელის დამაყოფილების გამომრიცხველ გარემოებად ვერ განიხილავს და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ.: თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).
27. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება). მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
28. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ზემოთმითითებული ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია, რომლის საწინააღმდეგოდ რელევანტურ შედავებად ვერ განიხილება კასატორის ამ განჩინების პ.15-ში მითითებული პრეტენზია/პოზიცია.
29. კასატორის მიერ დაყენებულ საკითხს, რომ ამ უკანასკნელს საკუთრებით სარგებლობა არ შეუძლია საამისოდ ალტერნატიული შესასავლელის არარსებობის გამო, აღნიშნულზე მითითებას მოცემული დავის ფარგლებში საკასაციო პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება მოპასუხის მხრიდან თავის უძრავ ნივთითან მისასვლელი გზით (ასეთის საჭიროების/არსებობის შემთხვევაში) სარგებლობის უზრუნველოფის საკითხები. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, კასატორის განმარტებები ვერ შებოჭავს მოსარჩელის საკუთრების უფლებას, ამიტომ მესაკუთრე უფლებამოსილია, მოპასუხისგან მოითხოვოს უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. რადგან განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს.
30. კასატორის პრეტენზიები გასაზიარებელი არც სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში მონაწილეობის ნაწილში არაა. სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოსარჩელეთა მითითებით, ვინაიდან მათი და მოპასუხის უძრავი ნივთები ცალკე უფლების ობიექტებია, უნდა გაიმიჯნოს შიდა აზომვითი ნახაზის შესაბამისად. რაც შეეხება გამიჯვნის ხარჯებში თანამონაწილეობას, რამდენადაც წარმოდგენილი დასკვნით მიჯნის აღმართვის საფასური 854.22 ლარია, ინდივიდუალური საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ავტოფარეხების მესაკუთრეებს შორის ხარჯი სწორად განაწილდა.
31. უძრავი ნივთის ხელყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 982-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-582-2025, 2.10.2025წ.).
33. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).
34. სსკ-ის 982-ე მუხლის სამართლებრივი ბუნება და მისგან გამომდინარე შედეგები კავშირშია სსკ-ის 164-ე მუხლთან და მასში განმტკიცებულ სანივთო უფლებასთან: ნივთის მფლობელობისას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მფლობელობა წარმოშობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის გამოყენების აუცილებლობას სსკ-ის 982-ე მუხლის საფუძველზე. „არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი, ასევე მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო. ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა შედეგად“.
35. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ განცდილი ზიანის ანუ დაზოგილი სიმდიდრის (გამდიდრების) ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს. ზიანის ანაზღაურება, ანუ გამდიდრების გათანაბრება, უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას მოჰყვეს დარღვეული ქონებრივი ბალანსის აღდგენა (სუსგ №ას-199-2026, 30 აპრილი, 2026წ.).
36. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ მოპასუხე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია, კერძოდ, დადგენელია ფაქტობრივი გარემოება, რომ მას შემდეგ რაც მოპასუხემ მოსარჩელისაგან ფართის გაქირავების განზრახვა შეიტყო, ავტოფარეხის კარებს გასაღები გამოაძრო და აღარ დააბრუნა, იგი არა მხოლოდ იყენებს მოსარჩელეთა კუთვნილ ავტოფარეხს საკუთარ ავტოფარეხამდე მისასვლელად, არამედ, საერთოდ აღარ აძლევს საშუალებას მოსარჩელეებს ისარგებლონ საკუთარი ავტოფარეხით (იხ., ტ.1. ს.ფ. 299). ამასთან, დადგენილია, რომ 2025 წლის 28 იანვარს მოპასუხემ მოსარჩელეებს საქართველოს ფოსტის მეშვეობთ გაუგზავნა სადავო ავტოფარეხის გასაღები, რომელიც ადრესატს ჩაბარდა და ეს გარემოება სადავო არაა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელეთა მოთხოვნა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების თაობაზე სწორად დაკმაყოფილდა.
37. კასატორის შუამდგომლობებს რაც შეეხება, კასატორი ითხოვს ზეპირი განმარტების მისაცემად მოწვეული იქნას ექსპერტი - დ. მ–ი და შემფასებელი - თ. ს–ა, ასევე, ითხოვს განხორციელდეს ავტოფარეხის ადგილზე დათვალიერება და გამოკვლევა. ამასთან, კასატორი საკასაციო საჩივრის შუამდგომლობის გარაფაში უთითებს, რომ საკასაციო საჩივარს ერთვის ფოტომასალა (იხ., ტ.2. ს.ფ. 356-359). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მტკიცებულებების წარდგენის მკაცრად გაწერილ პროცედურას და საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვისას, კანონმდებლობით მხარე ასეთ შესაძლებლობას მოკლებულია - საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, შესაბამისად, წარმოდგენილ ფოტომასალაზე საკასაციო პალატა არ იმსჯელებს, ექსპერტის და სპეციალისტის დაკითხვას და ადგილზე დათვალიერებას რაც შეეხება, საქართველოს უზენაესი სასამართლო, არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რაც დასახელებული შუამდგომლობების უარყოფის საფუძველია (სსსკ-ის 407 მუხლი) (შდრ:. სუსგ 901-2022, 31 ოქტომბერი, 2022 წელი).
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
39. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.ბ–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ვ.ბ–ოს (პ.ნ:.........) დაუბრუნდეს ნ. კ–ას მიერ 13.02.2026წ. №5707 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 762 ლარიდან 533.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი თღEშGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე