შეწყდა

სამოქალაქო 18.02.2026
საქმის ნომერი
ას-1395-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.02.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

18 თებერვალი 2026 წელი

№ას-1395-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შ.პ.ს. „მ.ჯ“-მ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორის მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“, „მენარდე“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) მიმართ, საბანკო გარანტიის ნაწილში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის არარსებობის დადგენის, ს.ს. „ს.კ.ა“-ს მიერ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გაცემული ხელშეკრულების შესრულების №BG/PB-8155/08 საბანკო გარანტიის გაუქმებისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 216 500 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნებით.

სარჩელის საფუძვლები:

2.1. შ.პ.ს. „მ.ჯ“-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის 2021 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება №10.02./30/166 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 18 აგვისტოდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. ამავე წლის 30 ნოემბერს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 31 დეკემბრამდე. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის საფუძველზე, შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-ს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უნიფორმები - 8 სახეობის ბრენდირებული უნიფორმა (ზამთრის ქუდი, ხელთათმანი, ჰალსტუხი, შარვალი, პერანგი, პულოვერი, საწვიმარი ლაბადა და ქურთუკი). ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებული იყო, აეღო ზომები, ხოლო შემსყიდველი ვალდებული იყო, ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის საფუძველზე აენაზღაურებინა მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც განისაზღვრა 216 500 ლარის ოდენობით.

2.2. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად შ.პ.ს. „მ.ჯ“-მ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა ს.ს. „ს.კ.ა“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტია №8155/08, რომელიც მოქმედებდა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. გარანტიით უზრუნველყოფილი იქნა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო, საგარანტიო თანხის ოდენობად განისაზღვრა 10825 ლარი. საბანკო გარანტიის ვადა, შემდგომში, გაგრძელდა რამდენჯერმე და, საბოლოოდ, განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

2.3. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მართალია, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებული იყო, აეღო ზომები, თუმცა შემსყიდველს უნდა უზრუნველეყო თანამშრომელთა მობილიზაცია, კერძოდ, დანიშნულების ადგილზე უნდა მოეყვანა მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საბოლოოდ, მერიის თანამშრომლებისთვის ზომების აღება მოხდა არა ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 დღეში, არამედ, 42 დღის დაგვიანებით.

2.4. პროდუქციის დამზადება მოითხოვდა სპეციალური ქსოვილისა და ფერის დამზადებას, რაც დამატებით ვადებთან იყო დაკავშირებული, ამასთან, დამზადებული პროდუქცია და შესაკერი ქსოვილი ჩამოვიდა დაგვიანებით. კომპანიამ, დროის მოგების მიზნით, აიყვანა ქვეკონტრაქტორები, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ მერიის თანამშრომლები. კომპანიას 6 დეკემბერს მზად ჰქონდა პროდუქცია. საბოლოოდ, შემსყიდველს პროდუქციის დიდი ნაწილი მიეწოდა 2021 წლის 8 და 9 დეკემბერს, ხოლო სრულად - 10 დეკემბერს.

2.5. მიწოდებული პროდუქტის გარკვეულ რაოდენობაზე მერიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს დეფექტები, რომელთა გამოსასწორებლადაც 10 დეკემბერს მიმწოდებელს ზეპირსიტყვიერად განესაზღვრა 2 დღე. კომპანიამ 13 დეკემბერს 09:00 საათზე მიიტანა გამოსწორებული პროდუქცია, რომლის მიღებაზეც მოსარჩელეს ეთქვა სიტყვიერი უარი და ეცნობა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. პროდუქციის ნაწილი დასაწყობებულია მერიის საწყობში.

2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2021 წლის 11 დეკემბრის №04-012134516 წერილით ცნობილი გახდა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყვიტა მერიამ და შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა 433 ლარის ოდენობით, ასევე, მოსარჩელეს ეცნობა, რომ შემსყიდველი გამოითხოვდა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ.პ.ს. „მ.ჯ“-მ 2021 წლის 6 დეკემბერს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციაში წარადგინა №10/01213404114-01 წერილი საქონლის დროულად მიწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა, 2021 წლის 6 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიას შესყიდვის ობიექტი შემსყიდველისთვის არ მიუწოდებია. მოსარჩელემ 2021 წლის 8 დეკემბერს განახორციელა უნიფორმების ნაწილის მიწოდება, კერძოდ: 250 ცალი საწვიმარი ლაბადა; 550 ცალი ზამთრის ქუდის ნაცვლად - 153 ცალი ქუდი; 550 ცალი ხელთათმანის ნაცვლად - 153 ცალი ხელთათმანი; 550 ცალი ჰალსტუხის ნაცვლად - 153 ცალი ჰალსტუხი; 550 ცალი შარვლის ნაცვლად - 153 ცალი შარვალი; 550 ცალი პერანგის ნაცვლად - 153 ცალი პერანგი; 550 ცალი პულოვერის ნაცვლად - 153 ცალი პულოვერი; 550 ცალი ქურთუკის ნაცვლად - 17 ცალი ქურთუკი.

3.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ, 2021 წლის 9 დეკემბრის №04-01213433441 წერილით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-სთვის დაეკისრებინა პირგასამტეხლოს გადახდა და შეეწყვიტა ხელშეკრულება. მიუხედავად შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის არაერთგზის გაგრძელებისა, მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, გახდა მისი შეწყვეტისა და, საბანკო გარანტიის გამოთხოვის საფუძველი. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ შემსყიდველს არ მიუცია შესაძლებლობა, მიეწოდებინა ხელშეკრულების საგანი - უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს სარჩელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 60 605 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს აღიარებითი სარჩელი, საბანკო გარანტიის მოთხოვნის არარსებობის დადგენის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 01 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2021 წლის 18 აგვისტოს, ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და, მეორე მხრივ, შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/166 ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურისთვის უნიფორმების (ქუდები, ხელთათმანები, ჰალსტუხები, პერანგები, პულოვერები, შარვლები, საწვიმარი, ლაბადები და ქურთუკები) სახელმწიფო შესყიდვა. ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაოდენობისა და ერთეულის ღირებულების მითითებით, მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში (დანართი №2) და ფასების ცხრილში (დანართი №1).

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 216 500 ლარს, ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულების 2.5 პუნქტით, ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლის 18 აგვისტოდან 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულია შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები, ვადა და ადგილი, კერძოდ, 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა: ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე; 3.3 პუნქტით, შესყიდვის ობიექტი იკერება ინდივიდუალური, თითოეულ თანამშრომელზე ზომის აღებით. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 6 (ექვსი) სამუშაო დღის ვადაში აიღოს ზომები. არაზუსტი ზომების შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტი დაუბრუნდება მიმწოდებელს გასასწორებლად. აღნიშნული ხარვეზი მიმწოდებელმა უნდა აღმოფხვრას შემსყიდველის მიერ საქონლის დაბრუნებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში; 3.4 პუნქტით, მოწოდებული შესყიდვის ობიექტის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მიერ ხდება ფასების ცხრილის თითოეული პოზიციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის თითო ნიმუშის შერჩევა, მიმწოდებლის თანდასწრებით დალუქვა და „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით“ გათვალისწინებული დასანიშნი ექსპერტიზის დასკვნების მისაღებად შესაბამისი საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენა; 3.6 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდების და „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით“ გათვალისწინებული ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე; 3.7 პუნქტით კი, მოსაწოდებელი შესყიდვის ობიექტის საბოლოო ფერის ტონი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებულია შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი, კერძოდ, 6.1 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღება- ჩაბარება განხორციელდება, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით; ხოლო 6.3 პუნქტით, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდების და „შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით“ გათვალისწინებული ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნების საფუძველზე.

ხელშეკრულების მე-9 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტის წესს, კერძოდ, 9.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში; ბ) თუ შემსყიდველისთვის ცნობილი გახდა, რომ შემსყიდველი/მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი. ამასთან, 9.6 ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის 9.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად მიწოდებული საქონლის ღირებულება.

7.2. ხელშეკრულებაზე თანდართული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალებით, მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა მიეწოდებინა: 550 ცალი ზამთრის ქუდი; 550 ცალი ხელთათმანი; 550 ცალი ჰალსტუხი; 550 ცალი შარვალი; 550 ცალი პერანგი; 550 ცალი პულოვერი; 250 ცალი საწვიმარი ლაბადა; 550 ცალი ქურთუკი.

მისაწოდებელი საქონლის ერთი ერთეულის ღირებულება განისაზღვრა შემდეგნაირად: ზამთრის ქუდი - 35 ლარი; ხელთათმანი - 25 ლარი; ჰალსტუხი - 25 ლარი; შარვალი - 50 ლარი; პერანგი - 45 ლარი; პულოვერი - 65 ლარი; საწვიმარი ლაბადა - 85 ლარი; ქურთუკი - 110 ლარი.

7.3. 12.08.2021 წელს, ს.ს. „ს.კ.ა–სა“ და შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-ს შორის გაფორმდა საბანკო გარანტია №BG/PB – 8155/08, რომლის თანახმადაც, პრინციპალის თხოვნით გარანტი იღებს უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს „ბენეფიციარს“ თანხა 10 825 ლარის ფარგლებში, თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

7.4. 30.11.2021 წლის შეთანხმებით, შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-სა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტიის მერიას შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

7.5. 26.11.2021 წლის წერილით, გარანტიის მოქმედების პერიოდი, ნაცვლად 2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემებრის ჩათვლით.

7.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის 2021 წლის 11 დეკემბრის წერილის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0.02/30/166 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს დაეკისრა ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (216500 ლარი) 0.2%-ის ოდენობით, 433 ლარი.

7.7. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ, 2021 წლის 11 დეკემბრის წერილით, ს.ს. „ს.კ.ა“-დან გამოითხოვა საბანკო გარანტია.

7.8. 2021 წლის 11 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციამ შ.პ.ს. „მ.ჯ“-ს აცნობა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/166 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე, კერძოდ, მიმწოდებელს განემარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №10.02/30/166 ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამავე ხელშეკურლების მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის 5 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილება) შესაბამისად, ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. მიმწოდებელს ასევე ეცნობა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმეოდა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ. ამასთან, მიმწოდებელს მიეცა წინადადება, უმოკლეს ვადაში გადაეხადა საჯარიმო თანხა - 433 ლარი და შესაბამის სამსახურში წარედგინა ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი შეფასება:

8.1. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სსკ-ის 629-ე და 648-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.

8.2. პალატამ მოიხმო სსკ 636-ე მუხლი, რომლის მიხედვით, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. პალატამ განმარტა, რომ ნორმა შემკვეთს ანიჭებს ხელშეკრულების შეწყვეტის თავისუფალ უფლებას, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონი მას არ ავალდებულებს, იმოქმედოს ზოგადი წესების მიხედვით, რომლის მიხედვითაც, უმეტეს შემთხვევაში, შეწყვეტის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა არსებობდეს, ან დაიცვას შეწყვეტის ვადები ან წინასწარ გააფრთხილოს მენარდე (სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუმცა იგი ვალდებულია, მენარდეს აუნაზღაუროს ხელშეკრულების შესრულებული ნაწილი.

8.3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ მან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/166 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტით გათვალისწინებული უნიფორმების სრულად მიწოდების თაობაზე, შეასრულა ჯეროვნად. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხის განმარტებასა და საქმის მასალებში წარმოდგენილ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის წერილზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-მ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას 2021 წლის 08 და 09 დეკემბერს მიაწოდა შესყიდვის ობიექტები წინამდებარე განჩინების 7.2 პუნქტში ჩამოთვლილი ოდენობით.

8.4. პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება ვადის დარღვევაში მისი ბრალეულობის არარსებობაზე, ვინაიდან მოპასუხე მერიის თანამშრომელთათვის ზომების აღების გაჭიანურების ფაქტორის გათვალისწინებით, მხარეთა შორის გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, შესაბამისად ზომების აღების შემდგომ დამატებითი ვადის დაწესებით დაკომპენსირდა დროის ის პერიოდი, როდესაც შეუძლებელი იყო შესაკერი ტანსაცმლის ზომების აღება და, მაშასადამე, სამუშაოების დაწყება. ამდენად, პალატამ დაასკვნა, რომ შ.პ.ს. „მ.ჯ“-მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი პროდუქტის მიწოდების ვადები, შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

8.5. აღნიშნულის მიუხედავად, პალატამ, სსკ 636-ე მუხლსა და მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 9.6 პუნქტზე დაფუძნებით, დაასკვნა, რომ შემსყიდველი ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულება, რომელიც შემსყიდველმა ჩაიბარა და არ დაუბრუნებია მოსარჩელისთვის, არამედ ინახება მერიის საწყობში. პალატის მითითებით, სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ დადასტურდა, რომ შეტყობინება მოსარჩელისთვის ჩაბარებული პროდუქციის წაღების თაობაზე მერიას მოსარჩელისთვის არ გაუგზავნია.

8.6. ხელშეკრულების დანართი 1-ზე (ფასების ცხრილი) დაფუძნებით პალატამ დაადგინა, რომ, ჯამში, მიწოდებული საქონლის ოდენობის გათვალისწინებით, შემკვეთისთვის გადაცემული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 60 605 ლარი, რომლის ანაზღაურებაც, სააპელაციო პალატის განსჯით, მოპასუხე მერიას პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

9.1. დადგენილია, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტას საფუძვლად დაედო მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების ვადების რღვევა. მიმწოდებლის მიერ ვადის დარღვევით შესრულდა შესასრულებელი სამუშაოების მხოლოდ 28.9%. შესყიდვის ობიექტის ხასიათიდან გამომდინარე, შემსყიდველის ინტერესი იყო ხელშეკრულების ერთიანად და არა ნაწილობრივ შესრულება, რამდენადაც უნიფორმები უსაფრთოების სამსახურის თანამშრომლებს ერთობლივად უნდა გადასცემოდათ. ამგვარად, ხელშეკრულების ნაწილობრივმა შესრულებამ, მომავალში აზრი დაუკარგა მის გაგრძელებას, მაშასადამე, წარმოიშვა ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევა, რომლის შედეგიც არის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის 13 იანვარს, შემკვეთმა მენარდეს აცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე, უზრუნველეყო შესყიდვის ობიექტის გატანა, ამდენად, მერია ვალდებული არ იყო, მიმწოდებლისთვის აენაზღაურებინა არაჯეროვნად შესრულებული სამუშაო. იმისთვის, რომ მომხდარიყო მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურება, ხელშეკრულების 3.4, 3.6, 6.1 და 6.3 პუნქტებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო, მიმწოდებელს სრულად და არა ნაწილობრივ მიეწოდებინა პროდუქცია, ჩატარებულიყო შესაბამისი ექსპერტიზა და გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი. საქმეზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ მიწოდებული პროდუქცია შეესაბამება ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, მერია ექსპერტიზას ვერ ჩაატარებდა ნაკლულ, რესტიტუციას დაქვემდებარებულ საქონელზე.

9.2. სასამართლომ არასწორად გამოიყენა ხელშეკრულების 9.6 პუნქტი ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების საფუძვლად, ვინაიდან ხსენებული პუნქტი მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესყიდვის ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ხდება მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. განსახილველ შემთხვევაში კი, დათქმული იყო შესრულების ობიექტის ერთიანად მიწოდება, მისი ექსპერტიზირება და თუ დადგინდებოდა მიწოდებული პროდუქციის ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პარამეტრებთან შესაბამისობა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ გაფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტი.

9.3. შემსყიდველს მიწოდებული ნაკლული პროდუქცია დღემდე არ გამოუყენებია. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურისათვის იდენტური რაოდენობის პროდუქციის (უნიფორმების) შესაძენად შემსყიდველს განმეორებით მოუწია ხელშეკრულების დადება სხვა მიმწოდებელთან, მითითებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ შეადგინა 270 500 ლარი, რაც შ.პ.ს. „მ.ჯ–ია“-სთან დადებული ხელშეკრულების ღირებულებას აღემატება 54 000 ლარით.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14.1. საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ. ამ თვალსაზრისით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის მიხედვით: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“. მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო - ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ. სუსგ. №ას-700-670-2014, 15.01.2016წ.).

14.2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა, როგორც სსკ 352-ე მუხლია დასათაურებული, ისევე როგორც მისი სინონიმი _ ხელშეკრულების შეწყვეტა, არის გვარობითი ცნება. შედეგების მიხედვით უნდა განვასხვაოთ: 1. ხელშეკრულებაზე უარის თქმა უკუქცევითი ძალით (ex tunc მოქმედებით), ანუ შეცილება; 2. ხელშეკრულებაზე უარის თქმა ex nunc მოქმედებით მიღებულის რესტიტუციის ვალდებულებით; და 3. ხელშეკრულების სამომავლოდ გაუქმება რესტიტუციის გარეშე, ანუ ხელშეკრულების მოშლა. ხელშეკრულების მოშლას მეორე შემთხვევისაგან, რომელიც მოიხსენიება გასვლად, განასხვავებს სწორედ მიღებულის რესტიტუცია. მოშლის შემთხვევაში მხარეები არ აბრუნებენ მიღებულს, გასვლის შემთხვევაში კი, აბრუნებენ, ანუ ამ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება სამომავლოდ, მიღებული შესრულების უკუქცევის გარეშე (იხ. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019. გვ. 296).

14.3. პალატა აქვე განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების თანმდევი ერთადერთი შედეგი ყოველთვის არ არის ორმხრივი რესტიტუცია. მხარეებს, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უფლება აქვთ, შეთანხმების ძალით განსაზღვრონ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგები, რომელიც დააკონკრეტებს რესტიტუციის წინაპირობებსა და მასშტაბებს (იხ. სუსგ. №ას-1181-2021 29.09.2022წ.).

15.1. მოცემულ შემთხვევაში, 2021 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულების მხარეებმა, გარიგების 9.5 პუნქტში სანიმუშო ჩამონათვალის გაკეთებით, განსაზღვრეს შემსყიდველის ინიციატივით სახელშეკრულებო ურთიერთობის დასრულების შესაძლო შემთხვევები და 9.6 პუნქტის ძალით ერთმნიშვნელოვნად დაადგინეს, რომ ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვებოდა 9.5 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში.

15.2. საკასაციო პალატა, საკასაციო პრეტენზიის ფარგლების გათვალისწინებით, იმ საკითხის შესაფასებლად, 2021 წლის 11 დეკემბრის №04-012134516 წერილით გამოვლენილი ნება ხელშეკრულების შეწყვეტაზე წარმოადგენდა ხელშეკრულების მოშლისა თუ ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევას, ყურადღებას მიაპყრობს თავად გამოვლენილი ნების შინაარსს, რომლის თანახმადაც, ხელშკრულების შეწყვეტა დასაბუთებული იქნა სწორედ ამავე ხელშეკრულების 9.5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რისი თანმდევი შედეგიც, ხელშეკრულების 9.6 პუნქტიდან გამომდინარე, ფაქტობრივი შესრულების სანაცვლო ანაზღაურების გადახდევინება უნდა ყოფილიყო. საგულისხმოა ისიც, რომ 09.12.2021 წლის მდგომარეობით, საქონლის ნაწილის ფაქტობრივად მიწოდების გარემოების ცოდნის პირობებშიც კი, სსკ 355-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მენარდისთვის გაგზავნისას, ორმხრივი რესტიტუციის მიზნით, შემკვეთს არ მიუთითებია საქონლის მერიის ადმინისტრაციული შენობიდან გატანის მოთხოვნაზე, არამედ, სამართლებრივი შედეგების განმარტებისას, შემოიფარგლა მხოლოდ ჯარიმის დაკისრებისა და საბანკო გარანტიის ჩამორთმევის უფლების გამოყენებაზე მითითებით. რაც შეეხება 13.01.2022 წლის №04-01220132591 (ტ.2, ს.ფ. 226) წერილს, პალატა შენიშნავს, რომ ხსენებული წერილი შედგენილია არა ხელშეკრულებაზე ცალხრივად უარის თქმის ეტაპზე, არამედ წინამდებარე სარჩელის აღძვრის შემდეგ, ამავდროულად, საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება ხსენებული წერილის მენარდისთვის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარის თქმის თანმდევ შედგებზე მსჯელობის თვალსაზრისით, წარმოდგენილი დოკუმენტი განკუთვნად მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

15.3. ამრიგად, წარმოდგენილი ხელშეკრულების 9.5-9.6 პუნქტებისა და თავად ხელშეკრულების შეწყვეტაზე ცალმხრივად გამოვლენილი წერილობითი ნების შინაარსის გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ ხელშეკრულება მოიშალა რესტიტუციის უფლების გარეშე.

16.1. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის თანახმად, ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურებას აბრკოლებს ის გარემოებაც, რომ უცნობია, მიწოდებული საქონელი, შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით დადგენილ სპეციფიკაციებს. აღნიშნული არგუმენტის საპასუხოდ, პალატა შენიშნავს ხელშეკრულების 3.4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, მიწოდებული შესყიდვის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, შემსყიდველის მიერ უნდა მომხდარიყო ფასების ცხრილის პოზიციით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის თითო ნიმუშის შერჩევა, მიმწოდებლის თანდასწრებით დალუქვა და „შესყიდვის ტექნიკური დავალებით“ გათვალისწინებული დასანიშნი ექსპერტიზის დასკვნების მისაღებად შესაბამის საექსპერტო დაწესებულებაში წარდგენა. ამრიგად, მიწოდებული საქონლის ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ სტანდარტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აქტიურ მოქმედებათა შესრულება (ნიმუშის შერჩევა, დალუქვა, ექსპერტიზაზე გაგზავნა) ევალებოდა სწორედ შემსყიდველს; საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ხსენებული პროცედურის წარმართვაში მას მენარდის მოქმედებით ან უმოქმედობით ხელი შეეშალა; საგულისხმოა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 მუხლიდან გამომდინარე, შესრულების ნაკლის მტკიცების ტვირთი შემკვეთს ეკისრება, მაშასადამე, ექსპერტიზის ჩატარება და მიწოდებული საქონლის ხელშეკრულებით დადგენილ ხარისხთან შეუსაბამობის მტკიცება სწორედ შემკვეთის ინტერესს წარმოადგენდა, რათა თავი გაეთავისუფლებინა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 9.6 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების მოვალეობისაგან, რაც მან ვერ უზრუნველყო, ამრიგად, კასატორის მტკიცება, რომ ექსპერტიზის დასკვნის არარსებობის პირობებში მიწოდებული საქონელი უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულებით დათქმულ პარამეტრებთან შეუსაბამოდ, გაზიარებას არ იმსახურებს, არამედ, პირიქით, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, პალატა ხელმძღვანელობს სამართლებრივი პრეზუმფციით, რომ მიწოდებული საქონელი სწორედაც ხელშეკრულებით დათქმული ხარისხის იყო.

16.2. მოგვიანებით, იმავე ობიექტზე გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში, სხვა მიმწოდებელთან დადებული 10.02/10/338 ხელშეკრულებისა და მოსარჩელესთან 18.08.2021 წელს დადებული ხელშეკრულების ტექნიკური დავალებების ურთიერთშედარებით, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ხელახალი ტენდერის გამოცხადება მოხდა იდენტური სპეციფიკაციების უნიფორმებზე, რომელიც გათვალისწინებული იყო მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულებით, შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს მტკიცებას მასზედ, რომ მოსარჩელისგან მიღებული ნაწილობრივი შესრულების მიმართ შემკვეთს ინტერესი დაკარგული ჰქონდა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული საქონელი იმგვარად იყო ინდივიდუალიზებული მერიის შესაბამისი სამსახურის აღმნიშვნელი წარწერებითა და ლოგოებით, რომ მენარდისათვის დაბრუნების შემთხვევაში, მისი ხელახალი რეალიზაციის ალბათობა, პრაქტიკულად, არ არსებობდა. ამ მოცემულობაში, შემკვეთს, ერთი მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით ნორმატიულად განმტკიცებული გულისხმიერების მინიმალური სტანდარტი, მეორე მხრივ კი, ეფექტიანი საჯარო მმართველობის პრინციპი, ავალდებულებდა, უკვე მიღებული შესრულების ხარისხი შეემოწმებინა ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ექსპერტიზის დადებითი შედეგების შემთხვევაში, მოსარჩელისაგან მიღებული საქონლის ოდენობა გამოეკლო შემდგომი ტენდერის ფარგლებში შესასყიდი პროდუქციის ოდენობისათვის, რომელიც, როგორც კასატორი აღნიშნავს, მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვნად ძვირი დაუჯდა, ვიდრე მოსარჩელესთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული საქონლის ერთეულოვანი ღირებულება იყო.

17. ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს.

18. პალატას მიაჩნია, რომ შემკვეთმა ვერ დაძლია თავისი მტკიცების ტვირთი და ვერ დაამტკიცა ნაწილობრივი შესრულების ნაკლი, ამიტომ იგი ვალდებულია, ხელშეკრულების 9.6 პუნქტისა და სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის შესაბამისად, მენარდეს აუნაზღაუროს ფაქტობრივად მიწოდებული საქონლის ღირებულება.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

20. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი