გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-187-2026 20 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ი.ბ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ბ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 6 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ს.ბ–ძის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხეს დაეკისროს 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა - 800 ლარი ყოველთვიურად, 2022 წლის 19 ოქტომბრიდან, ხოლო, 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტი 17 700 ლარი.
2. მოპასუხის შესაგებელი
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, განქორწინების შემდეგ მამას არ შეუწყვეტია შვილებთან ურთიერთობა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი წლის განმავლობაში გადაუხდიდა მ.ბ–ძეს და მ.ბ–ძეს, 75-75 ლარს. მოპასუხე ასრულებდა აღნიშნულ ვალდებულებას და 150 ლარზე მეტსაც ხარჯავდა ორივე შვილისათვის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის, სასარგებლოდ ალიმენტის - 400 ლარის გადახდა 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ს.ბ–ძეს დაეკისრა 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის და 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის - 5 400 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ი.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარე ი.ბ–ძის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის ს.ბ–ძის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ს.ბ–ძეს დაეკისრა 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის და 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის - 5 400 ლარის გადახდა; ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-6 პუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს.ბ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის, სასარგებლოდ ალიმენტის - 300 ლარის გადახდა 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 4 მაისს 10:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. მხარეებს საქმეში არსებულ მისამართებზე გაეგზავნათ უწყებები. დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ი.ბ–ძეს გაგზავნილი უწყება 2023 წლის 19 აპრილს ჩაბარდა პირადად. საქმეში წარდგენილია საფოსტო უკუგზავნილი (იხ. ტ.2, ს.ფ. 25).
5.4. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ისე, რომ ამ უკანასკნელს სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ არ შეუტყობინებია, შესაბამისად, სააპელციო სასამართლომ განმარტა, რომ ი.ბ–ძის 2023 წლის 4 მაისს, 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. ამასთან, აპელანტმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
5.5. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, წარსული დროის ალიმენტის გადახდის შეუძლებლობის შესახებ.
5.6. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვის დროისათვის აპელანტ ს.ბ–ძეს ჰყავს მ.ბ–ძის გარდა კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაც ასევე ესაჭიროებათ მამის მხრიდან ფინანსური დახმარება რჩენა აღზრდისათვის. ამასთან, დადგენილია, რომ ალიმენტის გარდა, აპელანტს სხვა ფინანსური ვალდებულებებიც გააჩნია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება და ალიმენტვალდებული პირის სრულად გათავისუფლება არასრულწლოვნის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან ეწინააღმდეგება კანონის დანაწესსა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამავდროულად, ვინაიდან აპელანტი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ შედავებია, ასევე არსად არის მითითება, რომ იგი ითხოვს ალიმენტის გადახდისაგან სრულად გათავისუფლებას და მხოლოდ მიუთითა, რომ დადგენილი გარემოებებით არასწორად შეფასდა მისი გადახდისუნარიანობა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია დაკისრებული ალიმენტის შემცირება თვეში 300 ლარამდე.
6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის განჩინებაზე, საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების/განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 13 მაისის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. კასატორი სადავოდ ხდის, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ კასატორის სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია.
12. ამასთან, კასატორი განმარტავს, რომ არასრულწლოვნების ინტერესების გათვალისწინებით, საქმის განხილვა უნდა გადაედო სააპელაციო სასამართლოს. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ წარსული სამი წლის ალიმენტის თანხა პირველ ინსტანციაში დაკისრებული იყო მამის მიერ წლების განმავლობაში შეუსრულებელი ვალდებულებების საპირწონედ და ორივე შვილის ინტერესებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან ასეთი გადაწყვეტილება არსებითაც ვნებს არასრულწლოვნის ინტერესებს, მის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობას და არღვევს როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
13. სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მესამე ნაწილიდან გამომდინარე კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული, შეამოწმოს, ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის გამოვლენილი საამისო კანონით გათვალისწინებული წინაპირობები ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მოპასუხე მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ-ები Nას-1410-1330-2017, 30.01.2017წ.; №ას-803-803-2018, 27.09.2018 წ.; Nას-1306-2019, 21.05.2022წ.; Nას-1494-2020, 31.05.2021წ.; Nას-783-2020, 2.07.2021წ.; Nას-373-2021, 11.03.2022წ.; Nას-306-2021, 29.11.2022წ.; Nას-183-2023, 31.05.2023წ.; Nას-937-2023, 15.09.2023წ.; Nას-1003-2023, 4.12.2023წ.;).
15. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები (იხ. წინამდებარე განჩინების 5.3-5.4 პუნქტი).
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების იმ მოტივს ეხება, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო საჩივარი იურიდიულად გამართლებულად არ უნდა მიეჩნია. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტია და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმების მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმების აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-664-635-2016, 2.03.2017წ. პ. 202; სუსგ-ები №ას-2-2-2017, 14.07.2017წ.; Nას-1306-2019, 21.06.2022წ.; Nას-1086-2020, 12.03.2022წ.; Nას-363-2021, 13.04.2022წ.; Nას-205-2022, 5.05.2022წ.; Nას-1306-2019, 21.05.2022წ.; Nას-747-2022, 13.10.2022წ.; Nას-1578-2022, 26.01.2023წ.; Nას-1416-2022, 7.02.2023წ.; Nას-1483-2022, 17.03.2023წ; Nას-270-2023, 31.05.2023წ.; Nას-1523-2023, 26.01.2024წ.).
17. მოწინააღმდეგის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, დამტკიცებულად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე კასატორის შედავებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის გამოუცხადებლობის დროს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე, რომ სასამართლო არაუფლებამოსილია, სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული მტკიცებულებები. სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას არ არის მნიშვნელოვანი საქმეში წარმოდგენილი მასალები, რამდენადაც ასეთ შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილებას საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს, არამედ დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხევევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების მართლზომიერად შეფასების შემთხვევაშიც კი სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ამართლებდა თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
19. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის, სასარგებლოდ ალიმენტის - 400 ლარის გადახდა 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; ს.ბ–ძეს დაეკისრა 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის და 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის - 5 400 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ი.ბ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრის პასუხად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღდეგე მხარე ი.ბ–ძის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო ნაწილობრივ დაკმაყოფილდა აპელანტის ს.ბ–ძის შუამდგომლობა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი, რომლითაც ს.ბ–ძეს დაეკისრა 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის და 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძის სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის - 5 400 ლარის გადახდა; ს.ბ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-6 პუნქტების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს.ბ–ძეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძის, სასარგებლოდ ალიმენტის - 300 ლარის გადახდა 2022 წლის 19 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ერთის მხრივ, ნაწილობრივ დადგენილად მიიჩნია, სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა მოპასუხისთვის (სააპელაციო საჩივრის ავტორისთვის) ალიმენტის სახით ყოველთვიურად 400 ლარის ნაცვლად 300 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ გაუმართლებლად ჩათვალა, იმავე საფუძვლითა და ფაქტობრივი გარემოებების პირობებში მხარეთა შვილების - მ. და მ.ბ–ძეების სასარგებლოდ წარსული დროის ალიმენტის 5 400 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება, და აღნიშნულ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებითა და სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით უარყო სასარჩელო მოთხოვნა.
20. საკასაციო სასამართლო, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის პრეტენზიების, საქმის მასალებისა და საქმეზე განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიურ-ლოგიკური და სამართლებრივი შეფასების შედეგად კვლავ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ძირითადად გამოსარკვევია, მხოლოდ ის საკითხი, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სააპელაციო მოთხოვნას და სააპელაციო მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის მიჩნევის შემთხვევაში, ქმნიდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შესაძლებლობას.
21. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საკმარისია იმ პროცესუალური შემადგენლობის ნიშნების არსებობა, როგორიცაა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტაციის მოპასუხისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარება და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, არასაპატიო მიზეზით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობა, ასევე კანონით დადგენილი წესით სასამართლო უწყების ჩაბარება და სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით. ამ ფაქტობრივი წინაპირობების კუმულატიურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
22. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საქმის ფარგლებში დადგენილ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას, კერძოდ დადგენილია, რომ ი.ბ–ძე (მოსარჩელე) და ს.ბ–ძე (მოპასუხე, ალიმენტვალდებული) 2002 წლის 19 ოქტომბრიდან 2012 წლის 8 აგვისტომდე იმყოფებდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეებს ჰყავთ ორი საერთო შვილი: 2004 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ.ბ–ძე და 2009 წლის 10 მაისს დაბადებული მ.ბ–ძე (არასრულწლოვანი). მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად.
23. განქორწინებისას მეუღლეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის 01 აგვისტოდან ს.ბ–ძე არასრულწლოვან შვილებს გადაუხდიდა ალიმენტს- 75-75 (სულ 150) ლარს შეთანხმებიდან ორი წლის განმავლობაში. მოპასუხეს ალიმენტი უნდა ჩაერიცხა მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე სს „თ.ბ–ში.“
24. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ, შეთანხმება გაგრძელდებოდა და ალიმენტი განისაზღვრებოდა მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად.
25. პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას დადგენილია, რომ მოპასუხე სხვა ქორწინებაში იმყოფება, ჰყავს ერთი არასწრულწლოვანი 2009 წელს დაბადებული ბ.ბ–ძე და იმავე პერიოდში ელოდებოდა ბავშვის შეძენას.
26. მოპასუხეს შესასრულებელი/შესრულებული აქვს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, მათ შორის: სს „ს.ბ–თან“ დადებული აქვს სამი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომელთა შესასრულებლად ყოველთვიურად იხდის 95,01 ლარს, 138,75 ლარს და 747,79 ლარს. ხელშეკრულებები დადებულია 2022 წლის სექტემბერ ოქტომბერში. 2020 წლის 24 თებერვალს სს „თ.ბ–თან“ დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად გადასახდელია დაახლოებით 228 ლარი; 2021 წლის 18 იანვარს სს „თ.ბ–თან“ დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად გადასახდელია 46 ლარი. ახალი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით მოპასუხემ გადაფარა სს „თ.ბ–თან“ სამი სამომხმარებლო სესხი. სს „თ.ბ–ის“ ცნობით, 2022 წლის 8 ივნისის მდგომარეობით, მოპასუხეს არ ერიცხება დავალიანება და მის ანგარიშებზე არ არის დაშვებული საკრედიტო ლიმიტი. მოსარჩელე ი.ბ–ძე მუშაობს სსიპ ქალაქ თბილისის №180 საჯარო სკოლაში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს საშუალოდ 1100 ლარს.
27. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. შვილების მიმართ მშობლების ვალდებულებებზე არაერთ ნორმაში ამახვილებს ყურადღებას ბავშვის უფლებათა კოდექსიც, კერძოდ, მისი 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ხოლო 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ დამორალურგანვითარებას. სასამართლო ასევე მოიხმობს „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციას („კონვენციას“), რომლის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. „კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. იმავე კონვენციის 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ბავშვის უფლებათა კოდექსის და „კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უმთავრესად ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება კი მის მშობლებს ეკისრებათ. განსახილველ შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესი ისაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რისთვისაც იგი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებს. სასამართლო აგრეთვე მიუთითებს „მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ“ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე, რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. განსახილველ შემთხვევაში, ბავშვი ცხოვრობს დედასთან და მის რჩენა-აღზრდაზე ზრუნავს მოსარჩელე.
28. სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
29. რჩენაში, ცხადია, არ იგულისხმება ბავშვის უზრუნველყოფა მხოლოდ საარსებო მინიმუმით. როგორც აღინიშნა, მას აქვს ღირსეული ცხოვრების, კარგი განათლების მიღების, დასვენების, სპორტულ თუ კულტურულ აქტივობებში ჩართვის უფლება. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ხარჯების არსებობის ან/და შემოსავლის არ ქონის პირობებშიც კი მშობელი ვერ გათავისუფლდება შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და სხვა ხარჯებს (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებებს) ვერ მიენიჭება უპირატესობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით. სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით. ამრიგად, სასამართლოს გადაწყვეტილებით პირი შეიძლება გათავისუფლდეს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან თუ გადაუხდელობა განპირობებულია მისი ავადმყოფობის ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, ამასთან, ალიმენტვალდებული გათავისუფლდება მხოლოდ იმ პერიოდში გადასახდელი დავალიანებისაგან, რა პერიოდშიც მოქმედებდა ალიმენტის გადახდის შეუძლებლობის განმაპირობებელი გარემოებები. შვილის რჩენა-აღზრდაში მონაწილეობისაგან შრომისუნარიანი მშობლის საერთოდ გათავისუფლება დაუშვებელი და შეუძლებელიც კია, მით უმეტეს, რომ მოპასუხე დასაქმებულია და სტაბილური შემოსავალი აქვს.
30. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების შედეგად, ალიმენტვალდებული პირის ალიმენტისგან ნაწილობრივ გათავისუფლების პირობებში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს დაევალოს ხელახალი განხილვის პირობებში გამოარკვიოს სააპელაციო მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის პირობებში, რამდენად იყო შესაძლებლობა ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, ამავე გარემოებათა დამტკიცებულად მიჩნევისა და შესაბამისი სამართლებრივი შეფასების შემთხვევაში, წარსული დროის ალიმენტისგან სრულად განთავისუფლდეს პირი, ხოლო იმავე პირს, იმავე გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისროს გადასახდელად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტი შემცირებული სახით.
31. საკასაციო პალატა კვლავს განმარტავს, რომ იზიარებს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400; სუსგ საქმე №ას-1102-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად, საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
33. სსსკ-ის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ 2025 წლის 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლ. ნემსაძე
მ. ჯინჯოლია