დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.06.2026
საქმის ნომერი
ას-1079-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1079-2025 01 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოპასუხე“, „დეპარტამენტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე.გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სარჩელი დეპარტამენტის მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ დაეკისრა 17815 ლარის ანაზღაურება.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში, გამყიდველს/მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა 7000 ცალი საშემოდგომო შარვალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, 2021 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების (356 300.00 ლარის) 5%-ის (17 815.00 ლარის) ოდენობით, ასევე, - პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0.1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

2.2. მიმწოდებელმა 126 დღის დაგვიანებით მიაწოდა შემსყიდველს ნასყიდობის საგანი. შემსყიდველს არ გამოუთქვამს რაიმე შენიშვნა ნასყიდობის საგნის მიმართ და პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა მიწოდებული საქონელი;

2.3. შესრულების ვადის დარღვევის გამო შემსყიდველმა მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო - 44 893.80 ლარი და გაითხოვა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია - 17 815.00 ლარი.

3. სააპელაციო პალატამ მიუთითა მოპასუხის მოსაზრებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დაეკისრა საბანკო გარანტიის თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნება, ვინაიდან საბანკო გარანტია მან გაითხოვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის ზემოხსენებული მსჯელობა და, პირველ რიგში, განმარტა, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და ხელშეკრულების მხარეებს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის შეუძლიათ ხელშეკრულებით გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი. ამასთან, საკითხი იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ერთდროულად პირგასამტეხლოს მიღებაც და საბანკო გარანტიის გამოთხოვაც, უნდა გაირკვეს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მხედველობაშია მისაღები თავად საბანკო გარანტიის სახე და მისი გამოთხოვის ხელშეკრულებით დადგენილი საფუძველი.

5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ საბანკო გარანტიის გამოთხოვა დასაშვები იყო მხოლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობის (ხელშეკრულების საგნის მიუწოდებლობის) შემთხვევაში. მიწოდების ვადის დარღვევა, ისევე როგორც დარიცხული პირგასამტეხლოს ვადაში გადაუხდელობა, პალატის მოსაზრებით, ბენეფიციარს საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლებას არ აძლევდა. ასეთი დასკვნა გამომდინარეობდა თავად ხელშეკრულების პირობების ანალიზიდან. კერძოდ, ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, საბანკო გარანტიის სრულად მიღების/გამოთხოვის უფლება ბენეფიციარს ჰქონდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება შეწყდებოდა მიმწოდებლის მიზეზით/ბრალით. ამ უკანასკნელისაგან დამოუკიდებელი მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებული იყო საბანკო გარანტია მიმწოდებლისათვის დაებრუნებინა (ხელშეკრულების 9.4 პუნქტი), ისევე როგორც, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, შემსყიდველი ვალდებული იყო საბანკო გარანტია მიმწოდებლისათვის დაებრუნებინა (ხელშეკრულების 9.3 პუნქტი). ამდენად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების (ხელშეკრულების საგნის მიწოდების) შემთხვევაში, ბენეფიციარი არ იყო უფლებამოსილი, გაეთხოვა საბანკო გარანტია. ამის უფლება მას ჰქონდა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ვალდებულება - შემსყიდველს სრულად მიაწოდა ხელშეკრულების საგანი, რაზეც ამ უკანასკნელს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მართალია, მიმწოდებელმა დაარღვია მიწოდების ვადა, რაც შემსყიდველს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებას ანიჭებდა, მაგრამ ამ უკანასკნელს ასეთი უფლებით არ უსარგებლია, შესაბამისად, მას არც საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება არ წარმოშობია.

6. სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ ზემოხსენებული მსჯელობის გაუზიარებლობის შემთხვევაშიც, შემსყიდველს საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება არ გააჩნდა. კერძოდ, საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას წარმოადგენს და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის (იხ. სუსგ №ას-127-2022, 17 მაისი, 2022 წელი). აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებელმა ვალდებულება სრულად შეასრულა, ხოლო შემკვეთმა შესრულება მიიღო და შესრულების ვადაგადაცილებისათვის მიმწოდებელს პირსაგამტეხლოც დააკისრა, შემკვეთის მიზანი არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მიღწეულია, ხოლო იმავე დარღვევისათვის დამატებით საბანკო გარანტიის გამოთხოვა სსკ-ის მე-8 და 115-ე მუხლებით გათვალისწინებულ კეთილსინდისიერების პრინციპს ეწინააღმდეგება (შდრ., იხ. სუსგ №ას-384-2020, 28 მარტი, 2022 წელი). გარდა ამისა, ბენეფიციარს/შემსყიდველს ეკისრება იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ვალდებულების დარღვევით მას ზიანი მიადგა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში ბენეფიციარმა უნდა ამტკიცოს, რომ შესრულების ვადის გადაცილებით მას მიადგა ზიანი, რომელიც არაა კომპენსირებული უკვე დარიცხული პირგასამტეხლოთი. სსკ-ის 394.1 მუხლის შესაბამისად, ზიანის არსებობის დასადასტურებლად აუცილებელია დადგინდეს: ა) პრინციპალის მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევა; ბ) ამ დარღვევით ბენეფიციარისათვის მიყენებული ზიანი; გ) მიზეზობრივი კავშირი დარღვევასა და დამდგარ შედეგს შორის; დ) მიყენებული ზიანის რეალური და პირდაპირი ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში შემსყიდველს არც მიყენებული ზიანის არსებობასა და არც მის ოდენობაზე არ მიუთითებია, შესაბამისად, მას არც საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება არ გააჩნდა.

7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბენეფიციარი არ იყო უფლებამოსილი გარანტისაგან გაეთხოვა საბანკო გარანტია - 17 815.00 ლარი. ამით ბენეფიციარმა დაარღვია საბანკო გარანტიის გათხოვის სახელშეკრულებო პირობა, რითაც პრინციპალს ზიანი მიაყენა. შესაბამისად, ბენეფიციარი ვალდებულია პრინციპალს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი სსკ-ის 394.1, 408-ე და 409-ე მუხლების მიხედვით. ამ ნორმებით გათვალისწინებული წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში შესრულებულია. კერძოდ, რაკი სადავო არაა, რომ გარანტმა ბენეფიციარს (შემსყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო პრინციპალმა (მიმწოდებელმა) ეს თანხა რეგრესის წესით აუნაზღაურა გარანტს (სსკ-ის 890.1 მუხლი), ნათელია, რომ ბენეფიციარის ქმედებით პრინციპალს მიადგა ზიანი, რაც მას უნდა აუნაზღაურდეს. ამასთან, პალატის მოსაზრებით, სადავო თანხის პრინციპალისათვის დაბრუნება უსაფუძვლო გამდიდრების წესებითაცაა შესაძლებელი (სსკ-ის 991-ე მუხლი), რადგან დგინდება, რომ ბენეფიციარმა ეს თანხა მიიღო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და ამით გამდიდრდა პრინციპალის ხარჯზე.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

8.1. ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს საბანკო გარანტია ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში. აღნიშნული პუნქტი ეხება ხელშეკრულების ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც ევალებოდა მიმწოდებელს. მიმწოდებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, კერძოდ, დადგენილ ვადაში არ განახორციელა საქონლის მიწოდება, რის გამოც მას ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, დაეკისრა 126 დღის პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ხელშეკრულების 8.6 პუნქტის თანახმად, ეცნობა მოსარჩელეს და აღნიშნული პუნქტის შესაბამისად განესაზღვრა 1 თვის ვადა თანხის გადასახდელად, რაც მან ასევე არ განახორციელა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა აღნიშნულ ნაწილშიც არ იქნა შესრულებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტმა მიმართა შესაბამის ბანკს საბანკო გარანტიის ამოქმედების მოთხოვნით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ბენეფიციარის (მოპასუხის) მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის კანონიერება. კასატორი მიიჩნევს, რომ პრინციპალთან (მოსარჩელესთან) დადებული ხელშეკრულების პირობები მას უფლებას აძლევდა შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაშიც გამოეთხოვა საბანკო გარანტია გარანტისაგან.

14. საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე [სსკ-ის 879-ე მუხლი]. ამდენად, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ საქმე №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009წ). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებით და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი; საქმე №ას-1217-1176-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).

15. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სსკ-ის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

16. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა (იხ. სუსგ საქმე №ას-1038-999-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი).

17. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი) (იხ. სუსგ საქმე №ას-781-996-08, 17 მარტი, 2009წ). ამდენად, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახის და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას (იხ. სუსგ საქმე №ას-782-739-2015, 19 ოქტომბერი, 2015 წელი).

18. გასათვალისწინებელია ასევე, რომ საბანკო გარანტიის მოთხოვნის წარდგენის წინაპირობა ვალდებულების დარღვევის შედეგად ბენეფიციარისათვის ზიანის მიყენება არ არის (იხ. სუსგ საქმე №ას-1057-2020, 20 იანვარი, 2022 წელი). გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა არ წარმოდგენს ზიანის ანაზღაურებას და ამის გამო ბენეფიციარს არ სჭირდება ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება. ამაშიც ჩანს საბანკო გარანტიის დამოუკიდებელი და აბსტრაქტული ბუნება: ის არ არის დამოკიდებული არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზე, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს. თვით ფაქტი საგარანტიო შემთხვევის დადგომისა, მაგალითად, ვალდებულებით გათვალისწინებული სამუშაოს შეუსრულებლობა, მიუხედავად იმისა, მოჰყვა ამას ზიანი თუ არა, საკმარისია გარანტისაგან გადახდის მოთხოვნისათვის (იხ. ლ.ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2012, გვ. 220).

19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობითსამართლებრივი ურთიერთობა. ამ ურთიერთობის ფარგლებში, გამყიდველს/მიმწოდებელს შემსყიდველისთვის უნდა მიეწოდებინა 7000 ცალი საშემოდგომო შარვალი ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში, 2021 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია, ხელშეკრულების ღირებულების (356 300.00 ლარის) 5%-ის (17 815.00 ლარის) ოდენობით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1 ქვეპუნქტი). საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის თანახმად, სს „პ.ბ.ს–ო“ (გარანტი) იღებდა პასუხისმგებლობას დეპარტამენტის (ბენეფიციარის) წინაშე პრინციპალის (მოსარჩელის) სახელით საერთო თანხაზე - 17815 ლარზე და კისრულობდა ზემოაღნიშნული თანხის გადახდის გამოუთხოვად და უპირობო ვალდებულებას პრინციპალის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე ბენეფიციარის პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე 5 (ხუთი) საბანკო დღის განმავლობაში (იხ. ტ. 1. ს.ფ. 63). რაც შეეხება თავად პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის დადებული ხელშეკრულების პირობებს, საკასაციო პალატა მიუთითებს 2021 წლის 09 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №127 ხელშეკრულებაზე, რომლის მე-9 მუხლით („ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია“) მხარეებმა განსაზღვრეს საბანკო გარანტიის ამოქმედების პირობები. კერძოდ, ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ გაცემული, ხელშეკრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს (9.1 მუხლი). მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია დაუბრუნოს საბანკო გარანტია ან/და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში (9.3. მუხლი). მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია მიმწოდებელს მოთხოვნიდან 14 დღის განმავლობაში დაუბრუნოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (9.4. მუხლი). ამავე ხელშეკრულების 8.5 მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.

20. ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან [სსკ-ის 52-ე მუხლი]. ხელშეკრულებაში ურთიერგამომრიცხველი ან მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს [სსკ-ის 338-ე მუხლი]. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამების განმარტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულების ბუნების, მისი შინაარსის დადგენას, საიდანაც, საბოლოო ჯამში, გამომდინარეობს მხარეთა ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. 338-ე მუხლით განსაზღვრული წესი ადგენს სისტემური განმარტების მეთოდს. მის თანახმად, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ გამონათქვამს, რომელიც ყველაზე მეტად შეესატყვისება ხელშეკრულების შინაარსს. ხელშეკრულების შინაარსს ქმნის მხარეთა უფლება-მოვალეობების ერთობლიობა. შესაბამისად, გამონათქვამის განმარტებისას უნდა მოხდეს მისი შედარება ხელშეკრულების სხვა პირობებთან, მის მთლიან არსთან, ბუნებასა და მიზანთან, რამეთუ კონტექსტის გათვალისწინებამ შესაძლოა, უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მხარეთა სავარაუდო განზრახვის დადგენისას, ვიდრე ცალკეული დებულების იზოლირებულად განხილვამ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 155). გარიგების სადავო დებულების განმარტება უნდა მოხდეს თავად გარიგების მთელი შინაარსის, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რაც შესაძლოა, მხარეებს ევარაუდათ სადავო დებულების ფორმირებისას. ხელშეკრულების ცალკეული გამონათქვამი (პირობა) უნდა განიმარტოს იმ მთლიანი ხელშეკრულების ჭრილში, რომელშიც ისინი არის მოცემული (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).

21. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ერთობლივი ანალიზი იძლევა სააპელაციო სასამართლოს დასკვნის გაზიარების საფუძველს, რომ საბანკო გარანტიის გამოთხოვა დასაშვები იყო მხოლოდ ხელშეკრულების შეუსრულებლობის (ხელშეკრულების საგნის მიუწოდებლობის) შემთხვევაში. მიწოდების ვადის დარღვევა, ისევე როგორც დარიცხული პირგასამტეხლოს ვადაში გადაუხდელობა ბენეფიციარს საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლებას არ აძლევდა. ამის უფლება მას ჰქონდა მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტისას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების (ხელშეკრულების საგნის მიწოდების) შემთხვევაში, ბენეფიციარი არ იყო უფლებამოსილი, გაეთხოვა საბანკო გარანტია.

22. სადავო არ არის, რომ გარანტმა ბენეფიციარს (შემსყიდველს) გადაუხადა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, ხოლო პრინციპალმა (მიმწოდებელმა) ეს თანხა რეგრესის წესით აუნაზღაურა გარანტს (სსკ-ის 890.1 მუხლი), ხოლო, ვინაიდან ბენეფიციარი არ იყო უფლებამოსილი გარანტისაგან გაეთხოვა საბანკო გარანტია, შესაბამისად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება მოპასუხისთვის უკანონოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე [სსკ-ის 991-ე მუხლი: პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული].

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე