დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1626-2025
4 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ც.გ.ბ–ი" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - შპს ,,ც.გ.ბ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს - 27 176,25 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 16 ივნისის №01-01-3/117 ბრძანებით, ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 489 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ .............) პრივატიზების მიზნით, გამოცხადდა პირობებიანი ელექტრონული აუქციონი. 2020 წლის 03 ივლისის №01-01-3/150 ბრძანებით, აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნ.ბ კ.“. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 96 500 ლარით. 2020 წლის 20 ივლისს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ნ.ბ კ–ს“ შორის გაფორმდა №14 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ იკისრა გარკვეული სახის ვალდებულებები. 2020 წლის 04 აგვისტოს, შპს „ნ.ბ კ–ის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანიას შეეცვალა სახელწოდება, ნაცვლად შპს „ნ.ბ კ–ისა“, სახელად განისაზღვრა შპს „ც.გ.ბ–ი“. ხელშეკრულების დადების შემდეგ, შპს „ც.გ.ბ–მა“ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გააჭიანურა საინვესტიციო პროექტის განხორციელება. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, სამინისტრომ, 2023 წლის 23 თებერვლის №01-01-3/98 ბრძანებით, ხელშეკრულება მოშალა. მოპასუხეს საპრივატიზებო საფასური უნდა გადაეხადა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე, რაც არ შეასრულა. შესაბამისად, ამ ნაწილში ვალდებულება დაარღვია 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან. სწორედ ამ დღიდან საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს გადასახდელად დაერიცხა პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის, 73 500 ლარის 0,1 % (73,5 ლარი დღეში). ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 450 დღე, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 33 075 ლარი. ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა, უზრუნველეყო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მიეღო საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია 2022 წლის 1-ელი დეკემბრიდან. სწორედ ამ დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს გადასახდელად დაერიცხა საპრივატიზებო საფასურის, 96 500 ლარის, 0,05 % (48,25 ლარი დღეში). ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 85 დღე, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 4 101,25 ლარი. 2023 წლის 22 თებერვლის მდგომარეობით, მოპასუხეს ჯამურად ერიცხება პირგასამტეხლო 37 176,25 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ პირგასამტეხლოს გამოაკლდა ბიუჯეტში ჩარიცხული საბანკო გარანტიის თანხა - 10 000 ლარი, გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს 27 176,25 ლარს.
2. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, მართალია, ვალდებულება ჯეროვნად ვერ შესრულდა, მაგრამ ვალდებულების შეუსრულებლობა მხოლოდ მისი ბრალით არ იყო გამოწვეული. ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებული იყო სხვადასხვა ობიექტური მიზეზით. პირგასამტეხლო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი იყო. ამასთან, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ 10 000 ლარი საბანკო გარანტიის მეშვეობით გადახდილი ჰქონდა პირგასამტეხლოს ანგარიშში. გარდა ამისა, მოპასუხემ უკვე დაკარგა ,,ბეს" სახით გადახდილი 23 000 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს სახით არ უნდა დაჰკისრებოდა მოთხოვნილი თანხის ნახევარზე მეტი.
3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ც.გ.ბ–ს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 13 588,12 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მის შეფასების საგანს წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირებული/განახევრებული ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო იყო ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი სახის პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ: საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1% და 0,05%, რაც საბანკო გარანტიის თანხის (10 000 ლარის) გამოკლებით, ჯამურად - 27 176,25 ლარია.
7. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება პირგასამტეხლოს განსაზღვრის/შემცირების ნაწილში გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული, იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
8. იმ გარემოების შესაფასებლად, გონივრულია თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს ორი სახის პირგასამტეხლოს დაკისრებას იმ ფონზე, როცა მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოდან 10 000 ლარი საბანკო გარანტიის გამოყენებით უკვე ანაზღაურებული აქვს. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ,,ბეს" სახით გადახდილი აქვს 23 000 ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში გაწია სხვა ხარჯები (მაგ. მან უზრუნველყო ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რაც მდგომარეობდა სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის მომზადებაში (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი, მასალების ჩვენებით)). მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 27 176,25 ლარი არის არაგონივრული და გამოიწვევს მის უსაფუძვლო გამდიდრებას.
9. ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, ჯამში 13 588,12 ლარი, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას, რომ მოპასუხეს დაეკისროს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ერთგვარი სანქცია.
10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
11. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
11.1. კასატორის განმარტებით, უდავოა, რომ სასამართლოში საქმის განხილვისას მხარეების და, მათ შორის, სასამართლოს როლი შებოჭილია სამართლებრივი რეგულაციებით, რასაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. ადმინისტრაციულ საპროცესო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, არ გამოიყენება ინკვიზიციურობის პრინციპი. შესაბამისად, უპირველესად, სასამართლომ უნდა დაიცვას აღნიშნული ნორმები და კანონის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება.
11.2. კასატორმა მიუთითა სსსკ-ის მე-3, მე-4, 102-103-ე, 248-ე მუხლების დანაწესებზე და აღნიშნა, რომ - როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამას არ ითხოვდა, შესაბამისად, დაარღვია დისპოზიციურობის პრინციპი. თუკი მოპასუხე მხარეს მიაჩნდა, რომ მოსარჩელის (სამინისტროს) მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით შეუსაბამოდ მაღალი იყო, რაც გამორიცხავდა სარჩელის დაკმაყოფილებას მთლიანად, იგი ვალდებული იყო, შეგებებული სარჩელი წარედგინა, რაც არ გაუკეთებია. არც ხელშეკრულების დადებისას არ გაუპროტესტებია პირგასამტეხლოს ოდენობა, მხარეს ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებულ პირად ჩართვის დროსაც არ გამოუხატავს პრეტენზია მის ოდენობასთან დაკავშირებით და ხელშეკრულების მოშლის დღიდან დღემდე არ გაუხდია სადავოდ სასარჩელო წარმოების წესით. მხოლოდ, სამინისტროს მიერ სარჩელის წარდგენის შემდგომ, შესაგებელში აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. სწორედ აღნიშნული მითითებით იხელმძღვანელა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა და დავის საგნად აქციეს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო თავისი გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების ნაწილში აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლო ამდაგვარად არ განიმარტება, რადგან მხარეებს შორის შეთანხებული პირგასამტეხლოს რაოდენობა არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, არაგონივრულს და ვალდებულების დარღვევის არათანაზომიერს. სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი ვერ აღდგებოდა დარღვეული უფლება და კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება სრულყოფილად ვერ მოხდებოდა იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო დაყოვნდა და ვერ მიიღო მისი სათანადო გამოყენებით სარგებელი. მინიმუმ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების მოლოდინი არ გამართლდა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შედეგად. სასამართლომ საკითხის შეფასებისას, არ გაითვალისწინა ხელშეკრულების პირობები და მათი შეუსრულებლობის შედეგები. მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმართ სამინისტროს გააჩნდა მოლოდინი. ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა გაცილებით მეტ სარგებელს, ვიდრე სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სრულად დაკისრებაა.
11.3. კასატორის აზრით, ბეს უზრუნველყოფითი ფუნქცია ემსახურება, როგორც ბეს მიმცემი, ასევე ბეს მიმღები მხარის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. ბე ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედების საშუალებაა ბეს მიმცემსა და ბეს მიმღებზე, რათა მათ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ, ბეს ორმაგი უზრუნველმყოფი ხასიათი აქვს და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია, რომ მოპასუხემ უკვე დაკარგა ,,ბეს’’ სახით გადახდილი 23 000 ლარი და პირგასამტეხლოს სახით არ უნდა დაკისრებოდა მოთხოვნილი თანხის ნახევარზე მეტი.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო: 14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. 15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ: 16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
17. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის ძირითად ფაქტობრივ გარემოებებზე:
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2020 წლის 16 ივნისის №01-01-3/117 ბრძანებით, პირობებიანი ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში მდებარე 489 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ......) პრივატიზების მიზნით. 2020 წლის 03 ივლისის №01-01-3/150 ბრძანებით, აუქციონში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნ.ბ კ–ი“. უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური განისაზღვრა 96 500 ლარით.
- 2020 წლის 20 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა (გამყიდველი) და შპს „ნ.ბ კ–ს“ (მყიდველი) შორის გაფორმდა №14 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც: გამყიდველმა გაასხვისა, ხოლო მყიდველმა 96 500 ლარად შეიძინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი (ს/კ 23.14.36.294) (1.1-1.2 პუნქტები). საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველს გადახდილი ,,ბე" ჩაეთვლებოდა საპრივატიზებო თანხის ნაწილად (1.3 პუნქტი). მყიდველი ვალდებული იყო ქონების დარჩენილი საპრივატიზებო საფასური გადაეხადა 2.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ვადის მიხედვით (1.4 პუნქტი). მყიდველი ვალდებული იყო: 2.1.1. საბოლოო საპრივატიზებო საფასური ("ბეს" გამოკლებით) გადაეხადა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 20 ივნისამდე; 2.1.2. შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) თვის ვადაში წარედგინა უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 (ორი) თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას; 2.1.3. არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა, წარედგინა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად; 2.1.4. არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, დაემუშავებინა საპროექტო დოკუმენტაცია და მიეღო მშენებლობის ნებართვა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის; 2.1.5. არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა, დაესრულებინა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა; 2.1.6. არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა, ექსპლუატაციაში მიეღო/აემოქმედებინა კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობა; 2.1.7. აღნიშნულ პროექტში განეხორციელებინა არანაკლებ 300 000 (სამასი ათასი) ლარის ინვესტიცია. 2.1.8. დაეფარა ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები; 2.1.9. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაეცვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათ შესრულებაზე გამყიდველისათვის უნდა წარედგინა ინფორმაცია ან/და ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი გამყიდველის მიერ დადგენილ ვადაში; 2.1.10. საპრივატიზებო საფასურის გადახდისას საგადახდო დოკუმენტის დანიშნულების ველში მიეთითებინა აუქციონის ჩატარების თარიღი, აუქციონის ნომერი და ლოტის ნომერი ან ნასყიდობის ხელშეკრულების ნომერი და თარიღი; 2.1.11. გამყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი წარედგინა 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში (2.1 პუნქტი). ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ქონების შემძენი მიიღებდა წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. კერძოდ: 4.1.1. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.2. საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.1.3. ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო ან/და ნასყიდობის ხელშეკრულებით პირობების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენდა თითოეულ დარღვევაზე საპრივატიზებო საფასურის 0,05%-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (4.1 პუნქტი). ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან/და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა განიხილებოდა აუქციონის შედეგების (ნასყიდობის ხელშეკრულების) გაუქმების საფუძვლად. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდებოდა გადახდილი საპრივატიზებო საფასური და გაწეული დანახარჯები (4.2 პუნქტი).
- დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს „ნ.ბ კ–მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით „ბეს" სახით გადაიხადა 23 000 ლარი.
- 2020 წლის 04 აგვისტოს, შპს „ნ.ბ კ–ის“ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, კომპანიას შეეცვალა სახელწოდება, ნაცვლად შპს „ნ.ბ კ–ისა“ სახელწოდებად განისაზღვრა შპს „ც.გ.ბ–ი“.
- შპს „ც.გ.ბ–მა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა სს „თ.ბ–ის“ მიერ 2020 წლის 18 სექტემბერს გაცემული 10 000 (ათი ათასი) ლარის №6660740-11098918 საბანკო გარანტია, რის საფუძველზედაც მყიდველს, ხელშეკრულების 2.1.2 ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალა.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2021 წლის 11 თებერვლის №01-01-3/50 ბრძანების საფუძველზე, 2021 წლის 23 თებერვალს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ც.გ.ბ–ს“ შორის გაფორებული №1 შეთანხმების აქტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ნ.ბ კ–ს“ შორის 2020 წლის 20 ივლისს გაფორმებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ ნასყიდობის №14 ხელშეკრულებაში, კერძოდ: ხელშეკრულების 2.1 მუხლის ,,2.1.1“ და „2.1.3.-2.1.6“ პუნქტებში და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შპს „ც.გ.ბ–ი“ ვალდებული იყო - ,,2.1.1. საბოლოო საპრივატიზებო საფასური („ბე“-ს გამოკლებით) უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2021 წლის 1 დეკემბრამდე“. 2.1.3. არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა, წარედგინა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი, მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად. 2.1.4. არაუგვიანეს 2021 წლის 30 ნოემბრისა, დაემუშავებინა საპროექტო დოკუმენტაცია და მიეღო მშენებლობის ნებართვა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის. 2.1.5. არაუგვიანეს 2022 წლის 31 მაისისა, დაესრულებინა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა. 2.1.6. არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა, ექსპლუატაციაში მიეღო/აემოქმედებინა კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობა“.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2021 წლის 13 ივლისის №01-01-10/3512 წერილის საფუძველზე, ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება მიიჩნია შესრულებულად.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2022 წლის 08 თებერვლის №01-01-3/76 ბრძანების საფუძველზე, 2022 წლის 25 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ც.გ.ბ–ს“ შორის გაფორმებული №2 შეთანხმების აქტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა 2020 წლის 20 ივლისს გაფორმებულ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას“ ნასყიდობის №14 ხელშეკრულებაში, კერძოდ: ხელშეკრულების 2.1 მუხლის „2.1.3.-2.1.6“ პუნქტებში შეტანილ იქნა ცვლილება და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: შპს „ც.გ.ბ–ი“ ვალდებული იყო - ,,2.1.3. არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა, წარედგინა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად. 2.1.4. არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა, დაემუშავებინა საპროექტო დოკუმენტაცია და მიეღო მშენებლობის ნებართვა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის. 2.1.5. არაუგვიანეს 2023 წლის 31 მაისისა, დაესრულებინა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა. 2.1.6. არაუგვიანეს 2024 წლის 31 მაისისა, ექსპლუატაციაში მიეღო/აემოქმედებინა კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობა“.
- ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.1 მუხლის და მასში 2021 წლის 23 თებერვალს გაფორმებული შეთანხმების აქტით შეტანილი ცვლილების თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო საბოლოო საპრივატიზებო საფასური (“ბეს“ გამოკლებით) 73 500 ლარი გადაეხადა 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასური არ გადაიხადა. 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო, მოპასუხეს გადასახდელად დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 73 500 ლარის 0,1% (73,5 ლარი დღეში), ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 450 დღე, დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 33 075 ლარი.
- ნასყიდობის ხელშეკრულების 2.1.4 პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა, უზრუნველეყო საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მიეღო საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვა. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა. შესაბამისად, მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია 2022 წლის 1-ელ დეკემბერს. სწორედ ამ დღიდან საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მოპასუხეს გადასახდელად დაერიცხა საპრივატიზებო საფასურის, 96 500 ლარის, 0,05% (48,25 ლარი დღეში). ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულმა დღეებმა შეადგინა 85 დღე, ხოლო დარიცხულმა პირგასამტეხლომ - 4 101,25 ლარი.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 ივლისის №7 დადგენილების მე-5 მუხლის საფუძველზე, სს „თ.ბ–ის“ 2020 წლის 18 სექტემბრის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის №6660740-11098918 საბანკო გარანტია ჩაირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს №01-01-10/3972 წერილით, მოპასუხეს მოსთხოვა დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა. ასევე 2 თვის ვადაში ახალი საბანკო გარანტიის წარმოდგენა. აღნიშნული საბანკო გარანტია მოპასუხემ არ წარადგინა. საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის გამო, მოსარჩელემ დაიწყო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის პროცედურები. 2022 წლის 8 ნოემბრის №01-01-10/5018 წერილით, მოსარჩელემ შპს „ც.გ.ბ–ს“ მოსთხოვა ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოპასუხემ შესრულების მტკიცებულებები ვერ წარადგინა. აღნიშნულის გამო, 2022 წლის 25 ნოემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის №01- 01-3/590 ბრძანებით, №14 ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის მიზნით, დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება.
- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, სამინისტროს 2023 წლის 23 თებერვლის №01-01-3/98 ბრძანებით, მოიშალა ხელშეკრულება.
19. კასატორი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, არ დაეთანხმა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს სახელშეკრულებო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულად განსაზღვრის შეფასება.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).
21. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).
22. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი; №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).
24. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმეს, მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები ას 848-814-2016, 28.12.2016; ას-816-767-2015, 19.11.2015; ას-953-918-2016, 22.11.2016).
25. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
26. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ. სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).
27. პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი. პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. 28. ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, მხარეები თავისუფალი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში. შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ, სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე (იხ. სუსგ №ას-279-2023, 18 მაისი, 2023 წელი; დამატებით იხ., ჩიტაშვილი ნ., პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).
29. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება, ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ., ჯორბენაძე ს., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019წ., 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება.
30. კანონმდებელმა დააწესა სამართლებრივი მოწესრიგება, რომელიც სასამართლოს აღჭურავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება.
31. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ. სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).
32. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (იხ. სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).
33. საკასაციო პალატის მითითებით, პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019წ.).
34. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს, რამდენად არაგონივრული და შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა, სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (იხ. სუსგ №ას-1499-2022, 24 იანვარი, 2023 წელი; №ას-1576-2022, 16 მარტი, 2023 წელი).
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
36. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კვალიფიციური შედავება. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.
38. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე მტკიცების ტვირთი ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ-ები: №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი; №ას-1245-2022, 09 მარტი, 2023 წელი).
39. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს პირგასამტეხლოს არაგონივრულ და შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე და აღნიშნავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სხვადასხვა ობიექტური მიზეზით. გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ მოპასუხეს საბანკო გარანტიის მეშვეობით გადახდილი ჰქონდა 10 000 ლარი პირგასამტეხლოს ანგარიშში, ხოლო ,,ბეს" სახით გადახდილი ჰქონდა 23 000 ლარი. შესაბამისად მოპასუხემ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს სახით არ უნდა დაჰკისრებოდა მოთხოვნილი თანხის ნახევარზე მეტი.
40. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.
41. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებსა და დასკვნაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, სულ 13 588,12 ლარი, სრულად უზრუნველყოფს მოსარჩელის ძირითადი ინტერესის დაკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ დაუპირისპირებია სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიმართ. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „ნ.ბ კ–მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით „ბეს" სახით გადაიხადა 23 000 ლარი; დადგენილია ასევე, რომ შპს „ც.გ.ბ–მა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარადგინა სს „თ.ბ–ის“ მიერ 2020 წლის 18 სექტემბერს გაცემული 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის №6660740-11098918 საბანკო გარანტია, რის საფუძველზედაც მყიდველს, ხელშეკრულების 2.1.2 ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ჩაეთვალა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2021 წლის 13 ივლისის №01-01-10/3512 წერილით დგინდება, რომ ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, რომ შპს „ც.გ.ბ–ს“ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა სამინისტროში შესათანხმებლად წარედგინა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი, მასალების ჩვენებით)), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ჩათვალა შესრულებულად. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა და მოპასუხის შედავებისა და მისივე მტკიცების ტვირთის რეალიზების ფარგლებში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონიერად მიიჩნია. კასატორმა კი, ვერ დაადასტურა პირგასამტეხლოს შემცირების არამართლზომიერება და ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
42. კასატორის პრეტენზია ძირითადად იმაში გამოიხატება, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს და იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე მაშინ, როდესაც მოსარჩელე ამას არ მოითხოვდა, შესაბამისად, დაირღვა დისპოზიციურობის პრინციპი. მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება შეგებებული სარჩელით არ მოუთხოვია. არც ხელშეკრულების დადებისას და არც ადმინისტრაციული წარმოებაში დაინტერესებული პირის სახით ჩართვის დროს, პირგასამტეხლოს ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გასცდენოდა დავის საგანს, რადგან, სამინისტროს სასარჩელო განცხადებით, დავის საგანს არ წარმოადგენდა პირგასამტეხლოს შემცირება. სასამართლომ დაარღვია მხარეთა დისპოზიციურობისა პრინციპები და იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებასთან დაკავშირებით.
43. საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის გამო, არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს მყარად დადგენილ სასამართლო პრატიკაზე, კერძოდ, „საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ: სუსგ №ას-576-2022, 7 ივლისი, 2022 წელი; სუსგ №ას-911-851-2017, 11 ოქტომბერი, 2017 წელი)''. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020 წელი).
44. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
45. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.
46. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
47. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ბადრი შონია
ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე