დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
21 მაისი, 2026 წელი,საქმე №ას-318 -2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ს.ს.კ. და გ.დ.ც–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ნ.ვ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ს.კ. და გ.დ.ც–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, ცენტრი ან დამზღვევი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით სს „ნ.ვ.დ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა. საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარდგენილი მტიცებულებები რასაც შედეგად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება მოჰყვა; კერძოდ საქმეში დაცული მტკიცებულებების შესაბამისად აშკარაა, რომ სახეზეა სადაზღვევო შემთხვევა რომელიც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობების თანახმად ანაზღაურებას ექვემდებარებოდა (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2021 წლის 31 დეკემბერს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №02/01/22-CON ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი CON210000477) დაიდო, რომლითაც დაზღვეულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება Mercedes-Benz Vito, სახელმწიფო ნომრით .........., პოლისის ნომერია #AUTO.....-12-021805 (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაზღვეული ავტომანქანა). შეთანხმების მოქმედების ვადა არის - 2023 წლის 30 აპრილი.
4.4. მომსახურების გაწევის ადგილია - საქართველოს მთელი ტერიტორია ( იხ. ხელშეკრულების 4.1 პუნქტი), რომელიც შეთანხმების გაფორმებიდან 24 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათამდე უნდა განხორციელებულიყო ( იხ. ხელშეკრულების 4.2 პუნქტი). დაზღვევის პერიოდი შეთანხმების ძალაში შესვლიდან 24 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2022 წლის 01 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრის 24 საათამდე დადგინდა ( იხ. ხელშეკრულების 4.3 პუნქტი).
4.5. მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო არ გაეწია დაზღვევის მომსახურება დამზღვევის მიერ ხელშეკრულებითა და დაზღვევის პირობებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, პრემიის გადაუხდელობისას (იხ. ხელშეკრულების 5.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
4.6. შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.2% (იხ. ხელშეკრულების 10.1 პუნქტი).
4.7. ხელშეკრულება ძალაში იყო ხელმოწერის დღიდან და 2023 წლის 30 აპრილის ჩათვლით მოქმედებდა (იხ. ხელშეკრულების მე-13 მუხლი).
4.8. შეთანხმების ზოგადი პირობების 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლის მიხედვით, წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერით განსაზღვრული სადაზღვევო რისკებია:
ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტოშემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში;
ბ) სატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების დაკარგვა (მათ შორის, ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, გატაცების ან ქურდობის/ძარცვის/ყაჩაღობის/ გატაცების მცდელობის შედეგად);
გ) ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეული ზემოქმედება, კერძოდ, მიწისძვრა, წყალდიდობა, დიდთოვლობა, ზვავი, გრიგალი, ქარიშხალი, ღვარცოფი, მეხის დაცემა, მეწყერი და სეტყვა ან მოულოდნელი მოვლენა, რომელმაც გამოიწვია დაზიანება და განადგურება გარეშე და აშკარა მიზეზებით;
დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი;
ე) სატრანსპორტო საშულების ან მისი ნაწილების ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი
სპეციალური აღჭურვილობის (ჟანგბადის დიდი ბალონი რედუქტორითა და ფლოუმეტრით, საკაცე და მისი სადგამი, საინფუზიო სითხის საკიდი, ციმციმა და ხმოვანა, რაცია, ვიდეო-რეგისტრატორი, მაგნიტაფონი, ჯი პი ეს მოწყობილობა) დაზიანება ან განადგურება (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად);
ვ) სატრანსპორტო საშუალების კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი დეტალის (ან და დამატებითი აღჭურვილობის), მინების, სარკეების და ა.შ. ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა;
ზ)სადაზღვევო შემთხვევის დროს სატრანსპორტო საშუალების ევაკუაციასთან და საჯარიმო ავტოსადგომით მომსახურებასთან (საჯარიმო სადგომზე გადაყვანა, დგომა და გადმოყვანა) დაკავშირებული ხარჯები;
თ) ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი არ უნდა იყოს შემსყიდველის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გზაზე მოძრაობის წესების დარღვევა, მათ შორის: ღერძულა ხაზის გადაკვეთით გამოწვეული ზიანი, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ზიანი, წითელ შუქზე გავლის შედეგად გამოწვეული ზიანი, არასწორი პარკირების დროს მესამე პირის მხრიდან მიყენებული ზიანი, გზაჯვარედინზე პრიორიტეტულობის დაუცველობით გამოწვეული ზიანი, საგზაო ნიშნის არდამორჩილება;
ი) მესამე პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება;
კ) დაუდგენელი მიზეზით სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
4.9. დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების უფლებამოსილი მძღოლებისა და მგზავრების ზიანის ან/და დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებით მესამე პირებისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი შემთხვევის შესახებ შეტყობის შემდეგ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებსა და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიმწოდებლის ცხელ ხაზზე, ხოლო არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მიმწოდებელს წერილობითი განაცხადი ზარალის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ დადგენილი ფორმით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია შემსყიდველის (დამზღვევის) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში მიმწოდებლისათვის (მზღვეველისათვის) ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია განახორციელოს შემსყიდველის (დამზღვევის) წარმომადგენელმა. ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილ მძღოლს უფლება აქვს განახორციელოს დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაყვანა შემდეგი პირობების დაცვით:
ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) სათანადო სახელმწიფო ორგანოების მოქმედების (გამოძახება დათვალიერების ჩასატარებლად, გამოძიება, გამოძახება სასამართლოში და სხვა) დაწყება დამდგარი შემთხვევის ფაქტზე;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს (მზღვეველს) მესამე პირისაგან ოფიციალური პრეტენზიის მიღების შესახებ;
გ) არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა;
დ) ხელი შეუწყოს მიმწოდებელს (მზღვეველს) რეგრესის უფლების გამოყენებაში, გადასცეს მას სათანადო დოკუმენტაცია, უფლებამოსილებანი და დათმოს მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) იტოვებს უფლებას არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება (იხ. შეთანხმების ზოგადი პირობების 1-ლი ნაწილის მესამე მუხლი 1-ლი პუნქტი).
4.10. თუ შემთხვევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდა ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ხორციელდება სერვის-ცენტრში ან/და საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით - საჯარიმო სადგომზე (იხ. შეთანხმების ზოგადი პირობების 1-ლი ნაწილის მესამე მუხლის მე-5 პუნქტი).
4.11. მზღვეველს შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს:
· საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა;
· მძღოლების ახსნა-განმარტებები;
· ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
· მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი;
· საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი;
· საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დაკავშირებული დოკუმენტები (იხ. შეთანხმების ზოგადი პირობების 1-ლი ნაწილის მესამე მუხლის მე-7 პუნქტი).
4.12. 2022 წლის 23 აგვისტოს ცენტრის მძღოლი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, მოძრაობდა ბათუმში, ............– ქუჩაზე, რა დროსაც ავტომანქანას ჩამოუვარდა მარჯვენა უკანა კარი, შედეგად დაზიანდა შუშა, კარიც დეფორმირდა.
4.13. მომხდარი შემთხვევის თაობაზე საპატრულო პოლიციის ინფორმირება არ მომხდარა, შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ არანაირი ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათები არ რსებობს.
4.14. დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა კარის ჩამოვარდნის შემდგომ თვითნებურად სცდა მისი შეკეთება.
4.15. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შეთანხმების მესამე მუხლით გათვალისწინებული „მოქმედების გეგმისგან“ (მათ შორის კომპეტენტური ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულებისგან) გადახვევა ობიექტური გარემოებების გამო გარდაუვალი იყო, საქმეში არ წარდგენილა.
4.16. 2023 წლის 26 ივნისის წერილით, სადაზღვევო კომპანიამ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დანართი #1-ის პირველი ნაწილის პირველი მუხლის საფუძველზე, 2022 წლის 23 აგვისტოს შემთხვევით დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე, უარი განაცხადა.
4.16.1. აღნიშნული წერილის მიხედვით, ხელშეკრულების დაზღვევის პირობების 1-ლი ნაწილის 1-ლი მუხლით დეტალურად იყო გაწერილი სადაზღვევო რისკების ჩამონათვალი და სადაზღვევო კომპანია ახდენდა მხოლოდ აღნიშნული რისკების დაზღვევას. ჩამონათვალში დეტალურად იყო განხილული ყველა ის რისკი, რომელიც ანაზღაურდებოდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით და ასევე დამზღვევის შესაბამისი ქმედებები, რა უნდა განეხორციელებინა დამზღვევს/მძღოლს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. მოცემულ შემთხვევაში, მიწოდებული ინფორმაცია დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ არცერთ რისკებში არ ექცეოდა.
4.16.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივი გარემოებების, საქართველოს კანონმდებლობისა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველმა უარი განაცხადა ზიანის ანაზღაურებაზე.
4.17. მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე, შპს „ა–ს“ მიერ გაცემული შეფასების აქტის - ინვოისის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე „Mercedes-Benz Vito“, სახ.ნომერი ......., პოლისის N AUTO-NVI-21-12-021805, მიყენებული ზიანი - 8576 ლარია, კერძოდ:
შესრულებული სამუშაოების ღირებულება მოიცავს შემდეგ კომპონენტს:
1. სამღებრო მასალა - 500 ლარი,2. სამღებრო სამუშაოები - 1600 ლარი,3. პოლირება - 200 ლარი,4. დაშლა-აწყობა - 400 ლარი,5. სათუნუქე სამუშაო - 350 ლარი,6. ელექტრო ტესტი (80) - 109 ლარი,7. სალონის სამუშაო - 225 ლარი,სულ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ჯამში არის - 3384 ლარი.
4.18. საჭირო მასალები:
1. მარჯვენა უკანა კარი - 5 499 ლარი,2. ფირის გაკვრა უკანა მარჯვენა კარზე - 130 ლარი,3. შუშის წებო 310 მლ - 45 ლარი,4. პრაიმერი 20 მლ - 40 ლარი,5. ჭუჭყის საწმენდი - 20 ლარი,6. ფუნჯი - 4 ლარი,საჭირო მასალის ჯამური ღირებულება - 5742 ლარი.
4.19. დაზღვეულს, დაზღვევის ხელშეკრულებით დადგენილი პირობები არ შეუსრულებია.
5. სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის წარუმატებლობა სსკ-ის 799.1 (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება), 820-ე (ზიანის დაზღვევისას მზღვეველმა ზიანი უნდა აანაზღაუროს ფულით) და 821-ე (მზღვეველი ზიანს ანაზღაურებს მხოლოდ სადაზღვევო თანხის ფარგლებში) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობამ განაპირობა.
6. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ. სუსგ №ას-663-624-2011, 17.02. 2012 წ).
7. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით.
8. დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (შდრ. სუსგ. №ას-535-2020, 05.10.2021წ, №ას-1306-1226-2015,01.07. 2016 წ).
9. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).
10. დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, ე.ი. დაამტკიცოს: 1) სადაზღვევო შემთხვევის დადგომა; 2) ზიანის დადგომა; 3) სადაზღვევო შემთხვევასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, მეორე მხრივ, მზღვეველმა უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ. სუსგ №ას-1479-2019 21.01.2020წ.),11. შესაბამისად, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგინდეს გარემოება, რომ დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, არ არსებობს სადაზღვევო კომპანიის მიერ მითითებული, სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება.
12. საკასაციო სასამართლო უპირველესად იმსჯელებს ცენტრის მიერ სადაზღვევო კომპანიისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხზე და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამზღვევის მიერ მზღვეველის ინფორმირების ვალდებულება კომპლექსური იყო და მხოლოდ მომხდარი შემთხვევის შეტყობინებით არ შემოიფარგლებოდა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს და დამატებით განმარტავს:
13. სსკ-ის 808-ე-813-ე მუხლები ადგენს დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე, ისე მისი მოქმედებისას. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს ყველა გარემოებას, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საფრთხის ან დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისათვის. არსებითი მნიშვნელობისაა ის გარემოებები, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მზღვევლის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან დადოს იგი შეცვლილი შინაარსით. ამ ინფორმაციის შეუტყობინებლობა უფლებას აძლევს მზღვეველს მოშალოს ხელშეკრულება (სსკ-ის 808.3 მუხლი: თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის წესების საწინააღმდეგოდ მზღვეველს არ ეცნობა არსებითი გარემოების შესახებ, მაშინ მას შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. იგივე მნიშვნელობა აქვს, თუ არსებით გარემოებათა შეტყობინებას დამზღვევმა განზრახ აარიდა თავი. 811-ე მუხლი: ამ თავით გათვალისწინებული ცნობების შეუტყობინებლობიდან ერთი თვის განმავლობაში მზღვეველს შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება. ეს ვადა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მზღვეველმა გაიგო შეტყობინების მოვალეობის დარღვევის თაობაზე. დამზღვევს უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ).
14. რაც შეეხება სსკ-ის 812-ე მუხლს, იგი იცავს დამზღვევის ინტერესებს და, მიუხედავად მზღვეველის მიერ ხელშეკრულების მოშლისა, დამზღვევს მაინც უნარჩუნებს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე (სსკ-ის 812-ე მუხლი: თუ მზღვეველი ხელშეკრულებას მოშლის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ, მაშინ იგი არ თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუკი იმ გარემოებას, რომლის შესახებაც დარღვეული იქნა შეტყობინების მოვალეობა, გავლენა არ მოუხდენია სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე და მზღვევლის მოვალეობის შესრულებაზე). საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 812-ე მუხლით მოწესრიგებულია ისეთი შემთხვევა, როდესაც დამზღვევი მზღვეველს არ შეატყობინებს ინფორმაციას დაზღვევის ხელშეკრულების დადებისას. სსკ-ის 812-ე მუხლით კანონმდებელი იცავს დამზღვევის ინტერესებს და არ ათავისუფლებს მზღვეველს თავისი მოვალეობის შესრულებისაგან იმ შემთხვევაში, როდესაც დამზღვევის მიერ 808-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულების დარღვევა არ არის მიზეზობრივ კავშირში სადაზღვევო შემთხვევის დადგომასა და მზღვევლის მოვალეობის შესრულებასთან (იხ. სუსგ საქმე №ას-409-382-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
15. სსკ-ის 814-ე მუხლით კი მოწესრიგებულია ის შემთხვევა, როდესაც დამზღვევი არ ასრულებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულებას (სსკ-ის 814-ე მუხლი: 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. 2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. 3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. 4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ).
16. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია შემთხვევის (სადაზღვევო რისკის) დადგომისას, იმოქმედოს „დაზღვევის პირობების“ I ნაწილის მე-3 მუხლის შესაბამისად. „დაზღვევის პირობების“ I ნაწილის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ... შემთხვევაში, დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი შემთხვევის შესახებ შეტყობის შემდეგ ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის თაობაზე შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს და აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში მიმწოდებლის ცხელ ხაზზე, ხოლო არაუგვიანეს 48 საათისა წარუდგინოს მიმწოდებელს წერილობითი განაცხადი ზარალის დადგომის ფაქტთან დაკავშირებით, მიმწოდებლის მიერ დადგენილი ფორმით (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც აღნიშნულის გაკეთება შეუძლებელია შემსყიდველის (დამზღვევის) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო. ამ შემთხვევაში მიმწოდებლისათვის (მზღვეველისათვის) ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელია განახორციელოს შემსყიდველის (დამზღვევის) წარმომადგენელმა). ამასთან, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფლებამოსილ მძღოლს უფლება აქვს განახორციელოს დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაყვანა შემდეგი პირობების დაცვით: ა) დაუყოვნებლივ შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) სათანადო სახელმწიფო ორგანოების მოქმედების (გამოძახება დათვალიერების ჩასატარებლად, გამოძიება, გამოძახება სასამართლოში და სხვ.) დაწყება დამდგარი შემთხვევის ფაქტზე; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს მიმწოდებელს (მზღვეველს) მესამე პირისაგან ოფიციალური პრეტენზიის მიღების შესახებ; გ) არ აღიაროს საკუთარი პასუხისმგებლობა და არ გასცეს პირობა ზიანის კომპენსაციაზე მიმწოდებლის (მზღვეველის) თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიმწოდებელი (მზღვეველი) უფლებამოსილია მოიხსნას ნაკისრი პასუხიმგებლობა; დ) ხელი შეუწყოს მიმწოდებელს (მზღვეველს) რეგრესის უფლების გამოყენებაში, გადასცეს მას სათანადო დოკუმენტაცია, უფლებამოსილებანი და დათმოს მოთხოვნის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიმწოდებელი (მზღვეველი) იტოვებს უფლებას არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება.
ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, თუ შემთხვევის შემდეგ სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება და ამავდროულად გადაადგილება არ გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, დაზღვეული მზღვეველთან შეთანხმებით უფლებამოსილია გააგრძელოს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდა ან მისი გადაადგილება გამოიწვევს რაიმე სახის ზიანს, სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ხორციელდება სერვის-ცენტრში ან/და საპატრულო პოლიციის გადაწყვეტილებით - საჯარიმო სადგომზე. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტებია: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა; მძღოლების ახსნა-განმარტებები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი; მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი; საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი; საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა დაკავშირებული დოკუმენტები.
თავის მხრივ, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზღვევის მომსახურების გაწევა დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით და „დაზღვევის პირობებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობისას.
17. ამდენად, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და სახელშეკრულებო ნორმები ცხადყოფს, რომ დამზღვევის მიერ მზღვეველის ინფორმირების ვალდებულება საკმაოდ კომპლექსური დებულებებით ხასიათდება და იგი მხოლოდ მომხდარი შემთხვევის შეტყობინებით არ შემოიფარგლებოდა. მომხდარი შემთხვევის „სადაზღვევო შემთხვევად“ იდენტიფიცირებისა და კვალიფიცირების მიზნიდან გამომდინარე, საამისოდ ხელშეკრულებით სავალდებულოდ წარსადგენად გათვალისწინებული დოკუმენტაციის მოსაპოვებლად, დამზღვევი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ შეეტყობინებინა მომხდარის შესახებ კომპეტენტური ორგანოებისთვის (საპატრულო პოლიცისთვის). მეტიც, მაშინ, როდესაც მზღვეველისთვის შეტყობინების ვადა 24 საათითაა განსაზღვრული, ხელშეკრულება დამზღვევის მიერ კომპეტენტური ორგანოების ინფორმირებას დაუყოვნებლივ მოითხოვს, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს მზღვეველისათვის დამზღვევის მიერ ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისადმი უპირატესი ინტერესის არსებობას. ეს კი იმითაა განპირობებული, რომ შემთხვევის ადგილზე, დაზღვევის ობიექტთან, როგორც წესი, იმყოფება არა მზღვეველი, არამედ დამზღვევი, რომელიც ამ მომენტშიც, ცხადია, ინფორმაციულ უპირატესობას ფლობს.
აქედან გამომდინარე, საპატრულო პოლიციისა თუ სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს ჩართვის პირობებში, შესაძლებელი ხდება სრულყოფილი ინფორმაციის მესამე (გარეშე) პირისგან - დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კონკრეტული შემთხვევისადმი ინტერესის არმქონე სუბიექტისგან - ობიექტური შემფასებლისგან მოპოვება, მზღვეველისათვის
მომხდარი შემთხვევის რეალური და სრული სურათის წარმოჩენის უზრუნველსაყოფად.
18. ამასთან, დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს მზღვეველს (თუნდაც ეს პირობა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყოს), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა (შდრ. სუსგ. №ას-409-382-2017, 19.07.2018 წ). რამდენადაც მნიშვნელოვანია დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ ინფორმირების ვალდებულების შესრულება მზღვეველის ინტერესების დასაცავად, იმდენადვე მნიშვნელოვანია ის, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა მზღვეველის მიერ ბოროტად არ იქნეს გამოყენებული დამზღვევის (დაზღვეულის) ინტერესების საწინააღმდეგოდ.
19. ამდენად, მარტოოდენ ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობა არ შეიძლება მზღვეველის ვალდებულებისგან განთავისუფლების საფუძველი გახდეს, თუკი ამით მისი ინტერესები არსებითად არ შელახულა, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ამ საფუძვლით მზღვეველის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებისათვის ორი კუმულატიური პირობა უნდა არსებობდეს: 1) დამზღვევის/დაზღვეულის მიერ ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობა, 2) აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით მზღვეველის ინტერესების არსებითად შელახვა.
ამასთან, მართალია, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი გათავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისგან, მაგრამ მზღვეველის მიერ აღნიშნული უფლების ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით, სწორედ 814.3 მუხლით, კანონმდებელი იჭრება მხარეთა ნების ავტონომიის სივრცეში და აწესებს სავალდებულო კანონისმიერ წინაპირობას მზღვეველის ინტერესების „არსებითი დარღვევის“ სახით. მზღვეველის „ინტერესების არსებითი დარღვევა“ კი, ყოველ შემთხვევაში ინდივიდუალურად შესაფასებელი გარემოებაა, რა დროსაც ასევე უმნიშვნელოვანესია causa proxima-ს გათვალისწინება. (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის კომენტარი. იხ., www.gccc.tsu.ge) ამ დარღვევის ნეგატიური შედეგების (მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა) მტკიცების ტვირთი მზღვეველს აკისრია.
20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2022 წლის 23 აგვისტოს ცენტრის მძღოლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, ბათუმში, ............– ქუჩაზე მოძრაობისას, დაზღვეულ ავტომანქანას ჩამოვარდა მარჯვენა უკანა კარი, შედეგად დაზიანდა შუშა, კარიც დეფორმირდა.
21. ასევე დადგენილია, რომ მომხდარი შემთხვევის თაობაზე საპატრულო პოლიციის ინფორმირება არ მომხდარა, შესაბამისად, აღნიშნულის შესახებ არანაირი ინფორმაცია, მათ შორის ფოტოსურათები არ რსებობს.
22. ისიც დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლმა კარის ჩამოვარდნის შემდგომ მისი შეკეთება თვითნებურად სცადა.
23. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შეთანხმების მესამე მუხლით გათვალისწინებული „მოქმედების გეგმისგან“ (მათ შორის კომპეტენტური ორგანოებისთვის შეტყობინების ვალდებულებისგან) გადახვევა ობიექტური გარემოებების გამო გარდაუვალი იყო, საქმეში არ წარდგენილა.
24. საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს დანართი №1-ის პირველი ნაწილის (ზოგადი პირობების) პირველი მუხლის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომელთა მიხედვით, დაზღვეულ რისკებში მოიაზრება - ა) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა, თუ იმყოფებოდა გაჩერებულ მდგომარეობაში; ... დ) აალება, აფეთქება, ხანძარი, რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა, ვანდალიზმი; ე) სატრანსპორტო საშულების ან მისი ნაწილების ან მის კომპლექტაციაში არსებული ნებისმიერი სპეციალური აღჭურვილობის (ჟანგბადის დიდი ბალონი რედუქტორითა და ფლოუმეტრით, საკაცე და მისი სადგამი, საინფუზიო სითხის საკიდი, ციმციმა და ხმოვანა, რაცია, ვიდეო-რეგისტრატორი, მაგნიტაფონი, ჯი პი ეს მოწყობილობა) დაზიანება ან განადგურება (უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობის მიუხედავად); ...“.
მოცემულ შემთხვევაში, ვერც ერთი სახელშეკრულებო პირობა რელევანტურად ვერ მიიჩნევა. ერთია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შეფასების საშუალებას არ იძლევა დამზღვევის მიერ უზრუნველყოფილი მტკიცებულებები, მეორეს მხრივ კი: 1) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (რომელიც გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილ იმ მოვლენას მოიაზრებს, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება) საპატრულო პოლიციის დოკუმენტაციით დადასტურებული არ არის, არც უშუალოდ მომხდარი შემთხვევის „გზაზე“ განვითარების ფაქტი ირკვევა, შესაბამისად, არც ის მოვლენა (ავარია) დგინდება ზუსტად, რასაც მოჰყვა შედეგად დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების დაზიანება; 2) რაიმე საგნის ვარდნა/დაცემა/მოხვედრა არ მოიაზრებს უშუალოდ დაზღვეული სატრანსპორტო საშუალების შემადგენელი ნაწილების ვარდნას. აღნიშნული რისკის ფარგლებში დაზღვეულად იგულისხმება ის ზიანი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებაზე სხვა საგნების დაცემას (ვარდნას/მოხვედრას) მოჰყვება; 3) „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში, სწორედ ცენტრის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად დაზღვეული არის სპეციალური აღჭურვილობის დაზიანების ან განადგურების რისკი, რასაც, ცხადია, არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების კარი.
თუმცა, განსახილველ შემთხვევაში, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ობიექტურად შეუძლებელია იმის განსაზღვრაც, საერთოდ ჰქონდა თუ არა მითითებულ ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა რომელიმე რისკის რეალიზაციას ადგილი.
25. შესაბამისად, საკასაციო სრულად სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სადაზღვევო შემთხვევის დასადასტურებლად საქმეში წარდგენილი ინვოისი, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება არ იყო. ამასთან, განსახილველი დავის ფარგლებში დადასტურებული იყო დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი წესის საწინააღმდეგო მოქმედება და ობიექტურად გამორიცხული იყო ინფორმირების ვალდებულების ამგვარი არსებითი დარღვევის პირობებში მზღვეველის ინტერესების „უმნიშვნელოდ შელახულად“ მიჩნევა; შესაბამისად, მზღვეველის უარი სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ საფუძვლიანი იყო. ამდენად, მოპასუხისთვის მოთხოვნილი ოდენობით ზიანის დაკისრების საფუძველი ერთმნიშვნელოვნად არ არსებობდა.
26. ვალდებულების - „ობლიგარე“ სათანადოდ შესრულებაზეა დამოკიდებული „bona fides“ - კეთილსინდისიერების პრინციპის რეალიზაცია. კეთილსინდისიერების პრინციპის დასაცავად კი, სათანადოდ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება და შესრულდეს ხელშეკრულებით სავალდებულოდ გათვალისწინებული სხვა მოქმედებები.
27. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე (მზღვეველის მიერ ვალდებულების დაურღვევლობა), მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი ასევე არ არსებობდა.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა არაარსებით პრეტენზიაზე.
29. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750.36 ლარის (საგადახდო დავალება #00434, გადახდის თარიღი 15.01.2026წ), 70% - 525.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ს.კ. და გ.დ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ს.ს.კ. და გ.დ.ც–ს (ს/ნ ....... ) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 750.36 ლარის (საგადახდო დავალება #00434, გადახდის თარიღი 15.01.2026წ), 70% - 525.25 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია