დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 31.10.2025
საქმის ნომერი
ას-548-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
31.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-548-2025 31 ოქტომბერი, 2025 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ს–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ლ–ძე, ბმა „ს.უ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ს–ვი (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის განჩინებას, რომლითაც გ.ლ–ძის (შემდგომში - პირველი მოპასუხე, პირველი მოწინააღმდეგე მხარე) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.უ–ის“ (შემდგომში - მეორე მოპასუხე, ამხანაგობა, მეორე მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ აღძრული სარჩელი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

2. კასატორის მითითებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ს.უ–ს“ სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა აღნიშნულ გარემოებას სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა. კასატორის განმარტებით, ვინაიდან ამხანაგობას სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, სადავო ფართის მოსარჩელის ოჯახის კუთვნილებაში ყოფნის ფაქტი, აღნიშნული გარემოებები, მოპასუხის აღიარებასა და განმარტებებთან ერთობლიობაში, სარჩელში მითითებული ფაქტების სისწორეს ადასტურებდა.

3. კასატორი ასევე არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც არ დასტურდება მის მიერ სადავო ფართის ფლობის ფაქტი. მისი განმარტებით, უძრავი ქონების შეძენისას გამყიდველისგან - ი.მ–გან ბინასთან ერთად ფაქტობრივად გადაეცა სადავო ფართიც. კასატორის მითითებით, იგი 2000-იანი წლების დასაწყისიდან 15 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა, ხოლო მოპასუხე სწორედ ამ პერიოდის შემდგომ, სავარაუდოდ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე დაეუფლა სადავო ფართს. ამასთან, თავად მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო ფართის შესაძენად თანხა გადაუხადა მოსარჩელის მეუღლეს, რომელსაც აღნიშნული უძრავი ქონება ჯერ საკუთარ სახელზე უნდა გადაეფორმებინა, ხოლო შემდგომ - მოპასუხის სახელზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

4. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

5. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:

9.1. ბმა „ს.უ–ის“ თავმჯდომარედ 2008 წლის 20 აგვისტოდან 10 წლის ვადით არჩეული იყო ა.ნ–ი. ამხანაგობის მოქმედ თავმჯდომარეს 2023 წლის 24 ოქტომბრამდე წარმოადგენდა ი.მ–ი.

9.2. ბმა „ს.უ–ის“ 2017 წლის 12 აპრილის №2 კრების ოქმით პირველ მოპასუხეს დაუდასტურდა ქ. თბილისში, აბესაძის ქ. №13-ში მდებარე 25.16 კვ.მ ფართობის შენობა №13/1-ის (ავტოფარეხის) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტი. კრების №2 ოქმის თანახმად, კრებას ამხანაგობის წევრთა 100% ესწრებოდა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება ქ. თბილისში, ......... მდებარე 25.16 კვ.მ ფართობის ავტოფარეხზე (ს/კ №......).

9.3. ზემოაღნიშნულ კრებაზე მოსარჩელე მოწვეული არ ყოფილა.

9.4. სადავო კრების ჩატარების დროისთვის მოსარჩელე იყო ქ. თბილისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 54.00 კვ.მ ფართის მესაკუთრე (ს/კ №.........) და, შესაბამისად, ბმა „ს.უ–ის“ წევრი. მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1992 წლის 6 ოქტომბრის №2-3472 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ი.მ–მა მოსარჩელეს მიჰყიდა ქ. თბილისში, .......... მდებარე საცხოვრებელი სახლის 54/872 წილი. აღნიშნული ფართის გარდა, მოსარჩელეს ამავე მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის 40/149 და 35/872 წილები მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული მამისგან - შ.გ.-ოღლი ს–გან. მოგვიანებით, 2002 წლის 1-ელ თებერვალს, მან აღნიშნული წილები ლ.ე–ს მიჰყიდა. ამჟამად ეს ფართები საკუთრების უფლებით დ.ა–ის სახელზეა რეგისტრირებული

9.5. ბმა „ს.უ–ის“ 2017 წლის 12 აპრილის №2 სადავო კრების ჩატარების დროისთვის პირველი მოპასუხის საკუთრებაში, 1993 წლის 8 აპრილის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხებოდა ქ. თბილისში, .... მდებარე საცხოვრებელი სახლის შემდეგი ნაწილები: I სართულზე მდებარე 18.23 კვ.მ ფართი (შენობა №12), II სართულზე მდებარე 14.09 კვ.მ ფართი (შენობა №4, ს/კ №.........), აგრეთვე 61.01 კვ.მ და 61.05 კვ.მ ფართობის სხვენები და 7.58 კვ.მ ფართობის ანტრესოლი (ს/კ №..........). აღნიშნული ფართები, სადავო ავტოფარეხის მსგავსად, ამხანაგობის მიერ ინდივიდუალურ საკუთრებაში დაუდასტურდა პირველ მოპასუხეს. მოგვიანებით მან ამავე მისამართზე მდებარე შენობა №10-იც (ავტოფარეხი) შეიძინა.

9.6. ბმა „ს.უ–ის“ წევრთა ორ მესამედზე მეტმა ნაწილმა (17 წევრმა) 2019 წლის 11 ოქტომბერს კვლავ გამოხატა ნება პირველი მოპასუხისთვის ქ. თბილისში, ........ მდებარე შენობა №13/1-ის (ავტოფარეხის) ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.

9.7. საქმის მასალებს არ ერთვის მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 54.00 კვ.მ ფართის (ს/კ №.......) ადგილმდებარეობის ამსახველი ნახაზი ან სხვა შესაბამისი გრაფიკული დოკუმენტი.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2017 წლის 12 აპრილის №2 კრების ოქმის ბათილად ცნობისა და სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების მართლზომიერების შეფასება, რაც გულისხმობს როგორც ამხანაგობის საერთო კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურული კანონიერების შემოწმებას, ისე მიღებული გადაწყვეტილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების შეფასებას.

11. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, რამდენადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებსა და სხვა საკითხებს განსაზღვრავს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი, სასარჩელო მოთხოვნა და მის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა მოწესრიგდეს როგორც აღნიშნული სპეციალური კანონით, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. შესაბამისად, სასამართლო ამხანაგობის სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მართლზომიერების შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლზე, რომელიც ადგენს ამხანაგობის მიერ წევრთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე ინდივიდუალური საკუთრების დადასტურების წესს და მოითხოვს ამხანაგობის კრებაზე თანამესაკუთრეთა მხრიდან ნების გამოვლენას. სსკ-ის 54-ე მუხლის კონტექსტში კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების ნამდვილობის დადგენისათვის უნდა შემოწმდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კრებაზე კვორუმის არსებობა, წევრთა მოწვევა და სხვა, თუმცა შემოწმება იმისა, ბათილია თუ არა გარიგება, დამოკიდებულია პრეტენზიის მქონე პირის იურიდიული ინტერესის არსებობაზე, ანუ აღიარებითი სარჩელის ბედი განპირობებული უნდა იყოს სსსკ-ის 180-ე მუხლით (იხ. სუსგ №ას-480-448-2017, 09.06.2017წ.; №ას-436-408-2017, 30.06.2027წ.; №ას-1084-1004-2018, 26.12.2018წ.; №ას-1053-2021, 05.04.2022წ.; №ას-1389-2022, 20.07.2023წ.; №ას-321-2024, 26.06.2024წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად ითხოვს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებას, თუმცა მის მიერ არ არის სათანადოდ დასაბუთებული, თუ რა იურიდიულად სარგებლის მომტან შედეგს უნდა განაპირობებდეს სადავო კრების ოქმის ბათილობა კონკრეტულ დავაში, იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ სადავო ქონების ფლობის, სარგებლობის ან სხვა ისეთი ფაქტობრივი გარემოების არსებობა, რომელიც საკუთრების უფლების წარმოშობის ან აღიარების წინაპირობად შეიძლება შეფასდეს. ამიტომ, კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნა, დამოუკიდებლად და შესაბამისი ფაქტობრივი საფუძვლების გარეშე, ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის მიერ დასახული საბოლოო სამართლებრივი შედეგის - საკუთრების უფლების აღიარების მიღწევას.

13. სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის თანახმად, მოსარჩელე თავის იურიდიულ ინტერესს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში (მისი მითითებით, პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ავტოფარეხი სპეციალური კანონის ამოქმედებამდე წლების განმავლობაში ფაქტობრივად მუდმივად ფლობდა მისი ოჯახი) აღდგება პირვანდელი მდგომარეობა, კერძოდ, ავტოფარეხზე ამხანაგობის საკუთრების უფლება. აღნიშნულის შემდგომ კი მოსარჩელეს, როგორც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, სასამართლოს მიერ სადავო ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების საფუძველზე მიეცემა საჯარო რეესტრში ქონებაზე მესაკუთრედ რეგისტრაციის შესაძლებლობა.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ №ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; №ას-869-2021, 22.11.2022წ.).

15. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

16. იმავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო ურთიერთობის შეფასებისას მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოებას, სადავო სამეურნეო სათავსები (ავტოფარეხი, სხვენი და სხვა მსგავსი ფართები) წარმოადგენს საერთო საკუთრების საგანს თუ ისინი ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ ობიექტებად უნდა იქნეს მიჩნეული. აღნიშნული კლასიფიკაცია განსაზღვრავს მათი განკარგვისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წესს. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი საერთო ქონების ისეთ განვითარებასთან მიმართებით, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინათმესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ითვალისწინებს ამხანაგობის ყველა წევრის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, ხოლო სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და მსგავსი ფართები) ფაქტობრივი მფლობელობის დადასტურების მიზნით საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა არანაკლებ 2/3-ის თანხმობას და შესაბამისი კრების ოქმის არსებობას. ამდენად, აღნიშნული წესები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ფართის სამართლებრივი რეჟიმი და მისი ფაქტობრივი ფლობა დადგენილია კანონით დადგენილი წესით.

18. კონკრეტულ შემთხვევაში სარჩელის მიზანს წარმოადგენს სადავო ავტოფარეხზე საკუთრების უფლების აღიარებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შესაძლებლობის მიღწევა, რაც მოსარჩელის პოზიციით უნდა დაეფუძნოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას. შესაბამისად, სარჩელის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესის არსებობა პირდაპირ არის დამოკიდებული იმ გარემოების დადასტურებაზე, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის (2007 წელი) მომენტისათვის სადავო ფართი იმყოფებოდა მოსარჩელის ან მისი ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში. მხოლოდ ამ გარემოების დადასტურების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობა წარმოშობს მოსარჩელისთვის რეალურ სამართლებრივ შედეგს და ქმნის მისი მოთხოვნილი უფლების შემდგომი რეალიზაციის შესაძლებლობას. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურება წარმოადგენს იურიდიული ინტერესის აუცილებელ წინაპირობას. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი სხვა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობების შემოწმება, მათ შორის, კრების მოწვევისა და ჩატარების წესის, კვორუმის, მონაწილეთა ნების გამოვლენისა და სხვა გარემოებების შეფასება.

19. ამასთან, კრების ოქმის ბათილად ცნობა თავისთავად არ წარმოადგენს საკმარის სამართლებრივ საფუძველს სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისთვის, თუ არ დგინდება კანონით გათვალისწინებული საკუთრების წარმოშობის დამოუკიდებელი მატერიალურ-სამართლებრივი წინაპირობები.

20. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ №ას-833-833-2018, 16.11.2018წ.; №ას-867-834-2016, 22.11.2018წ.).

21. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ავტოსადგომზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მოსარჩელის მიერ მფლობელობის განხორციელების ფაქტის დადასტურება სწორედ მის მტკიცების საგანში შემავალ ერთ-ერთ ძირითად და განმსაზღვრელ გარემოებას წარმოადგენდა.

22. სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორმა ვერ განახორციელა მისთვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც სპეციალური კანონის ძალაში შესვლის დროისათვის სადავო ავტოფარეხზე მისი ან მისი ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობას დაადასტურებდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებდა 1992 წელს განხორციელებულ ნასყიდობაზე, რომლის საფუძველზეც მის მარწმუნებელს თითქოს გადაეცა სადავო ავტოფარეხის ფლობის უფლებაც. თუმცა, სასამართლო აღნიშნულ განმარტებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან 1992 წლის 6 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დათქმას ან ჩანაწერს საცხოვრებელი ფართის გარდა სხვა, მათ შორის არასაცხოვრებელი ფართის (ავტოფარეხის) გადაცემის თაობაზე. ამასთან, არ არის წარმოდგენილი და დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ გამსხვისებელს სადავო ავტოფარეხი ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნდა.

23. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ 2002 წელს გაასხვისა მამის მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების წილები, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდგომ იგი საცხოვრებლად გაემგზავრა ისრაელში. მოპასუხისა და მოწმეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ამ დროიდან მოსარჩელე ფაქტობრივად აღარ იმყოფებოდა სადავო მისამართზე და არ მონაწილეობდა ამხანაგობის საქმიანობაში, რის გამოც ამხანაგობის სხვა წევრებს არც ჰქონდათ ინფორმაცია მისი წევრობის გაგრძელების ან სადავო ფართთან რაიმე სახის კავშირის არსებობის შესახებ.

24. ამასთან, მოსამართლის შეკითხვაზე, თუ ვინ ფლობდა სადავო ფართს 2007 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის წარმომადგენელმა თავად მიუთითა, რომ ამ დროისთვის კასატორი საქართველოში არ იმყოფებოდა და ფართს, სავარაუდოდ, პირველი მოპასუხე ფლობდა. აღნიშნული გარემოება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მიუთითებს, რომ სადავო ფართი კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არ იმყოფებოდა და იგი ვერ აკმაყოფილებს იურიდიული ინტერესის აუცილებელ წინაპირობას.

25. საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მოპასუხის მხრიდან სადავო ქონების უკანონოდ დაუფლების ფაქტს. აღნიშნული გარემოება დამატებით ადასტურებს, რომ სადავო მფლობელობის მოპოვების ფაქტი ვერ ფასდება უკანონო მოქმედების შედეგად და არ წარმოშობს მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართლებრივ შედეგებს.

26. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს 2019 წლის 11 ოქტომბერს ჩატარებულ კრებაზეც, სადაც ამხანაგობის 2/3-ზე მეტმა, კერძოდ, 17-მა წევრმა კვლავ პირველი მოპასუხის სასარგებლო მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფართთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ აღნიშნულიც სასამართლოს უქმნის რწმენას იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა აღიარებს მოპასუხის უფლებას სადავო ფართზე და არ იზიარებს კასატორის პოზიციას.

27. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის იმ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც პირველი მოპასუხის განმარტება, თითქოს მან სადავო ფართი მოსარჩელის მეუღლისგან შეიძინა, თავისთავად ადასტურებს აღნიშნული ფართის მოსარჩელის ოჯახის მფლობელობაში არსებობას. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული გარემოება თავისთავად არ იძლევა უპირობო დასკვნის შესაძლებლობას სადავო ფართზე მოსარჩელის მფლობელობასთან დაკავშირებით, კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, სადავო თანხის გადახდა შესაძლოა განხორციელებულიყო მოსარჩელის მეუღლის მიმართ იმ მიზნით, რომ მას არ გაეჩინა პრეტენზია სადავო ფართთან დაკავშირებით, რაც თავისი შინაარსით უფრო ფაქტობრივი ურთიერთობის შესაძლო დარეგულირებაზე მიუთითებს და არა საკუთრების ან მფლობელობის უფლების არსებობის დადასტურებაზე. შესაბამისად, აღნიშნული ვერ შეფასდება როგორც მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი ერთმნიშვნელოვანი და საკმარისი მტკიცებულება და იგი არ ქმნის იმ ხარისხის მტკიცებით სტანდარტს, რომელიც აუცილებელია სადავო ფაქტის დასადგენად.

28. სხვადასხვა საქმეებში, რომლებიც საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობებს შეეხებოდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ ნივთით არასარგებლობა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან საზღვარგარეთ ყოფნა თავისთავად არ წარმოადგენს მფლობელობის შეწყვეტის საკმარის საფუძველს, თუ სხვა გარემოებებით დასტურდება ნივთზე პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობის შენარჩუნების ნება (იხ. სუსგ №ას-1043-978-2012, 04.03.2014წ.). ამასთან, სასამართლოს განმარტებით, მფლობელობა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ ნივთის უშუალო გამოყენებით, არამედ ისეთი გარემოებებითაც, რომლებიც ადასტურებს პირის მიერ ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შენარჩუნებას, მათ შორის, მისი გამოყენებით, კონტროლის განხორციელებით ან სხვა მფლობელისათვის დამახასიათებელი ქმედებებით (იხ. სუსგ №ას-1665-1653-2011, 28.02.2012წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც სადავო ფართზე მისი პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელობის არსებობას დაადასტურებდა. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო ობიექტი წარმოადგენს კლასიკური გაგებით იზოლირებულ და ჩაკეტილ ავტოფარეხს ან სხვა ისეთ ნაგებობას, რომელზეც მფლობელობის განხორციელება შესაძლებელია გასაღების ფლობით, ობიექტის ჩაკეტვით, პირადი ნივთების განთავსებით ან სხვა მსგავსი ფაქტობრივი გარემოებებით. საქმე ეხება ავტოსადგომად გამოყენებულ ფართს, რომლის მიმართაც საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების რაიმე ფორმა, კერძოდ, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მოსარჩელე სარგებლობდა სადავო ფართით, აკონტროლებდა მას, ინახავდა მასზე პირად ნივთებს, ზღუდავდა მესამე პირთა წვდომას ან სხვაგვარად ავლენდა მფლობელისათვის დამახასიათებელ ქცევას. პირიქით, როგორც უკვე აღინიშნა, დადგენილია, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში არ ცხოვრობდა სადავო მისამართზე, არ მონაწილეობდა ამხანაგობის საქმიანობაში და სხვა. ასეთ პირობებში, საქმეში არ იკვეთება არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობის დამადასტურებელი გარემოებები, რაც გამორიცხავს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სპეციალური კანონის ძალაში შესვლის დროისათვის ქონება მოსარჩელის მფლობელობაში იმყოფებოდა.

30. ამდენად, მოსარჩელის მიერ სადავო ფართზე ფაქტობრივი მფლობელობის დაუდასტურებლობის პირობებში ვერ დგინდება სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, ვინაიდან არ იკვეთება ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც აღნიშნული მოთხოვნა უნდა ემსახურებოდეს. ამასთან, იმავე გარემოების დაუდასტურებლობა გამორიცხავს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის საფუძვლიანობას, ვინაიდან აღნიშნული მოთხოვნა ეფუძნება სადავო ფართზე მოსარჩელის ფაქტობრივი მფლობელობის არსებობას, როგორც მატერიალურ-სამართლებრივ წინაპირობას.

31. რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომლის მიხედვითაც ამხანაგობის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა მის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებად უნდა ჩაითვალოს, სასამართლო აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უშუალოდ მიმართულია პირველი მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს სადავო ქონების მესაკუთრეს და პროცესში აქტიურად იცავდა თავის პოზიციას შესაგებლის წარდგენით. შესაბამისად, პირველ მოპასუხეს მიერ წარმოდგენილი შესაგებლის არსებობის პირობებში, მხოლოდ მეორე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობა არ წარმოშობს სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადასტურების სამართლებრივ შედეგს და ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი (მსგავს საკითხზე იხ. სუსგ №ას-756-707-2017, 31.07.2017წ.).

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება.

33. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

35. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ. სუგს №ას-480-448-2017, 09.06.2017წ.; №ას-979-2024, 17.12.2024წ.).

36. სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს–ვის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.ს–ვს (ისრაელის პ/ნ .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ღ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება №27161718830 / გადახდის თარიღი 06.05.2025) 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი