გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 22.06.2026
საქმის ნომერი
ას-641-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-641-2026 22 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ჩ–ძე, მ. და გ. ფ–ძეები (მოპასუხეები) ე.ფ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ა–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზ.ა–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.ფ–ძის, მ.ჩ–ძის, მ.ფ–ძისა და გ.ფ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, .......... ს/კ N.......... გამოთხოვა და მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. ამასთან, ე.ფ–ძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა შეგებებული სარჩელით, რომლითაც მოითხოვა ე.ფ–ძესა და ზ.ა–ძეს შორის 2019 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმშიი, ........... ს/კ N.......... ე.ფ–ძის საკუთრებაში აღრიცხვა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.ა–ძის სასარჩელო მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვნილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმში, .............. ს/კ N........... და დადგინდა მისი გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა. შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ე.ფ–ძის, მ.ჩ–ძის, მ.ფ–ძისა და გ.ფ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

5.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2025 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ჩაბარება მოითხოვა ე.ფ–ძის წარმომადგენელმა ჯ.ქ–მა 2025 წლის 29 ოქტომბერს, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა აპელანტთა მიერ 2025 წლის 11 დეკემბერს. ამდენად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2025 წლის 17 ნოემბერს (30-ე დღეს) და ამოიწურა ამავე წლის 01 დეკემბერს 24:00 საათზე.

5.4. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 29 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

6.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ კანონით დადგენილ ვადაში გამოცხადდნენ სასამართლოში და წერილობითი განცხადებით მოითხოვეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. სასამართლოს გადაწყვეტილება მხარისათვის არ ჩაუბარებია, რის გამოც არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 19 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინეს.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე, ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).

14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა: „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014).

15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტების მიერ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 17 ნოემბერს და 2025 წლის 01 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 11 დეკემბერს. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქედან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის მიუხედავად, მხარეებს გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმისწარმოების ელექტრონულ პროგრამაზე, რომლითაც დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება პროგრამაში აიტვირთა (მომზადდა) 2025 წლის 28 ნოემბერს. ამდენად, ირკვევა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების მიუხედავად, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორებისათვის არ ჩაუბარებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხეებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა არ დაურღვევიათ.

17. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის დადგენა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ პროცედურულ საკითხს, არამედ უზრუნველყოფს მხარის რეალურ შესაძლებლობას, კანონით დადგენილ ვადებში მიმართოს სასამართლოს, გამოიყენოს გასაჩივრების უფლება და დაიცვას საკუთარი უფლებები. აღნიშნული გარემოების სათანადო შეფასება აუცილებელია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სასამართლო დაცვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რაც როგორც შიდა სამართლის, ისე - საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ფ–ძის, მ.ჩ–ძის, მ.ფ–ძისა და გ.ფ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია