დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
26 ივნისი 2026 წელი
საქმე №ა-678-შ-21-2026 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ქ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ-გ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024; დამოწმების თარიღი: 03/11/2025).
დავის საგანი – განქორწინება, მეურვედ/მზრუნველად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ქ–სა (მისამართი: ........ ბარსელონა 08042 ბარსელონა; დაბადების თარიღი: 12.05.1986წ; პ/ნ ...........; პასპორტი N1........., გაც. 13.04.2016წ., მისამართი: ბაღდათი, ..........) და მ.მ-გ–ძეს (ბაღდათის რაიონი, სოფელი ........) შორის შეწყდა 2016 წელს რეგისტრირებული ქორწინება. საერთო არასრულწლოვანი შვილების - დ–სა და ს–ს მეურვეობა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების უფლება მიენიჭა დედას.
2. ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ მამის მიერ შვილებთან ურთიერთობის რეჟიმის საკითხი მისი გამოცხადების შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა.
3. საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი ვადის დაცვით მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლო სხდომას მხოლოდ მოსარჩელე დაესწრო. გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ მამის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, მას არ ჰქონდა კონტაქტი არც დედასთან და არც შვილებთან, რის გამოც მისი გამოძახება ოფიციალური ბრძანებით გახდა საჭირო.
4. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, მოპასუხე მ.მ-გ–ძეს სასამართლო უწყებები რამდენჯერმე გაეგზავნა, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა.
5. ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმისწარმოების შესახებ ბრძანების თანახმად, წინამდებარე სამართალწარმოებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილება არის საბოლოო.
6. 2026 წლის 16 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ქ.ქ–მა და მოითხოვა ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024; დამოწმების თარიღი: 03/11/2025) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობისა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების დედისათვის მინიჭების ნაწილში.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024; დამოწმების თარიღი:03/11/2025) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა/აღსრულების საკითხის განხილვამდე აუცილებელია, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეამოწმოს მისი დასაშვებობა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, შედის თუ არა შუამდგომლობაში დასმული საკითხის განხილვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციაში, გააჩნია თუ არა შუამდგომლობის ავტორს იურიდიული ინტერესი და არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული რომელიმე დამაბრკოლებელი გარემოება.
10. გადაწყვეტილების ცნობის (აღიარების) საგანს წარმოადგენს არა ზოგადად კონკრეტული სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც მართლმსაჯულების აქტი, არამედ მისი გარკვეული სამართლებრივი თვისების მოქმედების გავრცელება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე (იხ. ბაკურ ლილუაშვილი, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება საქართველოში, თბილისი, 2009). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამართალში მოქმედი „გათანაბრების თეორიის“ თანახმად, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი და ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის თანასწორუფლებიანობის მოსაზრებას. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ან უცხოური საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას, საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები.
11. საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ე.წ. ზემდგომ ინსტანციას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის შემოწმების თვალსაზრისით, რადგან კიდევ ერთი დამატებითი ინსტანციით არსებითად არ იხილავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებას, არამედ - მისი მსჯელობა მხოლოდ იმ საფუძვლების გარკვევით შემოიფარგლება, თუ რამდენად არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იურიდიული ძალის სხვა ქვეყანაში გავრცელებისათვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივ საფუძველში იგულისხმება უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების გავრცელება იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც უნდა ცნოს ეს გადაწყვეტილება, ხოლო სამართლებრივ საფუძველში მოიაზრება საერთაშორისო კერძო სამართლის ნორმები, რომლითაც ხორციელდება ცნობა/აღსრულების შემოწმება/განხილვა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღიარებით ახდენს ამ გადაწყვეტილებით დაცული მხარის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ცნობას, რომლის რეალიზაციის იურიდიული შედეგი უნდა გავრცელდეს საქართველოში (შდრ. ს.უ.ს.გ. N ა-3968-შ-107-2019, 14.02.2020წ.).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.
13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ქ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ.ქ–სა და მ.მ-გ–ძეს შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება; საერთო არასრულწლოვანი შვილების - დ–სა და ს–ას მეურვეობა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების უფლება მიენიჭა დედას. გადაწყვეტილებით განისაზღვრა, რომ მამის მიერ შვილებთან ურთიერთობის რეჟიმის საკითხი მისი გამოცხადების შემთხვევაში უნდა მოწესრიგდეს. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ საცნობი გადაწყვეტილება საბოლოოა. ამდენად, დაკმაყოფილებულია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა - უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა.
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა. ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ელი და მე-2 პუნქტების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს. წინამდებარე შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
16. საკასაციო სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ იგი უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა, მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევა.
17. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხე მ.მ-გ–ძეს სასამართლო უწყებები რამდენჯერმე გაეგზავნა, თუმცა მათი ჩაბარება ვერ მოხერხდა, მისამართზე დატოვებული იქნა შეტყობინებები. ამასთან, საცნობი გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი ვადის დაცვით მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და იგი გამოცხადდა დაუსწრებლად. მხარეები დაიბარეს სხდომაზე, რომელსაც მხოლოდ მოსარჩელე დაესწრო. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულია, რომ მამის ადგილსამყოფელი უცნობი იყო, მას არ ჰქონდა კონტაქტი არც დედასთან და არც შვილებთან, რის გამოც მისი გამოძახება ოფიციალური ბრძანებით გახდა საჭირო.
18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის მოწვევის/ინფორმირებისათვის განხორციელებული საპროცესო მოქმედებების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების, ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის (მოწინააღმდეგე მხარისათვის), თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება (იხ. მსგავსი მსჯელობები: ს.უ.ს.გ: N ა-2021-შ-52-2016, 21.10.2016წ; N ა-4744-შ-119-2017, 30.05.2018 წ.; N ა-5069-შ-130-2017, 26.04.2018 წ.).
19. მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ. 110). მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ შეძლო ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც გააქარწყლებდა საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებულ გარემოებებს და შექმნიდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს. შუამდგომლობის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ მან ივარაუდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე იბარებდნენ ჯარიმის გამო, რომელიც გადასახდელი აქვს, 2024 წლის თებერვლის თვეში მაინც ვერ შეძლებდა ესპანეთში სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას ოჯახური მდგომარეობის გამო (იხ. სხდომის ოქმი 24.06.2026)
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოწინააღმდეგე მხარე წინამდებარე სამართალწარმოების ფარგლებშიც ინფორმირებულია ესპანეთის სასამართლოს 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების არსებობისა და მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მოთხოვნის შესახებ, შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტები ჩაბარდა 2026 წლის 19 მარტს. მიუხედავად ამისა, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ან სხვაგვარად გახადა სადავო გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კომპეტენტური სასამართლოს წინაშე. შესაბამისად, მხოლოდ ზოგადი მითითება იმის შესახებ, რომ იგი ესპანეთში საქმის განხილვის თაობაზე სათანადო წესით ინფორმირებული არ ყოფილა, ვერ მიიჩნევა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საკმარის საფუძვლად.
21. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ზემოთ განვითარებული მსჯელობა არც ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას ეწინააღმდეგება. ერთ-ერთ საქმეზე (Avotins v. Latvia [GC]) ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ ევროკონვენციის მე-6 მუხლი დარღვეულად არ მიიჩნია უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას. ხსენებული გადაწყვეტილების თანახმად: კვიპროსის სასამართლომ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მომჩივანს, ლატვიის მოქალაქეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კომპანიისთვის დავალიანების გადახდა დააკისრა. მომჩივნის განცხადებით, მას სათანადოდ არ შეატყობინეს კვიპროსში მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ. მოსარჩელემ მოითხოვა კვიპროსის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ლატვიის ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ბრიუსელის I რეგულაციის შესაბამისად. აპლიკანტი შეეცადა ლატვიის სასამართლოებისთვის ხელი შეეშალა გადაწყვეტილების აღსრულებაში იმ საფუძვლით, რომ კონვენციის სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება თუ მოპასუხეს დროულად არ ჩაბარდა სარჩელი და მას არ მიეცა საპასუხო არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა. თუმცა ლატვიის უზენაესმა სასამართლომ არ გაიზიარა აღნიშნული არგუმენტი და განაცხადა, რომ ვინაიდან მომჩივანმა გადაწყვეტილების წინააღმდეგ საჩივარი არ წარადგინა კვიპროსში, მისი პრეტენზიები იმ დროისთვის აღარ იყო რელევანტური. მომჩივანი დავობდა, რომ დაირღვა კონვენციის 6.1 მუხლით უზრუნველყოფილი საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ 6.1 მუხლის დარღვევა არ დაადგინა. მან მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზები უზენაესი სასამართლოს მხრიდან მომჩივნის მიერ წარდგენილი „prima facie“ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის ფორმის გამო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა ხარვეზმა არ განაპირობა კონვენციის 6.1 მუხლის დარღვევა, ვინაიდან მომჩივანს ჰქონდა რეალური შესაძლებლობა, მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კვიპროსში გაესაჩივრებინა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ გახადა ან მის მიმართ სამართლებრივი დაცვის შესაბამისი საშუალება გამოიყენა.
22. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საცნობი გადაწყვეტილება შეეხება არასრულწლოვანი ბავშვების სამართლებრივ მდგომარეობასაც. ამ ნაწილში სასამართლოს მსჯელობა არ გულისხმობს უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მეურვეობის საკითხის არსებითად გადაწყვეტის სისწორის შემოწმებას. ამავდროულად, გადაწყვეტილების ცნობა უზრუნველყოფს ბავშვების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრულობას საქართველოს ტერიტორიაზეც, რაც მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებისა და სამართლებრივი სტაბილურობის თვალსაზრისით. საქმეში არსებული მასალებით არ ვლინდება, რომ გადაწყვეტილების ცნობა ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს ან საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, ბავშვთა მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური დაცვის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია, რაც იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება (იხ. ს.უ.ს.გ: N ას-1062-996-2012, 22.01.2013წ.; N ას-53-51-2016, 06.07.2016წ.; N ას-1139-1095-2016, 25.09.2017წ.; N ას-604-563-2017, 13.10.2017წ.; N ას-163-2021, 28.05.2021წ.).
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის მასალებით არ იკვეთება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არცერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძველს განაპირობებდა. შესაბამისად, ქ.ქ–ის შუამდგომლობა განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მეურვედ/მზრუნველად ცნობის ნაწილში ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
25. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე-69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ქ–ის შუამდგომლობა განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობისა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების დედისათვის მინიჭების ნაწილში ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024; დამოწმების თარიღი: 03/11/2025) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე განქორწინებისა და არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობისა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების დედისათვის მინიჭების ნაწილში ესპანეთის ოსპიტალეტ-დე ლიობრეგატის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა განყოფილების (სასამართლო N8) 2024 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სადავო განქორწინება №211/2024-C8. გადაწყვეტილება №399/2024; დამოწმების თარიღი: 03/11/2025), რომლითაც ქ.ქ–ის (მისამართი: ......... ბარსელონა 08042 ბარსელონა; დაბადების თარიღი: 12.05.1986წ; პ/ნ ..........; პასპორტი N........, გაც. 13.04.2016წ., მისამართი: ..........) სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.ქ–სა და მ.მ-გ–ძეს (ბაღდათის რაიონი, სოფელი ..........) შორის შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება. საერთო არასრულწლოვანი შვილების - დ–სა და ს–ას მეურვეობა და მშობლის უფლებამოსილების ექსკლუზიური განხორციელების უფლება მიენიჭა დედას.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი